სოხუმში, გენერალ დბარის სახელობის ქუჩაზე მდებარე "ამცახარას" ოფისი ავტომატური იარაღით დაცხრილეს. საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. მომხდარის შესახებ „აფსნიპრესს“ ქალაქ სოხუმის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა, გარი არშბამ აცნობა. მისი თქმით, დაუდგენელმა პირებმა ღამის ორიდან სამი საათამდე შუალედში კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური იარაღით დაცხრილეს ვეტერანთა ოფისი და მიიმალნენ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა კავშირი "ამცახარა" დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბს უჭერდა მხარს და აფხაზეთში გავლენიან პოლიტიკურ გაერთიანებად ითვლება.
არჩევნების წინ აფხაზ ვეტერანთა კავშირმა „ამცახარამ“ მკაცრად გააკრიტიკა შამბას საარჩევნო შტაბის ბინძური ტექნოლოგია. კერძოდ, შამბას არ მოუწონეს ის, რომ მან საარჩევნო კამპანიის წარმოებისას საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის, თენგიზ კიტოვანის კომენტარი გამოიყენა.
ამასთან დაკავშირებით „ამცახარამ“ სპეციალური განცხადება
გაავრცელა, რომლითაც შამბას მიერ საარჩევნო კამპანიის „ცინიკურ, უხეშ და ბინძურ
ომად“ გადაქცევის ფაქტი დაგმო.
მათი თქმით, სამწუხარო იყო, რომ შამბამ თავისი მიზნის მისაღწევად
ცილისწამება აირჩია. კერძოდ, სოხუმის ცენტრში მდებარე აფხაზეთის სახელმწიფო
ფილარმონიის შენობაში სამხედრო დამნაშავე კიტოვანის შეკვეთილი კომენტარი აჩვენა. „ამცახარასთვის“
კი ეს მამულის დამცველ აფხაზ დაღუპულთა, მათი დედების მიმართ ჩადენილი შემბღალავი
საქციელია.
„შამბამ მტერი (კიტოვანი) ნაციონალურ გმირად წარმოაჩინა, მისი დახმარებით კი ეს ფსევდო-კანდიდატი ( შამბა) თავისი მიზნების გადაჭრას ფიქრობს. დარწმუნებულნი ვართ, ხალხი ამ მეთოდს არ მიიღებს. ხალხი აღშფოთებულია იმით, რაც ფილარმონიაში მოხდა,“- აღნიშნეს „ამცახარას“ წევრებმა შამბას გაკრიტიკებისას.
ჯერ რამდენიმე დღეც არაა გასული და, დე-ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ანქვაბს უკვე ღიად აკრიტიკებენ. მას სულიერებისგან დაცლილ, ქურდულ-ბანდიტური სახელმწიფოს ლეგალიზებაში ადანაშაულებენ. აფხაზეთის „ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაკუბ ლაკობამ „როსბალტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არადემოკრატიული სტილი გამოჩნდა.
ლაკობას თქმით, ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე ანქვაბი მისთვის არახელსაყრელ პირდაპირ შეკითხვებს არაეთიკურად გაურბოდა, რითაც თავხედურ რიტორიკას ამჟღავნდებდა.
ლაკობას თქმით, გამარჯვებული კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან ხმამაღლა ისმოდა, რომ აფხაზური ტრადიციები, მათ შორის - ხალხური შეკრებები, იმ წმინდა ადგილების თაყვანისცემა, სადაც საუკუნეების მანძილზე ძველი ქრისტიანული ტაძრები შენდებოდა, წარსულის გადმონაშთია.
„მაშინ რა არის ატავიზმი (წარსულის გადმონაშთი)? ბიზნესი, ფულები, ნებისმიერი ფორმით მოგების ძიება? ეს ადამიანები ნაციონალური მენტალობის წინააღმდეგ გამოდიან, რითაც ნებადართულის ზღვარს გადააბიჯეს“, - განმარტა იაკუბ ლაკობამ.
მისი თქმით, აფხაზი ხალხის თვალწინ მათ მშობლიურ ღირებულებებზე შეგნებულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ახორციელებენ. „ასეთი პირდაპირი თავდასხმები კი მიზნად ისახავს, მექანიკურად შეცვალოს ჩვენი ღირებულება, რის მაგივრადაც გამარჯვებული კანდიდატის ალექსანდრე ანქვაბის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, იგი „გერმანულ წესრიგს“ გვთავაზობს,“- აღნიშნა იაკუბ ლაკობამ. მანვე ანქვაბი მისი პრემიერ-მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის დროს აფხაზეთში შექმნილი მძიმე სოციალ-ეკონომიკური ფონის შექმნაში დაადანაშულა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლაკობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთში უსულო, ბანდიტურ-ქურდული სახელმწიფო შენდება, რამაც მას ჰოლანდიური ხალხური გამოთქმა მოაგონა: „ახალგაზრდა კაცს, რომელმაც წარმატებით მოიპარა ასი ათასი გულდენი, მთელი მომდევნო ცხოვრება შეუძლია პატიოსნად იცხოვროს“.
ვეტერანი აფხაზებისგან შემდგარი კავშირი „ამცახარა“, რომლის წევრებიც მიიჩნევენ, რომ ქართველების წინააღმდეგ „აფხაზეთის სამამულო ომში“ იბრძოდნენ, ქართველებისადმი ნეგატიურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფია. ამ ცოტა ხნის წინ ისინი აფხაზეთში ქართველ დევნილთა სავარაუდო დაბრუნების საკითხს დაუშვებლად მიიჩნევდნენ. „ამცახარას“ წევრთა თქმით, „ქართველი დევნილების დაბრუნებას, რომლებმაც აფხაზები სისხლისმიერ ბრძოლასა და სიღარიბეში ჩააბეს, ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ეთქვას“. ჯერ კიდევ 2010 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ნუჟნაიაში“ ანონიმი ავტორის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აფხაზეთში ქართველების დაბრუნების საკითხის წამოწევის შესახებ „ამცახარას“ წევრები უარყოფითად გამოეხმაურნენ და ის პროვოკაციად შეაფასეს.
საინტერესოა, რომ „ამცახარას“ მოძრაობის 80 წევრზე მეტს აფხაზეთის გმირის წოდება მიანიჭეს, მისი ასობით მებრძოლი კი ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვეს.
„ამცახარა“ (იგივე „ნაპერწკალი“) აფხაზეთის ყოფილი „სამამულო“ ომის ვეტერანთა კავშირის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 4500 წევრს აერთიანებდა, მისი თავმჯდომარე კი აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის თავდაცვის ყოფილი მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი სერგეი დბარი იყო.
საინტერესოა, რომ 2001 წელს გამართულ ყრილობაზე „ამცახარას“ წევრები აღშფოთებას ვერ ფარავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ დიდი მსხვერპლის ფასად შეუძლებელი შეძლეს და ვლადისლავ არძინბას გაპრეზიდენტებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. არძინბამ კი მათი ღვაწლი იმით დააფასა, რომ სოხუმის რეჟიმის საკვანძო თანამდებობებზე მათი წარმომადგენლები არ დანიშნა. მოგვიანებით, „ამცახარას“ მოძრაობამ ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო პრეზიდენტის პოსტიდან ნებაყოფლობით გადადგომა შესთავაზა არძინბას.
ანქვაბის მომხრე „ამცახარაზე“ თავდასხმის შესახებ რომ არაფერი ვთქვათ, თვითონ ანქვაბი არაერთხელ გამხდარა სამიზნე. 2010 წლის 23 სექტემბერს ლიხნში მდებარე მის სახლზე ყუმბართმტყორცნით თავდასხმა განხორციელდა. მაშინ ანქვაბი ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. იმ დროს ხელსა და ფეხში დაჭრილმა ანქვაბმა ჰოსპიტალიზირებაზე უარი განაცხადა. მაშინდელმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კი მომხდარის გამო უშიშროების საბჭო მოიწვია და თავდასხმა აფხაზი ხალხის მტრებს დაუკავშირა. ინციდენტი მაშინაც ღამით მოხდა. ანქვაბზე ამ თავდასხმას წინ უსწრებდა ორი თავდასხმა, რომლებიც კვლავაც ბურუსითაა მოცული.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ მჟავია ეჭვობს, რომ „ამცახარაზე“ თავდასხმა შამბას მომხრეებს განეხორციელებინოთ. როგორც მან „პრესაგე.ტვ“-სთან საუბრისას განაცხადა, ანქვაბის გაპრეზიდენტება უკვე რეალობაა და ამას ვერაფერი შეცვლის.
„არა მგონია, ეს შამბას მხრიდან შურისძიების აქტი იყოს. აქ უფრო სხვა მოტივები უნდა იყოს და ეს უფრო საზოგადოებისგან უნდა მოდიოდეს, ვიდრე თვით შამბასგან. შესაძლებელია, ემოციური ტალღის მოზღვავებამაც გამოიწვიოს ასეთი რამ და პოლიტიკურად მოტივირებული გარკვეული ოპერაციაც იყოს. ფაქტი უკვე დაფიქსირდა, ანქვაბი თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტია და ამ ბორბალს უკან ვერ დააბრუნებს ვერც შამბა და ვერც მისი რომელიმე მხარდამჭერი“, - აცხადებს თემურ მჟავია.
მისი ვარაუდით, აფხაზეთში კრიმინალური გარჩევები საკმაოდ შემცირდება, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, ანქვაბი საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა და იგი საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულებით ხასიათდება.
„ანქვაბი საკუთარ პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დააყენებს. იგი საკმაოდ ხისტია მაშინ, როდესაც ეს საჭიროა. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ანქვაბი რაღაც-რაღაცებს მოაგვარებს. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, გინდა, ანქვაბი იყოს, გინდა სხვა ვინმე, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.