შეერთებულმა შტატებმა ბოლომ უარყო აფხაზეთის არჩევნები

შეერთებულმა შტატებმა ბოლომ უარყო აფხაზეთის არჩევნები

[Bne  კლერ ნატელი]

შეერთებულმა შტატებმა ბოლომ გააკრიტიკა საქართველოს გამოყოფილ რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. მან 26 აგვისტოს არჩევნებში ხმების 54,9 % მოიპოვა.

29 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ჟურნალისტებს განუცხადა: „შეერთებული შტატები არ აღიარებს 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში, გამართული ეგრედწოდებული არჩევნების შედეგებს“.

ევროკავშირმა და ნატომ უკვე გაავრცელეს განცხადებები, სადაც აღნიშნულია, რომ 26 აგვისტოს არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. აფხაზეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, მაგრამ რეგიონი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, ის კვლავ საქართველოს ნაწილია.

აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, არჩევნებში, რომელშიც ანქვაბმა გაიმარჯვა, მოსახლეობის 72%-მა მიიღო მონაწილეობა. მან გაუსწრო პრემიერ-მინისტრ შამბას და ოპოზიციის ლიდერ რაულ ხაჯიმბას. შამბამ ხმების 21,02 %, ხოლო ხაჯიმბამ – 19,82% მიიღო – ეს მაჩვენებლები მოსალოდნელზე დაბალი არმოჩნდა. 27 აგვისტოს ხაჯიმბამ განაცხადა, რომ არჩევნებში დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

აფხაზეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გამოაცხადა და მას შემდეგ ფაქტობრივად დამოუკიდებელია. თუმცა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო აღიარება მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ მიიღო, რომელიც საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის ირგვლივ, 2008 წლის აგვისტოში გაჩაღდა. მას შემდეგ ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ოთხმა ქვეყანამ: ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულმა სახელმწიფოებმა – ნაურუმ და ვანუატუმ აღიარეს, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას მათთვის არ მიუბაძავს.

თბილისმა ბრაზით ირეაგირა იმ რეგიონში გამართულ არჩევნებზე, რომელიც ოფიციალურად დღემდე ქართულ ტერიტორიად ითვლება. „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათზე დამოკიდებულმა სოხუმის რეჟიმმა ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკის მორიგი ცინიკური აქტი განახორციელა – ეგრედწოდებული „საპრეზიდენტო არჩევნები“… საერთაშორისო სამართლის ასეთ დაცინვას არანაირი გამართლება არ აქვს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 მაისის გესლიან განცხადებაში.

არჩევნების არაღიარების შესახებ უფრო მშვიდი განცხადებები გაავრცელეს ევროკავშირმა, ნატომ და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმაც დაადასტურეს ის, რომ მათი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ვინ არის ის?

ანქვაბი კომუნისტური პარტიის ყოფილი ჩინოვნიკია, რომელმაც თბილისი დატოვა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთის ახალი რესპუბლიკის მთავრობას შეუერთდა. 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური ომის დროს მან იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ოპოზიციას შეუერთდა, ხოლო მოგვიანებით 90-იანების შუა წლებში მოსკოვში გადავიდა.

2000 წელს, ანქვაბი აფხაზეთში დაბრუნდა და დააფუძნა ოპოზიციური მოძრაობა „აიტაირა“. მან 2004 წლის არჩევნებში სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი. ბაღაფშმა გაპრეზიდენტების შემდეგ, 2005 წელს ანქვაბი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, ხოლო 2009 წელს ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მასზე ხუთი ექვსი თავდასხმა განხორციელდა.

აფხაზეთის წინაშე არსებულ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, ანქვაბის და ორი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციებს შორის ფაქტობრივად არანაირი სხვაობა არ არის: სამივე კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოსთან რაიმე ფორმის ინტეგრაციის. „აფხაზეთში არსებული იმ ძლიერი ანტიქართული განწყობების გათვალისწინებით, რომელსაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გამოხატავდა, მათ შორის ანქვაბიც, საქართველოსთან ნებისმიერი დაახლოება ნაკლებად სავარაუდოა“, – წერს IHS Global Insight-ის ანალიტიკოსი ლილიტ გევორქიანი.

გევორქიანის თქმით, ანქვაბი ცნობილია ასევე მისი შეურიგებელი პოზიციით კორუფციის და კანონის დარღვევის მიმართ. „მისი აშკარა გამარჯვება არჩევნებში – კარგი ამბავია გამოყოფილი რეგიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას“, – ამბობს გევორქიანი.

27 აგვისტოს, ანქვაბმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტოზე სწრაფად გადასვლის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, და რომ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის განაწილებას უჭერდნენ მხარს, იმედგაცრუება ელით. მან დასძინა, რომ „საკმაოდ რეალურია“ ის, რომ რამდენიმე თანამდებობა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, მომავალში გაუქმდება.

რუსეთის მხარდაჭერა

აფხაზეთი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან მას რუსეთი ესაზღვრება. მისი მოსახლეობა 250 000 ადამიანისგან შედგება. ეკონომიკურად ის დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების 80% ახორციელებს.

მოსკოვი ყველაზე აქტიურად უჭერდა მხარს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან გამოყოფას. ის ორივე რესპუბლიკის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს და მათი მოქალაქეების უმრავლესობას პასპორტებიც დაურიგა. თავად ანქვაბს რუსული პასპორტიც აქვს და აფხაზურიც.

არჩევნებთან დაკავშირებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთი მიესალმება აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ მეგობარი მეზობელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე“.

თუმცა სოხუმში მომავალში რესპუბლიკის სიცოცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით ერთგვარი შეშფოთება არსებობს. იმის გამო, რომ დასავლეთმა უარი თქვა მისი დამოუკიდებლობის არ აღებაზე, აფხაზეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთის მხარდაჭერას მიენდოს. და მართალია, რუსეთმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას, თუმცა რესპუბლიკის მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდა მას ისეთ მდგომარეობაში აგდებს, რომ მომავალში ეს დამთავრდება იმით, რომ რესპუბლიკა არა თბილისიდან, არამედ მოსკოვიდან მართული გახდება.

„აფხაზეთის განაცხადს დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგი პერსპექტივა არ აქვს“, – წერს გევორქიანი. „ერთი მხრივ, საქართველოსთან მტრული ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში არანაირი გონივრული ინტეგრაციია დღის წესრიგში არ დგას, ხოლო დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ნაკლებად სავარაუდოა. მეორე მხრივ, აფხაზეთის დამოუკიდებლობისადმი რუსულ მხარდაჭერას, შესაძლებელია საპირისპირო რამ მოჰყვეს – მისი დაკარგვა რუსეთისთვის“.

foreignpress