აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ მჟავია იხსენებს, რომ აფხაზების სამომავლო თვალსაწიერი იმთავითვე გათვლილი იყო არა ამა თუ იმ ფორმით სიცოცხლეზე, არამედ ღირსეულ სიკვდილზე. ამდენად, მჟავიას აზრით, აფხაზებს რუსეთის ხელში სიკვდილი ერჩივნათ საქართველოსთან დაბრუნებას.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ანქვაბის გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
- ვინც არ უნდა იყოს მარიონეტული ხელისუფლების ხელმძღვანელი, იგი ვითარებას ვერანაირად ვერ შეცვლის და, თუკი იგი დაუპირისპირდება კრემლის ნებას, მას იგივე ბედი მოელის, რა ბედიც ეწია ანქვაბის წინამორბედ ბაღაფშს, რაც საყოველთაოდ ცნობილია. სხვათაშორის, ეთნიკურ აფხაზურ საზოგადოებაში, პრაქტიკულად, ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ბაღაფშის სიკვდილი ხელოვნურად დაჩქარდა რუსეთის მიერ. აფხაზეთში არაფერი შეიცვლება, ეს ოკუპირებული ტერიტორიაა და მსოფლიო თანამეგობრობამ იგი აღიარა, უკვე მრავალ დოკუმენტშია დაფიქსირებული, რომ იგი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. ხოლო იმისთვის, რათა მეტ-ნაკლებად რაღაც კომუფლაჟში შემოსოს რუსეთმა საკუთარი მოქმედებები, არსებითად იქ ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, ფორმალური, უუფლებო ხელისუფლება.
ქართველებისთვის არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ ანქვაბი ჩვენთან თანამშრომლობდა? ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გაავრცელა კიტოვანმა. შამბაზე უკეთესი არ არის ჩვენთვის ანქვაბი?
- რატომ უნდა ვირწმუნოთ კიტოვანის ნათქვამი? პრაქტიკულად, კიტოვანს როდის უთქვამს სიმართლე ან რომელი მართალი ნაბიჯი გადაუდგამს თავის ცხოვრებაში? რატომ უნდა ვირწმუნოთ, როცა ანქვაბი არასდროს თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, დამთავრებული დღემდე. ის, რომ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, ანქვაბმა ხელი შეუწყო მშვიდობიანი მოსახლეობის გადმოყვანას გუდაუთის რაიონიდან სოხუმში და სოხუმის რაიონიდან გუდაუთაში, თუკი ამას თანამშრომლობის კვალიფიკაციას აძლევს კიტოვანი, ეგ სხვა საკითხია, ეს მისი ხედვაა. რაც შეეხება რეალურ თანამშრომლობას, ასეთი რამ არასდროს ყოფილა და, არა მგონია, სხვებზე ნაკლებად ვიცოდე ეს გარემოება.
არც ტყვეებისა და გვამების გაცვლაში მონაწილეობდა ანქვაბი?
- როგორ არ მონაწილეობდა და ზუსტად ეს არის ის, რასაც კიტოვანი თანამშრომლობას უწოდებს. ეს არის წმინდა წყლის ჰუმანიტარული აქტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ანქვაბმა და ეს არ არის თანამშრომლობა იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც ეს თემა აიტაცეს. თემურ მჟავია რომ გახდეს აფხაზეთის პრეზიდენტი, კრემლი საკუთარ ზრახვებს მაინც არ შეცვლის და ნებისმიერ ადამიანს აიძულებს, გადადგას მისთვის სასურველი ნაბიჯი, რომელიც უშუალოდ კრემლის კაბინეტებიდან იგეგმება.
იყო თუ არა შამბას მხრიდან შურისძიება, როცა ანქვაბის წინააღმდეგ კიტოვანის ჩანაწერი უჩვენა ამომრჩევლებს, რომ თითქოს ანქვაბი ქართველებთან თანამშრომლობდა.
- რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიის დროს შამბამ გამოიყენა კიტოვანის კომენტარი. პრაქტიკულად, რაღაც გარკვეული როლი დააკისრა შამბამ ამ ინფორმაციას, მაგრამ იგი მას სრულიად სხვა კუთხით შემოუბრუნდა და ამან კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ანქვაბის პოზიციები. ეს რომ ასეა, ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ არსებითად, 4%-ით აჯობა ანქვაბმა შამბას. მაშინ, როდესაც, ბევრი, მათ შორის, მეც ვვარაუდობდი, რომ შამბას უნდა გაემარჯვა. ვთვლიდი, რომ შამბა იქნებოდა ფავორიტი. ალბათ ამას ჩვენ ვფიქრობდით ასეთნაირად, თორემ რუსეთისა და კრემლისთვის აბსოლუტურად სულერთი იყო, ვინ გაიმარჯვებდა, ვინაიდან რუსეთი ძალიან კარგად მართავს სიტუაციას. რუსეთმა საკმაოდ გააძლიერა საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში, იგი საშუალებას არავის მისცემს, გადადგას დაუგეგმავი ნაბიჯი, რაც მის ნეოიმპერიალისტურ მისწრაფებებში ვერ ჩაჯდება. შესაძლებელია, კრემლს ამ არჩევნების მიმართ ფავორიტი არც ჰყოლია.
ანუ მცდარია მოსაზრება, რომ რუსებს შამბას კანდიდატურა ერჩივნათ?
- როგორც ჩანს, ასე გამოდის. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. არსად არ გაჟღერებულა შამბას უპირატესობა რუსებისთვის, არ ჩამოსულან ემისრები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გააჟღერებდნენ კრემლის დამოკიდებულებას ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოჩნდება ახალი პრეზიდენტი, მოსალოდნელია, გარღვევა დაიწყოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში? მით უფრო, რომ ანქვაბი ქართულ მხარესთან უპირობო მოლაპარაკებებს შესაძლებლად მიიჩნევს.
- ეს არის საკმაოდ რთული თემა. ძალიან არაკვალიფიციური წარმოდგენა აქვს ქართულ მხარეს იმ წინაპირობებზე, რამაც განსაზღვრა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. რატომღაც ავყევით ქართველი ე.წ. ლიბერალების სულისკვეთებას, თითქოს საკმარისია, ჩვენ მოვინანიოთ, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა და აფხაზი უმალ გაერკვევა ამ ვითარებაში. სინამდვილეში, მეცნიერულად თუკი მივუდგებით საკითხს, უკვე კარგა ხანია, რაც აფხაზი გაუცხოვდა ქართველისგან, ქართული სახელმწიფოსგან. მეცნიერება კი ამტკიცებს, რომ გაუცხოებას უკუპროცესი არ გააჩნია. ამ კუთხით უნდა შევაფასოთ ვითარება და დავსახოთ გეგმები. ასეთი გეგმები კი საქართველოში არ არსებობს და არც არსებულა. არადა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა აბსოლუტურად წარმოუდგენელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. ამიტომაც ვამბობთ, რომ დღეს წელში გაწყვეტილი და კისერმოგრეხილია საქართველო. საქართველოს კისერია აფხაზეთი, თუკი ჩვენ რაღაც საკრალური ცნობიერებით მივუდგებით ჩვენს ორგანიზმს, ვინაიდან ყველა სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია. ეს უნდა იყოს ნომერ პირველი საკითხი, ამით უნდა ცხოვრობდეს დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. მით უმეტეს, ხელისუფლება. ვერ ვხედავ დაინტერესებას ამ საკითხის მიმართ. ადრე თუ გვიან, ეს თემა ისევ ზედაპირზე წამოიწევს, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით.
თუკი რუსეთის ხელში გენოციდი ელით აფხაზებს, მაინც არ შემობრუნდებიან ჩვენკენ?
- არ შემობრუნდებიან, რადგან უკვე გაუცხოებულნი არიან. აფხაზი იმთავითვე ამას ამბობდა, მაშინ, როდესაც ეროვნულ მოძრაობასთან მათ ჰქონდათ გარკვეული კონტაქტები. მოგეხსენებათ, სეპარატისტებსა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს შორის გარკვეული კონტაქტები არსებობდა. მაშინ აფხაზები პირდაპირ აღიარებდნენ, რომ, თუკი დილემური სიტუაცია შეიქმნებოდა, რა თქმა უნდა, ისინი სიკვდილს და დახრჩობას არჩევდნენ დიდ ოკეანეში (რუსეთი), ვიდრე ბინძურ ჭაობში. ასეთი იყო მათი პოზიცია. მათი სამომავლო თვალსაწიერი გათვლილი იყო არა ამა თუ იმ ფორმით სიცოცხლის გადარჩენაზე, არამედ ღირსეულ სიკვდილზე. ეტყობა, ისინი შეგუებულნი არიან ამ აზრს, არ მოიხედავენ საქართველოსკენ. ამაში დარწმუნებული ვარ. რა უნდა გავაკეთოთ ამ თვალსაზრისით, საკმაოდ სერიოზული, ღრმა და მოცულობითი საკითხია.
ცნობილია, რომ ანქვაბი ისეთი ლიბერალი არაა, როგორც შამბა. ამდენად, ანქვაბი აფხაზეთში კრიმინალურ გარჩევებს დაასრულებს?
- კრიმინოგენური თვალსაზრისით ვითარება, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება, მაგრამ არა იმდენად, როგორც ეს მოხდა დანარჩენ საქართველოში. საკუთარ მიზნებსა და ამოცანებში რაც უნდა ძლიერი და პრინციპული იყოს ანქვაბი, იგი მაინც ერთი ადამიანია, ერთი პიროვნებაა და იმ გარემოს, რომელიც მის ირგვლივ აფხაზეთშია შექმნილი, ვერანაირად ვერ დაძლევს. იქ განვითარებულია ნარკოტრაფიკი, იარაღით ვაჭრობა. ეს ისეთი სოციალური მოვლენებია, რომელიც მე-20 და 21-ე საუკუნის შავი ჭირია მსოფლიო თანამეგობრობისთვის. ახლა, თუკი ანქვაბი ამას შეეჭიდება და საბოლოოდ დაამარცხებს, ამაში ეჭვი მეპარება.
ანქვაბის მმართველობის პერიოდში რა პერსპექტივა აქვს თურქეთში მცხოვრები აფხაზების შემოერთებას აფხაზების მიერ? გადავლენ მოჰაჯირების შთამომავალი ე.წ. თურქი აფხაზები აფხაზეთში საცხოვრებლად?
- ყოველ შემთხვევაში, აფხაზურ საზოგადოებაში ამაზე საუბრობენ, რომ ბაღაფში სწორედ ამ იდეას შეეწირა. როდესაც იგი ჩავიდა თურქეთში და იქ მცხოვრები აფხაზებისგან დაბრუნებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ აფხაზეთში ძალიან რთული დემოგრაფიული, უპერსპექტივო სიტუაციაა. ეს, რა თქმა უნდა, კრემლის ინტერესს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომაც ამ საქმეს მეტწილად ეტყობა, რომ მისი ცხოვრების დიდი კითხვის ნიშანიც იქ დაისვა, როდესაც ბაღაფშმა ეს ინიციატივა გააჟღერა.