[კომერსანტი]
გაამართლა თუ არა სასტუმროების დაბეგვრის ახალმა წესმა, რომელიც კვადრატულ მეტრზე 10 ლარის ფიქსირებული გადასახადის გადახდას ითვალისწინებს?
შეგახსენებთ: ზაფხულის სეზონზე მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს გადასახადის გადახდის ალტერნატიული გზა შესთავაზეს - კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეუძლიათ გადასახადი გაქირავებული ფართის მიხედვით გადაიხადონ - 1 კვადრატულ მეტრზე 10 ლარი. თუმცა, კვლავაც ძალაში დარჩა გადახდის ძველი წესი, რომლის მიხედვითაც ინდ.მეწარმედ დარეგისტრირებული სასტუმრო ბიუჯეტში სეზონის ბოლოს მიღებული შემოსავლის 20 პროცენტს გადარიცხავს.
კანონპროექტი ბიზნესმენებს ფინანსთა მაშინდელმა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააცნო. მან მცირე სასტუმროებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესების აუცილებლობა შემდეგი არგუმენტებით ახსნა:
”ჩვენი ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სასტუმრო მუშაობს მხოლოდ 2 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიანეთში. ბუნებრივია, მხოლოდ 2 თვისთვის ოჯახი რომ გაერკვეს ბუღალტერიაში, საკმაოდ რთულია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საგადასახადო კოდექსის ცვლილებები თუ განხორციელდა, საკმაოდ ხელშემწყობი იქნება მათთვის.“
ცვლილების მიხედვით, მცირე სასტუმროს მფლობელმა შემოსავლების სამსახურში უნდა განაცხადოს, როდის იწყება და მთავრდება მის სასტუმროში ტურისტული სეზონი. შესაბამისად, სეზონის დაწყებიდან სასტუმროს მესაკუთრემ ყოველ გაქირავებულ ერთ კვადრატულ მეტრზე ყოველთვიურად 10 ლარი უნდა გადაიხადოს.პარლამენტარ ლევან ვეფხვაძის თქმით, აჭარაში საგადასახადო სამსახური პირდაპირ ავალდებულებს კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელებს კვადრატულ მეტრზე 10 ლარის გადახდას მაშინ, როდესაც ამ სასტუმროთა მფლობელებს კანონით უფლება აქვთ, არჩევანი გააკეთონ ახალ სისტემასა და არსებულს შორის. „არადა, ეს სისტემა აჭარაში დამსვენებლის სიმცირის ფონზე, იქაური მცირე სასტუმროების მეპატრონეებისთვის აშკარად წამგებიანია,“ – აცხადებს დეპუტატი.
ქობულეთში მდებარე კერძო სასტუმრო „სიმპათიას“ მეპატრონე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საკუთარი სურვილით აირჩია ახალი სისტემით გადახდა, თუმცა რამდენად გაამართლა ამ არჩევანმა, ამაზე საუბარი ჯერჯერობით უჭირს. მისი თქმით, ჯერ სეზონი არ დასრულებულა და იმედოვნებს, რომ დამსვენებელი ეყოლება, რაც მის შემოსავლებზე დადებითაც აისახება. „რადგან წელს დამსვენებელი ცოტა იყო, გამიჭირდება ძველი და ახალი სისტემების შედარება და რომელიმეს უპირატესობაზე საუბარი. თუმცა, ვარჩიეთ ფიქსირებული გადასახადის გადახდა, რადგან ამით ზედმეტი ბუღალტერიის წარმოებისგან თავისუფლდები და თან წინასწარ იცი, რამდენი უნდა გადაიხადო,“ – აცხადებს სასტუმრო „სიმპათიას“ მეპატრონე.
ახალი საგადასახადო სისტემით წელს სვანეთის საოჯახო ტიპის სასტუმროებმაც ისარგებლეს, თუმცა მის უპირატესობასა თუ ნაკლზე არ საუბრობენ. როგორც მათ განმრტეს, შემოსავლების სამსახური კვარტალში ერთხელ აჯამებს გადასახადის ოდენობას, ამდენად რამდენის გადახდა მოუწევთ, ჯერ არ იციან.