[ბანკები და ფინანსები]
სამშენებლო ობიექტების მფლობელები, რომლებმაც განაცხადი უკვე წარადგინეს, ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ და ეძლევათ ვადა 11 ოქტომბრამდე გამოასწორონ სამშენებლო დარღვევები, ან დადგენილ ვადაში მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, წარადგინონ მშენებლობების განახლებასთან დაკავშირებით ახალი ვადები.
„თბილისში სულ 468 სამშენებლო ობიექტია, რომელსაც შესაძლოა ფინანსური ამინისტია შეეხოს. მათგან 50 ობიექტის მფლობელებმა უკვე დააფიქსირეს სურვილი გამოასწორონ დარღვევები. დანარჩენებს კი, შეუძლიათ 11 ოქტომბრამდე მოგვმართონ," - განაცხადა GBC-თან საუბრისას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ზვიად კერვალიშვილმა.
სამშენებლო სექტორის ფინანსური ამინისტია 11 ივლისს მას შემდეგ ამოქმედა, რაც ძალაში შევიდა "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ცვლილებები.
ცვლილებების მიხედვით, სამშენებლო კომპანიები ან ფიზიკური პირები, რომელსაც დარღვევებისთვის ჯარიმები ერიცხებათ, ამ ჯარიმისგან გათავისუფლდებიან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოსწორებულია კანონის ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის, ან გამოსწორდება ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
ამავე კანონის მიხედვით, დაუსრულებელი მშენებლობების მფლობელები, რომლებიც არ დაასრულებენ მშენებლობას ზედამხედველობის ორგანოსთან შეთანხმებულ ახალ გონივრულ ვადაში, დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში.
ერთჯერადი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა სამმაგდება.