[ეკა ბაქრაძე]
სწავლის დაწყებამდე 10 დღით ადრე სასკოლო ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნა. სასკოლო წიგნები ქვეყნის მასშტაბით 350-მდე სავაჭრო ქსელში გაიყიდება. დედაქალაქში წიგნის მაღაზიებისა და ბაზრობების გარდა, სასკოლო წიგნების შეძენა „ჯიპისის“ აფთიაქებშია შესაძლებელი. მიუხედავად ასეთი სიახლეებისა, მომხმარებელი ჯერჯერობით განსაკუთრებით პასიურია.
განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე განთავსდა საინფორმაციო ბუკლეტი, საიდანაც შესაძლებელია მაღაზიებისა და ბაზრობების მისამართების გაგება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საინფორმაციო ბუკლეტი „სასკოლო სახელმძღვანელოები“ სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მომზადდა. ბუკლეტში მოყვანილია ინფორმაცია სასკოლო სახელმძღვანელოების ფასების, საგნების, კლასებისა და გამომცემლობების შესახებ.
აფთიაქებში წიგნების გაყიდვის სიახლის ინიციატორი კი ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისი“ გახდა, რომელმაც განათლების სამინისტროსთან მიღწეული მემორანდუმის საფუძველზე სასკოლო წაინების გაყიდვის უფლება მოიპოვა.
„ჯიპისის“ პრესცენტრის ხელმძღვანელის ნინო დათიაშვილის თქმით, კომპანია წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო და ლიტერატურულ საქმიანობაში („ჯიპისი“ ლიტერატურული კონკურსი „წეროს“ სპონსორია), ამასთან, ჩვენი აფთიაქები წარმოდგენილია ქალაქის თითქმის ყველა უბანში, გავრცელების არეალი დიდი გავქვს. მათი რაოდენობა იძლევა იმის საშულებას, რომ მომხმარებელმა ყოველგვარი რიგისა და გართულების გარეშე შეიძინოს სახელმძღვანელო. ასე რომ, აფთიაქისა და წიგნის ბაზრობის ერთდროულად საქმინობა სრულიად შესაძლებელია“, - ამბობს ნინო დათიაშვილი.
რადიო „კომენრსანტის“ ინფორმაციით, „ჯიპისი“ მომხმარებელს სააფთიაქო ქსელში სახელმძღვანელოების შეძენა ორი გზით - პირდაპირი და ვაუჩერული სისტემით შეეძლება. ვაუჩერის გამოყენებისას მყიდველი აკეთებს განაცხადს საჭირო წიგნებზე, სანაცვლოდ იღებს ვაუჩერს და სამი დღის შემდეგ მთლიან კომპლექტს იღებს. ასეთი ფორმით შეძენისას მუშაობს 5-პროცენტიანი ფასდაკლება. ნებისმიერ შემთხვევაში კი, მყიდველი საჩუქარს მიიღებს გაკვეთილების ცხრილის, ან რომელიმე საკანცელარიო პროდუქტის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ბაზრობა გაიხსნა, მომხმარებელი საკმაოდ პასიურია. ამის მიზეზი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მკვეთრი შემცირება და პროდუქციაზე ფასების ზრდაა. მართალია, შარშანდელთან შედარებით, სასკოლო წიგნების ღირებულება ოდნავ შემცირდა, სამაგიეროდ, საკანცელარიო ნივთების ფასმა მოიმატა.
ამ პერიოდისთვის საკანცელარიო ნივთების ღირებულება, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 10-15 პროცენტითაა გაზრდილი. ფასები მაღაზიებში, საშუალოდ, 30-40 თეთრიდან 150 ლარამდე მერყეობს. შედარებით დაბალი ფასებია ბაზრობებზე, სადაც მომხმარებელიც უფრო მეტია.
ამ და სხვა მიზეზთა გამო, მოსწავლეთა მშობლებს, შარშანდელთან შედარებით, შეღავათი არ უგრძვნიათ. ამიტომაც მათი დიდი ნაწილი არ ჩქარობს და სასკოლო ნივთების ყიდვას სასწავლო წლის დაწყებამდე არც აპირებს. მათი უმრავლესობა კი საგონებელშია ჩავარდნილი. სასწავლო წლის დაწყება, როგორც ყოველთვის სოლიდურ დანახარჯებთან ასოცირდება.
„სასკოლო და საკანცელარიო ნივთებს უფრო ცალობით ყიდულობენ, იშვიათი შემთხვევაა, რომ მშობელმა თადარიგი წინასწარ დაიჭირონ და წლის სამყოფი სასწავლო პროდუქცია შეიძინოს. ტრადიციულად ასე ხდებოდა, მაგრამ წელს მომხმარებელი განსაკუთრებულ მორიდებას იჩენს და ხარჯებს ერიდება. ფასის ზრდა შეინიშნებოდა შარშანაც, მაგრამ ეს უფრო ქაღალდის გაძვირებით იყო გამოწვეული. ძირითადად, ქაღალდზე დამოკიდებული პროდუქტი გაძვირდა, რამაც შემდეგ გავლენა სხვადასხვა დასახელების საკანცელარიო ნაწარმზე მოახდინა“, - აცხადებენ სავაჭრო ქსელების წამომადგენლები.