[ბანკები და ფინანსები]
„თბილისში ბინების უმეტესობა იპოთეკითაა დატვირთული, რის გამოც ხშირად ძალიან იაფად იყიდება. დღეისათვის, ძირითადი მოთხოვნა სწორედ ასეთ ბინებზეა," - ამბობენ ბროკერები.
2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, სამშენებლო კომპანიებმა ნდობის სრული დაბრუნება ვერ მოახერხეს, შესაბამისად, მოთხოვნა კვლავ მეორად ბაზარზე ფიქსირდება.
ბროკერები ამბობენ, რომ მყიდველთა უმეტესობა მცირე ფართობიან ბინებს არჩევს, ისიც უკვე აშენებულ კორპუსებში. ფასების არასტაბილურობას კი, ვალებში ჩარჩენილი ბინების სიჭარბე განაპირობებს.
კომპანიის „მაკლერ.ჯი" ბროკერის ალექსანდრე ჩუბინიძის განცხადებით, ბოლო 6 თვეა, ბაზარზე თითქმის არც ფასების კორექცია მომხდარა.
„თბილისის გარეუბნებში 1 კვ.მ ფასი 400-500 დოლარის ფარგლებშია.
ვაკეში ძველ კორპუსში, გარემონტებული ბინის ფასი კვადრატულზე 1000 დოლარამდეა, ახალ აშენებულ კორპუსში კი ფასი 1500 დოლარამდე იზრდება," - განაცხადა ალექსანდრე ჩუბინიძემ.
საბროკერო კომპანიის „მაკლერ.ჯი" ცნობით, თბილისის ყველა უბნის მიხედვით, ბინებში 1 კვ.მ საშუალო ფასი აგვისტოში 920 დოლარია. კვ.მ მიწის საბაზრო ფასი კი, საშუალოდ 135 დოლარამდეა.
საბროკერო კომპანიებში ამბობენ, რომ მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენის სურვილი ნაკლებია, თუმცა ბოლო პერიოდში მერიის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტმა მშენებარე ბინებზე მოთხოვნის სტიმულირება მცირედ, მაგრამ მაინც მოახერხა.
„დაინტერესება გაჩნდა იმ იმედით, რომ კორპუსის მშენებლობა დასრულდება. ასეთი ბინებით ძირითადად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ინტერესდებიან," - აცხადებენ უძრავი ქონების კომპანიაში „გალაგა"