ლიკანთან დაკავშირებით ყაზახებმა მთავრობა უკვე მესამედ მოატყუეს

ლიკანთან დაკავშირებით ყაზახებმა მთავრობა უკვე მესამედ მოატყუეს

ლიკანის სანატორიუმიდან გათავისუფლებული 300 ადამიანი ყაზახი ინვესტორებისაგან დაპირებულ სამუშაო ადგილებს დღემდე ელის. ლიკანი ისევ დანგრეულია. გაზაფხულზე საქართველოს მთავრობის წინაშე დადებული „პიონერული“ ფიცის მიუხედავად, ყაზახი ინვესტორები მთავრობის წინაშე აღებულ ვალდებულებას ძველებურად არ ასრულებენ.

 

2006 წელს ჩალის ფასად ნაყიდი სანატორიუმი, რომელიც დსთ-ს სივრცეში უნიკალურად მიიჩნევა, ყაზახებმა დაანგრიეს და მიატოვეს. „ყაზმუნაიგაზის“ მფლობელებმა ჯერ კიდევ 4 წლის წინათ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს მისცეს პირობა, რომ ლიკანის საკურორტო კომპლექსს საერთაშორისო სტანდარტებით მოაწყობდნენ, შემდეგ მორიგი პირობები მორიგ მინისტრებთან დაიდო - ჯერ ლაშა ჟვანიასთან, შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილთან.

 

თავის მხრივ, მინისტრები ყაზახებთან ერთად საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ლიკანი მალე აშენდებოდა. შარშან, ყაზახები ლიკანის დაქცევა-დანგრევისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკრიტიკა. მაშინ ყაზახებმა უკვე „პიონერული“ პირობა დადეს, რომ მაისიდან კომპლექსის მშენებლობას შეუდგებოდნენ და მოკლე ხანში ააშენებდნენ.

 

ამ დაპირებების მიუხედავად, ლიკანის სანატორიუმს, რომელსაც ძველად მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი სტუმრობდა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. სანატორიუმი დანგრეული და მიტოვებულია.  არც ახალი შენდება და ძველი ნანგრევები კი უნიკალური ბუნების იერსახეს ამახინჯებს.

 

„გაზაფხულზე ჩამოვიდნენ, თქვეს რომ მშენებლობას დაიწყებდნენ, მაგრამ არაფერია გაკეთებული. მხოლოდ დაანგრიეს, დაშალეს და მიატოვეს. უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვეს.  ყაზახების შემოსვლამდე სანატორიუმი აქტიურად მუშაობდა. ყოველ სეზონზე დამსვენებელი ჰყავდა. მართალია, სანატორიუმში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი სტანდარტები იყო შემორჩენილი, მაგრამ დამსვენებელი მაინც მოდიოდა. ვალდებულება აიღეს ასეულობით ადამიანი უმუშევარი დატოვეს და საქმეც არ გააკეთეს“, - ამბობს ბორჯომში მცხოვრები ლალი ტაბატაძე.

 

უკვე 4 წელია, „ყაზმუნაიგაზ-სერვისი“ ლიკანში საერთაშორისო დონის საკურორტო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ბორჯომი-ლიკანის ყოფილი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ „ყაზმუნაიგაზ-სერვისს“ 2006 წელს 10 მილიონ დოლარად მიჰყიდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპლექსის განახლება რამდენიმე წლის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ როგორც ყველა ინვესტორმა, ყაზახებმაც განაცხადეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისმა და აგვისტოს ომმა უარყოფითად იმოქმედა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. არადა, ყაზახებს კომპლექსის მშენებლობა ომამდე და კრიზისამდე უნდა დაესრულებინათ.

 

ყაზახებს ლიკანი, რომ ასაშენებელი ჰქონდათ, შარშან მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის შემდეგ გაახსენდათ. საქართველოს პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ყაზახური კომპანიის საქმიანობის შესახებ, რომლებმაც საპრეზიდენტო დონეზე ქართულ-ყაზახური მოლაპარაკების შემდეგ სასტუმროებისა და სამშენებლო ბიზნესში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს.

 

კრიტიკის კონკრეტული მიზეზი ყაზახური სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ იყო, რომელმაც კურორტი ლიკანი შეიძინა. თუმცა, პრეზიდენტის სიტყვებით, კომპანიამ „დაანგრია, არაფერი გააკეთა და უამრავი ადამიანი უმუშევრად დატოვა“.

 

„ბორჯომში პრობლემა გვაქვს, ყაზახებმა აიღეს „ლიკანი“, დაანგრიეს, 500 ადამიანი დატოვეს უმუშევრად და არაფერი არ ააშენეს. ეს იყო უნიჭოდ გაფორმებული კონტრაქტის შედეგი. სერიოზული დისკუსიები გვაქვს ყაზახეთის მთავრობასთან. თბილისშიც წარუმატებელი იყო მათი საქმიანობა. ყველაზე მეტად მე განვიცდი, რომ ბორჯომში დაგვრჩა ამდენი უმუშევარი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

აპრილში ასტანაში მთავრობის წევრების შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმის მშენებლობა მაისის ბოლოსთვის დაიწყებოდა. უფრო მეტიც, ლიკანის ტურისტულ კომპლექსში ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციაც კი გაიმართა.

 

მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ლიკანში განხორციელებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ბორჯომის რაიონსა და მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც ტურისტული ინდუსტრია შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. პირველ ეტაპზე ბორჯომი-ლიკანის კომპლექსში 350 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.  ფაქტი ერთია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირობა არც ამჯერად სრულდება. დასაქმების ნაცვლად, კომპლექსიდან 300 ადამიანი გაათავისუფლეს.

 

„300 კაცი გაუშვეს სახლში. იქ ექიმები იყვნენ, მუშა-მოსამსახურეები... ხალხი ჩამოდიოდა, ბიუჯეტში ფული შეჰქონდათ, თავიანთ თავსაც არჩენდნენ და ოჯახებშიც პრობლემა არ ჰქონიათ. ამათ კიდევ დაკეტეს, დაანგრიეს, მაგრამ ისეთი აშენებულია, რომ ბოლომდე ვერც დაანგრიეს და გაჩერდნენ. დაიწყეს პარკის მშენებლობა - ჩქარა-ჩქარაში მიაფუჩეჩეს და რას ჰგავს, კი ხედავთ“, - ამბობენ ბორჯომელები.

 

„ყაზმუნაიგაზ-სერვისი“ ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ნაციონალური კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიაა.  როგორც მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება უნიკალური კურორტის შენარჩუნების, ბორჯომში ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიიღო. 4 წლის განმავლობაში უნიკალური კურორტი მხოლოდ ნადგურდება.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქართველოს ხელისუფლებას ყაზახი ინვესტორების მიმართ არანაირი სანქცია არ გამოუყენებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამ საკითხზე პასუხი არც ამჯერად აქვთ.

 

საქართველოში ყაზახი ინვესტორები 2006-07 წლებში აქტიურობდნენ. მას შემდეგ ქვეყნის მიმართ ყაზახების ინტერესი შეწყდა. უფრო მეტიც მათ რამდენიმე დაკისრებული ვალდებულება აღარ შეასრულეს. ლიკანის სანატორიუმის გარდა, დღემდე არ აშენებულა აჭარაში ხორბლის ტერმინალი, ხოლო თბილისის იპოდრომი კვლავაც ძველებურად გამოიყურება.