საქართველო მსოფლიოში ფასების ზრდის ერთ-ერთი ლიდერია

საქართველო მსოფლიოში ფასების ზრდის ერთ-ერთი ლიდერია

[ბანკები და ფინანსები]

შარშანდელთან შედარებით, მსოფლიოში სურსათი 33%-ით არის გაძვირებული, საქართველოში კი ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე კიდევ უფრო მეტია. ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ყველაზე მეტად გაიზარდა შაქრის, ფქვილისა და მცენარეული ცხიმის ფასი, თუმცა ამ ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა ფასების ზრდის საერთო დონეს მხოლოდ 14-15%-ის ფარგლებში ასახავს. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართველ მომხმარებელს, უცხოელი მომხმარებლისგან განსხვავებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკვებთან ერთად სხვა ხარჯებიც მკვეთრად გაეზარდა. მაგალითად, გაძვირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, კომუნალური გადასახადები, განათლება. სურსათზე ფასების ზრდის თვალსაჩინო ნიმუშად თბილისის ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის პირად არქივში აღნუსხული ფასები მოვიშველიეთ. ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები შარშანდელ ფასებს შევადარეთ და რიგ პროდუქტებზე 70-80%-იანი ზრდაც მივიღეთ. 

ექსპერტებისა და სურსათის საცალო რეალიზატორების ინფორმაციით, ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, საქართველოში სურსათი სუბიექტური მიზეზებითაც ძვირდება და სწორედ ამიტომ გვაქვს ბაზარზე არარეალურად გაზრდილი ფასები. როგორც ერთ-ერთმა მეწარმემ მითხრა, შანსი ჰქონდა, ჰოლანდიიდან შაქარი შემოეტანა იმპორტით და ოპერაციის განხორციელებაც დაიწყო, მაგრამ "ზემოდან" მალევე მიიღო მკაცრი გაფრთხილება, რომ თუ იმპორტის ამ სექტორში შესვლას გადაწყვეტდა, "ჩაძირავდნენ". 

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ზოგ პროდუქტზე იმაზე მეტად არის ფასი მომატებული, ვიდრე ეს მსოფლიო ბაზარზე მოხდა. ამის მიზეზი კი ბიზნესის ამ სფეროს იმპორტში არსებული მონოპოლიებია„ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ხორბლის, შაქრისა და საკვები ზეთის იმპორტი. ეს არის ბიზნესის არაკონკურენტული სექტორები, სადაც ფასების კარნახი შემომტანს ყოველთვის შეუძლია. ძირითადად, ერთ კომპანიას შემოაქვს ეს პროდუქტები ადგილობრივ ბაზარზე და ფასსაც თავისი ინტერესების შესაბამისად აწესებს,“ - ამბობს ლექვინაძე.

მისივე თქმით, მსოფლიო ბაზრებზე ფასები სტაბილურია და სექტემბრის ბოლომდე არც ერთ სასურსათო კატეგორიაზე ფასების მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი არ არის. ოქტომბრის შემდეგ კი საერთაშორისო ანალიტიკოსები ფასების ზრდას კვლავ ვარაუდობენ. 

კიდევ ერთი ექსპერტის თემურ მურღულიას განცხადებით, ბევრი სასურსათო კატეგორია გერმანიაში ბევრად უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, საშუალო-სტატისტიკური გერმანელის ცხოვრების დონე კი დაახლოებით 50-ჯერ აღემატება საშუალო-სტატისტიკური ქართველის ცხოვრების დონეს. 

გერმანიაშიც უამრავი პროდუქტი იმპორტით შედის, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია სურსათის ფასებს მაღლა ავარდნის საშუალებას არ აძლევს," - ამბობს მურღულია.