ფასი, რომელიც ტერორთან ომისთვის გადავიხადეთ

ფასი, რომელიც ტერორთან ომისთვის გადავიხადეთ

1989 წლის 9 ნოემბერს დიდი ეიფორიის ფონზე დაწყებული ცივი ომის შემდგომი ეპოქა 2001 წლის 11 სექტემბერს მკვეთრად დასრულდა. ეს „დიდი ათწლეული“, რომელმაც ბერლინის კედლის დანგრევიდან მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრევამდე პერიოდი მოიცვა, ხასიათდებოდა სამხედრო ხარჯების შემცირებით, შიდა პოლიტიკური სკანდალებით და საერთო განცდით იმისა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა დინებას მიჰყვება. პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში „ახალ მსოფლიო წესრიგზე“ საუბრობდა, მაგრამ მისი პოლიტიკა ამ ჭკვიანურ ფრაზას არ შეესაბამებოდა. პრეზიდენტ ბილ კლინტონს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და კურსების მთელი კრებული გააჩნდა, მაგრამ ის ვერასდროს ახერხებდა მათ მკაფიო აღწერას

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე „ალ-ქაიდას“ თავდასხმის შემდეგ მაორგანიზებელი პრინციპი თავად გამოჩნდა. ისევე როგორც ცივი ომის დროს, „ტერორთან ომმა“ (მას უმალ ასე უწოდეს) ამერიკის მეგობრები, მტრები და პრიორიტეტები მკაფიოდ განსაზღვრა. ისევე როგორც ცივი ომის დროს, „ტერორთან ომი“ ერთდროულად, როგორც ამერიკულ იდეალიზმს, ასევე ამერიკულ რეალიზმსაც პასუხობდა. ჩვენ ცუდ ბიჭებს ვეომებოდით, მაგრამ „ალ-ქაიდას“ განადგურება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებშიც კარგად ჯდებოდა. აღნიშნული პარადიგმა საოცარი სისწრაფით გავიზიარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტემპი შთამბეჭდავი იყო, ის განგაშის განცდასაც აჩენდა. იმ დროს მე მაოცებდა ის, თუ როგორ მკაფიოდ გამოიყურებოდა ეს „ახალი მსოფლიო წესრიგი“, ასევე ისიც, „თუ როგორ მოულოდნელად დაემსგავსა ეს ყველაფერი სამეცნიერო პუბლიკაციას“.

11 სექტემბრის მოვლენები ამერიკელების ცხოვრებაზე აისახა, მაგრამ არაფერზე მას ისეთი ღრმა კვალი არ დაუტოვებია, როგორც ამერიკის დამოკიდებულებაზე გარე სამყაროს მიმართ. ამერიკის საგარეო პოლიტიკური და სამხედრო ისტებლიშმენტის სუპერტანკერი კვნესით და ჭრიალით მობრუნდა, რადგან ამერიკელები ახალ მტრებთან პირისპირ შესახვედრად ემზადებოდნენ. ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც 1 200 სახელმწიფო ორგანიზაციას და უწყებას, 1 900 კერძო კომპანიას და 854 ათასს ისეთ ადამიანს აერთიანებს, რომელსაც საიდუმლოებებზე ხელი მიუწვდება, როგორც ამას Washington Post შარშან თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში იუწყებოდა. ჩვენ ომები გავაჩაღეთ ერაყსა და ავღანეთში. კონტრტერორსტული ოპერაციები ჩავატარეთ ისეთ შორეულ ადგილებში, როგორებიცაა ფილიპინები და იემენი, ჩვენ შევცვალეთ ჩვენი სამხედროების კულტურა. ყურადღება გავამახვილეთ „ალ-ქაიდასა“ და მის მხარდამჭერებზე და ერთ-ერთი შეფასებით, ამ ყველაფერზე დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ.

და ტერორთან ომის ფარგლებში წარმატებულები ვიყავით: 11 სექტემბრიდან 10 წლის შემდეგ „ალ-ქაიდა“ სრულად დეზორგანიზებულია. უსამა ბინ ლადენი მკვდარია. ისლამური ფანატიზმი სუსტდება. ჩვენი არმია კი კვლავ ყველაზე თანამედროვე არმიაა მსოფლიოში და მიუხედავად ამისა, 11 სექტემბრიდან 10 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ „ტერორთან ომი“ ჩვენი პლანეტის დასანახად ძალიან ვიწრო პრიზმაა, ხოლო ამ ომისთვის გადახდილი ფასი ძალიან მაღალი.

მთელი ყურადღება ისლამური ფანატიზმისკენ მივმართეთ და ჩინეთის კომერციული ზესახელმწიფოსგან ამბიციურ პოლიტიკურ ძალად გარდაქმნა გამოგვრჩა. ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ჩინეთის გეოგრაფიულ სივრცეში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა. როდესაც 2001 წლის ბოლოს პრეზიდენტი ბუში აზიას სტუმრობდა, ის თავის მალაიზიელ და ინდონეზიელ კოლეგებს მათ ქვეყნებში არსებულ ტერორისტულ უჯრედებზე ესაუბრებოდა. მისი ჩინელი კოლეგები კი ამ დროს ბიზნესსა და ვაჭრობაზე საუბრობდნენ.

ჩვენ ისიც გამოგვრჩა, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, რომ რუსეთი სუსტი და პრობლემებთან მებრძოლი პარტნიორისგან ზოგჯერ მტრულად განწყობილ ოპონენტად გადაიქცა. ტერორთან ომის პრიზმაში ვლადიმერ პუტინი მოკავშირედ მოსჩანდა, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ტერორისტებს ისიც ებრძოდა, თუმცა მისი ბრძოლები ჩეჩნეთში სულ სხვა ომი იყო, სულ სხვა ტერორისტების (და არა მხოლოდ ტერორისტების) წინააღმდეგ. მან შესძლო ხანმოკლე დროით, თავისი ამერიკელი კოლეგების დარწმუნება იმაში, რომ მისი და მათი ბრძოლა, მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე იყო.

ტერორთან ომის წყალობით, ჩვენ ხელიდან გავუშვით მექსიკასთან იმიგრაციის შესახებ შეთანხმება, რომელიც შეიძლება ისტორიული გამხდარიყო. იმის გამო, რომ ტერორთან ომში ლათინური ამერიკა ირელევანტური იყო, ჩვენ ამ რეგიონის მიმართ ინტერესი და მასზე გავლენა დავკარგეთ. იგივე ხდება აფრიკაშიც, იმ ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით, სადაც „ალ -ქაიდას“ ქსელის უჯრედებია. არაბულ სამყაროში, ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმებს დავუჭირეთ მხარი, რადგან გვეგონა ისინი ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაში დაგვეხმარებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათი ავტორიტარიზმი შთააგონებდა ფანატიკოს ისლამისტებს. თუკი ჩვენ ეგვიპტესა და ტუნისში ეჭვის თვალით გვიყურებენ, ნაწილობრივ ეს ამის ბრალია.

და ბოლოს, ჩვენ შევწყვიტეთ ინვესტიციების განხორციელება ჩვენს ინფრასტრუქტურაში – წარმოიდგინეთ რამდენი რაღაცის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი ამ 3 ტრილიონად გზების მშენებლობაში, მეცნიერებაში, განათლებასა და კერძო ინვესტიციების სფეროშიც კი, ამ თანხის ნაწილი მაინც გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებში რომ დარჩენილიყო. გარდა ამისა, ჩვენ ხელიდან გავუშვით ჩვენი ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვის შანსი. 11 სექტემბრის შემდეგ პრეზიდენტს შეეძლო საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და ერისთვის აეხსნა ის, რომ ომების წარმოება და მათი დაფინანსება მოგვიწევდა და ამის გაკეთება ყველაზე მოხერხებულად საწვავზე გადასახადის გზით შეიძლებოდა. მაშინ ის ძლიერ მხარდაჭერას მიიღებდა. 2001 წელს მე ჩემს საწვავის ავზს 20 დოლარად ვავსებდი და ავღანეთში ჩვენი სამხედროების დასახმარებლად 21 დოლარის გადახდას სიამოვნებით დავთანხმდებოდი. ამის ნაცვლად პრეზიდენტმა გადასახადები შეამცირა და სამხედრო ხარჯები გაზარდა და ამისთვის გადახდილ ფასს ჩვენ მხოლოდ დღეს ვაცნობიერებთ.

11 სექტემბრის შემდეგ დაშვებულ იქნა უამრავი შეცდომა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით. ბევრი ადამიანი გამოიყენებს ამ წლისთავს ამერიკის გასაკრიტიკებლად ერაყის, გუანტანამოს და შიდა უსაფრთხოებაზე განიავებული ხარჯების გამო. მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა რაც ჩვენ დავუშვით – დაუდევრობაა. იმით რომ ისლამური ტერორიზმი ჩვენს მთავარ, ზოგჯერ ერთადერთ პრიორიტეტად ვაქციეთ, ჩვენ იგნორირებას ვუკეთებდით დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ საზრუნავს. რაც კიდევ უფრო უარესია, ჩვენ გვერდით გავწიეთ საკუთარი ეკონომიკური, ეკოლოგიური და პოლიტიკური პრობლემები და დავივიწყეთ ისინი მანამ, სანამ ისინი ძალიან სერიოზულ პრობლემებად არ იქცნენ და მათი უყურადღებოდ დატოვება აღარ შეიძლებოდა.

გავიმეორებ, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკის 180 გრადუსით მობრუნება, შეცდომა არ იყო, მაგრამ პრეზიდენტ ბუშის დროს ჩვენ დავავიწროვეთ ჩვენი ჰორიზონტები, შევწყვიტეთ უფრო ფართო და სტრატეგიული აზროვნება და ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ მომავალ კონკურენტებს და შიდა ხარვეზებს. პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც დასაწყისში ხელთ სუსტი კარტები ჰქონდა, ვერ გამონახა ენერგია, რესურსები და ნებისყოფა უფრო არსებითი შედეგების დემონსტრირებისთვის. ათი წლის შემდეგ, ხომ არ ფიქრობთ იმას, რომ იმ თვითმფრინავებმა, რომლებიც თავს დაესხნენ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს, ქვეყანას იმაზე ნაკლები ზიანი მიაყენეს, ვიდრე იმ არასწორი გადაწყვეტილებების კასკადმა, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა?

foreignpress.ge