საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოურ სივრცეში ახალ სახელმწიფოთა გაჩენასთან ერთად პოლიტიკური სისტემის ახლებური სახეობაც შეიქმნა – პოსტოტალიტარული მმართველობა. ტერმინები “პოსტტოტალტარული” ან “პოსტსაბჭოთა” ამგვარი რეჟიმების გარდამავალ ხასიათას ასახავდნენ და როგორც საბჭოურ წარმომავლობაზე, ასევე სისტემის ტრანსფორმაციაზეც მიანიშნებდნენ.
ტრანსფორმაცია კომუნისტური რეჟიმიდან დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფომდე – 90–იან წლებში გავრცელებული წარმოდგენებით სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოური რეჟიმების განვითარების პარადიგმა. 90–იანი წლების დასაწყისიდან გაბატონდა რწმენა, რომ ლიბერალურ დემოკრატიას ალტერნატივა აღარ გააჩნია და კომუნისტური რეჟიმების გარდაქმნა მხოლოდ დროის საკითხია.
ახალი საუკუნის დასაწყისისათვის აღმოსავლეთ ევროპის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია და დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია დემოკრატიის უძლეველობისა და მთელ მსოფლიოში თანდათანობით მისი გაბატონების ილუსტრაციად ხშირად გამოიყენებოდა. თუმცა ამ ინტეგრირებული სივრცის მიღმა ტრანსფორმაცია არასასურველი ტემპით და რთულად მიმდინარეობდა – მოსახლეობის მასობრივი გაღატაკების, ეთნოკონფლიქტებისა და ავტოკრატიული, კორუმპირებული რეჟიმების ჩამოყალიბების ფონზე. სამოქალაქო ომების ზღვარზე მდგარ პოსტსაბჭოურ საზოგადოებებს არ გააჩნდათ საკმარისი შიდა რესურსი წრმატებული ტრანსფორმაციისათვის. ხოლო დასავლური დახმარება სინამდვილეში დემოკრატიული გარდაქმნების პროცესების მხარდაჭერას კი არა, არამედ საბოლოო ჯამში ფსევდოდემოკრატიული, კორუმპირებული რეჟიმების გამოკვებას ხმარდებოდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის წარმატების მიმართ გასული საუკუნის მიწურულს უკვე ფრთხილი და ზომიერად სკეპტიკური დამოკიდებულებები სჭარბობდა.
საქართველოსა და უკრაინაში მომხდარმა, უფრო ზუსტად - დასავლური მხარდაჭერით დადგმულმა ფერადმა რევოლუციებმა, ისევ გააღვივა მითი აღმოსავლეთისაკენ დემოკრატიის ძლევამოსილი მსვლელობის თაობაზე. მაგრამ დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების გაცნობიერების შემდგომ, ალბათ ძალზე მცირეა იმ გულუბრყვილო ადამიანების რიცხვი, ვისაც ფერადი რევოლუციების ილუზიებისა კიდევ სჯერათ.
რუსეთ-საქართველოს ომი ნათელი ილუსტრაციაა როგორც ცრუ დემოკრატიების განწირულობისა, ასევე - პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქის დასრულებისაც. ცხადია, რომ დემოკრატიის წინსვლა აღმოსავლეთისაკენ შეჩერებულია. ამ ომის შემდგომ კი ტერმინმა “პოსტასბჭოური” უკვე იმდენად არა ტრანსფორმაციის აღმნიშვნელი, არამედ უმეტესწილად ავტორიტარიზმისა და ფასადური დემოკრატიის ერთგვარი ჰიბრიდის გამომხატველი შინაარსი შეიძინა. საზღვარი თავისუფალ და პოსტსაბჭოურ სამყაროს შორის უკვე მკაფიოდ არის გავლებული.
პოსტსაბჭოურმა რეჟიმებმა ახალი საუკუნის პირველ ათწლეულში დაასრულეს ჩამოყალიბება. მათი დახასიათება უკვე შეიძლება როგორც ახალი ტიპის ავტოკრატიებისა. ავტოკრატიული მმართველობა სხვადასხვა ვარიაციებით მეორდება რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ ყოფილ საბჭოეთში. ახალი ავტოკრატიის – პოსტსაბჭოური პატრიმონიალური სისტემის თვალსაჩინო მაგალითს „ვარდების რევოლუციით“ შობილი საქართველო წარმოადგენს.
„ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შედეგი, მიუხედავად მისი მყვირალა ლიბერალური ლოზუნგებისა, საზოგადოებრივი წყობის გაერთგვაროვნებაა, რითიც პოლიტიკური პლურალიზმის სივრცეც უკიდურესად შეზღუდულია. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო არა დემოკრატიული რევოლუცია, არამედ სოციალური და პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ მიმართული გადატრიალება. მით უფრო სამწუხაროა, რომ ეს „რევოლუცია“ დასავლური მხარდაჭერით განხორციელდა და დღევანდელი ავტოკრატიაც ასევე დასავლური მხარდაჭერით სულდგმულობს. თუმცა ამ რეჟიმს, პირველ ყოვლისა, საზოგადოებაში გვიანდელი საბჭოთა დროიდან ღრმად ფესვებგადგმული „პატრიმონიალიზმი“ ასაზრდოებს.
ყველაზე უკეთ გვიანდელი საბჭოთა პერიოდის და შემდგომი პოსტსაბჭოური პოლიტიკური სისტემის შინაარსს სწორედ ვებერისეული ტერმინი – „პატრიმონიალური“ გამოხატავს. ამ ტერმინს მაქს ვებერი იყენებდა პირად ურთიერთობებზე დამყარებული მმართველობითი აპარატის დასახასიათებლად. ვებერის მიხედვით ბიუროკრატიის ორი იდეალური ტიპი არსებობს – რაციონალური და პატრიმონიალური ბიუროკრატია. ჩვენს შემთხვევაში პატრიმონიალური ურთიერთობები მთელი პოლიტიკური სისტემის მთავარი ნიშანია.
გვიანდელი საბჭოთა მმართველობა კლანურ–ნომენკლატორულ პატრიმონიალურ სისტემას წარმოადგენდა. პოსტსაბჭოური პატრიმონიალიზმი კი სხვადასხვა ჰიპოსთაზით შეიძლება მოგვევლინოს, მაგალითად: «ვარდების რევოლუციამდე», როცა პოსტსაბჭოთა საზოგადოება „ბუნებრივ“ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ქართული პატრიმონიალიზმი ღრმად კორუმპირებულ პოლიტიკურ რეჟიმად წარმოჩინდებოდა. მაშინდელი საზოგადოება არ იყო იმდენად ერთგვაროვანი, როგორც დღეს – არსებობდა სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფები თავიანთი განსხვავებული ინტერესებით, არსებობდა სივრცე პლურალიზმისათვის. მართალია, ეს სივრცე არ იყო მოქცეული სამართლებრივ ჩარჩოებში და თამაშის წესებს არა იმდენად კონსტიტუცია და კანონები, არამედ პირად ურთიერთობებზე დამყარებული გარიგებები და კონფლიქტები განაპირობებდა, მაგრამ ეს იყო ცოცხალი, განვითარებადი, უფრო ღია საზოგადოება. კორუმპირებულობის მიუხედავად მისთვის სულაც არ იყო უჩვეულო ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები.
გავიხსენოთ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები. არჩევნების გაყალბება არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური ძალების იარაღსაც წარმოადგენდა. არჩევნებში გამარჯვება ყველა საშუალების გამოყენებით - ასეთი იყო მაშინდელი თამაშის წესები. მაგრამ მაშინ ჩვენ გვქონდა არა პლურალიზმის, არამედ სამართლის და წესრიგის მწვავე დეფიციტი.
ახალგაზრდა დემოკრატიის ერთ–ერთი ფუნდამენტური დილემა – თავისუფლება თუ წესრიგი – ქირურგიული ჩარევით გადაწყდა. „ვარდების რევოლუციით“ პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის „ბუნებრივი“ პროცესი შეწყდა და ჩვენ ახალი წესრიგი მივიღეთ.
„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პოსტსაბჭოთა პატრიმონიალიზმი განსხვავებული ჰიპოსთაზით მოგვევლინა ახალი წესრიგის სახით. ძირითადი ნიშანი, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს მმართველობის სისტემის დახასიათებისას აშკარად თვალსაჩინოა – ერთპარტიული მონოკრატიაა. ერთი ლიდერის და ერთი პარტიის ბატონობა პოლიტიკაში ძალზე მყარია და ძალაუფლების განაწილების არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს. დემოკრატიული ინსტიტუტები – საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო დაწესებულებათა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ძალაუფლება არა დემოკრატიული ინსტიტუტების, არამედ ცენტრალიზებულ პარტიულ–სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთა იერარქიის ხელშია.
ახალი პატრიმონიალური მმართველობის ლეგიტიმურობის ფორმალური საფუძვლები არჩევნებია. ფორმალურად ძალაუფლების წყარო ხალხია და არჩევნები რეგულარულად ტარდება. მაგრამ ეს მაინც ცრუ დემოკრატიაა, რადგან არჩევნები მხოლოდ ფუჭ სანახაობად, ერთგვარ ლიტურგიად არის ქცეული და ძალიან წააგავს საბჭოთა «არჩევნებს» – სინამდვილეში ასარჩევი არაფერია. სსრკ–ში ხმას ერთადერთ კანდიდატს აძლევდნენ. ახლა კანდიდატები მრავლადაა, მაგრამ გამარჯვებული ყოველთვის ერთი და იგივეა. ამ არჩევნების დანიშნულება მხოლოდ ის არის, რომ ერთპარტიული მონოკრატია ხალხის ნებად გაასაღოს. ხალხის ნება კი ფორმირებულიც არ არის, რადგან პატრიმონიალური მმართველობა ყოველ განსხვავებულ არჩევანს იმთავითვე თრგუნავს და გაღატაკებული მასის სოციალურ რეფლექსიას თავის მძლავრი, აგრესიული პროპაგანდისტული მანქანით სიჩლუნგემდე აქვეითებს.
მეორე ნიშანი, რაც დღევანდელ პატრიმონიალურ მმართველობას ახასიათებს, მისი მკაფიოდ გამოხატული ირაციონალობა, არაპროგნოზირებადობა, მმართველი კლასისა და მისი სიმბოლოს, დღევანდელი პრეზიდენტის ექსცენტრულობაა. ექსცენტრულობა სულაც არ არის უცხო სხვა პატრიმონიალური სისტემებისათვისც, მაგრამ ის ქართული რეჯიმის არსებობის წესია. ასეთი ექსცენტრულობა, იმპულსური, ზოგჯერ აფექტური გადაწყვეტილებები, მუდმივ ხელოვნურ კრიზისებს ქმნის. პრობლემების გამოგონება და მერე მათი „გადაწყვეტა“ – დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი შინაარსია. ისეთ ირაციონალურ პოლიტიკურ გამოხტომებს კი, როგორიც იყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დაწყება, სერიოზული საერთაშორისო კრიზისის გამოწვევაც შეუძლიათ. არავინ იცის ხვალ რა საბედისწერო შეიძლება გამოდგეს მომდევნო ექსცენტრული გადაწყვეტილება.
ასეთი ექსცენტრული მონოკრატია რეპრესიულ ადმინისტრაციულ სისტემას და სამოქალაქო ურთიერთობებში გაბატონებულ მონოპოლიებს ეფუძნება. მონოპოლიზმი და რეპრესიული აპარატი თრგუნავს ნებისმიერ კონკურენტულ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც შეუძლია ძალაუფლების, ეკონომიკური სიკეთეების ანდა სოციალური პრესტიჟის გადანაწილებაში მონაწილეობდეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების შექმნა და საქმიანობა ფორმალურად თავისუფალია, პატრიმონიალურ ურთიერთობებს და როგორც შედეგი – მონოკრატიას განაპირობებს სოციალური წყობა, რომელიც რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ჰომოგენური ხდება. მმართველი კლასი, მისი ნომენკლატურა და მათი ქვეშემრდომები, რომლებიც მმართველი კლასის ნასუფრალით იკვებებიან, სოციალური შემწეობის ანაბარა დარჩენილი გაღატაკებული მასა და მარგინალები, რომლებსაც არაფრით არ სურთ ახალ წესრიგს შეეგუონ – ასეთი მარტივია დღევანდელი სოციალური წყობა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რესურსების უკიდურესი შეზღუდულობის და სოციალური ბაზისის არქონის გამო სისტემატურად ვერაფერს აღწევენ. ისინი განწირულნი არიან მარგინალიზაციისათვის ან მმართველ კლასთან გასარიგებლად.
რეპრესიული ადმინისტრაციული სისტემა მონოკრატიული ძალაუფლების მთავარი ტექნოლოგიაა. ასეთ სისტემას პატრიმონიალურ ბიუროკრატიაზე პარტიული ბოსების შეუზღუდავი ბატონობა ქმნის. ხელისუფლების განხორციელება არა სახელმწიფო ინსტიტუტებს და საჯარო დაწესებულებებს, არამედ პარტიული ბოსების ნომენკლატურას ეფუძნება. ყველა დიდ ბოსს თავის ნომენკლატურა ყავს, რომელსაც არა კანონის აღსასრულებლად, არამედ მონოკრატიის განსამტკიცებლად და არცთუ იშვიათად, პირადი მიზნებითაც იყენებს. ნომენკლატურა კი არ საჯარო ინტერესებისა და კანონმდებლობის, არამედ პატრონისადმი უკიდეგანო ერთგულებით უნდა გამოირჩეოდეს.
ერთი შეხედვით პარადოქსია, რომ საქართველოში ლიბერტანული ჟღერადობის, ფართოდ რეკლამირებული რეფორმები სინამდვილეში მონოპოლიების განუკითხავ ბატონობას ემსახურება. მონოპოლიებისა და მათი უცხოელი პარტნიორებისათვის მართლაც შეუზღუდავი თავისუფლება არსებობს, რადგან შიდა ბაზარზე კონკურენცია რეპრესიული ადმინისტრაციული სისტემის მიერ ფაქტიურად გაუქმებულია.
ფსევდოლიბერალიზმის კარგ მაგალითს შრომის ახალი კანონმდებლობაც წარმოადგენს, რომელიც დაქირავებულების უუფლებობას შრომითი კონტრაქტების თავისუფლებით ამართლებს. ასეთი განუკითხაობა, რომელიც თავისუფლებად საღდება, პატრიმონიალურ პოლიტიკურ სისტემაში მოქმედი ავანტურისტული კაპიტალიზმის ერთ–ერთი ნიშანია. ასეთი კაპიტალიზმი ორიენტირებული არაა რაციონალური გათვლის შედეგად კონკურენტული უპირატესობების გამოყენებით დამატებითი ღირებულების შექმნასა და ნორმირებული მოგების მიღებაზე. ეკონომიკური ავანტურა პოლიტიკური ძალაუფლების მეშვეობით კონკურენტების განადგურებასა და დაქირავებულების ჩაგვრის გაძლიერებაში მდგომარეობს, რაც შესაბამისი პოლიტიკური გარანტიების სიმყარისას უდიდეს ზემოგებას იძლევა. მონოპოლიების ასეთი ზემოგება კი, როდესაც ქვეყანა შიდა რესურსებით ძალიან მდიდარი არ არის, მხოლოდ ქართული საზოგადოების შემდგომ გაღატაკებას ასაზრდოებს.
რუსეთში, შუა აზიასა და აზერბეიჯანში ავტოკრატიებს და მონოპოლიებზე დამყარებულ ეკონომიკურ სისტემას, რაც უმთავრესად სახელმწიფო კაპიტალიზმის ფორმას ღებულობს, მდიდარი ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ექსპლოატაცია უქმნის საფუძველს. საქართველოში ასეთი რესურსი არ მოიპოვება, ამიტომ აქაური ავანტურისტული კაპიტალიზმი ძირითადად გეოპოლიტიკური თამაშების ფონზე „პოლიტიკური“ ინვესტიციებით გამოზრდილი პარაზიტული წარმონაქმნია. რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირება – ასეთია ის გეოპოლიტიკური ფარსი, რაშიც საქართველო „პოლიტიკური“ ინვესტიციების მისაღებად უცნაურ როლს თამაშობს და სიამოვნებით იღებს როგორც რუსულ კაპიტალს, ასევე სოლიდურ დასავლურ დახმარებას პოსტსაბჭოურ სივრცეში ვითომ დემოკრატიული ალტერნატივის შესაქმნელად.
ავანტურისტულ, ირაციონალურ კაპიტალიზმს ძირითად უცხოური პარტნიორობა და არა მწირი შიდა რესურსების გონივრულად გამოყენება კვებავს – უდიდესი ფინანსური დახმარება, რაც საქართველომ რუსეთთან ომის შემდგომ რეაბილიტაციისათვის მიიღო და ისეთი საეჭვო ინვესტიციები, რომლებიც არა ეკონომიკური გარიგებების, არამედ საზოგადოებისათვის ფარული პოლიტიკური თამაშების შედეგია. საბოლოო ჯამში სისტემა პარაზიტიზმის ხარჯზე არსებობს, რაც ადრე თუ გვიან გარდაუვალ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს.
რამდენად მყარია ახალი წესრიგი საქართველოში? პატრიმონიალური სისტემის შემდგომი ტრანსფორმაცია არსებული რეჟიმის პირობებში დემოკრატიისაკენ ან პირიქით, ტოტალიტარიზმისაკენ ნაკლებად სავარაუდოა. დემოკრატიულ გარდაქმნებს, ანუ როგორც დღევანდელი პოლიტიკოსები უწოდებენ – „საარჩევნო გარემოს შექმნას“, ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები სჭირდება, მათ შორის: დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების განაწილებისა და დაბალანსების სისტემის შექმნა, რეპრესიული ადმინისტრაციული სისტემის დემონტაჟი, საჯარო სამსახური რეფორმა, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია, მონოპოლიების განუკითხავი ბატონობის აღკვეთა, თავისუფალი შრომის დაცვა, პროპაგანდისტული მედია მანქანის გამოყენებაზე უარის თქმა და ა.შ. ყოველივე ეს მმართველი კლასის თვითმკვლელობის ტოლფასია, რაც ცხადია, ნებაყოფლობით არ შეიძლება მოხდეს. ასევე შეუძლებელია სვლა ტოტალიტარიზმისაკენ, რადგან მმართველ კლასს საზოგადოების იზოლირება, საზღვრების ჩაკეტვა, როცა იგი მთლიანად უცხოურ ინექციებზეა დამოკიდებული, აგრეთვე თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებაში საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემის სრული მონოპოლიზება არ ძალუძს. ტრანსფორმაციის არც სურვილი და არც შესაძლებლობა მმართველ კლასს ფაქტიურად არა აქვს. იგი შეეცდება არსებული სისტემა კიდევ უფრო გაამაგროს და მომავალ წელს მოსალოდნელ არჩევნებს ამ მიზნით გამოიყენებს.
გარდა ეკონომიკური კოლაფსისა, პატრიმონიალური მმართველობის მოჩვენებით სტაბილურობას სხვა, არანაკლებ მომაკვდინებელი საფრთხეებიც ემუქრება. პირველ ყოვლისა, ეს შეიძლება იყოს ძალაუფლების გადანაწილებისათვის გარდაუვალი კონფლიქტი მმართველი კლასის შიგნით, რაც ერთხელაც შეიძლება რეჟიმის პოლიტიკური კატასტროფით დასრულდეს. საშიშროებას ქმნის ასევე მარგინალების მიერ მოწყობილი ანდა სტიქიურად განვითარებული მშიერი ბუნტი, რომელიც შეიძლება ყველაფრის წამლეკ სოციალურ აფეთქებაში გადაიზარდოს. პატრიმონიალური მმართველობის ასეთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს განუზომლად ზრდის რეჟიმის განსაკუთრებული ირაციონალიზმი, მისი ექსცენტრულობა. მაინც როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები და არსებობს თუ არა შანსი საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესს დაუბრუნდეს? ამ საჭირბოროტო შეკითხვებზე პასუხის გაცემას მომდევნო წერილში შევეცდებით.