დანიის პრემიერ-მინისტრმა (statsminister) ლარს ლეკე რასმუსენმა (Lars Løkke Rasmussen) განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართება.
პრემიერმა განაცხადა: „მე ვურჩიე მის უდიდებულესობა დედოფალს, რომ არჩევნები ხუთშაბათს, 15 სქეტემბერს გაიმართოს. მე ვუსურვებ დანიელებს წარმატებულ არჩევნებს.“ მისივე თქმით „მსოფლიო სავალო კრიზისის ფონზე დანიას მოუწევს გააკეთოს არჩევანი არაკონტროლირებად ვალსა და მტკიცე კეთილდღეობას შორის“.
რასმუსენი არის დანიის ლიბერალური პარტიის (Liberal party) ლიდერი, რომელიც კონსერვატიურ პარტიასთან (Conservatives) ალიანსში წარმოაადგენს მმართველ ძალას ქვეყანაში.
აქამე არჩევნების გამართვა ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური უძრაობისა და გაუარესებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიერი განიცდიდა პოლიტიკურ ზეწოლას როგორც ოპოზიციური ისე მმართველი კოალიციის მხრიდან, რომლებიც ითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს. მათი განცხადებით ქვეყანაში გაურკვევლობაა გამეფებული და ყველა ელოდება მომავალ ვადამდელ არჩევნებს.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად რასმუსენს გაუჭირდება თანამდებობის შენარჩუნება. მისი ძირითადი კონკურენტები სოციალ-დემოკრატი (Social Democrat) ჰელე ტორნინგ-შმიდტი (Helle Thorning-Schmidt) და დანიის სახალხო პარტიის (Socialist People Party) ლიდერი ვილი სოვნდალი (Villy Sovndal) ყველაფერს გააკეთებენ , რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ და საპარლამენტო მმართველი უმრავლესობა ჩამოაყალიბონ. გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად „არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს“ ოპოზიცია მიიღებდა ხმათა 51,5%-ს ხოლო ახლანდელი მმართველი კოალიცია 48,3%-ს.
დანიის ერთპალატიანი პარლამენტი, ფოლკეტინგი ( Folketinget ) 179 დეპუტატისაგან შედგება. დეპუტატები 4 წლის ვადით ირჩევიან. 139 დეპუტატი აირჩევა პრპორციული წესით 23 საარჩევნო ოქლში, ხოლო 40 სადეპუტატო ადგილი ნაწილდება იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც ვერ დააგროვეს საჭირო ხმები. ფარერების კუნძულები და გრენლანდია პარლამენტში თითოეული 2 დეპუტატით არის წარმოდგენილი. საარჩევნო ბარიერი ძალიან დაბალია და ის მხოლოდ 2%-ით განისაზღვრება.
დანია კონსტიტუციური მონარქიაა საპარლამენტო მმართველობით. 1972 წლის 14 იანვრიდან დანიის სახელმწიფო მეთაური და დედოფალია მისი სამეფო უმაღლესობა მარგრეტე II (Margrethe Alexandrine Þórhildur Ingrid).