[ნიკა მეტრეველი]
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 54,86%–ით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. სერგეი შამბამ - 21,04%, რაულ ხაჯიმბამ კი 19,83% მიიღო. ანქვაბის „ინაუგურაცია“ ერთ თვეში გაიმართება.
ახლადარჩეული „პრეზიდენტი“ მისი წინამორბედის კურსის გაგრძელებას აპირებს: „ჩვენ სერგეი ბაღაფშის კურსს გავაგრძელებთ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის მომხრე იყო და ამ კავშირებს მომავალშიც განვავითარებთ. ჩვენ მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირებას მოვახდენთ, რომ რუსეთმა ჩვენი აღიარებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო“.
რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, მისი თქმით, „ბრძოლა დაძაბული იყო, თუმცა ყველაფერი დავივიწყეთ და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის მზად ვართ“. ანქვაბი ირწმუნება, რომ აფხაზეთში დიქტატურა არასოდეს ჩამოყალიბდება და წესრიგი კონსტიტუციური გზით დამყარდება:
„საზოგადოებრივი წესრიგი აუცილებელია იმისთვის, რათა დამსვენებლებმა თავი უსაფრთხოდ იგძნონ, სახელმწიფო მმართველობაში კი წესრიგისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია“. ამასთან, ალექსანდრე ანქვაბი იმედოვნებს, რომ „ევროპა დაინახავს და აფხაზეთის არჩევნების დემოკრატიულობას თავის პოლიტიკაში გაითვალისწინებს“.
საერთაშორისო თანამეგობრობა დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს: „ნატო 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაშია ნათქვამი:
„ასეთი სახის არჩევნების ჩატარება ხელს არ უწყობს საქართველოში არსებული ვითარების მშვიდობიან და მდგრად გადაწყვეტას. მოკავშირეები ადასტურებენ თავიანთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში“.
აფხაზეთში ჩატარებულ კენჭისყრას ბუნებრივია არ ცნობს ევროკავშირიც. საერთაშორისო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომლითაც აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა.
ეშტონმა ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა: „ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის კონვენციის დაცვის საუცილებლობის საკითხი“.
სამაგიეროდ, პრეზიდენტმა მედვედევმა ალექსანდრე ანქვაბს აფხაზეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „აპსნიპრესი“ ალექსანდრე ანქვაბის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას მიესალმება.
„მრავალრიცხოვანმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩვენო პროცესს მაღალი შეფასებას მისცეს და აღნიშნეს, რომ სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. რუსეთში აფხაზეთის არჩევნების წარმატებას მივესალმებით. ეს ჩვენი მეგობარი მეზობელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ეტაპია“, - ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი „მოწოდებულია მასშტაბური სამუშაოები გააგრძელოს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების ყოველმხრივ გამყარებისათვის“.
საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო მორიგი უკანონო არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში. რაც შეეხება პოლიტიკურ ოპოზიციას, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას აზრით, ქართველებმა აფხაზური საზოგადოების არჩევანი უნდა გავითვალისწინოთ:
„ამ ე.წ არჩევნებში ასიათოსობით ქართველს მონაწილეობა არ მიუღია. ეს ფაქტია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქართველებმა უნდა გავითვალიწინოთ აფხაზური საზოგადოების არჩევანი და გადავდგათ ნაბიჯები ქართველებისა და აფხაზების შერიგებისკენ“.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით კი, „თამამად შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დემოკრატიული არჩევნები აფხაზეთში ტარდება“.
როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ანქვაბის გამარჯვება და კანდიდატების შორის ადგილების ასეთი თანმიმდევრობით გადანაწილებაც მოსალოდნელი იყო, თუმცა უცნაური სერგეი შამბას დაბალი მაჩვენებელი იყო:
„როგორც ჩანს, ანქვებმა და ხაჯიმბამ შამბასთვის ხმების წართმევა მოახერხეს. ეს აფხაზი ხალხის არჩევანია. მათ წესრიგი და კრიმინალის აღმოფხვრა სურთ. შესაბამისად, ახლა ანქვაბი თავისივე დაპირებების მძევალი გახდება და მას კრიმინალთან აქტიური ბრძოლა მოუწევს. სავარაუდოდ, ამას დემოკრატიის შესუსტებით გააკეთებს და აფხაზეთი მომავალი ავტოკრატიისკენ წავა“.
მისივე თქმით, „რუსეთის ფავორიტი ამ არჩევნებში სერგეი შამბა იყო, როგორც ჩანს, კრემლი არჩევნებში დიდად არ ჩარეულა, თუ კიტოვანის ინტერვიუს და ანქვაბის დისკრედიტაციის მცდელობას არ ჩავთვლით“:
„ასე, რომ, მართალია, აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებში არაერთი ხარვეზი იყო, თუმცა დანარჩენ საქართველოსთან შედარებით ეს არჩევნები გაცილებით დემოკრატიული იყო“.
დე ფაქტო არჩევნებს უცხოური მედიაც გამოეხმაურა. გერმანული გამოცემა „შტანდარტის“ შეფასებით, „აფხაზები პრეზიდენტებად პრორუსულ კანდიდატებს ირჩევენ“.
გამოცემა წერს, რომ აფხაზეთის ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა უკვე განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მომავალშიც დარჩება.
მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც უკვე სამი თვეა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელია, „არჩევნებამდე“ რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ გერმანულ სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფა საბოლოოა და ქვეყანა საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას კვლავ გააგრძელებს“.