საქართველოში ათასგვარი ეკონომიკური ზონების ეპიდემია მძვინვარებს. ამა თუ იმ ქალაქში დიდი სისწრაფით „იხსნება“ თიზ-ები თუ თეზ-ები. ასეთ ფონზე ქობულეთი რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი? ამიტომ მისთვის სპეციალური რამ მოიფიქრეს. მართალია, აჭარის კურორტზე ინდუსტრიისა და მძიმე მრეწველობის ბუმი არ იქნება, მაგრამ ზონის გარეშე არც ქობულეთი დარჩება.
სპეციალურად ქობულეთისთვის თავისუფალი ტურისტული ზონა იქმნება. ზონის განვითარების მიზნით, ე.წ. „ფიჭვნარის“ ტერიტორიზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლბისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა. მთავრობის ასეთი მიდგომა გასაკვირი არცაა. აჭარა რომ სასტუმროებით დატვირთული არ არის, ეს წლევანდელმა საზღვაო სეზონმაც დაადასტურა. ქობულეთში კი ამ კუთხით საკმაო ხარვეზებია.
შავიზღვისპირეთში ტურისტების მოზღვავების ფონზე სასტუმრო ნომრების დეფიციტი თვალშისაცემი იყო. უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ გაისად, დამსვენებლების რიცხვის კიდევ უფრო მეტად მატების შემთხვევაში, სასტუმროები დატვირთვას ვერ გაუძლებენ და ბევრი მსურველი მარტივად რომ ვთქვათ ქუჩაში, უკეთეს შემთხვევაში კი პლაჟზე დარჩება.
ასეთი პერსპექტივის თავიდან აცილებას ემსახურება თავისუფალი ტურიტული ზონის პრორექტიც , რომლის თანახმადაც, „ფიჭვნარის“ ტერიტორიზე, გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 27 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის მსურველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს. თითოეულ სასტუმროში ინვესტორმა 2-დან 4 მილიონამდე ლარი უნდა ჩადოს. სასტუმრო კორპუსები არ უნდა აღემატებოდეს 5, 6 ან 7 სართული, ხოლო შიგნით განთავსდება 42, 52 ან 60 ნომერი.
საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტი მთავრობას მზად 24 სექტემბრისთვის ექნება, თუმცა დამკვეთის სურვილის შესაბამისად პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა შეეძლება.
პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ: ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით.
იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა დამთავრდება და ობიექტი ექსპლოატაციაში შევა 2011 წლის 1-ელ აგვისტომდე, ინვესტორი 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლდება. ინვესტორებს განაცხადების წარდგენა 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
ამის გამოცხადება იყო და ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში უკვე 2 კომპანია შევიდა. ისინი სასტუმროების მშენებლლბას ნოემბერში დაიწყებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტული ზონით დაინტერესება მაღალია და დღეში 20-30 ინვესტორი ცდილობს ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.
ბიზნესმენთა ნაწილისთვის პრეზიდენტის შეთავაზება მიმზიდველია, თუმცა მშენებლობის ვადები აფიქრებთ. სამშენებლო კომპანია „რედიქსის“ მფლობელი და ბანკ „რესპუბლიკას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის წინადადება სარფიანია, თუმცა ინვესტორს მშენებლობის წარმოება ჩქარი ტემპებით მოუწევს. მიუხედავად ამისა, პაპაშვილი თვლის, რომ მცირე ზომის სასტუმროსთვის შემოთავაზებული დრო საკმარისი იქნება.
ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისის“ ხელმძღვანელსაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ინვესტორებს საუკეთესო შეთავაზება გაუკეთა, თუმცა მათი აზრით, ასეთ მოკლე დროში მშენებლობის წარმოება რთულია. აღსანიშნავია, რომ სასტუმრობეის მხრივ ჩაქვში ქობულეთზე უარესი მდგომარეობაა. ამ პატარა კურორტზე სულ რამდენიმე სასტუმრო თუ ფუნქციობს.