[გიორგი ბექაური]
ზედიზედ მესამე თვეა, საქართველოში ინფლაცია მცირდება. ამიტომაც მთავრობას გაუჩნდა იმედი, რომ წლის ბოლომდე ერთნიშნა ინფლაციას შეინარუნებს. თუმცა, ზაფხულის დასრულებასთან ერთად, ეტაპობრივად სრულდება იაფი ადგილობრივი საკვების პერიოდი და შემოდგომიდან მოყოლებული ფასები მაღლა დაიძვრება. ეს კი ინფლაციის მოთოკვას გააძნელებს.
ზოგადად პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდა შეინიშნება საერთაშორისო ბაზრებზეც. მაგალითად, ბოლო პერიოდში გაძვირდა ხორბალი, სიმინდი, ხორცპროდუქტები, კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა ნავთობის ფასი. ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის 300 პროცენტით გაიზარდა ნატურალური ბამბის ღირებულებაც. ეს კი ავტომატურად ტანსაცმლის გაძვირებას ნიშნავს. სხვათა შორის, საქართველოში მოქმედი ტანსაცმლის მაღაზიები უკვე აკეთებენ განცხადებას, რომ 3-4 თვეში პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაძვირდება.
თუმცა, ჯერჯერობით მთავრობაც და ექსპერტებიც თვლიან, რომ წლის ბოლომდე ერთნიშნა ინფლაციის „დაჭერის“ შესაძლებლობა ნამდვილად არის, ყოელ შემთხვევაში ქაღალდზე მაინც.
„საქსტატის“ მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1,6%-ით გაძვირდა, გაიაფების ლიდერი 0,9%-იანი მაჩვენებლით ტანსაცმელი და ფეხსაცმელია, 0,4%-ით გაიაფდა განათლება. ფასებმა ერთ თვეში 10,3%-ით მოიმატა რძის, ყველისა და კვერცხის სეგმენტში და ამით გაძვირების ლიდერი გახდა. ბოსტნეული 4,5%-ითაა გაძვირებული, თევზი კი 3%-ით. ამასთან, ხილზე და ყურძენზე ფასები შემცირდა 8 პროცენტით.
მოცემულ პერიოდში, ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა 2,2 პროცენტით. ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,25 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები სატრანსპორტო მომსახურებაზე 3,2 პროცენტით გაიზარდა, საწვავზე - 1,9 პროცენტით.
მთავრობის პროგნოზით წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 8%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ასეთ დამოკიდებულებას ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ საქართველოში მომდევნო წლამდე ერთნიშნა ინფლაცია გვექნება.
„ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს შარშანდელი ფასების დონე. მაგალითად, მაისში, ინფლაციის მაჩვენებელი იყო 4,9 პროცენტი, შემდეგ მას ზრდის ტენდენცია ახასიათებს. წელსაც, სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა აგვისტოდან ფიქსირდება. თანაფარდობა, წინა წელთან შედარებით, საკმაოდ შემცირებული გამოდის. ამჟამინდელი ნიშნული გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს ერთნიშნა თანაფარდობა გვქონდეს“, - აცხადებს ექსპერტი, სოსო არჩვაძე.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრიდან მოყოლებული საკვებზე ფასების ზრდა დაიწყება. ადგილობრივი წარმოების იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უკვე ილევა და შესაბამისად მასზე ფასიც იზრდება. ასე რომ, შემოდგომიდან მოყოლებული ფასების და თავისთავად ინფლაციის ზრდასაც უნდა ველოდოთ. რამდენად დაიჭერს მთავრობა ერთნიშნა ინფლაციას სწორედ საკვები პროდუქტების გაძვირების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.
„უკვე შემოდგომიდან ფასების ზრდაა მოსალოდნელი, როგორც ტრადიციულად ხდება. ასეთი მდგომარეობა ყოველთვის არის, გამონაკლის შემთხვევას თუ არ ჩავთვლით. როგორც წესი, სექტემბრის შემდეგ ინფლაციური თვეებია. გამონაკლისი იყო 2008 წელი, რომელიც მსოფლიო კრიზისსა და ნავთობის გაიაფებას უკავშირდებოდა. თუმცა, მიუხედვად ყველაფრისა, არსებობს დიდი შანსი, რომ წლის ბოლომდე ერთნიშნა ინფლაცია გვქონდეს“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.