ქართველ ჩინოვნიკებს, რომლებმაც თავდაპირველად, ვაშინგტონის მოსკოვთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ სურვილზე წუხილი გამოთქვეს, დღეს საჯაროდ უფრო პოზიტიური პოზიცია უკავიათ. მაგალითად, ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხოტბა შეასხა შეერთებულ შტატებს საქართველოსადმი „გამორჩეულად სწორი“ მოპყრობისთვის, დასძინა რა, რომ გადატვირთვა არ ნიშნავს „რუსეთთან ურთიერთობების ცვლილებას სხვების ხარჯზე“.
თუმცა, პრივატულად, ქართველი ჩინოვნიკები კვლავ წუხილს გამოთქვამენ. ზოგიერთი ჩივის, რომ შეერთებული შტატები რუსეთის გაღიზიანებას ერიდება და ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვას ბლოკავს. თბილისის ლობისტები დღეს კულუარებში იმაზე მუშაობენ, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები დაარწმუნონ, დათანხმდნენ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას.
მართალია, შეერთებული შტატები ქართული არმიის წრთვნის რამდენიმე პროგრამას ახორციელებდა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა თბილისისთვის იარაღის მსხვილი მიმწოდებელი. მაგრამ თავდაცვით სფეროში ის უმნიშვნელო ვაჭრობაც კი, რომელსაც წარსულში ადგილი ჰქონდა, 2008 წელს სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ შეწყვეტილია.
სააკაშვილმა საჯაროდ თხოვნით მიმართა ვაშინგტონს საქართველოსთვის „თავდაცვითი“ ხასიათის შეიარაღება მიეწოდებინა, მათ შორის - ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა შეერთებული შტატების ჩინოვნიკებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ.
„საქართველო იმ შეიარაღების შეძენისთვის, რომელიც პრეზიდენტმა [სააკაშვილმა] მოითხოვა, მზად არ არის“, – განაცხადა შარშან სელესტა ვალანდერმა, აშშ–ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის პოლიტიკის დარგში. „მომავალში, ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს… არ სჯერა, რომ საქართველო ამ ტიპის თავდაცვითი შეიარაღებისთვის მზად არის“.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობა წონასწორობის ზღვარზეა, აკრიტიკებს რა „ფაქტობრივ“ ემბარგოს და იმავდროულად ზრუნავს, რომ მისი განცხადებები საჯაროდ არ იქნას აღქმული, როგორც ჩივილი.
საჯარო გამოსვლებში, სააკაშვილი ამ თემას დიდი სიფრთხლით ეკიდება. მაგალითად, 12 სექტემბერს Newsweek–ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა „საქართველო თუ დაუცველი იქნება, ეს სიტუაციას ხელს არ შეუწყობს. საქართველოს არ შეუძლია რუსეთს შეუტიოს, მაშინ როდესაც დაუცველი საქართველო სერიოზული ცდუნებაა რუსეთისთვის, რომ ჩვენი მთავრობა შეიარაღებული ძალით შეცვალოს… უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ შეერთებული შტატები თავდაცვითი შეიარაღების პოტენციალის თვალსაზრისით დაგვეხმარება“.
დახურულ კარს მიღმა, ქართველი ჩინოვნიკები უფრო მკაცრ ლექსიკას იყენებენ, ამბობენ რა, რომ ვაშინგტონი არა მხოლოდ არ უწევს მათ სამხედრო დახმარებას, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის თანხმობაც აუცილებელია უცხოეთში სამხედრო ტექნიკის გაყიდვაზე, ფაქტობრივად ბლოკავს ნებისმიერ მსგავს გარიგებას საქართველოსa და ამერიკულ კომპანიებს შორის, მათ შორის არალეტალური აღჭურვილობის გაყიდვაზეც.
„შეერთებული შტატები ჩვენთვის ფუჭი საბრძოლო მასალის მიყიდვასაც კი კრძალავს, რომელიც წრთვნების დროს გამოიყენება. როგორც ჩანს, რუსეთთან „გადატვირთის“ ღილაკზე ხელის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალები“, – განუცხადა ივნისში Jane’s Defence Weekly–ის ანონიმურმა ქართველმა ჩინოვნიკმა.
“ეს მგრძნობიარეა თემაა ორივე მხარისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს, სახელმწიფო დეპარტმენტის და პენტაგონის ჩინოვნიკებმა EurasiaNet.org–თან აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი არ ისურვეს. მათაც კი, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს თემატიკას ვაშინგტონში, ვერ გაუგია, რა პოლიტიკას აწარმოებს სახელმწიფო დეპარტამენტი. მაგრამ ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში არსებობს იმის საერთო განცდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აჭიანურებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე ნებართვის გაცემას იმით, რომ არც „კი“–ს ამბობს და არც „არა“–ს - აცხადებს კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის ინსტიტუტთან არსებული ელიოტის სახელობის საერთაშორისო საქმეთა სკოლის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე – განაცხადებს, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში თანხმობისთვის შემოდის, უბრალოდ რეაგირების გარეშე რჩება. ასე, რომ პოლიტიკა, პოლიტიკის არარსებობაში მდგომარეობს“.
15 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსს აშშ–ს მხრიდან საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე შეკითხვა დაუსვეს, გეითსმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების თვალსაზრისით „ფრთხილია“.
„ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის უფლება. ვფიქრობ, ჩვენ ფრთხილები ვართ საქართველოს დახმარების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე დაინტერესებულები ვართ საქართველო იმ აღჭურვილობით უზრუნველვყოთ, რომლითაც მათ ავღანეთში ჩვენი დახმარება შეუძლიათ. ამდენად, წრთვნები და სხვა ტიპის დახმარება, რომელსაც ჩვენ ქართველებს ვუწევთ, იმითაა განპირობებული, რომ ისინი ძალიან მოწადინებულები არიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიატანონ ჩვენს ავღანურ ძალისხმევაში“, – თქვა გეითსმა.
იმ მოსაზრებას, რომ თბილისის წინააღმდეგ შეიარაღებაზე ფაქტობრივი ემბარგო მოქმედებს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მიერ დაქირავებული ლობისტური ფირმა Orion Strategies ანვითარებს. კომპანია რენდი შუნემანს ეკუთვნის, რომელიც 2008 წელს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კამპანიაში ჯონ მაკკეინის საგარეო პოლიტიკური საკითხების მრჩეველი იყო, დღეს კი იმავე სფეროში ვიცე–პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სარა პეილინის მრჩეველია. მაკკეინი ცნობილია, როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერი და ოაბამას ადმინისტრაციის რუსული პოლიტიკის მთავარი კრიტიკოსი.
„როგორც ჩანს, ადმინისტრაციას მეგობარი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაზე მეტად, რომელიც აგრესიული მეზობლის ჩრდილში ცხოვრობს, ავტორიტარული რუსეთის დაშოშმინება სურს, – წერს მაკკეინი ახლახანს Washington Post –ში გამოქვეყნებულ წერილში – საქართველო ავღანეთში იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე იმ ალიანსის (ნატო) ბევრი წევრი, რომელთანაც თბილისს მიერთება სურს, თუმცა ძალიან რთულია ადმინისტრაციის დათანხმება იმაზე, რომ ამ უკანასკნელმა ქართულ არმიას, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს, უბრალო შეიარაღება მაინც გადასცეს – ჯავშანტექნიკა და სათადარიგო ნაწილები“.
Orion–მა EurasiaNet.org–ს ამერიკულ კომპანიებსა და საქართველოს შორის თავდაცვითი შეთანხმების ოთხი მაგალითი მიაწოდა, რომლებიც, მისი მტკიცებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაბლოკა. მათგან ორმა კომპანიამ General Dynamics და AM General–მა კომენტარზე უარი განაცხადეს. მაგრამ დანარჩენი ორი კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, Orion–ის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სახელმწიფო დეპარატამენტს გაყიდვა არ დაუბლოკავს.
„ჩვენ არანაირი შეკვეთა საქართველოსგან არ მიგვიღია“, – განაცხადა ჯეიმს ბატალინიმ, საზღვაო ქვეთთა ძალების გადამდგარმა გენერალმა, რომელიც დღეს Colt Defense–ის (M4 ტიპის კარაბინის მწარმოებელი ფირმა) ხელმძღვანელია. Colt–ის კონსულტაციებს ქართულ მხარესთან იმ კონდიციამდე არ მიუღწევია, როდესაც საჭირო ხდება სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა. „ჩვენ ექსპორტის ლიცენზიაზე განაცხადი არ შეგვაქვს, ვიდრე მიწოდებაზე შეკვეთას არ მივიღებთ“ – აღნიშნა ბატალინიმ.
“Arms Tech–ი, საქართველოსთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების Claymore–ის წარმოებისთვის ემზადებოდა”, – ამბობს კომპანიის პრეზიდენტი იოსებ რასტიკი. თუმცა, მისივე თქმით, გარიგების პროცესი შეჩერდა, როდესაც ისრაელელ შუამავალ ოფერ პაზს, შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურტურამ ბრალი იმ კორუფციულ სქემაში მონაწილეობისთვის წაუყენა, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების მოსყიდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომ მათ საბრძოლო მასალა და სამხედრო საკვები გაბერილ ფასად შეეძინათ.
რასტიკის თქმით, Arms Tech–ის გარიგებას სახელმწიფო დეპარტამენტში იხილავდნენ, როდესაც პაზს ბრალი წაუყენეს. კომპანიამ 2010 წლის 19 მარტით დათარიღებული წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ თქვენი განაცხადის განხილვის პროცესში იმ მიზეზების გამო, რომელიც თქვენს კომპანიასთან დაკავშირებული არ არის, თქვენი უცხოელი პარტნიორი Paz Logistics–ი იმ კომპანიათა სიაში მოხვდა, რომელთა განაცხადები უარს ექვემდებარება“.
რასტიკის თქმით, შემდეგ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებს პირდაპირ, შუამავლების გარეშე დაუკავშირდა, მათთვის Claymores–ის მიყიდვის მიზნით. „მათი მხრიდან მივიღე არაოფიციალური პასუხი: „ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ““, – თქვა მან. რასტიკი ამბობს, რომ ის კვლავ დაინტერესებულია საქართველოსთვის იარაღის მიყიდვით: „ამისთვის პირადი მიზეზები მაქვს – ბაბუაჩემი ძალით გაიწვიეს მეფის რუსეთის არმიაში. ასე რომ, ეს ოჯახური საქმეა“.
ისიც გაურკვეველია, შეერთებულ შტატებს მართლაც რომ მოენდომებინა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა, რა არსებით გავლენას მოახდენდა ეს რეგიონში ძალთა ბალანსზე. ჯერ ერთი, ამერიკული იარაღი ძვირია, ხოლო საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 2008 წლიდან 2010 წლამდე ორჯერ შემცირდა. რუსეთის შეიარაღებული ძალები კი საქართველოსაზე იმდენად ძლიერია, თბილისს რომ ყველა იმ შეიარაღების შეძენა შეეძლოს რაც სურს, ქართული არმია რუსეთთან ვერცერთ ბრძოლაში უპირატესობას ვერ მიაღწევდა.
მაგრამ საქართველოს მიზანი შესაძლოა არა რუსეთის სავარაუდო თავდასხმის მოგერიებაა, არამედ რუსული ძალების მაქსიმალურად დიდხანს შეკავება, რაც უცხოელ დიპლომატებს პროცესში ჩართვის და რუსეთის დარწმუნების შესაძლებლობას მისცემს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. სააკაშვილის ამოცანა შესაძლოა სამხედროზე მეტად, ფსიქოლოგიურია.
“იარაღის მიყიდვა შეერთებული შტატების მხრიდან საქართელოსადმი მხარდაჭერის კონკრეტული გამოვლინება იქნებოდა” – ამბობს ლოურენს შითსი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (თბილისის ოფისი) კავკასიური პროექტის ხელმძღვანელი. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ომამდე M4–ის ტიპის კარაბინების შეძენისას ამერიკული კომპანია Bushmaster–სგან. „მათ M4 იდეოლოგიური მოტივებით შეიძინეს, რადგან AK-47 მათთვის საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა“, – ამბობს შითსი. „ეს მიშას [სააკაშვილი] გადაწყვეტილება იყო“.
“ამ ტიპის მცდელობაც კი, სააკაშვილს ქვეყნის შიგნით საბრძოლო განწყობის შენარჩუნებისთვის დაეხმარება, – დასძენს შითსი – როგორ უნდა აუხსნა საკუთარ არმიას, რომ შენ არც კი ცდილობ იარაღის ყიდვას, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში დაგიცავს?“
შითსი ფიქრობს, რომ სააკაშვილს თავად არ სჯერა იმ პოზიტიური საჯარო განცხადებების, რომელსაც გადატვირთვის შესახებ აკეთებს. „მან უნდა თქვას ეს პოლიტიკური მოსაზრებების გამო. კერძო საუბრებში კი ის ჩივის, რომ ამერიკელები უარს ეუბნებიან თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვაზე“, – დასძენს შითსი.
იმავდროულად, რუსეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი – პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, აბსოლუტურად საპირისპირო პოზიცია დაიკავა და არაერთხელ დაადანაშაულა შეერთებული შტატები იმაში, რომ ისინი საქართველოს აიარაღებენ. „დღევანდელი ამერიკული ადმინისტრაციის მისწრაფება გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები მკაფიოდ იგრძნობა.
მაგრამ არსებობს კიდევ სხვა რამ. მაგალითად ის, რომ საქართველოს გადაიარაღება გრძელდება. რატომ? ეს ხომ რეალობაა. ჩვენ ხომ ამას ვხედავთ. რომ არა ეს შეიარაღება ორი წლის წინ, არ იქნებოდა არც აგრესია და არც სისხლი, რომელიც იქ დაიღვარა“, – განაცხადა პუტინმა 30 აგვისტოს რუსულ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.