[კომერსანტი]
საქართველო წელს 3 მილიონ ტურისტს ელოდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გამოცემა La Tribune-სთან საუბარში განაცხადა.
ექსპერტ მარინა მეტრეველის განცხადებით, ინფორმაცია ტურისტების რაოდენობის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან მიიღება. მისი თქმით, 3 მილიონი ტურისტის მისაღებად ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს, ამიტომ ეს ციფრი არარეალურია.
სტატისტიკურ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძეც. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის შესახებ ხელისუფლების მონაცემები გადაჭარბებულია, რადგან ყველა ვიზიტორის ტურისტად გამოცხადება რეალურ სტატისტიკას ბუნდოვანს ხდის. ამასთან, ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა რეალურს არ შეესაბამება და ამან თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო.„რომელ სამ მილიონ ტურისტზე შეიძლება საუბარი, როდესაც წელს აჭარა რეალურად, ტურისტების ტოტალურ შიმშილს განიცდის? ეს განსაკუთრებით ქობულეთს ეხება, რომელიც პრაქტიკულად ცარიელია. ამის აღიარება კი ხელისუფლებას არ უნდა. 3 მილიონი ტურისტის მოლოდინი კი ეჭვის საფუძველს იძლევა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, საქართველო რამდენად არის ეკონომიკურად მზად, მიიღოს ამდენი ტურისტი. თუ ტურისტთა რაოდენობის გაზრდა დამატებითი სტიმული იქნება იმისა, რომ ინფლაციური პროცესები გაღრმავდეს, ეს პრიორიტეტად არ მიმაჩნია,“ - ამბობს კალანდაძე.
მისი თქმით, ქვეყანამ იმდენი ტურისტი უნდა მიიღოს, რამდენის „აწევაც“ შეუძლია, რათა ზიანი არ მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას.
„დიდი რაოდენობით ტურისტის ჩამოსვლა პირველადი მოხმარების პროდუქტზე ზრდის მოთხოვნას და ეს მაშინ, როდესაც გარზდილ მოთხოვნაზე მიწოდების უზრუნველყოფა არ შეგვიძლია, ეს კი ინფლაციურ პროცესებს გააღრმავებს,“ – აცხადებს ექსპერტი.