რას ვუმადლი მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას

რას ვუმადლი მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას

[Solomoon Ternali]

რა მომწონს მე დღევანდელ, - მიშურ, საქართველოში? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დავფიქრდი, არც ისე ცოტა რამ მომწონს (ვინც გადაწყვიტეთ, რომ გავპადოშდი, ცდებით, ბატონებო და ქალბატონებო). მგონი, კარგი იქნება თუ ჩამოვთვლი და დავნომრავ. ეგება, მოხდეს სასწაული და 50-საც კი ავცდე!

1. მომწონს ქუჩებში გადასასვლელები. მომწონს. რომ კარგადაა დახაზული. თავიდან ვერ ვიტანდი, რაღაც კუნძულები რომ ააგეს და ყველგან წითელზოლიანი რკინის პალოები ჩაასვეს, მაგრამ ნამდვილად უფრო მოწესრიგდა მოძრაობა, ხანდახან უფრო შორს მიწევს წასვლა, მაგრამ უფრო უხიფათოა და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კუნძულებისაგან შევიწროებულ ქუჩებში მანქანების ნაკადიც კი უფრო მოწესრიგებული და უფრო სწრაფია. თუმცა არ მომწონს გმირთა მოედნის ესტაკადა, რომელმაც თითქოს კი განტვირთა ქვედა დონე, მაგრამ ზედა დონეზე ბევრი ვერაფერი შვილია და ვაკისკენ ასასვლელად სადგურიდან ხანდახან საცობი თამარ მეფის ხიდიდან რომ იწყება, საკმაოდ ნერვებისმომშლელია... მოედნის სიმბოლოზე - გიგანტოზავრის ასოს ფორმის მემორიალზე ხომ საერთოდ. 

2. აქვე გავაგრძელებ სატრანსპორტი თემას - მომწონს შუქნიშნები. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ჩვენთან ასეთი შუქნიშნები რომ დაინერგა, ევროპაში ჯერ კიდევ იშვიათობაა! რაც კარგია, კარგია... თუმცა ცუდია, რომ ხანდახან შუქნიშნები დენის წასვლასთან ერთად ირთვება... აი, ეს კი უაღრესად იშვიათია ევროპაში.

3. ახლახანს ავტობუსების გაჩერებებზე რომ საინფორმაციო ტაბლოები დადგეს და გაიგებ, რამდენი წუთი უნდა ელოდო შენს ავტობუსს, ესეც კარგია. თუმცა ეს რატომ დარჩა ვაკის ლოკალურ ბედნიერებად, ვერ ვხვდები.

4. მომწონს ავტობუსებში მგზავრობის გადახდის ავტომატები. თუმცა ცუდია, რომ ხშირად ხურდას ყლაპავს. ისიც კარგია, მეორე მგზავრობა რომ უფრო იაფია. მაგრამ პირველი მგზავრობა რომ გაძვირდა და კიდევ უფრო გაძვირდება ეს ვერაა უკვე კარგი. ხალხს ვერაფრით ვერ აუხსნეს, რომ ბილეთის აღება ავტობუსში ასვლისთანავეა საჭირო, რადგან ამის მიხედვით მერე სატრანსპორტო კომპანიამ უნდა მოახდინოს მარშრუტების გადაჯგუფება, სადაც ბევრი ბილეთის აღება ხდება, იქ დაამატოს/გაახშიროს და პირიქით...

5. მომწონს ე.წ. ავტობანი. თბილისიდან სამტრედიაშიც და ბათუმშიც უფრო მალე ჩავდივარ. მაგრამ არ მომწონს, რომ ამდენი წლის განმავლობაში ლაპარაკი გაცილებით მეტია და საქმე - ცოტა. თან არაფერი ვიცით, რამდენი ფული დაიხარჯა ამ გზების მშენებლობაზე, ხშირად გზების დაფინანსება ერთდროულად რამდენიმე პარალელური წყაროდან ხდება და ეტყობა, ამის წყალობით მსხვილი ფულის მოტეხვებიც ხდება. არ ტარდება ხარისხის კონტროლი, ხოლო გომბორის გზა, რომელიც ნაუცბათევად წვიმებში დააგეს, სრული კატასტროფაა - ფაქტიურად თავიდან არის გასაყვანი.

6. ახალი სამარშრუტო ტაქსები არ ”გამისინჯავს”, მაგრამ ჩემს ახლობლებს მოსწონთ - წლევანდელ პაპანაქება სიცხეში სულზე მისწრება იყოო, კომფორტული სკამებია და ფეხზე დადგომაც არაა შეუძლებელიო. თუმცა ყველა აპროტესტებს ფასს და აღშფოთებულია იმით, რომ მიუხედავად ღირსი ახვლედიანის დაფიცებისა, არა მარტო ეს ახალი მარშრუტკები გაძვირდა, არამედ ძველებიც, სადაც არავითარი კომფორტი არ არის! თანაც, როგორც გავიგე, ახალი ტაქსების მძღოლები ძალიან იშვითად რთავენ კონდიციონერს, რადგან თუ ბენზინი არ დავზოგეთ, მაღალი გადასახადის გამო აღარაფერი გვრჩებაო...

7. მომწონს რომ პოლიციელი, რეესტრის თანამშრომელი და მებაჟე ქრთამს აღარ მთხოვს, აეროპორტში რომ მოწესრიგებული ხალხი გამოწმებს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებს - ეს რა თქმა უნდა მომწონს. მაგრამ არ მომწონს რომ ყველა მომსახურება გაძვირდა და უაზრო ბაჟები შემოვიდა ქვეყანაში ნებისმიერი პირადი მოხმარების ნივთის შემოტანაზე! ნახევარი საქართველო საზღვარგარეთაა წასული და შინ თავისიანებს ხან ფულს უგზავნის და ხან გზავნილს, მთავრობა კი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოში დარჩენილებმა ყველაფერი მის მიერ დაკრიშულ მაღაზიებში ვიყიდოთ. რეესტრში რომ ნებისმიერ ცნობაზე ფულია გადასახდელი (თან არ გეგონოთ 1-2 ლარი იყოს!) არ მომწონს! რეესტრი რომ ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ არჩევნებში მკვდარი სულები და საერთოდ, მკვდარი კორპუსები და ფანტასტიურად მიწერილი ადამიანები არ იყოს - ეს საერთოდ იმდენად აღმაშფოთებელია, რომ აქამდე რაც დავწერე, ყველაფერს ფასს უკარგავს! 

8. მომწონს, რომ ქვეყანაში წესრიგია. მანქანებს თითქმის აღარ იპარავენ, ადამიანის გატაცებებიც აღარ ხდება გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით, ტრანსპორტში სხვის საფულეებზე მონადირე ქურდების რაოდენობას შესამჩნევად შემცირდა, ისევე როგორც ეკონომიკური დანაშაული (თუმცა ეს ცალკე თემაა - ადრე ბევრი 1000-10,000 ლარიანი ფინანსური დანაშაული ხდებოდა, ახლა ცოტა და მრავალმილიონიანი!)... მაგრამ ის, რომ პოლიცია პოლიტიკურ პოლიციად იქცა, ადამიანების დაშინება და დატერორება სწორედაც რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან მოდის, რომ ადამიანებს მათი ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით საფინანსო პოლიციაში იბარებენ და მოგონილი მიზეზებით ტყავს აძრობენ, 500-5000 ლარიან ჯარიმებს ხელოვნურად (ორსული ქალების და ბავშვების გამოყენებითაც კი!, ხოლო ახლა კერძო საფინანსო აგენტების დახმარებით) ჰკიდებენ წვრილ და საშუალო მოვაჭრეებს, ის რომ ხშირად ხდება ოჯახის წევრების მიმართ დაშინება, ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება, მოგონილი მიზეზებით ადმინისტრაციული ჯარიმის ან პატიმრობის ”აკიდება”, განსაკუთრებით - ოპოზიციონერების ან ბიზნესმენების მიმართ, ეს კატასტროფაა, ეს ამ სისტემის სრული ამორალობის და კრიმინალურობის ისეთი მაჩვენებელია, რომ სერიოზულად ვეჭვობ, არავითარი საფუძველი არაა ამტკიცონ, რომ დღეს საქართველო ნაკლებ კრიმინალური ან კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე შევარდნაძის დროს. უბრალოდ, საყოველთაო წვრილი კორუფცია მნიშვნელოვანდ შემცირდა, სამაგიეროდ განუზომლად გაიზარდა მსხვილი და ელიტარული კორუფცია და დანაშაული.

9. ერთ იურიდიულ პირთან სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმება რომ შემცირდა და ტენდერები რომ ლამის აუცილებლობად იქცა ეს მომწონს, მაგრამ ტენდერებში სულ რომ ნაცმოძრაობის ლიდერების ნათესავები ან შესტიორკები რომ იმარჯვებენ, ვითომ ღირდა ამისთვის ტენდერების გამოგონება? ტენდერებისთვის ტენდერებამდე რამდენიმე დღით ადრე რესტორანში რომ 4 ასლარიან ფირმას აარსებენ და მთელი თბილისის სატრანსპორტო გადაზიდვებს ხელში იგდებენ, ესაა ”სამართლიანი შეჯიბრი”? 

10. განათლების სისტემაში მომწონს, რომ ერთიანი გამოცდები დაინერგა და უმაღლეს სასწავლებლებში კორუფცია შემცირდა, თუმცა სახელმწიფო რომ მხოლოდ 1000-მდე სტუდენტს აფინანსებს, დაფინანსების მოციულობა რომ მუდმივად მცირდება და დაფინანსების მოსაპოვებლად მთავარი ყბადაღებული ”უნარ-ჩვევებია” და არა მაპროფილიბელი საგნები, ეს არ მომწონს. 

11. სკოლებში რომ შემცირდა დანაშაული, და უფრო წესრიგია, ეს კარგია. მაგრამ ეს ყველაფერი სკოლის გასამხედროებით და გაპოლიციებით რომ ხდება, ეს არ მომწონს. მანდატურებს რომ ბავშვების, მშობლების, მასწავლებლების და დირექტორების მაკონტროლებელი შარიკოვების ფუნქცია დააკისრეს, ეს აღმაშფოთებელი საზიზღრობაა...

12. მომწონს, თბილისი რომ დასუფთავდა, მოწესრიგდა და ლამაზდება, ბათუმი რომ შენდება და მშვენდება, მესტიას და სიღნაღს რომ მიხედეს. ქუთაისის ოპერაც მომწონს. მაგრამ არ მომწონს, ეს ყველაფერი რომ ერთი ქერქეტა კაცის გემოვნებით რომ კეთდება, ყოველგვარი სწორი არქიტექტურული დაგეგმარების და პროფესიონალიზმის გარეშე, ლანდშაფტის და ადრე არსებული არქიტეტურული ტრადიციების გათვალისწინების გარეშე, და ვშიშობ, ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშეც! ისიც არ მომწონს, რომ არავინ არ აკეთებს ანგარიშს, რა სახსრებით და რის ფასად შენდება ეს ყველაფერი. პრეზიდენტი რომ ბავშვობაში აუწყობელ ლეგოს თვითმფრინავიდან აწყობს, არ მომწონს. პატარებს მოსწონთ 3-თვიანი საშობაო ლუსტრაველი, მე - ნაკლებად, რადგან როცა ამდენი გაჭირვებული გყავს და ხალხის დიდი ნაწილი თითოეულ ნათურაზე ეკონომიას აკეთებს, ასეთი თვალში ნაცრის შეყრა და დაუსრულებელი ფუფუნება გაუმართლებელია.

13. ოპერას რომ დიდი ყურადღება ექცევა, მომწონს, მაგრამ ოპერა რომ პარლამენტის და მთავრობის წევრებისთვის გახდა მხოლოდ ხელმისაწვდომი - არა! თანაც ხელისუფლება ქართული ოპერისთვის იმის 10%-ს არ ხარჯავს, რასაც უცხოელი ვარსკვლავების ჩამოსაყვანად, ხოლო ეს კონცერტები მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის და საპიაროდ არ ცდილობს რომ ხალხს ოპერა გააცნოს და შეაყვაროს. ოპერის შენობები რომ ააშენეს და გაარემონტეს, კარგია, მაგრამ ქუთაისის ოპერას რომ ვუყურებ, ვერ ვხვდები ნერონის დროინდელ რომში ვარ, თუ - ვიქტორიას დროინდელ ლონდონში.

14. ვერა ქობალიას გარეგნობა მომწონს, შინაარსი - არა.

15. ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობა და მისი ხელმძღვანელიც მომწონს (ლამის ერთადერთი მთავრობიდან!), ტურიზმზე აქცენტირებაც არაა ცუდი, მაგრამ ის ყალბი სტატისტიკა და აბსოლუტურად უსაფუძვლო ენთუზიაზმი, რომ მალე 5 მილიონი ტურისტი გვეყოლება, არ მომწონს და ამის გამო არც მაია სიდამონიძე მომწონს ისე, როგორც შეიძლებოდა მოწომნებოდა, თუ ამას შეეწინააღმდეგებოდა.

16. კასრის ლუდის ხარისხი მომწონს, მაგრამ ”ნატახტარს” რომ სხვების ხარჯზე ქაჩავენ - არა!

17. ზამთრის სპორტის სახეობებს რომ უფრო ყურადღება მიაქციეს - მომწონს, პრეზიდენტის ფიგურული სრიალი - არა.

18. ინგლისურად რომ არის ფილმები ტელეარხებზე, მომწონს, მაგრამ დისკრიმინაციულად რომ ექცევიან იმ ხალხს, ვინც ინგლისური არ იცის და ვერც ისწავლის, არ მომწონს. არ აჯობებდა, 1-2 არხი გაეკეთებინათ, სადაც ყველა ფილმი და გადაცემა უცსო ენაზე გავიდოდა, სუბტიტრებით? თანაც ზოგი ფრანგულადაც იქნებოდა, ზოგიც - გერმანულად, ზოგიც - ესპანურად და ზოგიც - იტალიურად...არც იაპონური ფილმების ნახვა იქნებოდა ცუდი იაპონურ ენაზე - მათი ექსპრესიის სრულად აღსაქმელად... და რაც მთავარია, ძირითადი არხების ყურებისას მოხუცები არ გაწამდებოდნენ სუბტიტრების კითხვით...

19. სასამართლოების შენობები მომწონს, შიგ რაც ხდება - საშინელებაა!

მგონი, სულ ესაა, რაც გამახსენდა. ალბათ, ძალიან რომ მომექექა მეხსიერება, ერთი 5-10-ს კიდევ ამოვქექავდი, მაგრამ ფაქტია, რომ 100-მდე და, ალბათ, 50-მდეც კი, ვერ მივალ... ისიც ფაქტია, რომ სუბიექტური და მიკერძოებული ვარ და ეკა ხერხეულიძეს რომ დაუსვან იგივე კითხვა, მეორედ მოსვლამდე არ გაჩერდება... ”პატრიოტული” Duracell არ მისცემს გაჩერების ნებას. ამ საშინაო დავალებას კი იმ ლექსით დავამთავრებ, რომელიც 2003 წელს მეგონა, რომ საბოლოოდ ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ, ჰოი, რა მწარედ ვცდებოდი, თურმე! წაიკითხეთ ნაცმოძრაობის ლიდერთა და აპოლოგეტთა გამოსვლები და მიხვდებით, რომ რაც ამ ლექსში ირონიის საგანია, მათ სრული სერიოზულობით აქვს ტვინში ჩაბეჭდილი. ამით ცხოვრობენ - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

Прошла зима, настало лето.

Спасибо партии за это!

За то, что дым идет в трубе,

Спасибо, партия, тебе!

За то, что день сменил зарю,

Я партию благодарю!

За пятницей у нас суббота -

Ведь это партии забота.

А за субботой - выходной.

Спасибо партии родной!

Спасибо партии с народом

За то, что дышим кислородом!

У моей милой грудь бела -

Все это партия дала.

И хоть я с ней в кровати сплю,

Тебя я, партия, люблю.