პარლამენტი ზაფხულის შემდეგ

პარლამენტი ზაფხულის შემდეგ

პარლამენტი საზაფხულო არდადაგების შემდეგ მუშაობას იწყებს. საშემოდგომო სესია ხვალ ბიუროს სხდომით გაიხსნება და, სავარაუდოდ, განსახილველი საკითხები გაიწერება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი აქტუალური თემა საარჩევნი კოდექსში ცვლილებების შეტანა იქნება. ამასთან, დაპირების თანახმად, უკვე უნდა დაიწყოს იმ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცესი, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, პირველივე ბიუროზე ახლადშექმნილი ფრაქციის ხელმძღვანელი გია ცაგარეიშვილი პარლამენტის ხელმძღვანელობისგან განმარტებას მოითხოვს, თუ რატომ თქვა უარი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ჯონდი ბაღათურიას ვიცე-სპიკერობაზე.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ივლისში შეიქმნა, სადაც ექვსი დეპუტატი, - გია ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია, კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე და პეტრე მამრაძე არიან გაერთიანებულნი. ჯონდი ბაღათურია კი ვიცე-სპიკერობის კანდიდატად წარადგინეს. თუმცა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ბაღათურია პარლამენტის ვიცე-სპიკერის სავარძელს ვერ დაიკავებს. ამის განხორციელება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - ვიცე-სპიკერის პოსტიდან პარტია „ჩვენ თვითონის“ ხელმძღვანელის პაატა დავითაიას გადაყენების გზით არის შესაძლებელი. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა კი ეს გადაწყვეტილება რეგლამენტის 115-ე მუხლის იმ ნაწილის ახსნა, რომლის თანახმად, პარლამენტის ვიცე-სპიკერის არაუმეტეს სამი კანდიდატურის დასახელების უფლება საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ იმ საარჩევნო სუბიექტებს გააჩნიათ, რომლებიც უმრავლესობაში გაერთიანებულნი არ არიან და საპარლამენტო ფრაქცია აქვთ შექმნილი.

გოგორიშვილის თქმით, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სამმა საარჩევნო სუბიექტმა - „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გადალახეს. მისივე განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ - ლევან ვეფხვაძე, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციიდან - პაატა დავითაია იკავებენ.

რაც შეეხება მესამე კვოტას, როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ამ კვოტის გამოყენების უფლება „ლეიბორისტებს“ გააჩნიათ, თუმცა ისინი ამ უფლებას არ იყენებენ.

„იმ შემთხვევაში თუკი გაერთიანებული ოპოზიციის სიით პარლამენტში მყოფი დეპუტატები კანონით დადგენილი ნორმის გათვალისწინებით ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან პაატა დავითაიას გადააყენებენ, მაშინ ახალი ფრაქციის მხარდაჭერით ბაღათურია შეიძლება, ვიცე-სპიკერი გახდეს,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

თუკი დავითაიას გადაყენების საკითხი დადგება, ცხადია, ეს გადაწყვეტილება ბაღათურიას სასარგებლოდ იქნება მიღებული, რადგან გაერთიანებული ოპოზიციის სიით პარლამენტში შესული დეპუტატებიდან ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ შემადგენლობაში სამნი - გია ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია არიან, ხოლო ფრაქცია „ძლიერ საქართველოში“ მხოლოდ ორი - გია თორთლაძე და პაატა დავითაია. მაგრამ, როგორც გოგორიშვილი აცხადებს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ კენჭისყრის პროცედურაზე არ არის დამოკიდებული და ვიცე-სპიკერის კანდიდატურის დამტკიცებისას უპირატესობა საარჩევნო ბლოკის სიაში წინ მყოფ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ენიჭება. ამ შემთხვევაში კი ასეთი პარტია არის „ჩვენ თვითონ“.

ცაგარეიშვილი გოგორიშვილის ამ განმარტებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ დავითაია ვიცესპიკერად „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით კი არა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე არის დანიშნული და ბაღათურიასთან მიმართებაშიც ზუსტად იმავე პრეცედენტის განმეორებას ითხოვს.

„პარტიამ – „ჩვენ თვითონ“ გაერთიანებული ოპოზიცია ჯერ კიდევ 2008 წლის 27 მაისს დატოვა. თავად პარტიის წარმომადგენელი პაატა დავითაია კი ვიცე-სპიკერად საპარლამენტო არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე - 2008 წლის 22 დეკემბერს იქნა არჩეული. მისი კანდიდატურა კი ფრაქცია „ძლიერმა საქართველომ“ წარადგინა, რომელიც საარჩევნო სუბიექტი ვერანაირად ვერ იქნებოდა. ამასთან, ეს ფრაქცია მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით არჩეული დეპუტატებისგან არ შედგებოდა და მასში ორი „რესპუბლიკელი“ მაჟორიტარი - კარლო კოპალიანი და რომან მარსაგიშვილი იყვნენ წარმოდგენილნი. დავითაიას დანიშნვა არა რეგლამენტის საფუძველზე, არამედ უმრავლესობასთან და პირადად დავით ბაქრაძესთან პოლიტიკური შეთანხმების გზით მოხდა, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენი ფრაქციაც ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეტენზიას იმ ლოგიკით აცხადებს, რა ლოგიკითაც განაცხადი თავის დროზე ფრაქცია „ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა და გვაინტერესებს, ის, რაც ეკუთვნის ერთს, რატომ არ ეკუთვნის მეორეს?!“ - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

ხელისუფლების უარს კი თავად ცაგარეიშვილი იმ ფაქტორს უკავშირებს, რომ 

„უმრავლესობას სპიკერატსა და ბიუროს სხდომებზე ჯონდი ბაღათურია, რომელიც ყოველთვის განსხვავებულ აზრს აფიქსირებს და ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის, არ სჭირდება“.

გარდა ამისა ცაგარეიშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ჯონდი ბაღათურიას ვიცესპიკერობის საკითხი განიხილეს, თავად ბაღათურიას და ფრაქციის წარმომადგენელთა გარეშე ჩატარდა. 

„კომიტეტი ისე ჩატარდა, რომ ჩვენ აზრის გამოთქმის საშუალება არ მოგვეცა. ჩატარდა მალულად და ფარულად. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. გავიგეთ, რომ კომიტეტის სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე იყო განთავსებული, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, ონლაინ რეჟიმში ვიცხოვროთ ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილის კომიტეტთან ერთად, მით უმეტეს ზაფხულში და დილიდან საღამომდე ვამოწმო, გოგორიშვილი სადმე კომიტეტში სხდომას ხომ არ მართავს. არსებობს ტელეფონი და არსებობს კოლეგიალური დამოკიდებულება და, თუკი თავად არ სურს დამელაპარაკოს, კომიტეტის რომელიმე წევრისთვის დაევალებინა ჩვენთან დარეკვა. მესმის, რომ გადაწყვეტილებას მაინც ვერ შევცვლიდი, რადგან უმრავლესობა მათია, მაგრამ ხომ უნდა ვყოფილიყავით? ისე, ისიც მაინტერესებს, ამ კომიტეტის ოპოზიციონერმა წარმომადგენელმა უარს მხარი დაუჭირა თუ არა,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.     

სწორედ ამიტომ ცაგარეიშვილი აცხადება, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ამიტომაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ განმარტებების მიღებას საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე ელის, მანამდე კი პოლიტიკურ დებატებს ბიუროზე გამართავენ. ბიუროს პირველი სხდომა კი ხვალ იმართება და ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხებს აუცილებლად დააყენებს.

„ხვალ იქნება ბიუროს სხდომა, სადაც, იმედია, ჩვენ ფრაქციას უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირებენ და უკვე ოფიციალურადაც მოგვიხსენიებენ. ისეთი შემთხვევაც მოხდა პარლამენტის ვებგვერდზე, რომ 15 ივლისს შექმნილი ფრაქცია, რომელმაც პარლამენტში უკვე რამდენიმე ბრიფინგი ჩაატარა, ორ შემთხვევაში მოიხსენიეს ფრაქციად და შემდეგ უკვე დაწერეს მხოლოდ დეპუტატი ცაგარეიშვილი. ეტყობა, რომელიღაც „ჭკვიანმა“ ქალბატონ გიგაურს უთხრა, რომ ვიდრე ფრაქცია ბიუროზე არ დარეგისტრირდება, შექმნილად არ ითვლებაო და გადაწყვიტეს, რომ ვებგვერდზე ფრაქცია აღარ ეხსენებინათ. არადა, რეგლამენტში ნათლად წერია, რომ ფრაქცია შექმნილად ითვლება იმ დროიდან, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო განცხადებით მიმართავს. ეს ამბავი მახალისებს, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ხდება.

რაც შეეხება ბაღათურიას ვიცე-სპიკერობას, კომიტეტის დასკვნა მომივიდა, რომელსაც ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო. ქალბატონ გოგორიშვილს რაღაც ახალი აღმოჩენები გაუკეთებია, რაზეც ზემოთ უკვე გესაუბრეთ და ამ ყველაფერზე განმარტებებს, რა თქმა უნდა მოვითხოვთ,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.