კრემლმა 100 ათასზე მეტი ჩეჩენის განადგურებით გული ვერ იჯერა და ამჯერად ამბოხებული ერის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასდევს.
მოსკოვი გაღიზიანებას ვერ მალავს, რომ პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი იმართება. საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის ჩატარება ჩრდილო კავკასიაში არსებული სიტუაციის შერყევის მცდელობაა“.
მოსკოვის პროტესტის და გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური ვარშავის დამოკიდებულება ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის პოლონეთში ჩატარებისადმი ლოიალურია. კონგრესის პრეზიდენტი და მთავარი ორგანიზატორი დენი ტეპსი კი აცხადებს, რომ კონგრესზე წამოყენებული იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისა, რომელიც კავკასიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საკითხებს შეისწავლის და 20 ათასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ბედით დაინტერესდება.
ევროპა–რუსეთის განსაკუთრებულ დავას ლონდონში მცხოვრები ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის, ახმედ ზაკაევის ფიგურა იწვევს. მოსკოვი წლების მანძილზე ზაკაევის დაპატიმრებას და ექსტრადაციას მოითხოვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონურმა მხარემ მოსკოვის გაღიზიანება გაითვალისწინა და ახმედ ზაკაევის დაპატიმრებაზე სანქცია გასცა.
ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი პოლონეთში დღეს იხსნება. კონგრესში მონაწილეობას 200–მდე ეთნიკური ჩეჩენი მთელი მსოფლიოდან. სტუმართა შორის ასევე არიან ევროპარლამენტისა და გაეროს წარმომადგენლები.
აღნიშნული კონგრესის მოწვევისა და გამართვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. პოლონეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ალექსეევმა კრემლისა და კადიროვის საწინააღმდეგო ამ კონგრესის ჩატარებას „ძალიან საშიში საქმე“ უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესს ასევე უნდა დაესწროს ლონდონში მცხოვრები ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური ახმედ ზაკაევი, რომელსაც მოსკოვი „ტერორიზმში“ ადანაშაულებს.
2000 წელს ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი კოპენჰაგენში ჩატარდა. მაშინ რუსეთის მთავრობამ დანიის მთავრობას ახმედ ზაკაევის დაპატიმრება მოთხოვა. ზაკაევი მართლაც დააკავეს, მაგრამ მალევე გაუშვეს, ვინაიდან დანიურმა მხარემ ჩათვალა, რომ რუსეთმა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.
„მე მივიღე მოწვევა და მხარს ვუჭერ ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის მიზნებსა და ამოცანებს“, – განაცხადა ზაკაევმა.
ამავე დროს, რუსეთის ელჩი პოლონეთში ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ პოლონეთში 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონგრესისადმი მოსკოვის დამოკიდებულება უკიდურესად ნეგატიურია.
„რუსეთის ფედერაცია აწარმოებს მძიმე ბრძოლას მსოფლიო ტერორიზმთან. შეუძლებელია ტერორიზმი იყოს ნაციონალური და მას არ აქვს რელიგიური ელფერი“, – აცხადებს ელჩი. მისივე თქმით, მოსკოვს აქვს უტყუარი ფაქტები იმისა, რომ ზაკაევი ტერორისტული საქმიანობით იყო დაკავებული. ამიტომაც, მისივე თქმით, როდესაც რუსეთის ფედერაციას აქვს ინფორმაცია, რომ ტერორიზმში ბრალდებული ესა-თუ ის პიროვნება, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, იგი ამ ქვეყნის მთავრობას მიმართავს მისი დაპატიმრებისა და ექსტრადაციის მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოსკოვის პროტესტისა, პოლონური მხარის დამოკიდებულება ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის პოლონეთში ჩატარებისადმი ლოიალურია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი „ყურადღებით და გულისყურით“ ადევნებს თვალს კონგრესის ჩატარებისადმი მომზადებას.
„იმედი მაქვს კონგრესზე არ იქნება წინ წამოწეული საკითხები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ მთლიანობას და რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს ურთიერთობებს მოსკოვთან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარცინ ბოსაცკიმ და თვდაპირველად დასძინა, რომ პოლონეთის მთავრობას არავითარი საფუძველი არ აქვს იმისა, რომ თავის ტერიტორიაზე ახმედ ზაკაევი არ შეუშვას.
კონგრესის პრეზიდენტი და მთავარი ორგანიზატორი დენი ტეპსი კი აცხადებს, რომ კონგრესზე წამოყენებული იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისა, რომელიც კავკასიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საკითხებს შეისწავლის და 20 ათასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ბედით დაინტერესდება.
„ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესის ჩატარება ჩრდილო კავკასიაში არსებული სიტუაციის შერყევის მცდელობაა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პოლონეთში ჩეჩენი ხალხის საერთაშორისო კონგრესის ჩატარების ინფორმაციის კომენტირებისას.
„ვაფრთხილებ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ე.წ. იჩქერიის რესპუბლიკის წარმომადგენლები ევროპაში ცდილობენ ჩაატარონ ღონისძიებები რომლებიც სულაც არ უწყობენ ხელს ჩრდილო კავკასიაში სიტუაციის ნორმალიზებას. მეტიც ეს ღონისძიებები მიმართული იქითკენ, რომ იქ სიტუაცია ყოველთვის არეული იყოს“, – აცხადებს ლავროვი.
მისივე თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „არის მთელი რიგი პერსონებისა, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან და ცდილობენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ. იმედი გვაქვს ჩვენი პოლონელი პარტნიორები ყოველივეს სრული პასუხისმგებლობით მიუდგებიან“, – განაცხადა ლავროვმა.
როგორც ჩანს, ბოლო მომენტში პოლონურმა მხარემ მოსკოვის გაღიზიანება გაითვალისწინა და გავრცელებული ინფორმაციით, ახმედ ზაკაევის დაპატიმრებაზე სანქცია გასცა. განცხადება ამის შესახებ დღეს პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა მარიუშ სოკოლოვსკიმ გააკეთა.
„პოლონეთის პროკურატურამ ჩეჩნეთის ემიგრაციული მთავრობის ხელმძღვანელის ახმედ ზაკაევის ძებნასა და დაკავებაზე ორდერი გასცა. ზაკაევზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული“, – განაცხადა სოკოლოვსკიმ.