[ბანკები და ფინანსები კესარია მაისურაძე]
ადგილობრივი ტურისტული ბიზნესი კრიზისის დასასრულის დასაწყისზე ალაპარაკდა. თითქმის ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ტუროპერატორებს შეკვეთები მოუმრავლდათ. თუმცა, ბიზნესი უწინდელ მაჩვენებლებს არ დაბრუნებია, ქართულ ტურისტულ ბიზნესს კრიზისმა ბევრი ვერაფერი ასწავლა. ბევრნი გათვლას ისევ სწრაფ და დიდ მოგებაზე აკეთებენ, რა თქმა უნდა, დაბალი სერვისისა და მაღალი ფასის ხარჯზე.
ამიტომ ადგილობრივი ტურისტები, სიიაფისა და კომფორტის ძიებაში, დასასვენებლად მეზობელ ქვეყანაში გარბიან, სხვა მეზობლებს კი ისევ ჩვენთან დასვენება ურჩევნიათ, მომსახურების დონის მიუხედავად.
უცხოელი ტურისტები, ძირითადად სომხეთიდან, ქობულეთსა და ბათუმს ირჩევენ, ქართველები კი თურქეთში, ანტალიისა და ბოდრუმის საზღვაო კურორტებზე მიემგზავრებიან, იშვიათად ეგვიპტეში. მიზეზი ხშირად ფასია. თუ ორი ადამიანი, ორი კვირის განმავლობაში თურქეთში 1200 დოლარად დაისვენებს, საქართველოს შავიზღვისპირა კურორტებზე, თითქმის იმავე დონის სასტუმროში ორადგილიანი ნომერი დღე-ღამეში 200 დოლარი ღირს.
საქართველოს ხელისუფლება საქმის ნაცვლად პიარით რომ არის დაკავებული, დღეს არა მხოლოდ ქართველებმა ვიცით, არამედ ბევრმა უცხოელმაც. მაშინ, როდესაც ქვეყანას 500 000-მდე დევნილი ჰყავს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 50% უმუშევარია, როდესაც პენსიონერის ასაკი საქართველოში ყველაზე მაღალია, ხოლო პენსია _ ყველაზე დაბალი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც სამამულო ომისა და ასევე აფხაზეთში და ცხინვალში მებრძოლ ვეტერანებს არც რაიმე შეღავათები აქვთ და არც ღირსეული პენსია (მათი კუთვნილი დახმარება 122 ლარს შეადგენს, რაც 10-ჯერ ნაკლებია საქართველოს ხელისუფლების მიერ მუდმივად ქილიკის ობიექტად ქცეულ რუსეთის ფედერაციაში არსებულ დახმარებასთან შედარებით, სადაც ვეტერანთა პენსიები 600 აშშ დოლარის ეკვივალენტია რუსულ რუბლებში, ხოლო პენსია – 300 დოლარის, საპენსიო ასაკი კი 60 წელია), როდესაც კატასტროფული მდგომარეობაა ჯანდაცვაში, სადაც ადამიანების დაღუპვა უსახსრობის გამო ჩვეულებრივი მოვლენადაა ქცეული _ ამ დროს ჩვენი ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს მილიონობითი დოლარი დახარჯოს მომღერლების თუ ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩამოყვანაში.
ჩვენი ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია გვიცხადებს, რომ ბათუმის მსგავსი კურორტი მსოფლიოში არ არსებობს, რომ ის გაცილებით სჯობს ნიცას და სენ-ტროპეს, ანტალიასა და საბერძნეთის პლაჟებზე უკვე აღარაფერს ვამბობთ.
ზოგადად, ბათუმი ყველასათვის საყვარელი ქალაქია, მაგრამ სინამდვილეს არ უნდა გავექცეთ. ბათუმი ნამდვილად არ არის განუმეორებელი კურორტი, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტებით საპორტო ქალაქი იმავდროულად ვერ იქნება მაღალი კლასის საკურორტო ქალაქი, მით უმეტეს, თუ ამ ქალაქთან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაცაა და მისგან მონაბერი სუნი არა მხოლოდ ტურისტს, ამ სუნს მეტ-ნაკლებად მიჩვეულ ბათუმელებსაც აწუხებს. ასევე, შეუძლებელია მოიზიდო ტურისტი ზღვაზე, სადაც პირდაპირ ზღვაში ფეკალური მასები ჩაედინება.
წელს ჩვენი ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ 3 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდოდა აჭარაში. მაგრამ თვით მთავრობის ერთგულმა `იმედმა” საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აჭარაში ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირას არისო. არ შეიძლება ეს სითამამე არ მოვუწონოთ მათ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ აჭარაში არა ჩავარდნის პირას, არამედ ჩავარდა ტურისტული სეზონი. მიზეზი მრავალია: გადათხრილია მთელი ქალაქი, გარდა ერთი ქუჩისა, რომელზეც `შერატონია~ აშენებული; ზღვაში ფეკალური მასები ჩაედინება: ძვირია სასტუმროები: ცუდია სერვისი. სამაგიეროდ, ყვავის პიარი. მილიონობით ლარი და ყვითელი ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი ენრიკე იგლესიასის კონცერტზე და კიდევ მრავალი სხვა პიარ-აქცია აჭარას ტურისტს ვერ გაუმრავლებს.
ამჯერად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ათასგზის ნაქებ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ ადგილობრივებიც და სტუმრებიც, ყველა ხედავს,
თუ როგორ ჩაედინება ფეკალური მასა იუსტიციის სასახლის შემოგარენიდან ზღვაში, ასევე დაბინძურებულია მის შორიახლო მდებარე ტბაც, რომელსაც ხშირად შორი კადრით გვანახებენ ხოლმე ჩვენი ტელეარხები. ამ ყველაფრის ნახვა ყველას შეუძლია. ამ ფონზე, ადვილი მისახვედრია, რატომ იკლო ტურისტთა რაოდენობამ თუნდაც ჩვენი უახლოესი მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან. ამას ერთხელ რომ ნახავს კაცი, მეორეჯერ არამც თუ აქ, ალბათ, საერთოდ აღარ მოუნდება შავ ზღვაში შეცურვა.