"კორდელია, სული მე5ება . . . "
"ერთი, ორი, სამი, ჯორკოს უკან სკამი . . ."
"დევი და ნაცარქექიები"
"საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს"
"ყველა ბიზნესი ჩემია" - კახა ბენდუქიძე
ვიწყებ წერას და რატომღაც ნაცარქექია ამეკვიატა. ჩემი ბავშვობისდროინდელი გმირი უცებ, მოწიფულობის ჟამს თავზე მადგას და მეკაიფება. გვეკაიფებიან, ნაცარქექიები. რას იზამ, მოდით, ჩვენც ვიკაიფოთ. იქნებ, ასე მაინც მივხვდეთ, გვეშველება?
"საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს", "ყველა ბიზნესი ჩემია", - კახა ბენდუქიძე.
ცნობილმა ბიზნესმენმა ზაზა სიორიძემ ქველმოქმედებაზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა. მე და ჩემს მეგობრებს გვთხოვა მასალები შეგვეკრიბა, მათ შორის იმ ქართველი მილიონერების შეხედულებები, რომლებიც ზოგი დიდ, ზოგი შედარებით მოკრძალებულ ქველმოქმედებას ეწეოდა და ეწევა საქართველოში. "ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება" - ასეთი იყო წიგნის სათაური. ბევრი ქართველი ბიზნესმენი გამოგვეხმაურა, ბევრის შესახებ მოვიძიეთ ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილზე, მიუხედავად მის მიერ გაწეული მასშტაბური ქველმოქმედებისა, გაგვიჭირდა ფაქტების აღნუსხვა. მაინც დავწერეთ საინტერესო თავი "ლეგენდა ბიძინა ივანიშვილზე".
კახა ბენდუქიძემ ქველმოქმედებაზე დასმულ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემაზეც კი უარი გვითხრა. მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ თვითონ მოგვეპოვებინა ინფორმაცია მის მიერ გაწეული ქველმოქმედების შესახებ. და ჰოი, საოცრებავ! მის მიერ, გამილიონერებიდან დღემდე, ქველმოქმედების ვერცერთ ფაქტს ვერ მივაგენით. ამ ნეოლიბერტარიანელ მოაზროვნეს, ამჯერად ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ერთი საჯარო, საქვეყნო საქმე არ აქვს გაკეთებული.
პროფესია საჭირო არ არისო, ამბობთ. მაშ უნივერსიტეტით რატომღა ერთობით? რაიო? ბიზნესი არ მაქვსო? განა პოლიტიკა, რომელსაც იგი, ქვეყნის მმართველ გუნდთან ერთად, მერვე წელია აკეთებს, ბიზნესი არ არის? საქართველოში ხომ ბიზნესი პოლიტიკაა და პოლიტიკა ბიზნესია. ათი წელია ამას ვღაღადებ და შევღაღადებ ცასა და მიწას, მაგრამ ვინაა გამგონი.
საერთოდ, "ძლიერთა ამა სოფლისათა", ყარიბნი, უპოვარნი და გენიოსებიც კი, ბრიყვები ჰგონიათ. განა ბენდუქიძემ არ შექმნა ბრწყინვალე ესსე - "პატარა ბიჭის ისტორია", რომელშიც ტახტიდან ფაქტობრივად ძალით გადაყენებული გიორგი II "ბიზნესს", ანუ ქვეყანას უტოვებს 16 წლის დავით IV-ს, შემდგომში ხალხის მიერ აღმაშენებლად წოდებულს.
პრეზიდენტ სააკაშვილთან, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან დაახლოებული პიროვნება და, ფაქტობრივად, მათი გურუ - კახა ბენდუქიძე, იმავდროულად რუსულ ბიზნეს-წრეებთან რომ მეგობრობს და არც თავის დასავლეთელ მეგობრებს აყვედრის ყურადღებას, ასეთ მიდგომას ამკვიდრებს აგერ უკვე თითქმის 10 წელია. ასე რომ, კახა ბენდუქიძეს საქართველოში დიდი ბიზნესი აქვს და ეს ბიზნესი საქართველოს სახელმწიფოს მართვაა.
თქვენ ჩემს კითხვებს არ უპასუხებთ, მაინც დაგისვამთ იმ შეკითხვებს, რომლებზეც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს თქვენი პასუხი:
ბრძანდებით თუ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი ავტორი, რომელსაც გარდუვალ შედეგად მოჰყვა მკვიდრი მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია ქვეყნიდან (ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, აფხაზები, ოსები, ქურთები, იეზიდები და ა.შ.), მუშახელის იმიგრაცია ინდოეთიდან, ჩინეთიდან, პაკისტანიდან, რაც საბოლოო ჯამში, შეცვლის დემოგრაფიულ სიტუაციას და მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობას?
თქვენ გეკუთვნოდათ საერთაშორისო გაზსადენის გაყიდვის იდეა. რას ისახავდით მიზნად, რეალური მყიდველები მხოლოდ აზერბაიჯანელები ან რუსები იყვნენ. განა სომხები დაუშვებდნენ ამ, მათთვის აუცილებელი მაგისტრალის აზერბაიჯანელების კონტროლქვეშ გადასვლას?
"დიდი პრივატიზაციის" თქვენი გეგმა გაუმჭვირვალე აღმოჩნდა, რის შედეგადაც გაყიდული ობიექტები, ძირითადად, ოფშორებში დარეგისტრირებულმა საეჭვო, შესაძლოა, "შავი ფულის" პატრონმა კომპანიებმა იგდეს ხელთ. იყო თუ არა ამის თანამდევი მასშტაბური კორუფცია, აღიარებთ თუ არა, რომ ეს ჰიპოთეტურად პრივატიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე და კორუფციული სქემები იყო?
რატომ აღმოაჩნდა ბიზნესმენის ფანტასტიკური ნიჭი თქვენს დას, ქ-ნ ნუნუ ბენდუქიძეს მაინცდამაინც საქართველოში თქვენი დაბრუნების შემდეგ. თუ ბიზნესები საქართველოში არ გაქვთ, არადა, სხვადასხვა გავრცელებული ვერსიის თანახმად, თქვენ რუსეთელ და დსთ-ელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ბევრ ბიზნესს ფლობთ, განა მხოლოდ კომპანია "ბაგები სითი გრუპი" არ ამტკიცებს, რომ თქვენი განცხადება საქართველოში ბიზნესების არფლობის შესახებ სიცრუეა?
რატომ გაყიდეთ ძირითადი ობიექტები ოფშორულ კომპანიებზე? დღეს უწევთ თუ არა აქტიურ კონსულტაციებს ეკონომიკის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, აღიარებთ თუ არა, რომ დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორი ბრძანდებით?
და ბოლოს, ღმერთის წინაშე ვალდებულებაზე საუბრობთ. ჩვენი კათალიკოს-პატრიარქის და მართლმადიდებლობის მიმართ, კრიტიკული დამოკიდებულება ინტერნეტში კარგად გამოჩნდა. თუ საიდუმლო არ არის, რომელი ღმერთის წინაშე გრძნობთ პასუხისმგებლობას - ტრანსცენდენტური ღმერთის, სამყაროს არქიტექტორის თუ აბსოლუტური დემიურგის წინაშე?
მე მწამს სასწაულის. შეიძლება ბატონმა ბენდუქიძემ არა მარტო The New Times-ის რუსულ გამოცემას, არამედ ერთადერთი ქართულენოვანი, ყოველკვირეული ეკონომიკური გაზეთის ჟურნალისტის შეკითხვებსაც უპასუხოს.
ქობულეთში იქაურებს "კოიკები" გაუქირავებელი დარჩათ
თბილისურმა ბომონდმა და თბილისურმა ბნელიტამ ძირითადად ბათუმში და კვარიათში იძუგძუგა. ხალხი იქაც ნაკლები იყო, ვიდრე შარშან. ქობულეთის შუა ზოლში სეზონი ჩავარდა - თბილისიდან საშუალო ფენა დასასვენებლად ვერ წავიდა. სომხებმაც ვერ შეძლეს შეევსოთ "დაჩნიკების" დეფიციტი. განსაკუთრებით, უკმაყოფილო ქობულეთელები დარჩნენ.
სამაგიეროდ, ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში კატასტროფულად იზრდება.
"ცივი ომის" დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი! მიხეილ სააკაშვილმა ამაზე ლამაზად (ლამაზათ, ლამაზათ) თქვა იგივე: "რუს ოკუპანტებს ელარჯს არავინ აჭმევს, დარწმუნებული ვარ, ჰერკულესსა და გაროხის ფაფას ჭამენ, რომლის უმეტეს ნაწილსაც ოფიცრები პარავენ, და ნაღვლიანი თვალებით შეჰყურებენ ჩვენს ანაკლიას". აბა, რა ეგონათ, დარჩნენ გალის მკვახე მანდარინის ამარა.
ახია მაგათზე.
"კორდელია, სული მე5ება . . . "
ვინცხა იმისი არ იყოს, რა საქვეყნოდ გასარჩევი იყო მავანის სომხობა-ქართველობის ამბავი? ამ სააკაშვილს მრჩევლები სულ აღარ ჰყავს? რობიკო სტურუას დევნა რა სიკეთეს მოუტანს.
"არს ლონგა, ვიტა ბრევის" - ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება მარადიული. მარადისობასთან ჭიდილი განა ვინმეს სიკეთეს მოუტანს? ამათ ვერ გაიგეს, რომ არ არის აუცილებელი ქვეყნის სამართავად, რომ ყველა შენ გემორჩილებოდეს და შენი მონა-მორჩილი იყოს, არის ხალხი, ვისაც არ შეუძლია მორჩილება.
ამ რობიკოს კიდევ აბა, რა ეგონა?!
"ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი";
"ნადირობის სეზონი";
"პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი";
"ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი"
და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
ამ ყველაფრის დამდგმელი მხოლოდ მოხსნეს და არ უხარია?!
ბატონმა რურუამ, ბოლო დროს, თეატრი მოიკოჭლებდაო! მოიკოჭლებდა, აბა რა?! სად არის ჩვენი დღეების ჰეროიკა, წარმატებები ჰიბრიდული სიმინდის მოყვანასა და ბათუმში გამართული კონცერტების, სად ჩანს ის მიღწევები, რომლითაც ბათუმმა გადაასწრო ნიცას, კანსა და აკაპულკოს?