ქუთაისელი მეტალურგები ფართომასშტაბიანი გაფიცვით იმუქრებიან

ქუთაისელი მეტალურგები ფართომასშტაბიანი გაფიცვით იმუქრებიან

[რეზონანსი  ლილი ხმალაძე]


ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის უკვე ყოფილი თანამშრომლები 2 სექტემბერს გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ. ადმინისტრაციისაგან ისინი სამუშაო ადგილებზე აღდგენას ითხოვენ. გუშინდელ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ ისინი სამსახურიდან უკანონოდ, მხოლოდ ქარხანაში პირველადი პროფკავშირის შექმნის გამო გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, ისინი ქარხანაში ელემენტარული შრომითი პირობების შექმნას მოითხოვენ. ამბობენ, რომ ქარხანაში დიდ პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულთა შრომითი კონტრაქტები, სამუშაო დრო, ცვლიანობის გრაფიკი, დატვირთვების შესაბამისი ხელფასი, შვებულებისა და ბიულეტინის მიღება. მათივე თქმით, არ მოქმედებს საპირფარეშო, არ არის სასადილო, მედპუნქტი მხოლოდ დღისით ფუნქციონირებს, მაშინ, როდესაც საწარმოო ტრავმის რისკი ღამით უფრო მაღალია. არ არის გასახდელი, პრობლემაა სპეცტანსაცმელისა და აღჭურვილობის მომარაგება.

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიან გაფიცვასა და ქარხანაში მუშაობის სრულად გაჩერებას გეგმავენ.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესი" შპს "ევრაზიანსთილს" ეკუთვნის.

ქარხნის დირექტორის მოადგილე რომან ლებანიძე ამბობს, რომ გარკვეული საკითხების მოგვარებაზე, მაგალითად, სასადილოს მშენებლობაზე, სპეცტანსაცმელისა და იარაღებით მომარაგებაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ამბობს, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც მმართველ შპს-ს ან თავად ქარხნის დირექტორს ეხებათ. თუმცა, "ევრაზინასთილსის კომერციულ დირექტორთან, "ჰერკულესის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან და დირექტორთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ქარხანაში პირველადი პროფესიული გაერთიანება საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის დახმარებით შეიქმნა. გაერთიანების პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში პრობლემები ერთი წლის წინათ დაიწყო.

"თანამშრომლებმა 2010 წლის ივნისში დაგვიანებული ხელფასები გააპროტესტეს. მათ წამოიწყეს სპონტანური გაფიცვა, გააჩერეს ქარხანა. ამისთვის 7 ლიდერი, აქტივისტი დააპატიმრეს და 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ქარხანაში სამუშაოდ მხოლოდ ერთი მათგანი დააბრუნეს, დანარჩენები გაათავისუფლეს. მაშინდელი ადმინისტრაციის პოზიცია იყო, რომ მათ არ დააბრუნებდნენ საპროტესტო აქტიურობის გამო.

ამის შემდეგაც კომპანიას არაფერი გაუკეთებია ქარხანაში სიტუაციის გამოსასწორებლად. არის აუტანელი შრომის პირობები, შვებულება არ არის, ბიულეტენს არ ანაზღაურებენ, არ არის სპეცტანსაცმელი, მუშაობა გაუსაძლისი და შეურაცხმყოფელია, გასახდელი არ აქვთ, ტუალეტი არ აქვთ, სასადილო ოთახი არ აქვთ. ეს პროტესტი დაგროვდა. ამას ის მოჰყვა, რომ 2010 წლის დეკემბერში თანამშრომლებს ხელფასი გაუნახევრეს, იმის მაგივრად, რომ ინფლაცია ხდება და ხელფასების ინდექსაცია მომხდარიყო. მოკლედ გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა. ამ წლის ივლისის შუა რიცხვებში მუშებმა წერილობით მიმართეს ადმინისტრაციას, პრობლემების ჩამონათვალი შეუგზავნეს, შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ჩვენც მივმართეთ წერილობით ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ. 2 აგვისტოს შევხვდით კიდეც ადმინისტრაციის კომერციულ დირექტორს, თითქოს შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებდით და პრობლემების მოგვარებას ყველანი ერთად შევუწყობდით ხელს, მაგრამ ამაოდ. 

შემდეგ 4 აგვისტოს ქარხანაში პირველადი პროფკავშირი დაფუძნდა, 11 აგვისტოს კომიტეტის წევრები ირაკლი სირბილაძე, ირაკლი იობაძე, მამუკა ჯაიანი, დარეჯან რობაქიძე, ქოჩა მელაძე და კახაბერ ტურაბელიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ ყველაფერმა დასაქმებულებს მიაღებინა გადაწყვეტილება, წამოიწყონ გაფიცვა. 2 სექტემბერს პირველ საათზე ქუთაისში ქარხნის წინ გაიმართება გამაფრთხილებელი აქცია. ადმინისტრაციას 72 საათი აქვს იმისთვის, რომ დიალოგი დაიწყოს თანამშრომლებთან. ცნობა გამაფრთხილებელ გაფიცვაზე და მოთხოვნების ჩამონათვალი გაეგზავნათ ქარხნის ადმინისტრაციას, სოციალური სამმხრივი პარტინიორობის კომისიას და სახალხო დამცველს. ამის შემდეგაც მზად ვართ, მოლაპარაკებებში მივიღოთ მონაწილეობა, თუ ამ ყველაფერს შედეგი არ მოჰყვება, კანონით დადგენილ ვადებში, ალბათ, მომდევნო კვირაში, ფართომასშტაბიან გაფიცვას წამოვიწყებთ. ქარხანა გაჩერდება, საწარმოთა ციკლი შეჩერდება. არ მგონია, ინვესტორისთვის ეს ადვილად ასატანი იყოს. ჩვენ მზად ვართ, მიზნის მისაღწევად თუნდაც კანონით დადგენილი სამი თვე ვიყოთ გაფიცულები", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

ქარხანაში არსებული სიტუაციის შესახებ წერილობით საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირმა, უკვე ქარხნის პროფკავსირის კომიტეტის წევრებთან ერთად რამდენჯერმე მიმართა როგორც "ევრაზინასთილის", ისე თავად ქარხნის უშუალო ადმინისტრაციას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს, იმერეთის გუბერნატორსა და ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობის წევრებს. საპასუხოდ მიღებულ წერილებში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყება გამოძიება, მისი სხდომაზე განხილვა, თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე კი მათ სასამართლოსთვის მიმართვა ურჩიეს.

ქარხნის პროფკავშირის კომისიის წევრი გოჩა კილაძე, რომელიც გათავისუფლებულ 6 თანამშრომელს შორის ერთ-ერთია, ამბობს, რომ სამსახურიდან მხოლოდ პროფკავშირის შექმნის გამო გაათავისუფლეს.

"განთავისუფლების მიზეზი რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, თითქოს ხელშეკრულების უხეში დარღვევა მოხდა ჩვენი მხრიდან. არადა, მსგავსი არაფერი ყოფილა. მოვითხოვეთ, აეხსნათ, რომელი პუნქტები დავარღვიეთ. გვითხრეს, რომ დაგვიანება და გაცდენა, არადა, არც ერთს ადგილი არ ჰქონია. თუ რაიმე გაცდენა მაქვს, განცხადება მაქვს დაწერილი და იმ დღეს ოფიციალურად ვარ გათავისუფლებული. ამასთან მანამდე არც რაიმე გაფრთხილება და შენიშნვა არ მიგვიღია ადმინისტრაციისგან", - ამბობს გოჩა კილაძე.

ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ფიქრობენ, რომ სამსახურიდან მხოლოდ პროფკავშირის შექმნის გამო დაითხოვეს.

"ჩვენი გათავისუფლების მთავარი მიზეზი პროფკავშირული საქმიანობა იყო, ხელმძღვანელობასთან წერილობითი მიმართვის რამდენიმე მცდელობა გვქონდა, რომ ჩვენი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ - შეექმნათ ელემენტარული სამუშაო პირობები. რადგან ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ჩვენი უფლების გამოყენება გადავწყვიტეთ, მივმართეთ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას. როდესაც დავიწყეთ შეკრებები, ავირჩიეთ კომიტეტის წევრები, ამას მოჰყვა ჩვენი გათავისუფლება", - ამბობს კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ირაკლი იობიძე.

მისივე თქმით, 2 სექტემბერს გამაფრთხილებელ გაფიცვაში მონაწილეობას ქარხნის თანამშრომლებიც მიიღებენ. იობაძე ამბობს, რომ მეგობრები დახმარებას დაჰპირდნენ იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, აქციაში მონაწილეობის გამო ისინიც დაითხოვონ სამსახურიდან.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი ამბობს, რომ გამაფრთხილებელ გაფიცვას ქუთაისში არსებული სხვა ორგანიზაციების პროფკავშირები დაუჭერენ მხარს, ასევე შეუერთდებიან ქარხნის ის თანამშრომლები, რომელბიც იმ დროს სამუშაო ცვლაში არ იქნებიან.

"ქარხანაში პროფკავშირის ჩამოყალიბება ძალიან ცივილური ფორმით მოხდა. ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მუშებს შეუთვალეს, როგორ გაბედეთ და შექმენით იატაკქვეშა ორგანიზაცია, ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოთო. არადა, ადმინისტრაციამ და ქვეყნის მასშტაბით სოციალური პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარემ ანდრია ურუშაძემ იცოდნენ, რომ შეიქმნა პროფკავშირი, რომ აირჩიეს კომიტეტის წევრები და ა. შ. ჩვენ, როგორც გაერთიანებული პროფკავშირი, ვაპირებთ - სამსახურიდან პროფკავშირული ნიშნის მიხედვით დათხოვნილ თანამშრომლებს გვერდით დავუდგეთ და დავიცვათ ისინი. გავატარებთ ყველანაირ ღონისძიებას, იქნება ეს სამართლებრივი თუ სხვა სახის ღონისძიება, თუმცა, წინასწარ არ ვიცით, კონკრეტულად რას გავაკეთებთ", - ამბობს მათურელი.

ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები საპროტესტო ღონისძიებების გარდა, საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი კუთხითაც აპირებენ. სამუშაო ადდგილებზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დღეების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი უკვე მზადაა, თუმცა, მოვლენათა განვითარებას დაელოდებიან და, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში სასამართლოს მიმართავენ. თუმცა, თუ გამაფრთხილებელ გაფიცვას შედეგი მოჰყვება და ქარხნის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებზე დათანხმდება და მათ პირობებს დააკმაყოფილებს, სასამართლოში სარჩელი აღარ შევა.

იურისტი თამარ სურმავა ამბობს, რომ ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, რადგან ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, შექმნას პროფკავშირი და ჰქონდეს შრომის ჯანსაღი პირობები. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ დასახელებული გათავისუფლების მიზეზები არასამართლიანია, რადგან ქარხნის თანამშრომლებს ამაზე მანამდე არც შენიშვნა და არც გაფრთხილება არ მიუღიათ.

თამარ სურმავას თქმით, სასამართლოში სარჩელი თითოეულ გათავისუფლებული პირზე შევა, რადგან მათ კონტრაქტის პირობები არ დაურღვევიათ და ამიტომ, სამსახურებიდან ასე დათხოვნა მათი უფლებების შელახვაა. იურისტის აზრით, ამ 6 თანამშრომლის გათავისუფლება აშკარა დისკრიმინაციის ფაქტი იყო, რომელიც მათი პროფკავშირების წევრობის გამო მოხდა.

"ვიცი, მათი პოზიცია, გათავისუფლებასთან დაკავშირებით, გაფიცვის თაობაზეც. მაგრამ ჩემთან საუბარი ბოლომდე ამომწურავი ვერ იქნება, სულ ორი თვეა, რაც ქარხანაში ვმუშაობ. აქედან გამომდინარე, რიგ საკითხებზე ვფლობ ინფორმაციას, რიგ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. თუ გათავისუფლებაზე სარჩელს სასამართლო განიხილავს, ალბათ, ბრძანებას და მის წინა დოკუმენტაციას მოითხოვს. მაგრამ მე არ ვიცი, ამ მხრივ რა ხდება. საკადრო საკითხები არ მეხება, არ ვარ ჩახედული. საკადრო საკითხები ძირითადად ქარხნის ხელმძღვანელობას - დირექტორებს ეხებათ. ყველა დეტალის გადასამოწმებლად გირჩევთ ქარხნის ადმინისტრაციას მიმართოთ. მე უფრო შრომით პირობებზე შემიძლია გესაუბროთ. მაგალითად, შხაპი, სასადილო და ა. შ. ეს საკითხი ნელ-ნელა გვარდება. შხაპები კეთდება, ამის ადგილზე ნახვაც შეიძლება. სასადილო უკევ დასრულებულია. რაც შეეხება დასაქმების სფეროს, კონტრაქტებს, ხელშეკრულებებს და ა. შ. არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას. აღჭურვილობა მუდმივი არ არის, ცვეთადია და განახლება სჭირდება. რაღაც მომენტში შესაძლოა მართლაც არ იყო, ახლაც შეკვეთილია. ჩასაფრებული პოზიციიდან საუბარი, რომ დღეს დაიხა და არ აქვთ, ასე არ ხდება. მედ-პუნქტი მუშაობს, მედდაც არის, გვაქვს მედიკამენტებიც. შესაძლოა, თანამედროვე სტანდარტები არ იყოს, მაგრამ ეს პუნქტი მუშაობს. რაც შეეხება ღამეს, ვერ გეტყვით, რა ხდება, მე თვითონ ღამის ცვლაში არ მიწევს მუშაობა", - ამბობს მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე რომან ლებანიძე.