[მანანა ნოზაძე]
მოსკოვმა მუამარ კადაფის რეჟიმის აღსასრული, ბოლოსდაბოლოს, ირწმუნა. მოსკოვში მდებარე ლიბიის საელჩოს შენობაზე უკვე აღარ ფრიალებს არაბეთის სოციალისტური ჯამახირიის მწვანე დროშა. ჯერჯერობით, უცნობია დიპლომატიური მისიის შენობაზე როდის აღმართავენ გამარჯვებული ლიბიელი მეამბოხეების დროშას.
ამასობაში, უფრო წინდახედულად მოიქცნენ უკრაინასა და ბელორუსიაში განთავსებული ლიბიის საელჩოების თანამშრომლები, მათ მუამარ კადაფის მხარდამჭერთა მწვანე დროშა უკვე ჩაანაცვლეს ლიბიის ოპოზიციის სამფეროვანი ალმით.
რუსეთი კარგა ხანს თანაუგრძნობდა კადაფის და მის მოწინააღმდეგე ნატოს ძალებს ლიბიაზე იერიშის მიტანაში ადანაშულებდა. თუმცა, როცა გამარჯვების სასწორი დასავლური კოალიციისა და ამბოხებულებისკენ გადაიხარა, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც არ დააყოვნა: პოლკოვნიკ კადაფის ხელისუფლებიდან წასვლისკენ მოუწოდა, იგი სამხედრო დამნაშვედ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ლიბიის ლიდერმა ლეგიტიმურობა დაკარგა. მედვედევის ამ განცხადების მიუხედავად, რუსეთში ძლიერი ლიდერების კულტი მუდამ არსებობდა, არც კადაფი გახლდათ გამონაკლისი.
დღესაც კადაფის მხარდამჭერი არაერთი საიტია გახსნილი რუსეთში, მათ შორის, Kaddafi.ru da za-kaddafi.ru. ამ საიტებზე ლიბიის ყოფილი ლიდერის „ოქროს სიტყვებსაც“ შეხვდებით. მათ შორის, კადაფისეული ისეთი ამბიციური ფრაზებიცაა, როგორიცაა: „ყველა დიდებული წინასწარმეტყველი უდაბნოდან მოვიდა: მუჰამედი, იესო და მე“... (ალბათ მუამარ კადაფი ამაში თავის ბედუინურ წარმომავლობას გულისხმობდა). „მე რევოლუციონერი ვარ, მე ბედუინი ვარ, მე კარავში მცხოვრები ადამიანი ვარ, მე აქ მოვკვდები, როგორც წამებული. არ დაუჯეროთ ტელევიზიას, რომელიც მაწანწალა ძაღლებს ეკუთვნით“...
სავარაუდოდ, პოლკოვნიკი კადაფი საკუთარი რეზიდენციის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა გვირაბიდან გაიქცა. მოგვიანებით კი ექვსი ბრონირებული მანქანისგან შემდგარი კადაფის ესკორტი ალჟირის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგაც ლიბიაში არეულობა არ შეწყვეტილა. ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტების თვალწინ მთელი მათი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე საშინელი სანახაობა გადაიშალა. საავადმყოფოში ასობით დახოცილი ქალი, ბავშვი და მამაკაცი მიიყვანეს. ჟურნალისტები გაოგნებულნი დარჩნენ, როცა ტრიპოლის საავადმყოფოებში მიცვალებულებს შორის არაერთი ცოცხალი ადამიანი შენიშნეს, რომლებიც ექიმებმა მიატოვეს.
ამასვე ადასტურებენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც. ერთ-ერთი ლიბიელის თქმით, საავადმყოფოში მიყვანილ მიცვალებულებს შორის რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა ექიმებმა საავადმყოფო დაკეტეს, მედპერსონალი კი გაიქცა. ფრანს-პრესის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის იყო, რომ აბუ-სალიმის საავადმყოფოს შენობაში კადაფის მომხრე სნაიპერები განლაგდნენ და გაშმაგებული ბრძოლები მიმდინარეობდა ამ საავადმყოფოს დასაკავებლად.
10 წლის ბიჭის მამამ კი აღნიშნა, რომ ტრიპოლის სამთავრობო შენობის მახლობლად ზურგში დაჭრილი მისი შვილი თითქმის ერთი კვირის მანძილზე ექიმებისგან მიტოვებულად იწვა იმ სიცხეში. მის გარშემო კი მხოლოდ გარდაცვლილები ეყარა. მამამ ვაჟის ადგილსამყოფელი არ იცოდა, ამიტომაც ხუთი დღის შემდეგ დაიბრუნა შვილი.
მეორე ადგილობრივი მკვიდრი აცხადებს, რომ გარდაცვლილების ნეშტები უპატრონოდ ეყარა და არავინ ზრუნავდა მათ მორგვში წაღებაზე თუ ამოცნობაზე. იმის გამო, რომ საავადმყოფოში გვმების აუტანელი სუნი იდგა, უბრალო ადამიანებმა საავადმყოფოს მოწესრიგება გადაწყვიტეს, თუმცა გარდაცვლილთა სიმრავლის გამო ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენად, მოსახლეობა წითელი ჯვრის დახმარების მოლოდინშია.
რაც შეეხება დატყვევებულებისადმი დამოკიდებულებას, ამაში კონფლიქტის ორივე მხარე სცოდავს. Amnesty International-ის ინფორმაციით, ტყვეებს სასტიკად ეპყრობიან. უკვე გამოვლინდა არაერთი წამებისა და დახვრეტის ფაქტი. ცოტა ხნის წინ მუამარ კადაფის მომხრეებმა ციხეში მცირეწლოვან პატიმრებზე იძალადეს, უკვე მოგვიანებით კი გამარჯვებული მეამბოხეები სასტიკად მოექცნენ კადაფის მომხრეებს, მათ შორის, ნაცემია მოზარდიც.
დასავლეთსა და ლიბიას შორის დაძაბულობამ პიკს ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში მოსვლის შემდეგ მიაღწია, რომელმაც კადაფის მოშორება სცადა. რეიგანის ადმინისტრაცია ლიბიას უყურებდა, როგორც მეომარ გაიძვერა ქვეყანას მისი უკომპრომისო დამოკიდებულების გამო პალესტინის დამოუკიდებლობასთან მიმართებით, ასევე, რევოლუციური ირანის მხარდაჭერის გამო. ცნობილია, რომ კადაფი პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ძლიერი მხარდამჭერი გახდა. დასამალი არაა, რომ რეიგანი აღფრთოვანებაში მოჰყავდა კადაფის პერსონას და მას „აღმოსავლეთის გიჟ ძაღლსაც“ უწოდებდა.
თავის მხრივ, ამერიკის პრეზიდენტს სიტყვა-პასუხით არც მუამარ კადაფი ჩამორჩებოდა და აღნიშნავდა, რომ რონალდ რეიგანი ცეცხლს ეთამაშებოდა, მას დედამიწაზე მშვიდობა არ აინტერესებდა, არამედ მისთვის სამყარო თეატრი და გართობა იყო. მოგვიანებით კი მუამარ კადაფი კმაყოფილებით აცხადებდა, რომ რეიგანს ალცჰეიმერის დაავადება შეხვდა, რის გამოც ჭკუიდან გადავიდა და დაოთხილი ხოხავდა.
მართალია, თავისი ძალაუფლების ზენიტში მყოფი კადაფი მედიდურად აცხადებდა, რომ ამერიკა მის წინაშე ცხვირს მოიტეხდა, მაგრამ ლიბიაში კოალიციური ძალების სამხედრო ჩარევის შემდეგ ტონალობა შეარბილა და ბარაკ ობამა „საკუთარ შვილად“ მოიხსენია.
„შვილო ჩემო“, – ამგვარად მიმართა სამგვერდიან წერილში მუამარ კადაფმა ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და მოუწოდა, შეეწყვიტა უსამართლო ომი ლიბიაში. თუმცა ადრესატის ნაცვლად, ჰილარი კლინტონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დათმობა არ იქნებოდა. ობამას მოლბობა მუამარ კადაფის მიერ მისი სახელის სრულად დასახელებამაც ვერ შეძლო – „ბარაკ ჰუსეინ აბუ ობამა“, რითაც კადაფმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მუსულმანურ სამყაროსთან ობამას წარმომავლობას. კადაფი ხომ ადრევე ამყარებდა ობამაზე იმედს და მას კენიისა და აფრიკის შვილად მიიჩნევდა.
მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფმა და მისმა მეგობრებმა 1963 წელს ჩამოაყალიბეს საიდუმლო ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა პროდასავლური ორიენტაციის მქონე მონარქის გადაგდება. ბენღაზის სამხედრო აკადემიაში უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ 1965 წელს კადაფი ხანგრძლივი წვრთნებისთვის გაგზავნეს ბრიტანეთის სტაფის კოლეჯში, საიდანაც 1966 წელს დაუბრუნდა სამშობლოს.
1969 წლის 1 სექტემბერს კადაფის მეთაურობით, ოფიცრების მცირე ჯგუფმა მოაწყო უსისხლო სამხედრო გადატრიალება მეფე იდრის პირველის წინააღმდეგ, რომელიც იმხანად ბერძნული მხარის მიპატიჟებით სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობას იტარებდა. მისი ძმისწული სამეფო ტახტის პრინცი საიდ ჰასანი კი მეფე უნდა გამხდარიყო. 1 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ საიდ ჰასანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს მონარქია და ახალი არაბული რესპუბლიკა გამოაცხადეს.
კადაფმა კონტროლი დაამყარა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ დიდ კომპანიებზე, თუმცა არ შეხებია წვრილ და საშუალო ბიზნესს. კეთილდღეობა, თავისუფლება და განათლება გახდა სახელმწიფოს პრიორიტეტი. ისლამური მორალიდან გამომდინარე, მან ქვეყანაში აკრძალა ალკოჰოლი და აზარატული თამაშები. პოლკოვნიკის სამხედრო ტიტული კი კადაფმა მმართველობის ბოლომდე შეინარჩუნა.
მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლა ებრაელთა დევნით აღინიშნა. 1969 წელს ლიბიაში 100 ებრაელი იყო შემორჩენილი. მისი მმართველობის დროს კი ყველა ებრაელის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. მის მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად, 1974 წლისათვის მხოლოდ 20 ებრაელი დარჩა ლიბიაში. 2002 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ებრაელი ესმერალდა მეგნაგი, რითაც დასრულდა ებრაელობის გრძელი ისტორია ლიბიაში.
2004 წელს კადაფი ლიბიის მთავრობის წინაშე ებრაელთათვის კომპენსაციის გადახდის ინიციატივით გამოვიდა, რომლებსაც მისი მმართველობის დროს მოუწიათ ლიბიის დატოვება. ამავე წლის ოქტომბერში კადაფი შეხვდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომპენსაციებზე სადისკუსიოდ. თუმცა დისკუსიის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ებრაელები, რომლებმაც დატოვეს ლიბია და გადასახლდნენ ისრაელში, კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულად იტალიისა და ლიბიის სახელი მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. 1912 წელს იტალიამ თურქეთის სულთანს სამი რეგიონი წაართვა: კირენაიკა, ტრიპოლიტანია და ფეცანი.
თავისი კარიერის დასაწყისში იტალიური ფაშიზმის მამამთავარი ბენიტო მუსოლინი იტალიის მიერ ამ რეგიონების მისაკუთრებას ღიად აკრიტიკებდა, რის გამოც ციხეშიც მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით ამას აღარ ეწინააღმდეგებოდა. ამასობაში კი ჩრდილო აფრიკაში იტალიური კოლონიის გუბერნატორმა ამ სამ რეგიონს „ლიბია“ უწოდა. თავის დროზე სწორედ ამ სახელით იყო ცნობილი ეს ჩრდილოაფრიკული რეგიონი რომის იმპერიაში. 1913 და 1915 წლებში ლიბიელი ხალხი იტალიელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ აჯანყდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიამ ლიბია დაკარგა. ლიბიის სათავეში ადგილობრივი მეფე იდრისი აღმოჩნდა. თუმცა მისი მემკვიდრე საიდ ჰასანი ხელისუფლებას კადაფის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების გამო ჩამოშორდა.
მუამარ კადაფის უცნაურობანი საქვეყნოდ იყო განთქმული. შეიძლება ითქვას, მან შექსპიროლოგიაშიც „გადატრიალება“ მოახდინა, როცა ცნობილი ინგლისელი დრამატურგი უილიამ შექსპირი არაბ ემიგრანტად გამოაცხადა. მისი მონაცემებით, მომავალ უილიამ შექსპირს სამშობლოში, არაბეთში, შეიხ ზუბეირის სახელით იცნობდნენ.
ლიბიის ლიდერს ძლიერი ქალბატონები იზიდავდა. გერმანულ Spiegel-თან საუბარში მუამარ კადაფი აცხადებდა, რომ განსაკუთრებულად აფასებდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. „იგი ძალიან ძლიერი პიროვნებაა. უფრო მამაკაცია, ვიდრე ქალი“. ალბათ, ასეთი შეფასების შემდეგ ანგელა მერკელი მუამარ კადაფის მიმართ მადლიერი ვერ დარჩებოდა. სამაგიეროდ, უფრო გაუმართლა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს. ამ დღეებში მასმედია მისდამი კადაფის უიღბლო სიყვარულზე ალაპარაკდა. ამბოხებულებმა მის დარბეულ რეზიდენციაში კონდოლიზა რაისის ფოტოებით სავსე ალბომი იპოვეს. ფამილარულად მას „ლიზად“ მოიხსენიებდა და განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა მის მიმართ.
„ძალიან მიყვარს ეს ქალბატონი. მე მხარს ვუჭერ ჩემს ძვირფას მუქკანიან აფრიკელ ქალბატონს. აღფრთოვანებული ვარ და ვამაყობ იმით, თუ როგორ აძლევს განკარგულებებს არაბ ლიდერებს... ლიზა, ლიზა, ლიზა... აღფრთოვანებული ვარ და ვამაყობ მისით, იმიტომ, რომ ის აფრიკული წარმომავლობის მუქკანიანი ქალია“ – გაუმხილა „ალ-ჯაზირას“ ტელევიზიას და 2007 წელს პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ბრილიანტის ბეჭედი და ძვირფასი გულსაბნევი მიუძღვნა საოცნებო ქალს. რაც შეეხება მამაკაცებს, მუამარ კადაფი ყველაზე ახლობელ ევროპელ მეგობრად იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ასახელებდა, ხოლო აღმოსავლეთში –ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ ახმადინეჯადის.
კიდევ ერთი, ამჯერად მუამარ კადაფის რეჟიმისგან განთავისუფლებულ ლიბიაში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც აპირებს ჩასვლას. ეს ის სარკოზია, რომელიც კადაფის ვაჟმა საიფ ალ-ისლამმა ყველაზე მეტად „შეამკო“ და მას ჯამბაზი უწოდა.
„პირველი, რასაც ამ ჯამბაზისგან (საუბარია სარკოზიზე) მოვითხოვთ, ისაა, რომ დაუბრუნოს ფული ლიბიელ ხალხს. ჩვენ მას დავეხმარეთ, რათა იგი დახმარებოდა ლიბიელებს. თუმცა მან იმედები გაგვიცრუა. მაშინ დაგვიბრუნოს ჩვენი ფულები. ყველანაირ დოკუმენტაციას ვფლობთ: საბანკო ანგარიშებს, საბანკო გადარიცხვებს და ამ ყველაფერს მალე გამოვამზიურებთ“, – აღნიშნავდა საიფ ალ-ისლამი.
მისივე თქმით, სარკოზიმ მათგან წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის სოლიდური თანხა აიღო, მოგვიანებით კი კადაფის ოჯახს სიკეთე იმით „გადაუხადა“, რომ პირველმა აღიარა მათი მოწინააღმდეგე, ლიბიის ნაციონალური რევოლუციური საბჭო.