ახლადშექმნილი ფრაქციის პირველი ბრძოლა

ახლადშექმნილი ფრაქციის პირველი ბრძოლა

[თეონა ხარაბაძე]

წარადგინა თუ არა პაატა დავითაია ვიცესპიკერობის კანდიდატად გაერთიანებულმა ოპოზიციამ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჯონდი ბაღათურიასთვის გააჩნია, რადგან მისი ვიცესპიკერობის შანსები ამაზეა დამოკიდებული. მთავარი კი ის არის, რომ გაირკვევა, საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისას რამდენად საფუძვლიან არგუმენტებს იყენებს.

საქმე ის არის, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ახლადშექმნილ ფრაქციას ვიცესპიკერობის კანდიდატის დასახელებაზე უარი სწორედ იმ არგუმენტით უთხრა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ვიცესპიკერად უკვე დავითაია ჰყავს წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ივლისში შეიქმნა და ამ ფრაქციაში გაეწევრიანებულნი არიან გია ცაგარეიშვილი (ფრაქციის თავმჯდომარე), კარლო კოპალიანი (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე), დიმიტრი ლორთქიფანიძე (ფრაქციის მდივანი), თამაზ დიასამიძე, პეტრე მამრაძე და ჯონდი ბაღათურია, რომელიც ვიცესპიკერობის კანდიდატად წარადგინეს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში ვიცესპიკერის 3 თანამდებობის დაკავება შეუძლია ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტის კანდიდატურას, რომელიც უმრავლესობაში არ არის გაერთიანებული. აქედან 2 ადგილი უკავიათ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ლევან ვეფხვაძეს და ფრაქცია „ძლიერი საქართველოდან“ პაატა დავითაიას.

ახლადშექმნილი ფრაქცია კი ითხოვს მესამე ადგილის დაკავებას. ამ მოთხოვნაზე კი უარი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უთხრა. სწორედ ამიტომ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე ბიუროს სხდომაზე ცაგარეიშვილი შეეცადა, მიეღო პასუხი კოლეგებისგან იმის თაობაზე, თუ რატომ არ თანხმდებიან ვიცე-სპიკერად ჯონდი ბაღათურიას კანდიდატურის წარდგენას.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ პრობლემა არა ბაღათურიაში, არამედ რეგლამენტშია, რომლის მიხედვით ვიცე-სპიკერის კანდიდატურა, კვალიფიციურმა სუბიექტმა უნდა წარადგინოს. 

ასეთი განმარტებები ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით თოდრაძემ და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთეს.

მათი მტკიცებით, ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო სუბიექტმა - „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ შექმნა და ვიცე-სპიკერად პაატა დავითაიაც ამ სუბიექტმა წარადგინა.  უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ თუ ჯონდი ბაღათურია იქნება წარდგენილი ვიცე-სპიკერად, მაშინ პაატა დავითაია უნდა გადადგეს.

ამ მტკიცებას აბსურდულს უწოდებს ცაგარეიშვილი და მან დეპუტატებს მოსთხოვა, აჩვენონ დოკუმენტი, სადაც დავითაიას კანდიდატურის წარდგენას „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ხელს აწერს. მან ასევე შეახსენა, რომ ფრაქცია „ძლიერი საქართველო“, რომლის თავმჯდომარის მოადგილე გასულ წლებში თავადაც იყო, „გაერთიანებული ოპოზიციის“ შექმნილი არ არის. მასში შედიოდნენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე ერთი ლეიბორისტი დეპუტატიც. 

რაც შეეხება დავითაიას, მისმა პარტიამ, ცაგარეიშვილის თქმით, „გაერთიანებული ოპოზიცია“ 2008 წლის 27 მაისს დატოვა, ვიცე-სპიკერად კი 24 დეკემბერს იყო წარდგენილი.  შესაბამისად, ცაგარეიშვილი არარეალურს უწოდებს ხელისუფლების არგუმენტებს და აცხადებს, რომ თავის დროზე პაატა დავითაიას ვიცე-სპიკერობა პრეცედენტად დაუშვეს და პოლიტიკური შეთანხმების შედეგი იყო და სწორედ ამიტომ, ის არა დავითაიას მოხსნას, არამედ პრეცედენტის განმეორებას ითხოვს.

მისი ეს მოთხოვნა კი უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი თავის დაცვას იმ არგუმენტით შეეცადა, რომ მას ოპოზიციის გულწრფელობის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია თანამდებობისთვის იქმნება. 

პრინციპში, ცისკარიშვილის გაღიზიანება დიმიტრი ლორთქიფანიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან ვიცესპიკერ პაატა დავითაიას ჯონდი ბაღათურიათი ჩანაცვლების შესაძლებლობა არ გამორიცხა. არადა, მანამდე ცაგარეიშვილი იმას აცხადებდა, რომ მათ დავითაიას ჩანაცვლება კი არ სურთ, არამედ ის, რომ დავითაისთვის დაშვებული პრეცედენტი მათთვისაც განმეორდეს და ვიცესპიკერობის ვაკანტური თანამდებობის დაკავების საშუალება მიეცეთ.

ცისკარიშვილმა სწორედ მათი ეს განცხადებები გამოიყენა და განაცხადა, რომ მისთვის განსხვავებული მოსაზრებები იმას ნიშნავს, რომ ფრაქციაში შეთანხმებები არ არსებობს და ფრაქციის შექმნის მიზანი, მხოლოდ თანამდებობებია. 

„თუ კაბინეტები გინდათ, ისედაც გამოიძებნება. თუ მანქანა, -შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ერთ მანქანასაც გამოგიყოფდით,“ - მიმართა ცისკარიშვილმა.

ამასთან, როგორც მან განაცხადა, „იურიდიულად ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ მიერ ვიცე-სპიკერის წარდგენა შეუძლებელია და თუ ოპოზიციას ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები სურს, პასუხსაც მიიღებენ“.

პოლიტიკური დებატები კი, როგორც ჩანს, უკვე პირველივე სესიაზე გაიმართება, სადაც, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ამ საკითხს უსათუოდ დააყენებენ. მაგრამ, უმრავლესობის პოზიციას თუ გავითვალისწინებთ, ეს რითი დასრულდება, ადვილი მისახვედრია.