რატომ ვაღიზიანებთ დათვს?

რატომ ვაღიზიანებთ დათვს?

[The American Conservative  პატრიკ ბიუკენენი]

სენატი ცივი ომის განახლებას ცდილობს? თუკი ეს ასეა, მაშინ ის სწორ გზას ადგას.

ხუთდღიან არდადეგებზე გამგზავრებამდე, სენატმა ხმა მისცა რეზოლუციას, რომელშიც აცხადებს, რომ საქართველოს პროვინციები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთის არმიას უკანონოდ აქვს ოკუპირებული და მან უნდა დატოვოს ეს რეგიონები და რუსეთში დაბრუნდეს. რეზოლუციას სენატმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.

რა პრობლემას წარმოადგენს სენატის 175-ე რეზოლუცია?

აი რას. აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც უკვე 20 წელია რაც საქართველოს კონტროლს მიღმა არიან. როდესაც საქართველო რუსეთს გამოეყო, ეს ეთნიკური ანკლავები აჯანყდნენ და საქართველოს გამოეყვნენ.

აფხაზებიც და ოსებიც ვაშინგტონის ფავორიტი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს თბილისში სიძულვილით უყურებენ და ახლახანს ორივემ ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ვინ ვართ ჩვენ, რომ მოვთხოვოთ მათ თბილისის მმართველობის ქვეშ დაბრუნება?

სენატის 175-ე რეზოლუციის თანაავტორი ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ „რუსეთის ინტერვენცია საქართველოს მიწაზე 2008 წელს აგრესიიის აქტი იყო და არამხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ახალი დემოკრატიის მიმართ“.

ეს ნეოკონსერვატორთა პროპაგანდაა. რუსული არმია ამ რეგიონებში იმიტომ იმყოფება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო შეიჭრა სამხრეთ ოსეთში მისი ხელახალი ანექსიისთვით, და მოკლა და დაჭრა ბევრი რუსი მშვიდობისმყოფელი. საქართველოს ინტერვენცის მოჰყვა რუსეთის არმიის მოქმედება, რომელმაც ქართველები ტერიტორიიდან გაყარა და უშუალოდ საქართველოს ზოგიერთი ტერიტორია დაიკავა.

რუსულმა არმიამ საქართველოს ტერიტორია დატოვა, მაგრამ ის დარჩა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სააკაშვილისთვის შეკავების ფაქტორის სახით, რომლის აგენტებიც მუშაობენ კონგრესში იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარეს დადგომისა და რუსეთთან კონფრონტაციისკენ უბიძგონ.

როგორც გრემისა და სენატორ ჯინ შაჰინის მომზადებული 175-ე რეზოლუცია ამბობს, შეერთებული შტატების პოლიტიკა შემდეგია: „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს რეგიონებია, ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ“. მაგარამ ამ რეგიონებში რუსებს ბევრად უფრო მიესალმებიან, ვიდრე ქართველებს.

ქართველები იქიდან ძალით ორჯერ გამოდევნეს. ორივეჯერ, ეს ოსების და აფხაზების ხელშეწყობით მოხდა. რატომ მოვითხოვთ ჩვენ, რომ ქართველებს უკან დაბრუნების და იქ საკუთარი მმართველობის აღდგენის უფლება მისცენ, მმართველობის, რომელიც ამ ადამიანებისთვის აშკარად მიუღებელია? ეს არის ‘76 წლის ამერიკული სულისკვეთება?

როდესაც სენატი ამბობს, რომ „საქართველოს რეგიონები“ „ოკუპირებულია“, ის გულისხმობს, რომ ტერიტორიები რუსეთმა მიითვისა. მაგრამ ევროკავშირის გამოძიებამ დაადასტურა, რომ 2008 წლის ომი სამხრეთ ოსეთში საქართველოს შეჭრით დაიწყო.

და საერთოდ, ეს ყველაფერი რა შეერთებული შტატების საქმეა?

რატომ ვახდენთ ჩვენ რუსეთის პროვოცირებას, რომლისთვისაც კავკასია (რომელიც სეპარატისზმის, ისლამიზმისა და ტერორიზმის ცეცხლშია გახვეული) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაციონალური ინტერესია?

ის, რაც ეთნოკონფლიქტებითა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლით აალებულ მთელს ამ რეგიონში ხდება, რომელიც შეერთებული შტატებისგან 6 000 მილის მოშორებით მდებარეობს, ჩვენი საქმე არ არის. რა რეაქცია ექნებოდა აბრაამ ლინკოლს, იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, რომ გამოეცხადებინა, რომ რუსეთის იმპერია ვირჯინიის დამოუკიდებლობას აღიარებს და მოეთხოვა, რომ დასავლეთ ვირჯინიის აჯანყებული ანკლავი რიჩმონდს უნდა დაუბრუნდეს?

ნუთუ ვერ ვხედავთ როგორ ფარისევლებად გამოვიყურებით?

როდესაც ალბანელი მუსულმანები ცდილობდნენ კოსოვოს, სერბული მიწის მიტაცებას (სერბები კი მისი შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ) ბილ კლინტონის ბრძანებით სერბეთს 78 დღის განმავლობაში ბომბავდნენ. მან აჯანყებულ რეგიონში აშშ-ს არმია გაგზავნა და შექმნა იქ ამერიკული ბაზა „კემპ ბონდსტილი“ (Camp Bondsteel).

როდესაც ჩვენ კოსოვოს დამოუკიდებლობა ვაღიარეთ, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. ნუთუ არ არის ამაში ერთგვარი სიმეტრია? და ნუთუ არ გვეყოფა ლიბია, ერაყი, იემენი, სომალი, ავღანეთი და პაკისტანი, რომ კიდევ რუსებს არ ვასწავლოთ ჭკუა როგორ უნდა მოიქცნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომელიც მათთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენთან გრენადა და კუბა?

რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ქალაქი სოჭი, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, აფხაზეთთან ისევე ახლოსაა, როგორც ვაშინგტონთან დალასის აეროპორტი.

სოჭისგან აღმოსავლეთით ინგუშეთი და დაღესტანია, ისლამისტების ტერორისტული თავდასხმის სამიზნეები, რომლებიც ხალიფატის შექმნისკენ მიისწრაფვიან. მოსკოვის მეტროსა და დომოდედოვოს აეროპორტში კავკასიელებმა ტერორისტული აფეთქებები მოაწყვეს. აერპორტზე თავდასხმის დროს 35 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა.

პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელიც შეერთებული შტატებისადმი მეგობრულადაა განწყობილი და საქართველოს ინტერვენციის მოგერიების ბრძანება გასცა, კავკასიას რუსეთის წინაშე არსებულ უდიდეს საფრთხედ ახასიათებს.

რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოს, ხუთმილიონიან ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ჩანს თვითგამორკვევას უჭერს მხარს? და როდესაც ვიხსენებთ რა რეაქცია ჰქონდათ ჯონ კენედის და რონალდ რეიგანს, როდესაც რუსები კუბასა და ცენტრალურ ამერიკაში ერეოდნენ, რატომ არ შეგვიძლია მათი აღშფოთების გაგება?

მედვედევს სჯერა, რომ სააკაშვილმა 2008 წლის თავდასხმა საქართველოში კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდეგ დაგეგმა, რომლის დროსაც მან შესაძლოა მწვანე შუქი დაინახა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოს მხარდამჭერი სენატის რეზოლუცია თბილისში „რევანშისტულ განწყობებს“ გააჩენს.

თუკი საქართველო კიდევ ერთ ინტერვენციას განახორციელებს და ახალი ომი გაჩაღდება, შეერთებული შტატების სენატს სერიოზული მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. როდის შეიძლება დასრულდეს ამ ქვეყნის ჩარევა სხვა სახელმწიფოების დავებსა და ომებში?

პატრიკ ბიუკენენი – ამერიკელი პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი; The American Conservative-ის თანადამფუძნებელი; აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი 1992 და 1996 წლებში; ამერიკის პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონის, ჯერალდ ფორდის და რონალდ რეიგანის მთავარი მრჩეველი; რესპუბლიკური პარტიის უკიდუურესად მემარჯვენე ფრაქციის იდეოლოგი; ავტორი წიგნისა “The Death of the West” („დასავლეთის სიკვდილი“ 2002 წ)

foreignpress