[თეონა ხარაბაძე]
„ვიკილიქსმა“ საქართველოს შესახებ მორიგი მასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩი ამერიკის დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ ვითარებას აღწერს. აქ არის საუბარი სხვა და სხვა პოლიტიკოსებზე – ერთმანეთზე ელჩთან რას ლაპარაკობდნენ ისინი. საინტერესო ის არის, რომ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს თითქმის, არც ერთი აქ მოხსენიებული პოლიტიკოსი არ აკეთებს.
ეს პოლიტიკოსები საკუთარ დუმილს იმით ამართლებენ, რომ მათთვის ეს დოკუმენტები სანდო არ არის. საინტერესო ის არის, რომ ამ მოსაზრებას პოლიტოლოგთა ნაწილით იზიარებს, თუმცა, მათი თქმით, უნდობლობას ის იწვევს, რომ „ეს ინფორმცია ხელისუფლების ინტერესში შედის და გადამოწმებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს“. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია იმდენად ზუსტად გამოხატავს მაშინდელ რეალობას, რომ ამაში მათთვის ახალი არაფერი იყო. მას შემდეგ ვითარება რამდენად შეიცვალა და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც შეიძლება თუ არა, რომ იგივე განმეორდეს? ეს არის დღეს მთავარი კითხვა.
ამ საკითხზე საუბარი, ცხადია, ჯერჯერობით საკმაოდ ძნელია, რადგან წინასაარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაში არ შესულა და პოლიტიკოსებიც მაინცდამაინც არ აქტიურობენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ასპარეზზე ძირითადად ისევ ის მოთამაშეები არიან და მათი მაშინედლი ქმედების გაანალიზებამ და დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებამ, შესაძლოა, გარკვეული შედეგი გამოიღოს.
„ვიკილიქსზე“ ამჯერად გამოქვეყნებული ინფორმაცია 2009 წლის და 2010 წლის მოვლენებს ეხება.
2009 წლის 8 სექტემბერს შედგენილ დოკუმენტში ძირითადად საუბარია ნინო ბურჯანაძის გეგმებზე და ასევე იმაზე, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა ელჩს ირაკლი ალასანიამ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით. ეს წერილი უკვე 2009 წლის აგვისტოთია დათარიღებული.
ამ დოკუმენტში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი ნინო ბურჯანაძის პერსონას აღწერს. ალასანიას კი მასთან ნინო ბურჯანაძეზე უსაუბრია.
„ალასანიამ აგრეთვე თქვა, რომ ბურჯანაძე ცდილობდა, ბესელიას შვილისა და ძმის დაპატიმრების პოლიტიკურ საკითხად გადაქცევას. ალასანიამ დაახასიათა ორივე მათგანი, როგორც „წვრილმანი ხულიგნები“ და თქვა, რომ ის (და სხვების უმეტესობა ოპოზიციაში) ამას მხარს არ დაუჭერდა“.
ალასანია ელჩს მოუყვა, რომ ბურჯანაძე მუშაობდა ეკა ბესელიასთან და სალომე ზურაბიშვილთან შემოდგომაზე პროტესტის ახალი ტალღის წამოწყებასთან დაკავშირებით. აქციების შედეგი პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა უნდა ყოფილიყო.
გარდა ამისა, ამ წერილის თანახმად, ალასანიას ელჩთან საუბრისას უთქვამს, რომ ბურჯანაძე სააკაშვილის გადადგომის მიზნით, ეკა ბესელიასა და სალომე ზურაბიშვილთან ერთად, საშემოდგომო პროტესტის მოწყობას ცდილობდა და მასში „უცნობისა“ და ლევან გაჩეჩილაძის ჩართვაც სურდა, რადგან „ალასანიას თქმით, ბურჯანაძემ იცის, რომ მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა არ აქვს და, სწორედ, ამიტომ ცდილობდა „უცნობის“ ქუჩის აქციებში ჩართვას“.
ალასანიას სიტყვებით, ბურჯანაძემ იცის, რომ ხალხში ნაკლებად პოპულარულია და „უცნობი“ ქუჩის აქციების მაღალი შედეგისთვის სჭირდება.
საელჩოს კომენტარში აღნიშნულია, რომ „უცნობი“ კეთილგანწყობის მოპოვებას რადიკალიზმით ცდილობს და 6 მაისს, პოლიციის შენობასთან გამართულ შტურმს ხელმძღვანელობდა. ბურჯანაძის „უცნობით“ დაინტერესება კი, მოვლენათა არაპოზიტიური კუთხით განვითარებისკენ მიანიშნებს.
თავად ირაკლი ალასანია ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მისი პარტია მომავალსა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაზეა ორიენტირებული.
„მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაზე ვართ გადართულნი. ჩვენ დავდივართ რეგიონებში, მობილიზებას ვუკეთებთ მხარდამჭერებს და საზოგადოებას ვაცნობთ კონკრეტულად, სააკაშვილის 7-წლიანმა მმართველობამ რა მოუტანა ქვეყანას და, რომ სწორედ მათი მიზეზით, დღეს საქართველო უდიდეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისშია,“ - აღნიშნა ალასანიამ.
ამაზე განცხადების გაკეთებას ჯერჯერობით, არც ნინო ბურჯანაძე და ეკა ბესელია აპირებენ.
„იმედი მაქვს, ირაკლი ალასანიას, ზრდილობა იმდენად არ დაუკარგავს, რომ მსგავსი სიტყვები გამოეყენებინა. თუ მან მსგავსი რამ ნამდვილად თქვა, ეს მხოლოდ მის ღირსებას შეურაცხყოფს. არა მგონია, სერიოზული იყოს „ვიკილიქსის“ ამა თუ იმ დოკუმენტზე კომენტარების კეთება, რადგან ამ დოკუმენტების ოფიციალურობა არსად დასტურდება’ ამდენად, არ ვაპირებ, ვინმე ვაკრიტიკო ან შევაქო. მაქვს ალასანიასთან იმ ტიპის ურთიერთობა, რომ მიუხედავად სერიოზული განსხვავებულობებისა, პირდაპირ ვკითხო, შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს,“ - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ეკა ბესელიას განცხადებით კი, საიტ „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განმარტებები ირაკლი ალასანიამ უნდა გააკეთოს. როგორც ბესელიამ განაცხადა, თავად ალასანიამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. მანამდე, ეკა ბესელიას განმარტებით, რაიმე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
„2009 წლის შემოდგომის აქციებში, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჩართული ვიყავი. რაც შეეხება ელჩთან ანგარიშების ჩაბარებას, თავად ალასანიამ უნდა გააკეთოს კომენტარი, უნდა დაადასტუროს ან უარყოს გამოქვეყნებული ინფორმაცია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი ალასანიაზე საუბარია 2010 წლის თებერვლით დათარიღებულ წერილშიც, ოღონდ აქ უკვე შეფასებულია მისი შანსები საარჩევნოდ.
2010 წლის 8 თებერვალს გაგზავნილი წერილი თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს ეხება.
ჯონ ბასი აღნიშნავს, რომ აშკარა უპირატესობა აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიგი უგულავას. მერობის მეორე რეალურ კანდიდატად აშშ-ის ელჩი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას მოიხსენიებს.
„გამოკითხვების მიხედვით, ალასანიას მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, ის მეორეა და ბევრად ჩამორჩება თბილისის მერს, გიგი უგულავას. ალასანიას დაღმავალი ტენდენცია ემაშფოთებელი ნიშანია მისი კანდიდატურისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ალასანია 10%-ს აიღებს თბილისის მერის არჩევნებზე, ეს თითქმის ნახევარია იმ მხარდაჭერისა, რომელიც მას ჰქონდა ორი თვის წინ. ალასანია რთული პოლიტიკური ამოცანის წინაშე დგას - მისი რეიტინგები სოლიდურ პოლიტიკურ მხარდაჭერამდე გაზარდოს და მოტრიალდეს განცალკევებულ, საგარეო პოლიტიკაზე ფოკუსირებული დიპლომატიდან სანდო მერობის კანდიდატად, რომელსაც ექნება გეგმა, თუ როგორ მართავს –გაუძღვება ქალაქს. ჯერჯერობით, ალასანია ვერც ერთს ვერ აკეთებს,“ -აღნიშნულია ჯონ ბასის გზავნილში.
ამავე გზავნილის მიხედვით, „რთული მედიაგარემოსა და მნიშვნელოვანი ფინანსური ბარიერის მიუხედავად, ალასანია ფოკუსირებას არ აკეთებს შედარებით იაფ მოქმედებებზე, რომელსაც გამოიყენებდა მხარდაჭერის გაზრდისთვის. ის ბევრ დროს ატარებს საქართველოს გარეთ. როცა თბილისშია, იშვიათად ატარებს დროს საზოგადოებაში. უგულავა, მისგან განსხვავებით, ქალაქის ყველა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ, ხვდება მცხოვრებლებს, მათ პრობლემებს ისმენს და ქალაქის და მცხოვრებლების პირობების გაუმჯებესების შესახებ მის გეგმებს აცნობს, ალასანიამ ბევრჯერ გადადო საარჩევნო კამპანია და სამი თვის კამპანიის დრო დაუთმო უგულავას.
ამან საზოგადოება გაუგებრობაში დატოვა მისი პლატფორმის ან გეგმების შესახებ. ალასანიამ დაიქირავა ამერიკული კომპანია „არისტოტელეს“ კონსულტანტები და გეგმავს კამპანიის დაწყებას. ალასანიას მრჩევლები ამბობენ, რომ მას ბევრი დრო აქვს, წარმატებულად გამოიწვიოს უგულავა,“ - აღნიშნულია ჯონ ბასის წერილში.
ჯონ ბასი აგრეთვე საუბრობს არასაპარლამენტო ოპოზიციის უსუსურობაზე. იგი აღნიშნავს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვერგამოიტანა სწორი დასკვნები დაშვებული შეცდომებიდან და ეს ყველაფერი ხელს აძლევს „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“.
„სოციოლოგიურმა კვლევებმა ნათლად გვაჩვენა, რომ მომავალი არჩევნების მოგების მთავარი კანდიდატად გიგი უგულავა რჩება. ბოლო მონაცემებით, თბილისის დაახლოებით 60 პროცენტი სწორედ მას უჭერს მხარს. მეორე ნომრად მოდის ირაკლი ალასანია, მაგრამ მან წინასაარჩევნო პროგრამაში ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგალითად სულ ერთი თვის წინ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა და არ გაუმართავს საკმარისი შეხვედრები თბილისის მოსახლეობასთან, გიგი უგულავა კი, დღეში 3-4 ჯგუფთან მართვას შეხვედრას,“ - აღნიშნულია ჯონ ბასის წერილში.
ამავე გზავნილში აღნიშნულია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში აშკარა განხეთქილების მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნოღაიდელის პრორუსული სტრატეგია ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ და სხვა უფრო ზომიერი პოლიტიკური პირების აზრია, რომ ნოღაიდელი არის „უმწეო იდიოტი“, „უსირცხვილო კლოუნი“.
ამასთან, გზავნილში მოყვანილი სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ალასანიას მოსაზრებები ნოღაიდელის შესახებ.
„ძალიან ზომიერი“ სალომე ზურაბიშვილი („საქართველოს გზა“)ამბობს, რომ „ნოღაიდელი იყო არაპოპულარული და წარუმატებელი, მას თითქმის სჯერა, რომ ის მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობის სახელით“. ირაკლი ალასანიას თქმით კი, მას სმენია, რომ ნოღაიდელს მნიშვნელოვანი არაფერი განუხილავს რუსეთის წარმომადგენლებთან.
თავად ნოღაიდელი კი ამბობს, რომ გაუკვირდა, თუ როგორი მაღალ დონეზე მიიღეს მოსკოვში, რომ ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, არ განუხილავს რთული ორმხრივი საკითხები, უბრალოდ ცდილობდა გაეძლიერებინა კომუნიკაცია რუსეთის მთავრობასთან (და რამდენიმე ხანში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან), სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საქართველოსთვის შემოსაერთებლად შესაძლო გზების მოპოვებისთვის,“ - ნათქვამია ჯონ ბასის გზავნილში.
ჯონ ბასის მიერ 2010 წლის თებერვალში სახელმწიფო დეპარტამენისადმი გზავნილში საუბარია ოპოზციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის შესახებაც.
„ლევან გაჩეჩილაძეს არ გადაუწყვეტია, თუ რას იზამს 2010 წლის მაისის არჩევნებისთვის. პაატა დავითაიამ, რომელთანაც გაჩეჩილაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გვითხრა: გაჩეჩილაძე ფიქრობდა, რომ პრორუსული პოლიტიკა შეიძლება კარგი აზრი იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. დავითაიამ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება გაჩეჩილაძის მზაობაზე ნოღაიდელის პოზიციის მიღებისთვის. დავითაია ამბობს, რომ სხვები, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ ნოღაიდელს („კონსევატორები“, „სახალხო პარტია“) აკეთებდნენ მოკრძალებულ თანხას, დაახლოებით, 50 000 დოლარს. დავითაიასა და სხვა წყაროების მიხედვით, გაჩეჩილაძე განიხილებოდა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი“. ამავე გზავნილის მიხედვით, გაჩეჩილაძის მონაწილეობა არჩევნებში გაართულებდა ალასანიას შანსებს.
„ალასანიას გუნდმა რამდენჯერმე განუცხადა „პოლოფს“ რომ გაჩეჩილაძემ დაარწმუნა ისინი, რომ მხარს უჭერს ალასანიას, მაგრამ მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადებს მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში. თუმცა, ალასანიას პარტიის წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ გაჩეჩილაძის ერთგულებას და აღნიშნავენ, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება „იყიდონ“ და „ალიანსს“, უბრალოდ, არ აქვს სახსრები და არც წინასწარი განწყობა, რომ გადაიხადოს სოლიდური თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ შეიძლება მოითხოვოს,“ -ნათქვამია ჯონ ბასის გზავნილში, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნებს ეხება.
საინტერესო ის არის, რომ ამ წერილებში საუბარია მერობის კიდევ ერთ კანდიდატზე - გია ჭანტურიაზე, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატებმა“ დაასახელეს.
„ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გია ჭანტურიამ საელჩოსთან საუბრისას აღიარა, რომ მას არ აინტერესებდა თბილისის მერობის კანდიდატობა, თუმცა ის საქართველოს მთავრობამ წაახალისა.
„მას არ აინტერესებდა მერობის კანდიდატობა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ წაახალისა. ჭანტურიას შეპირდნენ, რომ თუის კენჭს იყრიდა, მთავრობა ჭანტურიას ენერგოპროექტს მხარს დაუჭერდა, რაც ბუნებრივი და თხევადი გაზის რაფინირებასა და ტრანზიტს ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია გზავნილში.
„გია ჭანტურია თბილისი მერის პოსტზე „ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატად 2010 წლის 12 თებერვალს დასახელდა. „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ „პოლოფს“ უთხრა, რომ ჭანტურიას ტექნოკრატიული ბეგრაუნდი და თავისივე საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესაძლებლობა, ძალიან მიმზიდველი იყო „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“.
„თარგამაძე კრიტიკის ობიექტი ხდება, რომ ის მთავრობის მარიონეტია. როგორც თარგამაძემ „პოლოფს“ განუცხადა, „ქრისტიან-დემოკრატებს“ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების ძალზე მცირე შანსი აქვთ და ძალებს საკრებულოს არჩევნებისკენ მიმართავს. თვითდაფინანსებული კანდიდატი „ქრისტიან-დემოკრატებს“ თბილისში რელევანტურობას შეუნარჩუნებს, მისი დაკარგვა კი ძალიან ცოტას თუ დაუშავებს პირადად თარგამაძეს და „ქრისტიან-დემოკრატებს“, - აღნიშნულია გზავნილში.
გზავნილის მიხედვით, ჭანტურიას მხარდაჭერით „ქრისტიან-დემოკრატებს“ საშუალება აქვთ, ფოკუსირება მოახდინონ შედარებით უმნიშვნელო არჩევნებზე, შეინარჩუნონ მხარდაჭერა და ელექტორატის ერთგვარი ტესტი ჩაატარონ.
„თარგამაძე მიიჩნევს,რომ ჭანტურიას არჩევნებში მონაწილეობა ღირს რისკად,“ -ნათქვამია ჯონ ბასის გზავნილში, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებს ეხება.
„ქრისტიან-დემოკრატები“ კი ამ მასალის კომენტირება არასერიოზულად მიაჩნიათ.
როგორც ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, „ვიკილიქსი“ საეჭვო ინტერნეტრესურსია, რომლის მეშვეობითაც გამოქვეყნებული დოკუმენტების სანდოობა, სინამდვილე და აუთენტურობა კითხვის ნიშნებსა და ეჭვებს მუდმივად ბადებდა. შესაბამისად, „ქრისტიან-დემოკრატებს“ გამოქვეყნებული მასალის კომენტირება არასერიოზულად მიაჩნიათ.
ამ მასალებში ასევე საუბარია ნინო ბურჯანაძის 2009 წლის გეგმებზეც. აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი დიპლომატიურ გზავნილში პარლამენტის ყოფილი სპიკერის გეგმებზე წერს. როგორც წერილშია აღნიშნული, მზარდი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი დიდი მოცულობის თანხებს რუსეთში დამკვიდრებული ქართველებისგან იღებს, რომელთა ნაწილი შესაძლოა, კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენელი იყოს.
„ვიკილიქსის“ მიხედვით, ბურჯანაძემ ზაფხულის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა, - ამის შესახებ ინფორმაცია ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიაწოდა. ვანო მერაბიშვილის თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბიწაძემ 500000 დოლარი ტარიელ ონიანისგან მიიღო, რომლის სახელიც მუხროვანის ამბოხების მცდელობას უკავშირდება.
მინისტრის ინფორმაციით, ბიწაძესთან მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები მოსკოვში მცხოვრები კანონიერი ქურდებისგან, სომხეთის გავლით მოდის. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ბურჯანაძე და ბიწაძე ევროპაში ხშირად მოგზაურობდნენ, სადაც კანონიერ ქურდებთან მართავდნენ შეხვედრებს.
ამასთან დაკავშირებით კი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ხელისუფლება „დემოკრატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ ბინძურ მეთოდებს იყენებს, რაც ჩემთვის სიახლე სულაც არ არის. თუ ხელისუფლებას აქვს რეალური სამხილები, წარმოადგინოს. „ვიკილიქსის“ ვერსიები არის ის, რაც ვანო მერაბიშვილმა უთხრა ელჩს, ეს არ არის ჯონ ტეფტის პოზიცია,“ - აღნიშნავს ბურჯანაძე.
საინტერესო ის არის, რომ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით ის ადამიანები, ვისაც ეს ინფორმაცია ეხება, ან კომენტარს არ აკეთებენ იმ არგუმენტით, რომ „ვიკილიქსი“ სანდო ინფორმაციას არ აქვეყნებს, ან ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებენ.
ფაქტი ერთია, ადგილობრივი არჩევნების წინ გამოკვეთილი იყო ალასანიას და უგულავას ფიგურები. შემდეგ დიდხანს მიდიოდა იმაზე საუბარი, მიიღებდა თუ არა ლევან გაჩეჩილაძე ამ არჩევნებში მონაწილეობას და ეს პერიპეტიები ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. ამას ემატება ბურჯანაძის ფაქტორიც.
გასათვალისწინებელია ის, რომ ამ საკითხზე ღიად კომენტარის გაკეთებას პოლიტიკოსები ერიდებიან, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. საინტერესო კი ის არის, რომ ეს ინფორმაცია რაიმე სიახლის შემცველი არც პოლიტოლოგებისთვის არ აღმოჩნდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტოლოგთა ნაწილს ამ ინფორმაციის სანდოობა ეეჭვება.
„ბასის ეს ინფორმაცია რამდენად სწორია, არ ვიცით. თუ დავუშვებთ, რომ სწორია, სავარაუდოა, რომ ამ ინფორმაციის შედგენისას ის ეყრდნობა იმას, რასაც მას აწვდიდა ხელისუფლება იმიტომ, რომ ყველა თემა ბევრგან ემთხვევა ხელისუფლებისთვის სასურველ პოზიციას და ამას ბასი გვთავაზობს ობიექტურ ინფორმაციად. მაგრამ, პრაქტიკულად, ეს ინფორმაცია ბასის მიერ ერთი მხრიდან აღებული ინფორმციაა. იმ მხრიდან, რომელიც დაინტერესებული იყო ამ არჩევნების დროს. ამიტომ არ ვთვლი, რომ ეს წერილები, რომლის მიზანია, ასახოს ობიექტური ინფორმაცია, კვალიფიციურად არის გაკეთებული. პრაქტიკულად, რაც ჩასძახა დაინტერესებულმა მხარემ, ის გაიტანა ამერიკაში,“ - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამაში სიახლე არაფერი არ არის და რაც აქ სწერია, საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა.
„მაინც და მაინც გასაკვირს ვერაფერს ვხედავ იმ ინფორმაციაში, რაც წავიკითხეთ. ამიტომ თუკი რაიმე სიყალბეა ამ ინფორმაციებში, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს უბრალოდ შექმნილია მოვლენათა განვლის შემდეგ. ამიტომ ნუ მივცემთ ზედმეტ მნიშვნელობას იმ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა. შესაძლოა, რაღაც შტრიხები იყოს საკმათო, მაგრამ ეს მაინც დეტალებია და მისი თვალით დანახული ქართული რეალობა ძალიან ახლოს დგას სინამდვილესთან. შესაძლოა, ამ ინფორმაციაში მოხსენიებულ პირებს აქვთ რაიმე პირადი მიზეზი კომენტარისგან თავის არიდების, მაგრამ არც მათი კომენტარი იქნებოდა გამაოგნებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი დარჩება საინტერესოდ მხოლოდ პოლიტიკური ისტორიის სერიოზული მკვლევარებისთვის და ზოგადად, მიმიდინარე პროცესებისადმი გამორჩეულ ყურადღებას არ დაიმსახურებს,“ - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილ რეალობას. მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნებს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუნდაც იმის გამო, რომ ამის შემდეგ იცვლება ქვეყნის მართვის მოდელი და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ პარლამენტი რა ფორმით ჩამოყალიბდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომელი პოლიტიკური ძალები გააქტიურდებიან და როგორ.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაფორმალურად საქართველოში საარჩევნო პროცესი უკვე დაწყებულია. ყოველ შემთხვევაში, ტელევიზიები გადართულნი არიან იმაზე, თუ პრეზიდენტი სად მივა და რას გახსნის. მნიშვნელობა არა აქვს, რაც გახსნა, მეორე დღეს დაიშლება თუ თავად დაშლიან.
ხელისუფლებას არც ოპოზიცია ჩამორჩება. იგივე ირაკლი ალასანია მთელი ზაფხულის განმავლობაში რეგიონებში მართავდა მოსახელეობასთან შეხვედრას ისევე, როგორც „ქრისტიან-დემოკრატები“.
თბილისის მერმა კი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დროს მოსახლეობას, ლამის, სამოთხეს პირდებოდა, ცალსახად შეცვალა პოლიტიკა და თბილისელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, როგორ ასრულებს ხელისუფლება დაპირებებს.
ამიტომაც საინტერესოა, ის პოლიტიკური სურათი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებობდა, რამდენად შეიცვლება და საერთოდ შეიცვლება თუ არა. პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ამ არჩევნებისთვის ჯერჯერობით, ძალთა გადანაწილება და დაჯგუფებები არ არის ისე გამოკვეთილი, რომ ვიმსჯელოთ. ამ დონეზე რაიმე სიახლე მოსალოდნელი არ არის. ხელისუფლება ისევ აქტიურია. ოპოზიციური პარტიები ისევ პასიურები არიან და, თუკი რაიმე არ შეიცვალა, რა თქმა უნდა, სურათი ისევ ისეთი იქნება, როგორც ადგილობრივი არჩევნების დროს და, შესაძლოა, უფრო მკვეთრიც კი,“ - აცხადებს საყვარელიძე.
სოსო ცისკარიშვილიც ასევე მიიჩნევს, რომ „ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ და რაიმე კონკრეტული მიმართულების გარღვევას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ გამორიცხული არაფერია გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების პოტენციალი, კიდევ უფრო შეამციროს მის მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანთა რიცხვი, ჯერ ამოწურული არ არის.“
რაც შეეხება იმას, თუ რა შანსი აქვს თითოეულ პოლიტიკოსს, სოსო ცისკარიშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ყველაფერი თავად საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენთან რაიმე ტიპის მკაფიო გამოკითხვები არ მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რამდენი თბილისელი ლოცავს და რამდენი წყევლის თბილისის მერს. მოსახლეობისთვის ასეთი კითხვების შეთავაზება რომ იყოს, გამოჩნდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანია თბილისელთა თავმოყვარეობისთვის და ჯიბისთვის ის გადაწყვეტელები, რაც მათ წინააღმდეგ განხორციელდა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ეს მარტივი მაჩვენებელი იქნებოდა და ჩვენს სახელოვან მერსაც მოუწევდა უფრო ხშირად მიაკითხოს ეკლესიას აღსარებისა და მონანიებისთვის,“ - აცხადებს ცისკარიშვილი.