საქართველოს სეპარატისტული რეგიონი პრეზიდენტს ირჩევს

საქართველოს სეპარატისტული რეგიონი პრეზიდენტს ირჩევს

[Forbes.com  რუსლან ხაშიგი  მაიკლ მეტცელი]

სოხუმი, საქართველო. აფხაზეთი, რომელსაც ერთ დროს საბჭოთა რივიერას უწოდებდნენ, პარასკევს ახალ პრეზიდენტს ირჩევს – ერთმანეთს პოსტისთვის ეპაქრება სამი კანდიდატი, რომლებიც 1990-იან წლებში საქართველოსთან ომის ვეტერანები არიან.

აფხაზეთი, რომელიც შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის მდებარეობს, ხოლო პოლიტიკურად რუსეთსა და საქართველოს შორისაა გამომწყვდეული, მოსკოვის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ (2008 წ.), პირველად ატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს.

რუსეთმა რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ აღიარა. პროცესებში კიდევ ერთი ქართული სეპარატისტული რეგიონიც იყო ჩართული – სამხრეთ ოსეთი. საპრეზიდენტო არჩევნები აღიარების სამი წლის თავზე ტარდება.

მაგრამ საქართველო აქ დისლოცირებულ რუსულ ჯარს დღემდე „საოკუპაიოს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ დააბრუნებს დაახლოებით 200,000 ლტოლვილს აფხაზეთში, რომელიც ფართობით კოსოვოს ტოლია. აშშ და ევროპის კავშირი ორივე პროვინციას საქართველოს „შემადგენელ“ ნაწილად მიიჩნევენ.

საარჩევნო უბნები პარასკევს დილით გაიხსნა, პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებიდან ზუსტად სამ თვეში. მან განამტკიცა ქვეყნის პრო-რუსული კურსი, რასაც მოსკოვის გულუხვი ფინანსური დახმარებაც უმაგრებდა ზურგს. რუსეთს აფხაზეთში დაახლოებით 5,000 სამხედრო და მესაზღვრე ჰყავს დატოვებული.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი დისტანცირდა არჩევნებისგან და ის თუ ვინ ლიდერობს არჩევნებში, უცნობია.

საარჩევნო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეგისტრირებულია დაახლოებით 145,000 ამომრჩველეი და წინასწარი შედეგები შაბათს გამოცხადდება. თითოეულ პასპორტს, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, შტამპს დაარტყამენ.

ყველა კანდიდატი რუსეთთან მჭიდრო კავშირს უჭერს მხარს. პროგნოზირებენ საქართველოსა და რუსეთს შორის შემდგომ დაძაბულობას იმ რეგიონის გამო, რომელიც ზუსტად სოჭის, იმ რუსული ქალაქის სამხრეთით მდებარეობს, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სთხოვა რუსეთს გადაეტანა თამაშები სხვა ადგილას, რადგან ტერიტორია ძალიან ახლოს მდებარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ბოიკოტით იმუქრებოდა. რუსები და აფხაზები ამტკიცებენ, რომ საქართველო შეეცდება ღონისძიების ჩაშლას ტერორიზმის მეშვეობით.

პრეზიდენტობის კანდიდატები- ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა სასტიკად უარყოფენ საქართველოსთან ხელახალ გაერთიანებას.

59 წლის ანქვაბი, ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, პრზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ყოფილი კომუნისტი ჩინოვნიკი და აფხაზეთის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ხუთჯერ გადაურჩა მკვლელობის მცდელობას. ამ ინციდენტებს ის ადგილობრივ კრიმინალებთან დაპირისპირებით ხსნის.

60 წლის პრემიერ-მინისტრი შამბა, საშუალო საუკუნეების ისტორიის ყოფილი სპეციალისტია. შემდეგ ის შეირაღებული რაზმების გავლენიან მეთაურად იქცა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც ეკავა. ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა კი სუკის ყოფილი ოფიცერია. ის სათავეში ედგა აფხაზეთის სადაზვერვო სამსახურს და ერთ დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც ეკავა.

ხაჯიმბამ 2004 წელს, მიუხედავად რუსეთის პრემიერ-მინისტრის, პუტინის ღია მხარდაჭერისა, წააგო საპრეზიდენტო არჩევნები. ბაღაფშის გამარჯვება კინაღამ სამოქალაქო ომის მიზეზი გახდა, მაგრამ რუსეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაიმუქრა და პრეზიდენტს ურჩია ხაჯიმბა მის მოადგილედ დაესახელებინა.

ხაჯიმბა სასტიკად აკრიტიკებდა კორუფციას დღევანდელ მთავრობაში. ის ამბობს, რომ აფხაზეთმა ეკონომიკური დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს მოსკოვისგან, უნდა ისწავლოს „საკუთარი თავის შენახვა“, ამოძირკვოს კორუფცია და წვრილმანი კრიმინალი, რომლებიც აფრთხობენ ტურისტებს.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა კრემლის მეგობარმა, ლათინური ამერიკის ორმა ქვეყანამ და წყნარი ოკეანის პაწაწინა სახელმწოფომ ნაურუმ.

კომუნისტურ ეპოქაში აფხაზეთი საბჭოთა საქართველოს ავტონომიური პროვინცია იყო და მისგან ეთნიკურად განსხვავდებოდა. მისი მოსახლეობა დიდ მოგებას იღებდა ათასობით საბჭოთა ტურისტისგან, ხოლო ხილი და ღვინის ექსპორტი მისი სასოფლო-სამეურნეო სექტორის აყვავებას განაპირობებდა.

1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს მთავრობის ნაციონალისტურმა პოლიტიკამ საქართველოს ცენტრალურ მთავრობასა და მის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის დაძაბულობა და სამოქალაქო ომი გამოიღო შედეგად.

1990-იან წლებში აფხაზეთის ეკონომიკამ, რომელიც ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, ღრმა რეცესია განიცადა, ხოლო საქართველოსთან დაპირისპირება გრძელდებოდა.

foreignpress