ონიშჩენკო „ბორჯომს“ ბოლომდე ეძალება

ონიშჩენკო „ბორჯომს“ ბოლომდე ეძალება

[გიორგი ბექაური]

ქართული პროდუქციისთვის რუსული ემბარგოს მოხსნის თაობაზე სპეკულაციებმა პიკს მიაღწია. უნაყოფო პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, რუსეთი ცხად ავანტიურაზე გადადის. რუსეთის მთავარ სანიტარს, გენადი ონიშჩენკოს და მის ხელქვეითებს „გამომგონებლური ნიჭი“ ნადვილად ეჭარბებათ და არც თავს ზოგავენ ახალი იდეების დასამუშავებლად. ბოლო პერიოდში მათი სამიზნე ქართული ბრენდი „ბორჯომი“ გახდა.

რამდენიმე დღის წინათ ონიშჩენკოს უწყებამ - „როსპოტრებნადზორმა“ - გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „IDS ბორჯომმა“ მის უწყებას მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თხოვნით მიმართა. საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თხოვნით „როსპოტრებნადზორისთვის“ ქართული კომპანიების მიმართვას არ ადასტურებს. იგივე პოზიციაზეა ყველაზე პოპულარული ქართული ბრენდის მფლობელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოც“.

„ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ასეთ მიმართვას ადგილი არ ჰქონია. ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან მორიგ სპეკულაციას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. მისი შეფასებითვე, რუსეთი მსო-ში მისი გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას „პოზიტიური ფონი“, თითქოს ის ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა.

„ემბარგოს საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას არანაირად არ უკავშირდება. ქართული მხარე ემბარგოს მოხსნას წინაპირობად არ აყენებს. ეს ჩვენი დაინტერესების საკითხი არ არის და როგორც ირკვევა, არც ქართული კომპანიების ინტერესებში შედის. მსო-ში რუსეთის გაწევრიანება ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ემბარგოს მოხსნას ისედაც გულისხმობს“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

რუსეთის მთავარი სანიტარული ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ უწყებას ოფიციალურად მიმართა კომპანიამ „IDS ბორჯომი საქართველომ“ რუსეთის ბაზარზე ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ მიწოდების აღდგენის შესახებ. მართალია ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო ჯერ თავად კომპანიას და შემდეგ საქართველოს მთავრობას, მაგრამ კრემლში მაინც თავისას „აწვებიან“. რუსეთის სანიტარული სამსახური ისე იქცევა თითქოს ქართულ კომპანიასა და „როსპოტრებნადზორს“ შორის ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით ხორციელდებოდეს.

ნინო კალანდაძეს თავისი ტრადიციული ბრიფინგი და ოფიციალური უარყოფა ბოლომდე დამთავრებული არც კი ჰქონდა, რომ „როსპოტრებნადზორმა“ „IDS ბორჯომს“ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაციები „ბორჯომის“ ხარისხის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ რუსეთის სანიტარულ სამსახური აპირებს ჩაატაროს საწარმოს ინსპექცია და გამოიკვლიოს „ბორჯომის“ ნიმუშებს.

როგორც ონიშენკოს უწყება იტყობინება, ამის შემდეგ გადაწყდება „ბორჯომის“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი. როგორც რუსეთის მთავარმა სანიტარმა განაცხადა, რუსული მხრიდან არ არსებობს ხელოვნური ბარიერები „ბორჯომის“ ბაზარზე დასაბრუნებლად.