Le Temps – „ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთი აღიარებული ქვეყანა იქნება“

Le Temps – „ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთი აღიარებული ქვეყანა იქნება“

[ჟან-არნო დერენი, “Le Temps”]
რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ აფხაზები დიპლომატიურ იზოლაციაში რჩებიან.

აფხაზეთში „ყველა საზეიმო სუფრა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოთი იწყება“ – გვიხსნის ეშმაკური ღიმილით ვიაჩესლავ ჩილიკბა, კავკასიის ამ პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტის მრჩეველი – „რუსეთის წინააღმდეგ გიჟურ ომში ჩაბმით, საქართველო დაგვეხმარა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიგვეღწია“.

2008 წლის აგვისტოს ომის საბრძოლო მოქმედებების თეატრი სამხრეთ-ოსეთი იყო. ომი მეორე რეგიონს აფხაზეთს არ შეხებია, მაგრამ ბრძოლების დასრულების შემდეგ, მოსკოვმა ორივე „სახელმწიფოს“ დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე კვირაში რუსეთის ნაბიჯს ვენესუელამ და ნიკარაგუამ მიბაძა, შემდეგ ნაურუმ, წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა, რომელმაც როგორც ცნობილია, ამ საერთაშორისო აღიარებაში ფინანსური დახმარება მიიღო.

დედაქალაქ სოხუმში, რომელსაც საქართველოსთან 1992-93 წლების სასტიკი ომის კვალი დღესაც ეტყობა, ცხოვრება შესანიშნავ სანაპირო ზოლზეა კონცენტრირებული, სადაც რუსი ტურისტები ჯერ კიდევ რეკონსტრუქციის პროცესში მყოფ სასტუმროებში ჩერდებიან. პატარა რესპუბლიკის პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნეოკლასიკურ შენობაშია განთავსებული.

ამ პატარა ქვეყნის ბედს 2005 წლიდან სერგეი ბაღაფში წარმართავს, რომელიც არჩევნებში კრემლის კანდიდატურას უპირისპირდებოდა. 2008 წლიდან აფხაზეთი ორ რუსულ სამხედრო ბაზას მასპინძლობს, სადაც 10 000-მდე ჯარისკაცია. ბაზები მთლიანად რუსეთიდან მარაგდება. სერგეი ბაღაფშისთვის აფხაზეთს „არჩევანი არა აქვს“, მთავარია მისი ინტერესების საუკეთესოდ დაცვა მძლავრ მფარველთან ურთიერთობაში. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარის იქ ყოფნა უსაფრთხოების გარანტიაა. „პირველად ომის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, ისე რომ არ შეეშინდეთ ქართველების შემოტევის“.

პრეზიდენტი არ გაურბის კითხვებს, მაგრამ „უკვირს“ რომ ჩამოსული ჟურნალისტები კვლავ რუსეთთან დამოკიდებულებით ინტერესდებიან: „თუ აფხაზეთი რუსეთის პროტექტორატია, განა საქართველო ამერიკის პროტექტორატი არ არის? რატომ შეიძლება მან კოსოვო აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და აფხაზეთი არა?“

„სიცოცხლისუნარიანობა და რეალობა“
სოხუმის მისადგომებთან ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება: შენობები ავარიულია, მაგრამ ხალხი იქ მაინც ცხოვრობს. კაფეების რაოდენობა და მცირე ბიზნესი დღითიდღე იზრდება, მიუხედავად 1992-93 წლების ომის კვალისა, როდესაც აფხაზებისა და ქართველების ბრძოლამ 8 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, სადაც 10 000-მდე სტუდენტი სწავლობს ზღვის ყურეს გადაჰყურებს. გიდიზა ცკალია საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის უცხოეთში საკუთარი ქვეყნის დიპლომატობაზე ოცნებობს.

„ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთი სხვა ქვეყნების მსგავსი სახელმწიფო გახდება, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს“ – დარწმუნებულია ახალგაზრდა, რომელიც მაშინ დაიბადა, როდესაც აფხაზეთი საქართველოს გამოეყო და უკან დაბრუნების შანსს არ განიხილავს.

იმავდროულად, სტუდენტებისთვის მთავარ პრობლემად მათი ქვეყნის იზოლაცია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვს, მათთვის უცხოეთში გამგზავრება ფაქტიურად შეუძლებელია. მაგალითად ევროპის ქვეყნები აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ვიზების გაცემაზე თითქმის ყოველთვის უარს ამბობენ.

პრეზიდენტი ბაღაფში აღიარებს, რომ ის „ოდნავ იმედგაცრუებულია“ იმით, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც ბელორუსია და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებია აფხაზეთი ჯერ არ აღიარეს. „სწორედ ევროკავშირის ზეწოლის შედეგია ის, რომ ამ ეტაპზე მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს“ – ამტკიცებს იგი – „თუმცა, ჩვენთვის ამჟამად არსებითი ის არის, რომ ჩვენი სახელმწიფო ფუნქციონირებდეს, რეალობა და სიცოცხლისუნარიანობა დაადასტუროს, ამასობაში კი საერთაშორისო აღიარების დროც მოვა“.

აფხაზები დიდი სიხარულით შეხვდნენ ივლისის ბოლოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია „კანონიერად“ სცნო და დარწმუნებულები არიან, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს.
foreignpress