ინსპექტორი ყოველი ჯარიმიდან 20%-ს იღებს
აქამდე მეწარმეების შემოწმება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოვალეობა იყო. სავაჭრო ობიექტებში საკონტროლო შესყიდვებსაც ისინი აკეთებდნენ. შემოსავლების სამსახურმა ეს საქმე მოხალისეებს, ანუ რიგით მოქალაქეებს შესთავაზა, ხოლო მეტი მოტივაციისთვის ანაზღაურების თვითდაფინანსების სისტემა შემოიღო. ჩვენი ინფორმაციით, კერძო საგადასახადო ინსპექტორს ყოველი დაკისრებული ჯარიმიდან 20% ერგება.
თბილისში შემთხვევით შერჩეული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსში "კვირის პალიტრამ" რამდენიმე სავაჭრო ობიექტი შემოიარა. ყოველი მათგანი ბოლო ერთ თვეში რამდენჯერმეა დაჯარიმებული. მაგალითად, ცოტა ხნის წინ საოჯახო წვრილმანით მოვაჭრე მაღაზიაში მეზობელი მივიდა, მას ვითომდა ეჩქარებოდა და ჩეკის ამორტყმას არ დაელოდა. ეს მაღაზია სოლიდური თანხით დაჯარიმდა.
მანანა ღიბრაძე, მოვაჭრე: ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემოსავლების სამსახურმა უკვე ორჯერ დამაჯარიმა 500-500 ლარით. საჩივარიც დავწერე შემოსავლების სამსახურში, მაგრამ ჯერ არც კი განუხილავთ. ბოლო დროს ყოველდღე დადიან საეჭვო ადამიანები, ძირითადად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები და ათასგვარ პროვოკაციაზე მიდიან, როგორმე ვინმე კანონდარღვევაში რომ გამოიჭირონ.
საირა არაპეტიანი, საცხობის მფლობელი: უკვე ოთხჯერ დაგვაჯარიმეს. შემოსავლების სამსახურისგან წერილი მივიღეთ, რითაც ჯარიმები ძალაში დატოვეს. ერთხელ იმის გამო დაგვაჯარიმეს, რომ გამყიდველს შეეშალა და 40 თეთრის ნაცვლად 4 ლარის და 40 თეთრის ჩეკი ამოარტყა. ორჯერ იმის გამო, რომ ჩეკის ამორტყმა რამდენიმე წამით დააგვიანა. თბილისის გარდა, კერძო საგადასახადო ინსპექტორები რეგიონებშიც აქტიურობენ.
თბილისში დაჯარიმებული მეწარმეებისგან განსხვავებით, რეგიონებში დაჯარიმებული მოვაჭრეების უმრავლესობა დაჯარიმების ოქმის გასაჩივრებას არ აპირებს. მათი თქმით, რეგიონში არ არსებობს ერთი პრეცედენტიც კი, მეწარმეს საგადასახადოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოეგოს