HSBC-მ ქართული ბაზრის დატოვება დაადასტურა

HSBC-მ ქართული ბაზრის დატოვება დაადასტურა

დახურვის პროცესი ახალი ბიზნესებისთვის მომსახურების შეჩერებით იწყება.
გლობალური სტრატეგიის ცვლილების შედეგად HSBC–მ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს საქართველოს საბანკო ბაზარი. გადაწყვეტილება ეფუძნება მაისში HSBC ჯგუფის მიერ ეგრეთ წოდებულ „სტრატეგიის დღეზე“ გაკეთებულ განცხადებას ბიზნეს პორტფელის გადახედვის თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ HSBC ბანკი ატარებს სტრატეგიას, გახდეს წამყვანი საერთაშორისო ბანკი, აქტუალური გახდა კაპიტალის გადანაწილება ჯგუფში. საქართველოს ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება არის პოლონეთისა და რუსეთის საცალო ბიზნესის დახურვის ლოგიკური გაგრძელება. 

HSBC-ს 100%–იან მფლობელობაში არსებული კომპანიის, „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ დახურვის პროცესი იწყება ახალი ბიზნესებისთვის მომსახურების შეჩერებით. მიუხედავად ამისა, არსებულ მომხმარებლებს ბანკი გაუწევს სრულ საბანკო მომსახურებას საკონტრაქტო ვალდებულებების შესაბამისად. ბანკის საბოლოოდ დახურვა დაგეგმილია 2012 წლის დასაწყისისთვის. აღნიშნულ დრომდე HSBC უზრუნველყოფს არსებული მომხმარებლების შეუფერხებელ გადასვლას სხვა საბანკო ინსტიტუტებში. 

„HSBC საქართველო მომხმარებლებს სთავაზობდა საბანკო მომსახურების არასრულ სპექტრს და მიუხედავად ქვეყანაში გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, ვთვლით, რომ ამჟამად დადგა ბაზრიდან გასვლის დრო,“ - განაცხადა „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა გაი ლუისმა.ბრიტანული ბანკის საქართველოდან შესაძლო გასვლის შესახებ რადიო „კომერსანტი“ ივლისში იუწყებოდა. თუმცა მაშინ ბანკში ეს ინფორმაცია უარყვეს.

“ეიჩ ეს ბი სი” საქართველოში 2008 წელს შემოვიდა. 2011 წლის პირველ კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკის წმინდა მოგება მილიონ 200 ათას ლარს აჭარბებდა. “ეიჩ ესი ბი სი” საქართველოში პირველი ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების მთავარი მხარდამჭერი იყო.

HSBC 2013 წლამდე საკუთარი შტატის 10%–ის, ანუ 30 ათასი თანამშრომლის დათხოვნას აპირებს. მასობრივი შემცირებები ევროპის ერთ–ერთი უმსხვილესი საბანკო ჰოლდინგის რესტრუქტურიზაციის ნაწილი იქნება, რომლის მიზანიც ხარჯების შემცირებაა.HSBC–მ ლათინურ ამერიკაში, აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ახლო აღმოსავლეთში, ბიზნესის რეკონსტრუქციის ფარგლებში უკვე შეამცირა 5 ათასი თანამშრომელი. თუმცა გაჩერებას არ აპირებს და შემცირებების გაგრძელებას გეგმავს.მთლიანობაში ბანკი სერიოზულად კვეცავს თავის საერთაშორისო სტრუქტურებს და აქცენტს მომგებიან აზიურ მიმართულებაზე აკეთებს. მთლიანობაში ჯგუფი 39 ქვეყნის საცალო ბანკინგის ბაზრის სრულ დატოვებას ან შემცირებას გეგმავს.