"საქსტატის" ზღაპრები

[ბანკები და ფინანსები]  

ზღაპარი #1 - რატომ ღირს ხორცი, კვერცხი და საწვავი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე ამერიკაში

"საქსტატის" ინფორმაციით საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, ივლისის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით 5 ლარით შემცირდა და 153 ლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკითვე, ჩვენ ქვეყანაში თვეში ერთსულიან ოჯახს 135,5 ლარი, ორსულიანს - 216,8, სამსულიანს - 243,9, ოთხსულიანს - 271, ხოლო ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, წინა თვესთან შედარებით 12 ლარით შემცირდა და 204,9 ლარზე დაბალანსდა. 

ხორბლის პური - 250 გრამი, ლობიო - 20 გრამი, ძროხის და ხბოს ხორცი - 40 გრამი, მაწონი - 25 გრამი, ჭარხალი - 15 გრამი - ეს `უგულავას დიეტა” არ გეგონოთ, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობაა. სტატისტიკის სამსახური ფიქრობს, რომ ამ პროდუქტების დღიური ნორმა სრულიად საკმარისია შრომისუნარიანი მამაკაცის გამოსაკვებად. საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი პროდუქტის თუ მომსახურების გაძვირების მიუხედავად, ქართული სტატისტიკის თანახმად, შრომისუნარი მამაკაცის მინიმუმი ბოლო 2 თვის მანძილზე 13 ლარით, ერთსულიანი ოჯახის - 12 ლარით, ხოლო ოთხსულიანისა კი 23 ლარით შემცირდა. 
საქართველოს სტატისტიკური ინფორმაციისადმი უნდობლობა და კრიტიკა უკვე ჩვეულებად იქცა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ `საქსტატი~ ბოლო წლებში რეალობასთან მიახლოებულ მონაცემებსაც კი არ აქვეყნებს. რაც პირველ რიგში მის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის, საარსებო მინიმუმის და უმუშევრობის მაჩვენებლებისადმი უნდობლობაში გამოიხატება. 

თუ 2005 წელთან შედარებით შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 54%-ითაა გაზრდილი, ამის პარალელურად, იმავე პერიოდში ფასების საერთო დონე საშუალოდ 72%-ით გაიზარდა. ეს ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფასების ზრდა და მოსახლეობისთვის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ზრდა პროპორციულად არ ხდება. 

საზოგადოების მსგავსად `საქსტატის~ ინფორმაციისადმი უნდობლობას აფიქსირებენ ქართველი ექსპერტების უმეტესობა. ოფიციალური სტატისტიკისადმი უნდობლობას გამოთქვამს ამ ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელი სოსო არჩვაძე. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ფასწარმოქმნის იმ მახინჯ სქემაზე რომელიც საქართველოში არსებობს. რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანაში ბევრი პროდუქტი ამერიკულ ფასებს უსწრებს, ეს მაშინ, როცა ქართველი და ამერიკელი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა და საშუალო ხელფასი ახლოსაც ვერ მოვა ერთმანეთთან.

`მაგალითისთვის ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა. ამერიკაში საარსებო მინიმუმი ერთ სულზე შეადგენს წელიწადში 10 890 დოლარს, ხოლო ოთხსულიან ოჯახზე - 22 350 დოლარს, ანუ ეს არის 3.082 ლარი თვეში, თუ ლარისა და დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით ვისარგებლებთ. გამოდის, რომ ჩვენი ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის თანაფარდობა, ამერიკულთან შედარებით, დაახლოებით 9%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემებით კი, ჩვენთან საერთო შეწონილი ფასების დონე ამერიკაში არსებულთან შედარებით 53%-ია და მიმდინარე მონაცემებით, შესაძლოა, უფრო მაღალიც. ე.წ. `ბიგმაკის~ ინდექსის თანახმად, ჩვენთან ბიგმაკის ფასი, ამერიკის დონესთან შედარებით, 82%-ია, თუმცა შარშან საქართველოში 4 თვის მანძილზე ბიგ-მაკის ფასი 13%-ით აჭარბებდა ამერიკისას, რა გამოდის? ამიტომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ოფიციალური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი, რათა მივუახლოოთ იმ რეალობას, რომელშიც მართლა გვიხდება ცხოვრება. 
თუ დასავლური ორიენტაცია გვაქვს, ის უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებთან დროშების ფრიალით, არამედ ინსტიტუციონალურად და ცხოვრების წესთან დამოკიდებულებითაც. 
მეტიც - ზოგიერთი სამომხმარებლო საქონლის მიხედვით ჩვენთან ფასები, დოლარის და ლარის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით, გაცილებით მაღალია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, 1 კილოგრამი ხორცი ჩვენთან 13,38 ლარი ღირს, ამერიკაში კი - 11,72 ლარის შესაბამისი. ჩვენთან საწვავის ფასი 1,4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკაში (საქ; 1 ლიტრი - 2,26 ლარი, ამერიკა - 1,64). 1,3-ჯერ უფრო ძვირია ჩვენთან კვერცხი (საქ.: 10 კვერცხი - 3,08 ლ. ამერიკა - 2,32). 1 კილოგრამი ბანანის ფასი საქართველოში 3,69 ლარია, ამერიკაში კი - 2,24 ლარი. ეს მაშინ, როცა საქართველოში საშუალო ხელფასი ამერიკასთან შედარებით 12%-ია”, - აღნიშნავს ექსპერტი სოსო არჩვაძე.

`დღევანდელი საარსებო მინიმუმი, მინიმუმამდეა შემცირებული. ადამიანისთვის `საქსტატის~ მიერ განსაზღვრული თანხა მინიმუმ 1,5-მეტი უნდა იყოს. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დღეს საარსებო მინიმუმი არსებულზე 50%-ით მეტი უნდა იყოს”, - განაცხადა ეკონომიკის ექპერტმა ლევან კალანდაძემ.

ზღაპარი #2 - "საქსტატმა" 2010 წლი ინვესტიციები კარგად გადათვალა და აღმოჩნდა, რომ იგი პირვანდელ მაჩვენებელს მთელი 
47%-ით აღემატება

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს, არც მეტი არც ნაკლები, 814 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 24%-ით აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს. ეს მონაცემი 2010 წლის წინასწარ მაჩვენებლებს, რომელიც ასევე `საქსტატის~ მიერ იყო გამოქვეყნებული, მთელი 47 პროცენტით აღემატება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 248 მილიონი დოლარი და მთლიანი ინვესტიციების 30 პროცენტი შეადგინა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების ოდენობა 91 მილიონი დოლარი იყო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 135, თურქეთიდან - 91.

"საქსტატის" ინფორმაციით გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც ინვესტიციების დიდი წილი უძრავ ქონებასა და საფინანსო სექტორზე მოდიოდა, 2010 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სამთომოპოვებით და დამამუშავებელ მრეწველობაში და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობის სექტორში ჩაიდო, შესაბამისად, 28,1 და 26,4% თანხებისა სწორედ აქ მიმართულა.

2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წილმა მშპ-ში 7% შეადგინა, 2008 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 12%-ით განისაზღვრა, ხოლო 2009 წელს 6% იყო.

`საქსტატის” მიერ ინვესტიციების მონაცემების დაზუსტების შემდგომ, მოსალოდნელია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის გადახედვაც. თუ პირველადი მონაცემებით 2010 წელს საქართველოს მშპ 6,4%-ით გაიზარდა, `საქსტატი”, რომ კარგად დათვლის ეგებ 7 და 8%-საც მიაღწიოს.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ბოლოს დროს ინვესტიციების მაჩვენებლებების გამოქვეყნებასთან ცოტა მწყრალად არის. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2011 წლის პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემის გამოქვეყნება სახელმწიფო ორგანომ 2 თვით დააგვიანა, რამაც საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებში დიდი ეჭვები გამოიწვია.

ზღაპარი #3 - საქართველოში უმუშევრობა შემცირდა
საქართველოში უმუშევრობის დონე 2010 წელს 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 0.6 პროცენტით შემცირდა და 16.3 პროცენტი შეადგინა - ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

უმუშევრობა 16%-ზეა, მაგრამ დასაქმებულთა წილიდან, რამდენია რეალურად დასაქმებული ეს კიდევ ცალკე საკითხია. აი, რა მეთოდოლოგიით თვლის უმუშევრობას `საქსტატი”, - `ყველა ის ადამიანი, რომელიც მუშაობს და გარკვეული ტიპის სამუშაოს ეწევა შემოსავლის მიღების მიზნით, ყველა ადამიანი ითვლება დასაქმებულად. შემიძლია მარტივი მაგალითი მოგიყვანოთ: ის ადამიანები, რომლებიც არავისგან არ არიან დაქირავებულნი, მაგალითად, ესენი არიან რეპეტიტორები, ანდა ავიღოთ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ და მხოლოდ აქედან აქვთ შემოსავალი; ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან საკუთარ მეურნეობაში და სოფლის მეურნეობაში. გასაგებია, რომ ძალიან მძიმეა მდგომარეობა სოციალურად და სახარბიელო არ არის, შემოსავალი ძალიან ბევრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს არ ჩავთვალოთ ეს ადამიანები დასაქმებულად”, - აღნიშნავს "საქსტატის” ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე.

დათვლის ეს მეთოდოლოგია კი არ იძლევა იმ მახინჯი სურათის დანახვის საშუალებას, რაც რეალურად საქართველოს შრომის ბაზარზეა შექმნილი.
"საქართველოში უმუშევრობა ოფიციალური ინფორმაციით 16,3%-ია, დაახლოებით 330 ათასი ადამიანია, თუმცა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევს, ხოლო სოფლად მცხოვრები ადამიანების 7%-ია უმუშევარი. საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობა დაახლოებით 2 მლნ.-ია. აქედან მხოლოდ 610 ათასი იღებს ხელფასს. ანუ ეს არის ის რაოდენობა, რომელიც დაქირავებულია და მოსახლეობის 30%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი თვითდასაქმებულთა ან უმუშევართა კატეგორიაში შედის. აქედან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 100 ათსამდე ადამიანი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს. ამას ემატება ე.წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირები, იგივე პედაგოგები და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაქირავებული ადამიანები. 600 ათასიდან 200-250 ათას სამუშაო ადგილს სახელმწიფო ქმნის, ხოლო დანარჩენს კერძო ბიზნესი”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.

ზღაპარი #4 - საქართველოში ინფლაცია ყოველთვიურად მცირდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში საქართველოში 8.5 პროცენტიანი წლიური ინფლაცია აღინიშნა. უკვე მეორე თვეა ინფლაცია შესამჩნევად მცირდება. ამის მიზეზად სხვადასხვა სახეობის სეზონურ პროდუქციაზე ფასების შემცირებას ასახელებენ. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის თვის ინფლაციის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 5 პროცენტით გაიაფდა, ტრანსპორტი კი 7 პროცენტით გაძვირდა. თუმცა სურსათის წვლილი იმდენად მაღალია სამომხმარებლო კალათში, რომ მისმა გაიაფებამ თვიური ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვიაო. ივლისის თვის ინფლაციამ, ივნისთან შედარებით, მინუს 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ივნისის თვეში მინუს 4.

ბოლო 2 თვის მანძილზე, წლიური ინფლაციის შემცირება მოსალოდნელი იყო. სამარშუტო ტაქსების, ნავთობის, ხორცის, შაქრის, კარტოფილის, დასუფთავების გადასახადის და სხვათა გაძვირების მიუხედავად. რადგან აქ გასათვალისწინებელია, რომ წლიური ინფლაციის დათვლა ბოლო თვის მაჩვენებლების წინა წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან შედარებით ხდება. ამიტომ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2010 წელს ივნისიდან ინფლაციამ ზრდა დაიწყო (ივნისი - 2,8%, ივლისი - 3,4, აგვისტო - 4,4). 2011 წლის ივლისი ფასების წინა წლის უკვე გაზრდილ ფასებთან შედარებით კი ზრდის ისეთივე სხვაობას არ შეადგენდა, როგორიც სხვა თვეებთან შედარებით, როდესაც ფასების ზრდა მაღალ მაჩვენებელს ჯერ არ აღწევდა. 
ოფიციალურ სტატისტიკაში ეჭვს იწვევს თვიური ინფლაციის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დასაწყისში საქართველოში გარკვეული პროდუქტებზე მოსავლის აღებისა და ამ პროდუქციის ბაზარზე გასვლის დროს მათი ფასი იკლებს (ეს მხოლოდ დროებით ფასების შემცირებას იწვევს, როდესაც ბაზარი პროდუქციის ახალი მასის მიმართ დასტაბილურდება, ფასები ისევ იზრდება, რაც მოხდა კიდეც). 
აი, როგორ აფასებენ ექსპერტების `საქსტატის~ მონაცემებს, ივნისსა და ივლისში ინფლაციის შემცირების შესახებ.

`პირველი და ყველაზე მძიმე პრობლემა, რაც ამასთან დაკავშირებით არის, ესაა ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, ამიტომ იძულებული ვართ, ბრმად ვენდოთ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციას. რომ არ ვენდოთ, ამის დამტკიცება უნდა შეგვეძლოს. რაც შეეხება ინფლაციას: ინფლაცია არ შემცირებულა. შარშანდელ ივნისთან შედარებით, საქართველოში ფასები 10%-ით გაიზარდა. ხოლო თუ ჩვენ შარშანწინდელ ივნისს, წლევანდელ სიტუაციას შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოში ფასები 15%-ით და უფრო მეტადაც კი არის გაზრდილი, დაახლოებით ისე, როგორც მაისში იყო”, - აღნიშნავს ნოდარ ხადური.
"ეს არის `საქსტატის” ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ არ ვენდობით და ამის საფუძველი გვაქვს. ჩვენი ალტერნატიული გათვლებითა და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე წლიური ინფლაცია გაცილებით მეტი - 17% იყო", - აცხადებს ა/ო `ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” პრეზიდენტი რამაზ გერლიანი.

"ეს მონაცემი აბსოლუტური ბლეფია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ივნისში ხორცის ფასი ძალიან გაიზარდა, სხვა პროდუქციაზეც ფასები დროის ასე მოკლე პერიოდში ვერ დაიწევდა”, - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი

ადამ სმიტიშვილი