[ეკა ბაქრაძე]
კახეთში რთველი ისეთი ტემპით დაიწყო, რომ როგორც ჩანს დიდხნს გაიჭიმება. ამ დროისთვის ყურძენს ჯერ 2 ღვინის ქარხანა იბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ტარიელ გაბუნიამ განუცხადა, საწარმოებში ამ დროისთვის მხოლოდ 110 ტონა ყურძენია ჩაბარებული. არადა, პრეზიდენტ სააკაშვილს სამომავლოდ დიდი იმედები აქვს ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით. მისი შეკვეთით, ბელარუსში ქართული პროდუცქიის ექსპორტი შვიდჯერ, ხოლო ყაზახეთსა და აზერბაიჯანში კი რვაჯერ უნდა გაიზარდოს.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, აქამდე ყურძენს წნორის ღვინის ქარხანა იბარებდა, 6 სექტემბრიდან კი ყურძნის მიღება თელავში, „თელიანი ველის“ ქარხანამაც დაიწყო.
„თელიანი ველის“ წარმომადგენლები თავად მიდიან ადგილზე და ვენახებს არჩევენ. მართალია, ჯერ შაქრიანობა დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ შამპანურის დასამზადებლად დაბალი გრადუსიც აწყობთ. ჯერ შაქრიანობა 17,5 გრადუსია, მალე ნორმაზე დადგება და ყურძნის მიღებას სხვა ქარხნებიც დაიწყებენ“, - აღნიშნა გაბუნიამ.
წინასწარი მონაცემებით, წელს რეგიონში სულ 113 506 ტონა ყურძენი დაიკრიფება. აქედან, 82 ათასი ტონა რქაწითელია, 26 ათასი ტონა - საფერავი და 5 ათასი ტონა - სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, მათ შორის, ჰიბრიდული.
რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. ტრადიციულად, ღვინის ქარხნები ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძენს 40 თეთრად იბარებენ და სუბსიდიის სახით დამატებით 25 თეთრი გაიცემა. რქაწითელში 30 თეთრს ღვინის ქარხანა იხდის, 15 თეთრი კი სუბსიდიიდან გაიცემა.
მიუხედავად, არარენტაბელობისა გლეხებმა უხვად მოიყვანეს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენიც, დაახლოებით, 5 ათასი ტონა. ქარხნების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ ჰიბრიდული ყურძნის შესყიდვაზე არ უფიქრიათ და სავარაუდოდ მას არც შეიძენენ. ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის ყველაზე მეტ მოსავალს - 1934 ტონას ახმეტის რაიონში ელოდებიან, საგარეჯოში - 987 ტონას, გურჯაანში - 790 ტონას, ყვარელში - 788 ტონას, თელავში - 232 ტონას, სიღნაღში - 168 ტონას, დედოფლისწყაროში - 100 ტონას და ლაგოდეხის რაიონში - 91 ტონას.
შარშან კახეთში ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი სახელმწიფო საწარმომ «რთველი-2008» 10-15 თეთრად ჩაიბარა. სულ რეგიონში 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალი მოვიდა. 18-20 თეთრად ჩაიბარეს 1 კგ ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი ახალსოფლისა და ყვარლის ღვინის ქარხნებმა. ჰიბრიდული ჯიშის ყურძენზე სუბსიდია არ გაიცემა.
წლევანდელ რთველზე და საერთოდ ღვინის საექპორტო პოტენციალზე პრეზიდენტი სააკაშვილი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს. წინა კვირას კახეთში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მოთვონა წამოაყენა: ქართული ღვინის ექსპორტი ბელარუსში - შვიდჯერ, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში კი რვაჯერ უნდა გაიზარდოს. «ამ მიმართულებით კვლავაც ბევრი რჩება გასაკეთებელი და სამოქმედო», - განაცხადა სააკაშვილმა.
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ღვინის ექსპორტის მოცულობა ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება ემბარგომდე არსებულ მონაცემებს. 2011 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინიდან შემოსავალი 27.51 მლნ აშშ დოლარია. ეს მაჩვენებელი ემბარგომდე 2005 წლის 12 თვეში 81 მილიონ დოლარს შეადგენდა. მომდევნო წელს იგი უკვე 41 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, როცა რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი აკრძალეს; 2007 წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალმა კიდევ უფრო იკლო 29 მლნ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. მცირედი მატება დაფიქსირდა 2008 წელს - 36.6 მლნ დოლარი, მაგრამ 2009 წელს ისევ ვარდნა - 32 მლნ დოლარი. ბოლო 4 წელიწადში შედარებით უკეთესი იყო 2010 წელი, როდესაც შემოსავალი 39.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც ბევრჯერ გამოჩნდა, რუსეთის ბაზარი ქართული მეღვინეობისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია, თუმცა სააკაშვილი მას ფლიდობასა და ყაჩაღობაზე აგებულს ბაზარს უწოდებს და რუსულ მხარეს ფალსიფიცირებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, შეკვეთის მიღების პერიოდში, ვიდრე საქართველო ბოთლებს იყიდდა და ღვინოს ჩამოასხამდა, რუსეთში ფალსიფიცირებულ, ვითომ ქართულ ღვინოს ყიდდნენ და ამან ადგილობრივ მეღვინეობას ჩირქი მოსცხო.
„მართალია საქართველო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ახდენს, მაგრამ კვლავაც ბევრი რჩება გასაკეთებელი ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და აშშ-ის ბაზრების ასათვისებლად“, - აცხადებს სააკაშვილი.
რაც შეეხება უკრაინას, პრეზიდენტის ფანტაზიას აქ სზღვარი არ აქვს. „რუსეთის ემბარგომდე საქართველო უკრაინაში მილიონ ბოთლ ღვინოს ყიდდა, მაგრამ წელს რვა მილიონი გავა, გაისად კი - ათი“, - ამბობს პრეზიდენტი მაშინ, როდესაც შარშან უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა.