საქართველოს რუსეთის გარემოცვაში სტრატეგიული ალიანსების შექმნა სურს

საქართველოს რუსეთის გარემოცვაში სტრატეგიული ალიანსების შექმნა სურს



ომიდან სამი წლის შემდეგ, რაც ფაქტობრივად მეგობრობის კრახი იყო, რადგან ვაშინგტონელი მეგობრები მასთან ერთად არ ჩაერთვნენ ომში რუსეთთან და არ აღკვეთეს საქათველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვა, პრეზიდენტ სააკაშვილს როგორც სჩანს ახალი მეგობრებით ბაქიაობა სურს

და აი ისინიც: შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიაში საზაფხულო ბანაკში კოცონის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდები, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ სველია, რადგან ეს-ესაა აუზიდან ამოვიდა. მათ შორის ზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სიტყვით გამოდის, მაგრამ ის მხოლოდ მათ არ ესაუბრება. ის ტელეკამერების წინ საუბრობს, რომლებიც მის გამოსვლას ნაციონალური ტელევიზიისთვის იწერენ. ის მე მესაუბრება და შესაბამისად თქვენც, რა თქმა უნდა. მას სურს, რომ ჩვენ ყველამ ვიცოდეთ ამ ბანაკში მცხოვრები ბავშვების, თინეიჯერების ჯგუფის შესახებ, რომელიც ეთნიკური ქართველების, სომხების და აზერბაიჯანელებისგან შედგება. ბანაკს ”ტოლერანტობა“ ჰქვია. ისინი ფრენბურთს თამაშობენ, ერთმანეთის სიმღერებს სწავლობენ და ქართულ დროშას აფრიალებენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდათ მშვიდობა და არა რუსული ტანკები, რომლებიც აქედან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში, აჯანყებული აფხაზეთის საზღვართან პატრულირებენ. „ის რასაც თქვენ აქ ხედავთ, არის პასუხი ოკუპაციაზე“ – ამბობს სააკაშვილი – „ჩვენ ვქმნით ისტორიას“.

სააკაშვილი ყოველთვის იოლად ქმნიდა ისტორიას. პირველად ის 2004 წელს აირჩიეს და დესპოტების რეგიონში ის ხელისუფლებაში როგორც დემოკრატი ისე მოვიდა. იმ დროს, როდესაც კრემლს ყველა უჩოქებდა, ის რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დასცინოდა. მან დასავლური პოლიტიკური რეჟისურის ხერხები გამოიყენა: ანაკლიაში მის გამოსვლას მისი პერსონალური გადამღები ჯგუფი იღებს, აქვეა მისი ოფიციალური ფოტოგრაფიც, გამხდარი მამაკაცი, გამორჩეულად გრძელი კამერის ობიექტივით. სააკაშვილმა ამერიკული ინტერესები ქვეყნის შუაგულში მიიტანა, ქვეყნისა რომელზეც ჰეროდოტეს დროიდან დაობენ მეზობელი ზესახელმწიფოები – სპარსელები, თურქები და რუსები, მაგრამ დღეს, როდესაც ნატო-ს და ევროკავშირის წევრობა შორეულ ოცნებად რჩება, სააკაშვილის პერსპექტივა არარუსი მეზობლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. მას ამ ქვეყნებთან სჭირდება ვაჭრობა, საქართველოში მათგან ტურისტების ჩამოსვლა და ომის ხელახლა გაჩაღების შემთხვევაში ყველაზე ცოტა ის, რომ რუსეთის მხარეს არ დაიჭერენ. იმ ფონზე, როდესაც 2013 წელს მას ბოლო საპრეზიდენტო ვადა ეწურება, ხოლო რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა მატულობს, სააკაშვილის მემკვიდრეობის და შესაძლოა მისი ქვეყნის გადარჩენაც კი ამაზეა დამოკიდებული.

მოხიბვლის კამპანია

საქართველოს მისი კავკასიელი მეზობლების უმრავლესობისგან მთები აშორებს (რეგიონი, რომელიც ევროპის ზოგიერთი უმაღლესი მწვერვალის სახლია). ზაფხულის დასაწყისში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (2007 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მთის სიმაღლეებზე პატრულირებენ) მე და ფოტოგრაფი იური კოზირევი ერთ-ერთი როტაციული ფრენის დროს თან წაგვიყვანეს: რუსული წარმოების MI-8 ტიპის ვერტმფრენები ერთი მწვერვალიდან მეორემდე მიფრინავენ, ზოგჯერ ბრმად ღრუბლებში და ვიწრო ადგილებზე ეშვებიან საკონტროლო პუნქტების გვერდით, რომლებიც თითქოს სამყაროს სახურავს პატრულირებენ. ერთი შეხედვით ეს მშვიდი ლანდშაფტია, მაგრამ ამ მთების სიშორემ და იზოლირებულობამ სათავე დაუდო ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ეთნიკური ჯგუფებისა და ინტერესების მრავალფეროვნებას. ჩეჩნები არ ენდობიან ინგუშებს, ქართველები ავარებს დასცინიან, სომხები და აზერბაჯანლები ერთმანეთს ვერ იტანენ. სააკაშვილს ახლა ყველასთან მეგობრობა სურს.

თუმცა, რუსები ამ ხალხების ერთმანეთზე გადაკიდების ოსტატები არიან. რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკას ჩრდილოეთ-კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ ორი წარუმატებელი ომი ჰქონდა, მაგრამ ჩეჩენი ხალხი საუკუნეების განმავლობაში საქართველოსაც ებრძოდა, რომელსაც საკუთარი იმპერიული ლტოლვები გააჩნდა.

დღეს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2007 წელს ჩეჩნეთის ხელისუფლებაში კრემლის ფავორიტი რამზან კადიროვი მოვიდა, ჩეჩნეთი საქართველოსთვის კვლავ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითად როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმია სამხრეთ-ოსეთში შეიჭრა, ყველაზე საშიში დაჯგუფებები ჩეჩნეთის ომში გაწვრთნილი ბატალიონები იყვნენ.

ასე რომ სააკაშვილმა ჩეჩენი ხალხის და მეზობელი რესპუბლიკების გადმობირების მიზნით მოხიბვლის კამპანია წამოიწყო. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიის მცხოვრებლებს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის გადალახვა უვიზოდ შეუძლიათ – ცალმხრივი ნაბიჯი, რომელმაც მოსკოვი განარისხა. დაახლოებით 48 000 ადამიანმა ეს შესაძლებლობა უკვე გამოიყენა. შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში ჩაიზე სააკაშვილმა მითხრა, რომ თუკი საქართველოში ჩამოსული ჩეჩნები დაინახავენ, რომ „მათ ყველა უღიმის“, ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კარგია. „ჩვენთვის ეს დაცვაა“ – სთქვა მან – „ისინი იტყვიან „ჩვენ იქ ვიყავით, და მეორედ ჩხუბისა და ძარცვისთვის იქ არ ჩავალთ””.

უსაფრთხოება ტურიზმის გზით: ამ იდეის სამიზნე არა მხოლოდ ჩრდილოეთ-კავკასია, არამედ მეზობელი სახელმწიფოები აზერბაიჯანი და სომხეთი არიან. ეს დიდწილად ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყნები საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ბუმისთვის სამიზნე ბაზარია. როდესაც ორი წლის წინ ანაკლიაში ვიყავი, ეს სოფელზე ოდნავ დიდი დასახლება იყო, სასიამოვნო პლიაჟით. დღეს ის თავბრუდამხვევ ტემპში შენდება, თითქოს ნახევრად დასრულებულიც კია, დასრულებულს კი ექნება აკვაპარკი, კაზინო, ღია დისკოთეკა, იახტების გასაქირავებელი, 5 000 იმპორტირებული პალმა და რატომღაც, „ჩაინათაუნი“, რომელსაც აფხაზეთის სადავო საზღვრიდან ძალიან მცირე მანძილი (ერთი გასროლა) აშორებს. სააკაშვილს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანთან და სომხეთთან აქტიური სავაჭრო და ტურისტული კავშირები „გადამწყვეტია“ საქართველოს, როგორც ერთიანი კავკასიის წამყვანი ცენტრის განვითარებისთვის.

ეკალი მოსკოვის თვალში

საქართველოს პანკისის ხეობა (ჭუჭყიანი სოფლების რკალი, რომელიც სამწუხაროდ ჩეჩენი აჯანყებულების ცნობილ თავშესაფარს წარმოადგენდა, ვიდრე 2004 წელს სააკაშვილმა იქ წესრიგი არ აღადგინა) იმ რეგიონალური კავშირების ნიშნებს ატარებს, რომელიც სააკაშვილისთვის საფუძვლად გამოდგება. კარიერის დასაწყისში მას ჩეჩენი დევნილებისადმი მტრულ განწყობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მოგვიანებით, როგორც სჩანს მან ბევრი მათგანის გული იმით მოიგო, რომ მოქალაქეობა და თანაბარი უფლებები მიანიჭა ქართული კანონმდებლობის წინაშე.

ასეტი, რომელსაც არ სურს მისი სრული ვინაობის გამჟღავნება, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ნათესავებს, რომლებიც დღემდე ჩეჩნეთში ცხოვრობენ, ერთ-ერთია იმ 800 ჩეჩენ დევნილს შორის, რომლებიც პანკისში ცხოვრობენ. ის აქ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც თურქეთში მოქალაქეობაზე უარი უთხრეს. „მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ძმებმა მიგვიღეს“ – ამბობს ის – „აქ ჩვენ თავისუფლები ვართ“. ევროპაში დიდი ხნის დევნილობის შემდეგ, საქართველოში ალა დუდაევაც კი ჩამოვიდა, გენერალ ჯოხარ დუდაევის მეუღლე. დუდაევი თავს „თავისუფალი“ ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტად აცხადებდა მანამ, სანამ ის რუსებმა არ მოკლეს. „ყველგან სადაც მთაა, თქვენ თქვენს ხალხთან ერთად ხართ“ – მითხრა დუდაევამ თავის სახლში თბილისში -„ქართველები და ჩეჩნები ერთნი არიან“.

სწორედ ეს არის ტელეკომპანია PIK-ის გზავნილი (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ამბიციური პროექტის – კავკასიური „ალ- ჯაზირას“ შექმნის მცდელობა). არხი რუსულენოვანია და თბილისიდან მთელს რეგიონზე, მათ შორის რუსეთის ჩრდილო- კავკასიის რეგიონებშიც მაუწყებლობს. მიზანი კავკასიისთვის იმის გაკეთებაა, რაც „ალ-ჯაზირამ“ ახლო-აღმოსავლეთისთვის გააკეთა: ახალი ამბების დამოუკიდებელი, ცენზურისგან თავისუფალი წყაროს შექმნა. „რეგიონში სერიოზული საინფორმაციო ვაკუუმი არსებობს“ – ამბობს კატია კოტრიკაძე, PIK-ის „ახალი ამბების“ ხელმძღვანელი. მაგალითად მალე ამ არხზე დოკუმენტური ფილმების სერია გავა სახელწოდებით „სიმართლე ჩეჩნეთის შესახებ“, რომელშიც „რუსეთის არხებზე აკრძალული“ კადრები გავა.

მაგრამ PIK-ს იგივე ტვირთი აქვს რაც „ალ-ჯაზირას“: ის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ამიტომ შეიძლება კი ის დამოუკიდებელი იყოს, მით უფრო საქართველოს მტრის გაშუქების დროს? სააკაშვილი ამტკიცებს რომ არხი ობიექტურია: „ყველას აინტერესებდა, მათ შორის ჩვენს დასავლელ მეგობრებს, თუ რა გამოვიდოდა PIK-სგან, ხომ არ იქნებოდა ის პროვოკაციული? მაგრამ სინამდვილეში ის სუპერმშვიდობიანია. ანუ თითქმის მოსაწყენიც კი“.

შესაძლოა PIK-ის რეპუტაციამ, როგორც ობიექტურმა მაუწყებელმა, ყველაზე დიდი ბონუსი, აგვისტოში მოულოდნელი წყაროსგან – რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისგან მიიღო. ომის წლისთავის წინ, მან ხანგრძლივი ინტერვიუ მისცა PIK-ის კოტრიკაძეს, „ეხო მოსკვის“ და Russia Today-ს ჟურნალისტებთან ერთად. ინტერვიუ, რომელიც იყო ხისტი, თუმცა გულწრფელი და მშვიდი, ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე ორმაგად გასაკვირი იყო: მედვედევმა სთქვა, რომ ის არასდროს აპატიებს სააკაშვილს ომს. PIK-ის ინტერვიუს შემდეგ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ „არ არის ნორმალური“, როდესაც მედვედევი მასზე ამდენს ფიქრობს.

რუსეთთან მტრული ურთიერთობების კონტექსტში, იოლი ამოსაკითხია ის, რომ სააკაშვილის მხრიდან მეზობლებთან მეგობრობის სურვილი არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ მოსკოველი მტრების კბენის მცდელობაა. ჩრდილოეთ-კავკასიაში მცირე მასშტაბის აჯანყებები გრძელდება, რასაც მოსკოვში თვითმკვლელთა აფეთქებების სერიაც მოჰყვა. იმის მტკიცებით, რომ ქართველები და კავკასიის სხვა ერები ძმები არიან, სააკაშვილი იმას ამბობს, რომ რუსები ძმები არ არიან. ის უარყოფს, რომ რუსეთს და კავკასიას შორის მორიგი უთანხმოების დათესვა სურს, მაგრამ გამოუთქმელი არგუმენტი მკაფიოა: რუსები უცხოები არიან რეგიონში, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე ყველგან ჩრდილოეთ-კავკასიაში.

და ხარჯებს ვინ ფარავს?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეზობლებთან დამეგობრებას ცდილობს, ის დღემდე ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული ვაშინგტონის გულუხვობაზე. საქართველო ახლა აშშ-ს ომის შემდგომი მილიარდიანი დახმარების ბოლო ტრანშს ხარჯავს, საიდანაც მაგალითად 350 მილიონი დოლარი, ამბიციური ავტოსტრადების მშენებლობისთვის განისაზღვრა, მაგრამ როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები ლინკოლნ მიტჩელი და ალექსანდრე ქული ომის შემდგომ ქართულ რეფორმებზე შარშან ჰარიმანის უნივერსიტეტისთვის მომზადებულ ანგარიშში ამტკიცებენ, ამ თანხის დიდი ნაწილი ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას არ მოხმარდა. ძალიან უცნაური შეთანხმების თანახმად, ამერიკული დახმარების მეოთხედი პირდაპირ საქართველოს საბიუჯეტო ხარჯების დაფარვისთვის განისაზღვრა. შესაბამისად, საქართველო რისკავს, რომ დაემსგავსება კლიენტ-სახელმწიფოს, რომელიც მთლიანად აშშ-ზე იქნება დამოკიდებული. „თუკი საქართველო კვლავ დაიწყებს კონფლიქტს აფხაზეთთან ან სამხრეთ-ოსეთთან, ან უფრო ავტორიტარული სისტემისკენ წავა“, მიტჩელის და ქულის აზრით, რუსეთი და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ჩათვლის, რომ აშშ-ს ამაში პირდაპირი წვლილი მიუძღვის.

საქართველო აშშ-ს დახმარებისგან გადაჩვევას მთელი ძალით ცდილობს. შარშან ეკონომიკურმა ზრდამ 6.4 % შეადგინა, წელს – 5.5% იგეგმება, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ელოდება, რომ ამის მიღმა ზრდის მაჩვენებლი ორნიშნა ციფრებს მიაღწევს. ეს კი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შესძლებს თუ არა საქართველო რეგიონალური კვანძის სტატუსის დამკვიდრებას. ტურიზმის გარდა გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონალური ვაჭრობის ზრდა, კერძოდ თურქეთთან და აზერბაიჯანთან. საქართველო ავტომობილების ექსპორტში პირველ ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მათ არ აწარმოებს, ის მეზობელი ქვეყნებითვის ნახმარი ევროპული და აზიური ავტომობილების მსხვილი რეალიზატორია, რომლებიც ამ ავტომობილებს აქ იმიტომ ყიდულობენ, რომ ყიდვისა და რეგისტრაციის პროცედურა აქ მარტივი და კორუფციისგან თავისუფალია. ქობალიას თქმით ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოა. „ჩვენ გვაქვს მხოლოდ 15%-იანი გადასახადი კორპორაციებზე“ – ამბობს იგი – „ყველამ იცის, რომ საქართველოში რაც წერია, იმას იღებ“.

შეუძლია კი საქართველოს გაავრცელოს ეს სანიმუშო ტრანსფარენტულობა დანარჩენ სახელმწიფო სტრუქტურებშიც? მისი, როგორც პოლიტიკოსისა და რეფორმატორის ენერგიულობის მიუხედავად, სააკაშვილი დღემდე ძალიან არაფორმალურ მთავრობას მართავს. მისი პერსონალური ძალაუფლება ყველა ფორმალურ ინსტიტუტზე მაღლა დგას, მის პარტიას კი ეფექტური ოპოზიცია დღემდე არ ჰყავს. ამან ის დრო და დრო ძალიან ეფექტურ მმართველად აქცია, რადგან მას არ უწევს არავისთან არც კონსულტაციის გავლა და არც კომპრომისის მიღწევა, თუმცა დემოკრატიას ეს ყოველთვის არ ადგებოდა. რა მოხდება, როდესაც 2013 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება? ის ან მთლიანად გადასცემს ხელისუფლებას მემკვიდრეს, შეინარჩუნებს რა ახალი ძლიერი მმართველის არსებობის შესაძლებლობას, ან გამონახავს არადემოკრატიულ გზას ხელისუფლებაში დასარჩენად და ამ შემთხვევაში მისი რეფორმები ასე თუ ისე მთელ დამაჯერებლობას დაკარგავს.

ანაკლიის ბანაკში ვარდისფერი სცენიდან რამდენიმე კვირაში სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი, ის რომელსაც გრძელი ობიექტივი ჰქონდა, რუსეთის აგენტობის ბრალდებით დააპატიმრეს. მასთან ერთად დააკავეს კიდევ ორი ფოტოგრაფი, რომლებიც პერიოდულად საერთაშორისო სააგენტოებისთვის მუშაობდნენ. მთლიანობაში ეს იყო ამაზრზენი და უნიჭო საქმე, რომელიც ძალიან შორს იდგა იმ საქართველოსგან, რომელსაც სააკაშვილის თქმით ის აშენებს. სამიდან ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ბრალი მალე აღიარა, თუმცა საქმეს არ გააჩნდა მყარი მტკიცებულებები. ერთ-ერთი მტკიცებულება სატელეფონო საუბრების ჩანაწერები იყო, რამაც სხვა ჟურნალისტებს კითხვა გაუჩინა, მათაც მუდმივად ხომ არ უსმენენ. საქმეს საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, და შემდეგ მოულოდნელად – ბრალის აღიარებაზე გარიგებები და მინიმალური სასჯელი.

ეს იყო სახიფათო მომენტი ფოტოგრაფისთვის, მაგრამ ის სახიფათო იყო ასევე ყველა იმ დიდი და მშვენიერი ცვლილებისთვის, რომლისკენაც სააკაშვილი მიისწრაფვის. თუკი მას რეგიონში მეზობლების პატივისცემის მოპოვება სურს, ის უნდა იყოს მათზე ნაკლებად ცინიკური და ავტორიტარული და უნდა იმოქმედოს მათზე უფრო გამჭვირვალედ და პროფესიონალურად. რეგიონის კვანძად გადაქცევამდე, სააკაშვილის საქართველო რეგიონის შუქურა უნდა გახდეს.

foreignpress.ge