- აუარ ფერსტ სონგ იზ დედიკიეტიდ, ტუ ზის რესტრონ - თქვა მომღერალმა... - იტს ებაუტ... ოლდ პუარ მენ, ხუ იზ ვეიტინგ ე პარსილ ფრომ ჩაინა, სიტი ოფ შანხაი...
და პლეხანოველი მოგელა მიხვდა, რატომ ერქვა რესტორანს „სამი ჩინელი“.
ნუ, რუსსკიე ლიუძი მინია პაიმუტ ლუჩშე, - თქვა მომღერალმა, - პრა სტარავა იოზეფა...
იმ ორი სამი მაგიდიდან ტაში გაისმა
- დავაი, არკაშა... დავაი...
პლეხანოველი მოგელა კი თითქოს დაიბოღმაო.
- ა, გულიაი... რებიატა, - და მომღერალმა გიტარას ჩამოჰკრა.
(აკა მორჩილაძე, „Maid in Tiflis”)
სანამ მე რაჭაში ვიყავი და ჭურში „კურიერს“ ვუყურებდი, აქ ამბები დატრიალებულა... ერთი თვე ნამდვილად არ არის მცირე დრო და ამბები აუცილებლად დატრიალდებოდა, თუმცა ამბებიც არის და ამბებიც. ბევრი იყო და მერე გასული კვირის ამბებსაც ნელ-ნელა მიყოლებით გავიხსენებ, თუმცა კვირის ბოლოს, ანუ კვირას, ე.ი. გუშინ ისეთი ამბავი ამოვიკითხე, რომ შემეშინდა. აი, ისიც:
„ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ონკანიდან სასმელი წყლის ნაცვლად ნავთობი გადმოდის. ამ მიზეზით წყლის სისტემა დაბინძურდა. ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ადრინდელი ხარვეზი გამოსწორებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ონკანიდან წყლის ნაცვლად ახლაც ნავთობი მოდის. იმის გამო, რომ შპს „ბათუმის წყალში“ ახლა ხელმძღვანელობა ადგილზე არ არის - დირექტორი შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ტექნიკური დირექტორი პროკურატურამ დააკავა, კომენტარს მომხდარზე არ აკეთებენ. უკვე მეორე დღეა მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი და წვიმის წყალს იყენებს“.
გამიგია (გაგებაა მთავარი), რომ კომუნისტების დროს ერთ მაკვარანცხ ქუთაისელს ლუდსახარშიდან საკუთარ სამზარეულოში ჰქონია მილი შეყვანილი და მეგობრებს ნებისმიერ დროს ცივ-ცივი ლუდით უმასპინძლდებოდა. დაუჭერიათ და გაუციმბირებიათ.
გამოხდა ხანი და, გასულ კვირაში ბათუმელების უნიტაზებში ნავთობმა ამოხეთქა. დაგვიჭერენ და გაგვაკალმახელიძებენო - შიშობენ ბათუმელები და ალბათ იმ დროს მისტირიან, როცა ხალხს აციმბირებდნენ. მართლაც, ციმბირში ბუნებაა, ისუნთქებ. ბოტოქსში და სილიკონში როგორ უნდა ისუნთქო ზღვის ნაპირზე გაზრდილმა კაცმა?!
ეშინიათ ბათუმელებს. სახელმწიფო ქონების მითვისება-დატაცება, თაღლითობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სასარგებლო წიაღისეულის უნებართვოდ მოპოვება - ეს ყველაფერი დასჯადია. „ბათუმის წყალში“ კი ახლა ხელმძღვანელობა ადგილზე არ არის - დირექტორი შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ტექნიკური დირექტორი პროკურატურამ დააკავა. გასაგებია - ტექნიკური დირექტორი წყალში დგას და ცეცხლი უკიდია, ხოლო დირექტორი... ყველა დირექტორი, დეპუტატი, გუბერნატორი, გამგებელი, მინისტრი და ა.შ. ვინც კი საქართველოში არ იმყოფება, ყველა კლაიპედაშია. ბოლომდე მხარში უდგანან საკუთარ პრეზიდენტს, ხოლო საკუთარი პრეზიდენტი ბოლომდე მხარში უდგას საკუთარ კალათბურთელებს.
საკუთარ კალათბურთელებს... ზაზა ფაჩულიამ თქვა, ჩვენი პრეზიდენტი დიდ ყურადღებას აქცევს კალათბურთს, რადგან კალათბურთს ჯერ სკოლაში თამაშობდა და შემდეგ კოლეჯშიო. არადა, როგორც ვიცი, მიშას კოლეჯში არ უსწავლია. სკოლის შემდეგ იყო კიევის უნივერსიტეტი, შემდეგ - კაგებეს ჯარები, შემდეგ - ისევ კიევის უნივერსიტეტი და შემდეგ უნივერსიტეტი ამერიკაში. მოკლედ, კოლეჯი არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც კოლეჯის კალათბურთი იქნებოდა. ფაჩულიას ალბათ უნდოდა ეთქვა, ჩვენი პრეზიდენტი დიდ ყურადღებას აქცევს კალათბურთს, რადგან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრი იყოო. ეს უფრო შეეფერება სიმართლეს, მაგრამ უფრო შეფერებული სიმართლე ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიმართლეს. სიმართლე კი ის არის, რომ რობერტ სტურუამ თქვა, მიხეილ სააკაშვილი სხვის კალათში არაფერს ჩააგდებსო. სტურუას მაშინვე ქსენოფობია დააბრალეს და თანამდებობიდან მოხსნეს. ვინ მოხსნა? რურუამ. ვინ მოახსნევინა?
ბავშვობაში ერთი წიგნი მაქვს წაკითხული - იულიუს მადერი, „სახენაიარევი კაცის კვალდაკვალ“. ოტო სკორცენის შესახებ არის. ჰოდა, სტურუას მოხსნის ისტორიას თუ წიგნად დავწერთ, წიგნს უნდა დავარქვათ „სახენაიარევი ქალის კვალდაკვალ“. სახენაიარევ ქალს უყვარს პრეზიდენტი და არ უყვარს ქსენოფობები. პრეზიდენტს არ უყვარს სახენაიარევი ქალი, რადგან პრეზიდენტს ქსენოფილია ჭირს. ქსენია სობჩაკს და ქსენია სოკოლოვას ჰკითხეთ და დაგიდასტურებენ.
რუსეთში თითო ქსენია ლამის ყველა ოჯახშია. მიშას ლამის ყველა რუსული ოჯახი უყვარს და როცა სიყვარულის ბუშტი კრიტიკულ ზომებს აღწევს რუსეთს ხან რას ჩუქნის და ხან რას. თუმცა, ახლა მაგაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ თუ ყოველ რუსულ ოჯახში თითო ქსენია მაინც ცხოვრობს, საქართველოში არის ერთი თუ ორი ქალაქი, რომლებზეც გამიგონია, თითო ველოსიპედი და თითო ბოზი ყველა ოჯახშიაო.
ბოლო რვა წელია, ბოზების თემა აქტუალობას არ კარგავს. გასულ კვირაში ველოსიპედების თემაც გააქტიურდა. ხელისუფლების დევიზია „თითო ველოსიპედი და თითო ბოზი თითოეულ ქართულ ოჯახში“. ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ვუცქერ, ასე მგონია, რომ ბავშვობისა და ახალგაზრდობის ოცნებებს ისრულებენ. არასოდეს ყოლიათ ველოსიპედები, შურით უცქერდნენ სხვის „არლიონოკებს“ და „უკრაინებს“. ოჯახური ბედნიერების სრული კომპლექტისთვის თითო ველოსიპედი აკლდათ და აი...
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიხეილ სააკაშვილმა ველოსიპედის გზის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. „საიდან გაჩნდება ველოსიპედისტი, თუ ჯერ ველოსიპედის გზა არ გააკეთე?!“, - გულწრფელი გაოცება გამოხატა მიშამ და დასძინა, რომ ამ ყველაფერს დრო, ხალხს კი მოთმინება სჭირდება. „მსგავსი ველობილიკები კეთდება რუსთავში. ბათუმში ველომოყვარულთათვის უკვე 25-კილომეტრიანი მონაკვეთი გვაქვს, მაგრამ 60 კილომეტრამდე ავალთ; ასევე თბილისის ზღვაზე და დიღომში, დაახლოებით, 30 კილომეტრის სიგრძის ბილიკი გვექნება, თბილისის გარშემო 35-კილომეტრიან მონაკვეთს ვაკეთებთ. მთლიანად სამეგრელოში მსგავსი გზა 200 კილომეტრს მიაღწევს, კახეთშიც რამდენიმე ადგილზე გვექნება და ა.შ.“ - ესეც მიშამ თქვა. მთა-თუშეთი დაავიწყდა, სვანეთი და ფშავ-ხევსურეთი. და, ისა... ახალგორისა და კოდორის ხეობის საქმე როგორ იქნება?
აქ, დავფიქრდი და თავში ერთი აზრი მომივიდა. სტაჟიან გულშემატკივარს კი არა და... მოკლედ, გემახსოვრებათ რეიგანის იდეა კოსმოსური შეიარაღების თაობაზე. როგორც კი გამოაცხადა, კომუნისტებმა ერთი ვაი-უშველებელი ატეხეს, ჩვენც გვინდაო. ხარჯეს და ხარჯეს ფულები და მანამდე ხარჯეს, სანამ იმპერია თავზე არ ჩამოემხოთ. პუტინი ხომ ყველაფერში მიშას ბაძავს - თევზაობს, ნადირობს, ყვინთავს, გიჟის გამომეტყველებას იღებს... ადგება პუტინი და მთელ ტუნდრას, თავის ტაიგიანად, მათტან ერთად კი ვოლგისპირეთს და შავმიწანიადაგიან რეგიონებს ველოტრასებით მოჰფენს. მოჰფენს და იქ ეტირება უმწიკვლო ყოფა. თან, თუ გახსოვთ, რეიგანმა კოსმოსური შეიარაღება მხოლოდ გააპიარა, იმის იქით ცენტი არ დაუხარჯავს. მიშაც - ეგრე, ველოტრასა არა ცელი! ვითომ-ვითომ და რამე. აი, როგორც...
როგორც ანაკლია. გნებავთ - განმუხური. საერთოდ კი - ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხ(შიშველ)მავლო ხიდი, რომელმაც კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ევროპულ ოცნებას, რამეთუ ეგეთი ხიდი ევროპაში საერთოდ არ არის და მსოფლიოშიც დურგლის თითებზეა ჩამოსათვლელი. ორი-სამი თითი ყველა დურგალს აკლია, მიშას არ აკლია რეკორდები.
გასულ კვირაში სააკაშვილმა ხიდი გახსნა და აღნიშნა, რომ იგი სიგრძით რეკორდულია. ხიდია რეკორდულიო. ისე, მიშისტების ჯანში დარჩეს და, სიგრძით სააკაშვილიც რეკორდულია. ხიდი ერთ დღეს გაიხსნა, მეორე დღეს კი მისი დაშლა დაიწყო. ატყდა ერთ-ვაიუშველებელი, პრეზიდენტს დასცინოდნენ, ლაფს ასხავდნენ, ლანძღავდნენ... სულ ტყუილად, და ახლავე აგიხსნით რატომ.
ხიდი იყო სარეკორდო სიგრძის, ხოლო რეკორდი ისეთი რამ არის, დაამყარებ და, მორჩა! მაგალითად, ვიღაც ჯონ სმიტმა როგორც კი შეჭამა ჰოთდოგების სარეკორდო რაოდენობა, მაშინვე გაჩერდა და მონელებას მიჰყო ხელი (უფრო - კუჭი). ანაც, ავიღოთ ჩვენი გოდერძი მახარაძე. თავით ბურთის კენწვლა ძეგვში რომ დაიწყო ეროვნულ სტადიონზე დაამთავრა. დაამთავრა და დაამთავრა. ხიდიც ეგრეა - დამყარდა რეკორდი და ვსო!
ვსო რუსულია. „ინაფ!“ - თქვეს ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა მერაბ ასანიძემ და ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ დუნდუამ და თანამდებობები დატოვეს.
„ასანიძე ნიჭიერი ადამიანია და ჩვენ მას შევთავაზებთ სხვა საჯარო სამსახურში მუშაობას, თუ ამის სურვილი ექნება“, - თქვა ფოთის მერმა, ლემონჯავამ, მაგრამ ასანიძემ ისეთი პასუხი შემოუთვალა, რომ ჩემი მოწონება დაიმსახურა და, დარწმუნებული ვარ, თქვენს მოწონებასაც დაიმსახურებს. „49 წლის ადამიანი ვარ და ყოველ ორშაბათს თათბირზე გამოცხადებული მადლობით და „კარგი ბიჭი ხარ“ შექებით ოჯახს ვერ ვარჩენ“ - აი ასე.
ამ ამბავს ნიუსის საშუალებით დავასრულებ: „დუნდუა შესაძლოა ცენტრისუბნის ტერიტორიული ორგანოს უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნოს. ლემონჯავას განცხადებით, ასეთი შეთავაზება დუნდუამ მისგან უკვე მიიღო, თუმცა, დუნდუას გადაწყვეტილება ამ ეტაპზე უცნობია. „ინტერპრესნიუსი“ შეეცადა ინფორმაცია თემურ დუნდუასთან გადაემოწმებინა, თუმცა, მისი მობილური ტელეფონი გათიშულია“.
უკაცრავად, მაგრამ როდის თიშავენ ადამიანები მობილურ ტელეფონს? რამდენიმე ვარიანტია. მათ შორის ერთ-ერთი - როდესაც მთავრობას და პრეზიდენტს მკვდარს და ცოცხალს უტრიალებ. ამ დროს ზოგი ტელეფონს თიშავს და აკუმულატორსაც იღებს. თუმცა, რამდენიც გინდა აგინე ხელისუფლებას და რამდენიც გინდა თიშე ტელეფონი, ხეირი მაინც არ ჩანს. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუ ტელეფონს ვაგინებთ და ხელისუფლებას გავთიშავთ. იქნებ ასე მაინც გამოვიდეს რამე. ხშირად გამიგია, სველი ბრეზენტი უნდა ურტყა მაგათ თავშიო... არა, ბატონებო, დამიჯერეთ, სწორად შევსებული ბიულეტენების დასტა გაცილებით მძიმეა და ეფექტური.
მორიგი ეფექტური (ს)ექსკურსია სააკაშვილმა ქედაში ჩაატარა, სადაც მშენებარე „აჭარული ღვინის სახლი“ დაათვალიერა და უბრალოდ კი არ დაათვალიერა, არამედ ვარშალომიძეს და იქაურ მეღვინე-მევენახეებს სერიოზული ლექციაც ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოუარო ვაზს, რამდენჯერ უნდა შეწამლო, როდის არის ყურძნის კრეფის დაწყება ოპტიმალური (პრეზიდენტის აზრით, რთველი მაშინ არის კარგი, როდესაც ჰაერის ტენიანობა 34 გრადუსია, ხოლო მზის სხივის გარდატეხა მარცვალში 220 ვოლტს შეადგენს).
„ეს არის საუკეთესო ქართული ღვინო, რაც კი ოდესმე გამისინჯავს“ - აღნიშნა მიშამ... მაგარია და, შეეკითხე, თუ გინდა.
ვარშალომიძე და ის მეღვინე ისეთი სახეებით უსმენდნენ, რომ მეთქი... მგონი, აკონსპექტებდნენ კიდეც. ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ: მიშა მაგარია!!! ჯერ მარტო ის სამქულიანები და ბლოკ-შოტები რად ღირდა, კამფეტებივით რომ ჩამოურიგა ბელგიელებს! სამწუხაროა, რომ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. რუსეთთან სანიკიძემ წააგო, სლოვენიასთან - მარკოიშვილმა. მერე, მიშა გაბრაზდა და მარტომ დაამარცხა უკრაინა. ლატვიასთან ლორიამ წააგო, ხოლო თუ მალტასთან გავიმარჯვებთ, ეს, რა თქმა უნდა, ნაციონალებისა და უპარტიოების ურღვევი ბლოკის დამსახურება იქნება.
„აჭარული ღვინის სახლს“ რაც შეეხება, გიულის ბიჭმა თქვა, წელიწადში 100 ათასი ბოთლი ჩამოისხმებაო. ამ 100 ათასი ბოთლიდან, 20 ათასი ღვინის მაღაზიებში გაიყიდება, დანარჩენს მხატვრების და მალიარები დაიტაცებენ. „რემონტს“ საღებავებით უზრუნველყოფს „აჭარული ღვინის სახლი“ - ასეთ რეკლამასაც ვიხილავთ.
„გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრს ტომას ხაპულას უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში შეხვედრაზე ჩეხეთის დელეგაცია გარემოს დაცვის სისტემას გაეცნობა“ - ასეთი ნიუსი გავრცელდა 29 აგვისტოს, 10:38-ზე. შემდეგ, აღარაფერი გავრცელებულა და უნდა ვივარაუდოთ, რომ იმავე დღის 10:45-ზე ჩეხეთის დელეგაცია უკვე კარგად იცნობდა გარემოს დაცვის ჩვენეულ სისტემას.
„მინისტრი სად არის?“ - იკითხეს ჩეხებმა; „კალათბურთზეა“ - უპასუხეს ჩვენებმა“; „ამ დილაადრიან რა, ხაშია?“ - ფიქრებში გაიკვირვეს ჩეხებმა და იკითხეს: „საღამომდე დაბრუნდება?“ „ამათ „გარიგება“ არ აქვთ ნანახი“ - ფიქრებში დასცინეს ჩვენებმა; „ლიტვაშია“ - უთხრა ერთმა ჩვენმა და ამის შემდეგ სამინისტროს მთელი აპარატი აყაყანდა, რომ გოგა მაგარი მინისტრია; რომ გოგას სახეზე აქვს ბლანჟე; რომ გოგა თავად იყო სახე და რომ ახლა განსახიერებაა... „საკუთარ თავზე რას გვეტყვით?“ - კითხეს ჩეხებმა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს. „ჩვენ არ ვჭამთ პოლიეთილენის პარკს“ - უპასუხეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა.
ბებიათქვენის პოლიეთილენმა, ვითომ უარესი არ გიჭამიათ, აი!
ხაჩიძე კლაიპედაშია და ტრიბუნებიდან ჩხავის. ეგრე, რა, დალოცვილო... მე კიდევ, იმ „სახის“ გადამკიდე, მეგონა, სმენა არა აქვს-მეთქი. თუმცა, სმენა ხომ არ არის მთავარი? მტავარი გაგებაა და როდესაც კალათბურთის მატჩის დროს გოგა ხაჩიძე რომ ხარ, მთელი საახლობლო-სათანამშრომლო რომ დაგიჭირეს, გვერდით ნინა წკრიალაშვილი რომ გიზის, და პრეზიდენტი რომ გყავს ისეთი, სხვის კალათში რომ არაფერს ჩააგდებს იმდენი გაგება თუ არა, მიხვედრა კი უნდა გქონდეს, რომ ერთ უუუმშვენიერეს დღეს მედოლე პრეფექტს ზედ მედოლე მინისტრსაც რომ მიაყოლებენ.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერები და პარტიის კანდიდატი თელავის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში ნიკოლოზ ლაშხი დღეს სოფელ გულგულაში გამტკიცულაშვილების ოჯახს ესტუმრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, გამტკიცულაშვილების ოჯახი ერთ-ერთია, ვინც „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივის შედეგად, სასკოლო წიგნები უფასოდ მიიღო. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მთავრობას შორის შეთანხმების თანახმად, 57 ათასი ქულიდან 70 ათას ქულამდე გაიზარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა, რომლებიც წიგნებს უკვე მეორე წელია უფასოდ იღებენ“ - იცინიან და ხუმრობენ მეგობარი სააგენტოს ჟურნალისტები.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მთავრობას შორის შეთანხმების თანახმად... არა, ხომ მართლა ძაან მაგარია?! შემთხვევით ეს ის შეთანხმება ხომ არ არის, რომლის შემდეგაც თარგამაძემ და გამყრელიძემ „რვიანი დატოვეს“?! გამორიცხული არაფერია. თუ მემარჯვენეებისთვის მთავარი ერთი მილიონი იყო, გიორგი თარგამაძისთვის გადამწყვეტი ფაქტორი სოფელ გულგულაში მცხოვრები გამტკიცულაშვილების ოჯახისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ჩუქება გახდა.
შე ჩეჩმა, თუ ეგეთი ქველმოქმედი და გულისხმიერი ხარ, იქ არ იყავი - ასლანასთან და აქ არ იყავი ბადრისთან? ჰა? ჰააა! ჰა-მეთქი.
მემარჯვენეები ბევრად გულწრფელები არიან. მილიონებს დასდევენ და არ მალავენ, რომ ამ მილიონებს მილიონთა ლენინური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისგან იღებენ. სხვათა შორის, გასულ კვირაში წავიკითხე, რომ გამყრელიძემ, მისმა კაციტაძემ და მათმა ჩიხრაძე-ნაჭყებიებმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ალექსანდრე ანქვაბს. მიულოცეს და მიულოცეს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ერთი კოხტა მილიონი მაგ მილოცვაში ექნებათ აღებული.
თქვე ჩეჩმისებო, მაგ მილიონებს რომ ითხოვთ, იმას არ ფიქრობთ, ვისი ჯიბიდან არის ამოღებული?
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისი ჯიბეებიდანაც გროვდება ლიტვაში ევრობასკეტზე წასასვლელი და მემარჯვენეებისთვის და მემარცხენე ქრისტიან-დემოკრატებისთვის გადასაცემი თანხები - 15 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით მინიმალური პენსია 100 ლარი გახდება. „...ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ კი დასძინა, რომ 2004 წლის შემდეგ საქართველოში პენსიამ 7-ჯერ მოიმატა“. სანდროოოო!!! არ გინდა, ძმურად, ეგეთები. ეგეთები უნდა მიშას და ნუ გახდები ეგეთი.
ნიუსი: „საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გრემის განახლებული სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლდა ეკლესია, მუზეუმები და მარანი. გრემის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. „როგორც გაირკვა, აქ ძველი მეფეებიც აკეთებდნენ შადრევნებს, ასე რომ, შესაძლებელია, შადრევან პირველი მე არ ვიყო“ - განაცხადა სააკაშვილმა“.
ეკლესია, მუზეუმები და მარანი განახლდა და როგორც დონაძისმაგვარმა ჟურნალისტმა თქვა, აშენდა რესტორანიც. რესტორანში ივახშმებს ბიჭოლა და სიდამონიძე იტყვის მემილიონე ტურისტი იყოო. „სტი“ გავიგე, მაგრამ „ტური“ რა შუაშია. და რა შუაში იყო ძველი მეფეებთან შედარება? სად ერეკლე და სად კალბასის რიგიო, მაგრამ რაღაცეებს უკვე ვხვდები. მიშა მეფეებს შადრევნებში ბაძავს და მიგვანიშნებს, ფარსმან ქველი თუ დოღზე რომში წავიდა, დიდი ამბავი, თუ მე კლაიპედაში კალათბურთზე წავალო.
თქვე ჩეჩმა, კალათბურთზე წადი, მაგრამ პერუს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მეტი აღარ დაგინახო!.
გრემი მეორე სიღნაღი გახდებაო - დაგვპირდა სააკაშვილი და ორიოდე საათში ნიუსიც ვიხილე: „სიღნაღში სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი ინგრევა“.
სიდამონიძე ვახსენე... „საქართველოში, 7 თვის მონაცემებით, დაახლოებით 1,5 მლნ უცხოელი ტურისტია შემოსული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, მაია სიდამონიძემ განუცხადა“. საინტერესო სტატისტიკაა. საზღვრის გადმოკვეთის ამ 1.5 მილიონი შემთხვევიდან 100 ათასი სააკაშვილზე მოდის, 200 ათასი - გია ბარამიძეზე და 50 ათასჯერ გრიგოლ ვაშაძე ჩამოვიდა ერევნიდან.
რა მაინტერესებს... გარეგინ მეორე ტურისტის პონტში გადის თუ როგორ არის მაგის საქმე? და რენი ჰარლინს სტუმრის სტატუსი აქვს თუ უკვე ძირძველი ბათუმელია?
პასუხგაუცემელი კითხვები მიგროვდება. „მიშა მაგარია“ - ამას რომ ამბობენ, კითხვას ვსვამ - რატომ? უსუსურ პასუხებს ვიღებ, მაგრამ გასულ კვირაში აშშ-ის პოლიციამ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის პრეზიდენტ ობამას ბიძა დააკავა. აღმოჩნდა, რომ 67 წლის ონიანგო ობამა აშშ-ში არალეგალურად იმყოფება.
ხედავთ? ამერიკული პოლიცია აკავებს ამერიკის პრეზიდენტის ბიძას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ბიძას ვერც საქართველოში აკავებენ და ვერც ამერიკაში.
ისე, მიშაა მაგარი თუ ბიძა? არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ, ვაშინგტონში ჯერ კიდევ ერიდებიან ძველი კაგებეშნიკების გაღიზიანებას და ახლა ეს რომ ვთქვი - ძველი კაგებეშნიკები - როგორ ფიქრობთ, ვინ ვიგულისხმე, მიშა თუ ბიძა?
ორივენიცა!
დ.ა.დ. (დავცხოთ, ამათი დედაც) სირენევი ტუმან, ნად ნამი პრაპლივაეტ... ნად ტამბურამ გარიტ, პალნოჩნაია ზვიზდა... კანდუკტორ ნე სპეშიტ, კანდუკტორ პანიიმაეტ, ჩტო ს ძევუშკოიუ ია, პრაშჩაიუს ნავსეგდა...
- გოგოს ვეღარ ვნახავო, - უხსნიდა პლეხანოველი მოგელა და უსხამდა, - დავაი, დავცხოთ...
(აკა მორჩილაძე, „Maid in Tiflis”)