მაღალი ინფლაციით შესაძლოა, ვიღაცამ ისარგებლოს

მაღალი ინფლაციით შესაძლოა, ვიღაცამ ისარგებლოს

[ბანკები და ფინანსები]

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის ზრდით მოსახლეობის უმრავლესობა ზარალდება, მცირე ნაწილმა კი ამით, შესაძლოა, ისარგებლოს.

როგორც “მედიანიუსს” საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა განუცხადა, ინფლაცია მოვლენაა, რომლის დროსაც “ვიღაცა ზარალდება, ვიღაცა ამით სარგებლობს”. მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის ზრდაში დიდი წილი სურსათს შეაქვს, რომელიც დაახლოებით 30 პროცენტით არის გაძვირებული.

“ეს კი უმეტესწილად გაჭირვებულ ფენას ეხება, რომლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სურსათზე იხარჯება. მისთვის ინფლაცია იმაზე მეტია, ვიდრე დღესაა გამოცხადებული”,—აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

მისი მოსაზრებით, ქვეყანაში მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის განსხვავება უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შემოსავალი იზრდება, უმეტესისა კი მცირდება, რაც არასახარბიელო ტენდენციაა.

როგორც “მედიანიუსს” ეკონომიკის ექსპერტმა რევაზ საყევარიშვილმა განუცხადა, ინფლაციის ზრდის გამო რიგითი მოქალაქის ყოველდღიური ხარჯი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

“ამის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, რადგან კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ ოფიცილური ან საერთაშორისო წყაროებიდან მიღებული პირდაპირი და ირიბი მონაცემებით, ის სერიოზულად არის გაზრდილი”,—აღნიშნა რევაზ საყევარიშვილმა.

მან მსოფლიო ბანკის მონაცემებიც გაიხსენა, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში ფასები, საშუალოდ, 1,3-ით მაინც არის გაზრდილი. ეს საქართველოზე კიდევ უფრო მწვავედ აისახება, რადგან ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. მეორეც, საერთო მოხმარებაში უდიდესი წილი სურსათს უჭირავს, ამ სექტორში მონოპოლისტური თუ ოლიგოპოლიური წარმონაქმნები არსებობს, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული ფასებით ცდილობენ, პროდუქციის ღირებულება ზედა ზღვარზე აიყვანონ. ამ ფონზე კი რიგითი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრება მძიმდება.

“ოფიცილური სტატისტიკითაც კი, რომელიც ყოველთვის ოპტიმისტურია, 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის ივლისამდე საარსებო მინიმუმი 20 პროცენტით გაიზარდა. რეალურად კი ეს მაჩვენებელი მეტია, მით უმეტეს—არაერთი გამოწვევის (მაგალითად, ბუნებრივი კატაკლიზმების) ფონზე. ამის გამო ადგილობრივი წარმოების პროდუქციის იმ რაოდენობის მოსავალსაც ვერ მივიღებთ, რაც შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ამას კი იმპორტის მოცულობის ზრდა მოჰყვება”,—აღნიშნა რევაზ საყევარიშვილმა.

რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებზე საგარეო ვალის გავლენას, ექსპერტის თქმით, ის ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ მისი ზრდის ტემპი სოლიდურია.

“იმის გამო, რომ საინვესტიციო აქტივობა ძალიან დაბალია და კრიზისამდელ ნიშნულამდე მიღწევას კიდევ ბევრი უკლია, სახელმწიფო იძულებული გახდება, სხვადასხვა აქტივობის დასაფინანსებლად საგარეო ვალები გარკვეული პერიოდით კიდევ აიღოს”,—აღნიშნა რევაზ საყევარიშვილმა და დასძინა, რომ ეს ინფლაციურ პროცესებზე უარყოფითად აისახება.