ყოფილი ვიცე-პრემიერი ტონი ტანი სინგაპურის ახალი პრეზიდენტია. შაბათს დამთავრებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტანმა ამომრჩეველთა 35% მხარდაჭერა მიიღო. მან უახლოეს კონკურენტს სულ რაღაც 7269 ხმით მოუგო.
ექსპერტების აზრით ხმებს შორის ასე მცირე სხვაობა მიუთითებს იმას, რომ 1965 წლიდან მმართველი სახალხო მოქმედების პარტიის პოპულარობა და მხარდაჭერა კლებულობს, თუმცა ჯერჯერობით ეს პარტია ფაქტიურად ერთადერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ქვეყანაში.
არჩევნებში 2, 1 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. საპრეზიდენტო მარათონში ოთხი კანდიდატი იყო ჩართული. ასეთი რამ სინგაპურის ისტორიაში პირველად მოხდა. ერთზე მეტი კანდიდატი აქამდე მხოლოდ 18 წლის წინ იყო, როცა პირველად გაიმართა სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები. ბოლო ორ არჩევნებზე, 1999 და 2005 წლებში მოქმედ პრეზიდენტს, სელლაპან რამანატანს ალტერნატივა არ ჰყავდა. ის თავის უფლებამოსილებას 31 აგვისტოს ამოწურავს. პირველ სექტემბერს კი ახლადარჩეული პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას.
სინგაპურის პოლიტიკური ცხოვრებისთვის მიმდინარე წელი მართლაც უჩვეულო იყო. 7 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. მან 87-დან 81 სადეპუტატო მანდატი მიიღო. ოპოზიციურმა მუშათა პარტიამ 6 ადგილი მოიპოვა, რაც ოპოზიციისთვის სერიოზულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ხუთი წლის წინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მხოლოდ ორი ადგილის მოპოვება შეძლო.