[ნატო გოგელია]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 4 აგვისტოს დააკავა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 203 მუხლის მესამე ნაწილით წაუყენა.
სასამართლო ჯერ არ გამართულა. როგორც გავიგეთ, 24 აგვისტოს ჩანიშნული პროცესი 20 სექტემბრისთვის გადაიდო. გიორგი ტაკიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამის მიზეზი გამგებლის ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა გახდა.
მიუხედავად დიდი მოლოდინისა, რომ გამგებელი დანაშაულს აღიარებდა, (უფრო დაზუსტებით კი აღიარებინებდნენ) გია ტაკიძე დღემდე დუმილის უფლებას იტოვებს. საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. ბრალდების ერთადერთი მოწმე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი, მერაბ კურდღელაშვილია, რომელიც აღიარებით ჩვენებაში ყვება, როგორ თხოვდა გამგებელი ყოველთვიურად 20 000 ლარს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ დასუფთავების სამსახურის უფროსმა მერაბ კურდღელაშვილმა, 2010-2011 წლებში ბიუჯეტიდან მიღებული 1 100 000 ლარიდან 180 000 ლარი მიითვისა. თუმცა, კურდღელაშვილს საპროცესო გარიგება გაუფორმეს და გაათავისუფლეს.
„გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ მერაბ კურდღელაშვილს სამსახურებრივ მფარველობას უწევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე. გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ტაკიძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
გიორგი ტაკიძე გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის კადრად მოიაზრებოდა. ასევე, თანამდებობრივად ავალია გურიის მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესების მართლზომიერების ზედამხედველობა. ჩიტაშვილი გურიის რეგიონალურ გაზეთ „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა:
„ძალიან სამწუხარო ამბავია. ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. მოგვიანებით, როცა ყველაფერი გაირკვევა ვრცელ კომენტარს გავაკეთებ“.
ტაკიძის დაკავებაზე კომენტარი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმაც გააკეთა:
„ვინც ხალხის ფულში ხელის ფათურს დაიწყებს, ყველა დაისჯება. არ აქვს მნიშვნელობა რა რანგის ჩინოვნიკი იქნება და ვინ იქნება მისი მფარველი. პირადად ვარ დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამის გათვალისწინებით, მოვერიდები წინასწარი განცხადებების გაკეთებას. გეტყვით მხოლოდ ერთს, რომ ამ ქვეყანაში დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება“, – გვითხრა ნიკოლაიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, არ არის გამორიცხული, გამოძიების პროცესში დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც გამოვლინდნენ. ჩვენს კითხვაზე, დადგება თუ არა გუბერნატორის პასუხისმგებლობის საკითხი, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მისი წილი პასუხისმგებლობა ჩიტაიშვილისაც აკისრია:
„ცხელ გულზე კომენტარების გაკეთება არ არის მართებული. თუმცა, მიმაჩნია, რომ გარკვეული წილი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ვალერი ჩიტაიშვილსაც აკისრია. სხვა თუ არაფერი, მისი რაიონის გამგებელი ქრთამის აღებასა და ბიუჯეტის თანხების მითვისებაშია ეჭვმიტანილი,“ – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ჩიტაიშვილის გუბერნატორობისას, ეს მეოთხე სერიოზული სკანდალია. გასულ წელს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, შოთა სირაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. სირაძე დღემდე მიმალვაშია და მისი ადგილსამყოფლის დამდგენს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯილდოდ 5 000 ლარს ჰპირდება. სირაძეს გამოძიება დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. ე.წ. ბახმაროს სკანდალმა უკვე შეიწირა რამდენიმე ჩინოვნიკი. მათ შორის ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგეობის სამსახურის უფროსები. ბახმაროს საქმეს გადაჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანი. ამის შემდეგ იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 4 თანამშრომლის სკანდალური დაკავება, რომელთაგან ერთი, დღესაც სასჯელს იხდის.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, ჩიტაიშვილის გუბერნატორობისას, ხე-ტყეს უკავშირდება. მხარის სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსი, გია მგალობლიშვილი დღემდე ძებნაშია და სირაძის მსგავსად, მისი პოვნის სანაცვლოდ, ჯილდო 5000 ლარია. მართალია მგალობლიშვილი გაიქცა, მაგრამ მისი თანამშრომლები, მათ შორის ჩოხატაურის სატყეო სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსი, თენგიზ ცინცაძე დააკავეს და 14-15-16 წლიანი სასჯელები მიუსაჯეს. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურა მათთან დათმობაზე წავიდა და სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირა.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჩიტაიშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი ბევრჯერ დაისვა, მაგრამ გუბერნატორმა თანამდებობის შენარჩუნება მოახერხა. თანამდებობაზე დარჩა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძეც, რომლის ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა კომისიამ ასობით ყალბი დოკუმენტის გაცემა ისე მოახერხა, რომ ხუნდაძემ ვერაფერი გაიგო. სამაგიეროდ, ამ სკანდალებს ჩოხატაურის გამგებლის, მამუკა დოლიძის კარიერა გადააყოლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს, სირაძის კომისიასთან ყველაზე ნაკლები შეხება ჰქონდა.
როგორც წესი, გურიაში გახშირებული კორუფციული დანაშაულობების გამო, მხოლოდ ერთეული პირები ისჯებიან. ასე მოხდა ამჯერადაც. პასუხისგება მხოლოდ გია ტაკიძეს უწევს. ყველა სხვა დანარჩენმა თანამდებობა შეინარჩუნა. მათ შორის ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეიშვილმა, რომელსაც კანონით ევალებოდა კურდღელაშვილის უწყების შემოწმება და სწორედ მამეიშვილი აფორმებდა აიპის ხელმძღვანელთან ხელშეკრულებას და არა ტაკიძე, როგორც ამას კურდღელაშვილი ამტკიცებს აღიარებით ჩვენებაში.
ამ ფაქტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ავთო მექვაბიშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ გამგებელს კურდღელაშვილთან არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა დადებული:
„კურდღელაშვილის უწყება – დასუფთავების სამსახური, ისეთივე ორგანიზაციაა, როგორც სხვა აიპი და მათთან ხელშეკრულება არ ფორმდება. მათი სუბსიდირება ბიუჯეტშია გაწერილი. აქ არის საგადასახადო და საბიუჯეტო განაცხადები და გრაფიკით ხდება გადახდა. აიპ-ს, ვთქვათ, მილიონს იანვარში არავინ მისცემს. ეს თანხა ნაწილდება მთელ წელზე. შეიძლება, რომელიმე თვეში მეტი მისცე, რადგან ამის აუცილებლობა იყოს. როგორც გითხარით, ეს ბიუჯეტშია გაწერილი. გამოძიება ნახავს იყო თუ არა ხელშეკრულება, აუცილებელი იყო თუ არა და თუ გაფორმდა, ვინ გააფორმა,“ – ამბობს მექვაბიშვილი.
ბატონო ავთო, თუ არ არსებობდა ასეთი ხელშეკრულება, მაშინ რატომ დაიჭირეს გამგებელი?
– ნუ გამაგიჟეთ, რა. თქვენ, რომ ნახოთ ცუდი ფაქტი რომელიღაც ორგანიზაციაში და ამ პიროვნებას რომ უთხრათ, ამას არ გამოვაქვეყნებ, სამაგიეროდ მომეცი 10 000 ლარიო, უნდა ამას ხელშეკრულება?! რა ხელშეკრულება უნდა თუ ცუდს აკეთებ?! ჩვენ ხელშეკრულებას ვდებთ გარე ორგანიზაციასთან, მაგალითად, შპს-ებთან თბილისიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან, ინდმეწარმეებთან... რომლებსაც კედელს შევაღებინებ, პარკეტს დავაგებინებ. ჩემს დაფუძნებულს რანაირად გავუფორმებ ხელშეკრულებას?! წესდება, საშტატო განრიგი დავუმტკიცეთ და თავად, საჭიროების საფუძველზე გააკეთა საბიუჯეტო მოთხოვნა, განვიხილეთ და ჩავუსვით თანხა. თუმცა, არა მილიონ ასი ათასი. ამ თანხაზე საუბარი აბსურდულია. ოფიციალური პირები რომ დაკითხეს, მათ უთხრეს, რომ ამ თანხაზეა საუბარი, თუმცა, ეს ციფრი ჩემთვის უცხოა.
აღსანიშნავია, რომ მექვაბიშვილი ერთადერთი ჩინოსანია, რომელმაც ამ საკითხზე ღიად ისაუბრა და დაადასტურა, რომ კურდღელაშვილის ჩვენება ბევრ უზუსტობაც შეიცავს.
გურიაში ტაკიძეზე დღეს თითქმის აღარ საუბრობენ. ჩინოვნიკები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ოზურგეთის გამგებლის თემა, დახურული ფურცელია და ამაზე საუბარი ზემდგომმაც აკრძალა. თუმცა, ეჭვობენ, რომ გურიაში მალე ახალი სკანდალი აგორდება.
ტაკიძის დაკავების შემდეგ, სასწრაფოდ გამართულ თათბირზე, რომელიც რამაზ ნიკოლაიშვილმა ჩაატარა, ეს ინფორმაცია მინისტრმაც დაადასტურა და როგორც გვითხრეს, მხარის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა კიდევ 4 ორგანიზაციას შეამოწმებს და თავებს გაუფრთხილდით“, – უთქვამს მინისტრს.
ამ თათბირის შემდეგ, სასწრაფოდ დანიშნეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – „ტაო პროვატ ბანკის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი ილია ვაშაყმაძე. თუმცა, მანამდე რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა. ერთ დღეს, ერთი საათის ინტერვალში, ოზურგეთის გამგებლის სამივე მოადგილემ ოფიციალური განცხადება დაწერა და უარი თქვა გამგებლის მოვალეობის შესრულებაზე (?!). უფრო მეტიც, ორმა – მიხეილ გოგოტიშვილმა და ლაშა ღლონტმა განცხადება ერთად, დაწერეს, სადაც აღნიშნეს, რომ არ სურდათ გამგებლის მოვალეობის შესრულება და ასეთი კოლექტიური განცხადება გაატარეს რეგისტრაციაში.
ამ ყველაფრის შემდეგ, კი გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ყველა მუნიციპალიტეტის შესყიდვების დოკუმენტაციით დაინტერესდა. როგორც შევიტყვეთ, სწორედ ამ დოკუმენტებს გადაყვება ბევრი ჩინოსანი, მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გოგუაძეც, რომელიც გუბერნატორს კარგა ხანია გულზე არ ეხატება. აღსანიშნავია, რომ ყოველი სკანდალის შემდეგ, ლანჩხუთის გამგებელი მომავალ გუბერნატორად სახელდებოდა, თუმცა, ჩიტაიშვილმა პოზიციების შენარჩუნება ყოველთვის შეძლო. გოგუაძე რამაზ ნიკოლაიშვილის ფავორიტად ითვლება და მას, „ვარდების რევოლუციამდე“, ოპოზიციაში მყოფ სააკაშვილთან მწვავე დაპირისპირებაც შერჩა. წყაროს თქმით, სააკაშვილთან მას უშუალოდ ნიკოლაიშვილმა უშუამდგომლა და თანამდებობაზე გამოსადეგი კაცის იმიჯით დანიშნა კიდეც.
ყველა სამთავრობო შეხვედრაზე ნიკოლაიშვილი გოგუაძის მიმართ სიმპათიებს არ მალავდა და მას ერთ-ერთ საუკეთესო გამგებლად ასახელებდა. მინისტრი გოგუაძეს, ჩიტაიშვილის თანდასწრებით, საჯარო შეხვედრებზეც უხდიდა მადლობას და პირად საუბრებში მის გაგუბერნატორებასაც არ გამორიცხავდა.
ამ ქება-დიდების პარალელურად, მომწიფდა კონფლიქტი გოგუაძეს და ჩიტაიშვილს შორის. ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, გოგუაძემ თანამდებობიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, თანხმობა ვერ მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ გია გოგუაძემ, წელს პირველად დაარღვია (უფრო სწორად დაარღვევინეს) ბახმაროს დოღზე ნიკოლაიშვილთან და ჩიტაიშვილთან ერთად ყოფნის ტრადიცია და დღესასწაულზე ჩინოვნიკებისგან მოშორებით იდგა.
წყაროს ინფორმაციით, გოგუაძის საქმიანობით პროკურატურაცაა დაინტერესებული მას, ბოლო სამ წელიწადში, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა მოსთხოვეს. როგორც წყარო ამბობს, პროკურატურამ უკვე დაკითხა ის ინდმეწარმეები, რომლებმაც ამ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ყველაფერს ჩიტაიშვილის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციაც დაემატა, სავარაუდოა, რომ მალე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სავარძელი გათავისუფლდება.
გარდა ამისა, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩიტაიშვილს გარკვეული პრეტენზიები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გიორგაძის მიმართაც გააჩნია. მართალია, პატიოსნებაში გიორგაძეს ტოლს ძნელად თუ დაუდებს ვინმე, მაგრამ, როგორც წყარო ამბობს, მასთან ზემდგომს სხვა სახის პრეტენზიები აქვს – გუბერნატორი ჩოხატაურის გამგებლისგან მეტ სიმკაცრეს მოითხოვს და გიორგაძეს რბილ ხასიათს უწუნებს. პრესაგე.ტვ-ის ინფორმაციით, ჩოხატაურის მომავალ გამგებელს ძალიან მალე შეცვლიან – ახალ კადრს უკვე ეძებენ, თანაც დედაქალაქში, რადგან ზემდგომს მიაჩნია, რომ ჩოხატაურელი კადრები ვერ ამართლებენ.