ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსეთისა და საქართველოს მთავრობები ერთმანეთის გამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მტკიცებით, ქართულმა კომპანიებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და რუსეთის სურსათის უვნებლობის სამსახურს ემბარგოს მოხსნის თხოვნით მიმართეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა საქართველოს საგარეო უწყებამ, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ხელისუფლების განცხადებას სპეკულაცია და პოზიტიური ფონის შექმნის მცდელობა უწოდა. რა პერსპექტივა აქვს ქართული ნაწარმის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას?
საქართველოში წარმოებული სასურსათო ნაწარმის რუსეთის ბაზარზე შეტანა 2006 წელს აიკრძალა. რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ქართული ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ გამოაცხადა:
„ამ არცთუ მარტივ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ჩატარებული შემოწმებები, რომელთა შედეგადაც გაირკვა, რომ „ბორჯომის“ მარკით რეგიონებსა და განსაკუთურებით მოსკოვში იყიდებოდა წყლები, რომელთა მონაცემები არ შეესაბამება მოცემულ სასმელს.“
ქართველი მეწარმეების არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი მთელი ხუთი წლის განმავლობაში შეუვალი იყო. გენადი ონიშჩენკომ პოზიცია სულ ახლახან შეიცვალა. ის მზადაა შეხვდეს ქართველ მეწარმეებს და დააბრუნოს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო და მინერალური წყლები იმ პირობების გათვალისწინებით, რომელიც განსაზვრულია რუსეთის სანიტარული კანონმდებლობით. გენადი ონიშჩენკომ ეს განცხადება 26 აგვისტოს, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მტკიცებით, „ბორჯომის“ მწარმოებელმა კომპანიამ “IDS ბორჯომმა“ უკვე ისარგებლა შეთავაზებით და „როსპოტრებნადზორს“ შესაბამისი განცხადებით მიმართა. თუმცა ამ განცხადების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ „ასეთ მიმართვას ადგილი არ ჰქონია“. კალანდაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ემბარგოს მოხსნის საკითხს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასაც არ უკავშირებს:
„ჩვენ ეს საკითხი პირობად არასოდეს დაგვიყენებია და არც ვაპირებთ, თუმცა ვინც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებას იცნობს, იმან იცის, რომ თუ რუსეთს მიიღებენ, ის ისედაც ვალდებული იქნება მოხსნას ემბარგო.“
რუსეთის სანიტარული სამსახურისათვის მიმართვის ფაქტს არც „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანია „IDS ბორჯომში“ ადასტურებენ, თუმცა, კახა კუკავას მტკიცებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია არ ცდილობს რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას.
„ყველა კომპანია მოწადინებულია დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე, მაგრამ კომპანიები ერიდებიან ხელისუფლებასთან კონფლიქტს. „ბორჯომის“ მაგალითი არის ძალიან სიმპტომატური. კომპანიის წარმომადგენლები ყველა ინტერვიუში უარყოფდნენ კონტაქტს „როსპოტრებნადზორთან“, მაგრამ გამოქვეყნდა დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიამ მიმართა ამ ორგანიზაციას და მოითხოვა სერტიფიცირების დაწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს არ უნდათ სააკაშვილი გაანაწყენონ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარი, რომ მაინც მიმართეს რუსეთის შესაბამის უწყებას და მოითხოვეს რუსეთში ექსპორტის განხორციელება.“
კახა კუკავას თქმით, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქართველი მეღვინეებისთვისაც, რადგანაც, ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად, ემბარგოს გამოცხადების შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტი თითქმის ოთხჯერ შემცირდა, თუმცა, მნიშვნელოვანი ზარალის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები მაინც არ ჩქარობენ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის შეთავაზების მიღებას. მერაბ მიქაშავიძე, კომპანია „გრუზვინპრომის“ ხელმძღვანელი, ამბობს:
„მე მაქვს მოლდავეთის მაგალითი. რუსეთმა მოლდავეთს დაუკეტა ღვინის ბაზარი. მოლაპარაკების შემდეგ გახსნა ბაზარი, თუმცა ამის საფასურად ტირასპოლში შეინარჩუნა სამხედრო ბაზა 25 წლით, სამი თვის თავზე კი ბაზარი ისევ ჩაკეტა, ვითომდა უხარისხო ნაწარმის შეზღუდვის მოტივით. ეს თამაშია!“
ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მთავრობა ამ ნაბიჯით თავის გამართლებას, ანუ იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ემბარგო არ ყოფილა პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი. თანაც, როგორც ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ამტკიცებს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში ემბარგო ქართულ ნაწარმზე ისედაც ავტომატურად მოიხსნება:
„თუ რუსეთი გახდება WTO-ს წევრი, მაშინ რუსეთს არ ექნება საშუალება განსაკუთრებული შეზღუდვები დაუწესოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. თუ იტყვის რუსეთი, რომ ქართული „ბორჯომი“ უხარისხოა და ამიტომ არ ვუშვებო, მაშინ ანალოგიური ხარისხის პროდუქცია არ უნდა შეუშვას ყველა სხვა ქვეყნიდან. ქართული ღვინო და ქართული „ბორჯომი“ იყიდება ევროკავშირის ბაზარზე და, შესაბამისად, აკმაყოფილებს ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნებს.“