აფხაზეთი რუსეთის კალთის ქვეშ ბედნიერია, თუმცა ოდნავ მეტი თავისუფლება უნდა

აფხაზეთი რუსეთის კალთის ქვეშ ბედნიერია, თუმცა ოდნავ მეტი თავისუფლება უნდა

[The New York Times  მაიკლ შვირცი]

სოხუმი, საქართველო – სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვანი მოსაზრება უარყო და ცალმხრივად აღიარა საქართველოს ანკლავი – აფხაზეთი – სუვერენულ სახელმწიფოდ, თუმცა აღნიშნული ტერიტორიის ლიდერები ამ აღიარებისთვის გადახდილ ფასს დღემდე არ ეგუებიან. იმის გამო, რომ არც ერთ წამყვან ქვეყანას აფხაზეთის ლეგიტიმურ სახელმწიფოდ აღიარება სურს, ის გადარჩენისთვის თითქმის სრულად მოსკოვზეა მინდობილი. რუსი სამხედროები და მესაზღვრეები მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, რუსული კომპანიები აფხაზ ხალხს საკვები პროდუქტით და საწვავით ამარაგებენ, ხოლო რუსეთის მთავრობა მოხუცებს პენსიებს უხდის. აქ ერთადერთი ვალუტა რუსული რუბლია

მაგრამ რუსეთს დღეს აფხაზეთის მშვენიერი სანაპიროს უძრავ ქონებაზე თვალი აქვს დადებული, რუსული ორთოდოქსული ეკლესიაც კი აქ საკუთარი გავლენის გაფართოვებისკენ მიისწრაფვის. ამ ფონზე ზოგიერთ აფხაზს უჩნდება კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ავტონომიურობა.

„ჩვენ ვცილობთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისთვის, რისთვისაც ვიბრძოდით და სიცოცხლეს ვწირავდით“ – განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ – „ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებით შევძლებთ იმ დანის წვერზე გავლას, რომელზეც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გავდიოდით. ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს შეიძლება ტრაგედია მოჰყვეს, ჩვენ ისტორიაში კი ასეთი ტრაგედიები ბევრია“.

შამბა ერთ-ერთია იმ სამი კანდიდატიდან, რომელიც პარასკევს დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. ამ დღეს რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის (კიდევ ერთი ქართული აჯანყებული რეგიონი) დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის არმიამ საქართველო ხანმოკლე ომში დაამარცხა.

საარჩევნო კამპანია დიდწილად მშვიდად მიმდინარეობს და საეჭვოა მის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს – აცხადებენ სოხუმელი ექსპერტები. სავარაუდოდ გამარჯვებული ისეთივე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც იყო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელიც მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალ პრეზიდენტს მოუწევს რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, რაც აფხაზეთის გადარჩენისთვის გადამწყვეტია, ასევე ანექსიის მცდელობების მოგერიება.

ზოგიერთებისთვის დღეს კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, შესძლებს თუ არა ამ ერთი ციდა ტერიტორიის რომელიმე ლიდერი წარმატების მიღწევას, არამედ იმაში ხომ არ დამარცხდა უკვე აფხაზეთი.

„ყველას ესმის, რომ დღევანდელი სიტუაცია ჩიხია“ – ამბობს ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი – „ეს ძალიან ჰგავს საბჭოთა პატრონაჟის სისტემას. საბჭოთა ელემენტები დემოკრატიის გარკვეულ ელემენტებთან ერთად, უფრო მეტი დამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობას არ მოგვცემს“.

პატარა სუბტროპიკული მიწა აფხაზეთი, შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთს და საქართველოს შორის მდებარეობს. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ის ორ უფრო დიდ სახელმწიფოს შორის ხაფანგში იყო მოქცეული. მეფის რუსეთის დროს ის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო საბჭოთა პერიოდში, მაშინ როდესაც საბჭოთა საქართველოს ფარგლებში ავტონომიური რეგიონის სტატუსით სარგებლობდა, ქვეყნის მთავარი დასასვენებელი კურორტი გახდა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართველმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთი (რომლის მოსახლეობასაც ეთნიკურად და ლინგვისტურად აფხაზების გარდა ქართველები და სხვა ეროვნების ადამიანები შეადგენდნენ) ახალი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში უნდა დარჩენილიყო, რითაც ომის პროვოცირება მოახდინეს, რომლის კვალიც დღემდე რჩება სოხუმის ტყვიებით დაცხრილულ შენობებზე და კამუფლიაჟში ჩაცმული მოხუცების გაყინულ მზერაში.

ომი ქართველების უკანდახევით და აფხაზეთიდან დაახლოებით 200 000 ეთნიკური ქართველის გაქცევით დასრულდა, მათ სახლებსა და საკუთრებას კონფისკაცია გაუკეთეს. ამას ასევე მოჰყვა აფხაზეთის მყიფე დამოუკიდებლობა. წლების განმავლობაში მოსკოვი აფხაზეთს ნომინალურად მხარს უჭერდა, თუმცა რუსეთის ყოფნა რეგიონში სამი წლის წინ გაძლიერდა, მისი სუვერენიტეტის ცნობის შემდეგ.

აფხაზეთში ახლა დაახლოებით 3 500 რუსი სამხედრო და 1 500 მესაზღვრეა. სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა რუსულმა კომპანიებმა ისეთი სტრატეგიული ობიექტების აღდგენა დაიწყეს, როგორებიცაა საავტომობილო გზები და რკინიგზა, რაც 2014 წელს დაგეგმილი სოჭის ოლიმპიადის მზადების ფონზე მნიშვნელოვანია. რუსული ქალაქი-კურორტი სოჭი აფხაზეთის საზღვრიდან ჩრდილოეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

ბევრ რუსს აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაწყება სურს, მაგრამ აფხაზ ლიდერებს არ უნდათ იმ კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც უცხოელებს და მათ შორის რუსებს, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს. ბევრის აზრით, ეს აუცილებელი ზომაა იმისთვის, რომ აფხაზეთი დაცული იყოს რუსეთის შემოტევისგან, თუნდაც საქართველოსთან ომის დასრულებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ სასტუმროები და რესტორნები დაბომბილი დარჩეს.

ბოლო დროს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავაში ყურადღების ცენტრში სამი სანატორიუმი მოექცა, სადაც ოდესღაც საბჭოთა ლიდერები მიხეილ გორბაჩოვი, ნიკიტა ხრუშჩოვი და სტალინი ისვენებდნენ. საქართველოსთან ომის შემდეგ 1990-იან წლებში აფხაზეთმა ამ საკუთრების ნაციონალიზაცია მოახდინა, მაგრამ დღეს რუსეთის სახელმწიფოს მათი დაბრუნება უნდა. ჩინოვნიკების თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა.

ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ მათ უნდათ, რომ რუსული ფული უფრო პრაქტიკული, თუმცა ტურიზმზე ნაკლებად შემოსავლიანი საქმეებისკენ მიმართონ.

„დაფინანსება ბევრ სფეროს სჭირდება და პირველ რიგში სოფლის მეურნეობას“ – ამბობს ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც ახლა უმაღლესი თანამდებობისთვის იბრძვის – „სოფლის მეურნეობის გარეშე ვერანაირი კურორტი ვერ იარსებებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სტუმრები სხვისი პროდუქტებით უნდა გამოვკვებოთ. ჩვენ ინვესტიციები გვჭირდება ადგილობრივ წარმოებაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, მედიცინაში, სპორტში, კულტურაში, მეცნიერებაში და ეს დღეს უნდა გაკეთდეს“.

რუსეთმა აფხაზური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაახლოებით 362 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ნიშნები არ სჩანს. საბჭოთა პერიოდის მრავალბინიან სახლებზე კვლავ ომისდროინდელი ნატყვიარებია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ელექტრო და წყალმომარაგება ზოგიერთ რაიონში საშინელია. რამდენიმე სამშენებლო პროექტი მაინც ხორციელდება, თუმცა აფხაზების თქმით, ეს რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების საცხოვრებელი სახლებია.

„სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით ვერც ერთი ფართომასშტაბიანი პროექტის დასრულება“ – ამბობს ბ-ნი შამბა – „ჩვენ ვერ შევძელით ეკონომიკის განვითარების გეგმის შემუშავება“.

რუსი ჩინოვნიკები აფხაზეთის ლიდერებს რუსეთის ფინანსური დახმარების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ. იანვარში, რუსეთის კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილი 12 მილიონი დოლარი არამიზნობრივად დაიხარჯა.

რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, პროგრესისთვის კიდევ უფრო ხელისშემშლელი ფაქტორი აფხაზი ლიდერების სიჯიუტეა.

„აფხაზეთი უკანონო ქორწინებიდან კანონიერზე გადასვლის პროცესშია“ – ამბობს რუსი პარლამენტარი და კრემლთან დაახლოვებული ანალიტიკოსი სერგეი მარკოვი – „15 წლის განმავლობაში ისინი ცხოვრების გარკვეულ წესს შეეჩვივნენ და ფიქრობდნენ, რომ რუსეთის მისვლის შემდეგ, ყველაფერი რასაც ფლობდნენ მათ დარჩებოდათ და უკეთესად იცხოვრებდნენ“.

რაც შეეხება მუშაობასთან დამოკიდებულებას, მისი თქმით აფხაზეთის ლიდერებმა რუსეთს უნდა მისცენ ყველაზე ცოტა ისეთი სფეროების კონტროლის უფლება, რომელშიც რუსები უკვე ჩართულები არიან, მაგალითად უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის განვითარება.

აფხაზი ლიდერები აღიარებენ, რომ მათ ყოველთვის დასჭირდებათ უფრო დიდი სახელმწიფო, რომელიც მათ დაიცავს, ხოლო საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი ცოტას თუ აქვს. თბილისს რუსების ყოფნა აფხაზეთში მისი სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციად მიაჩნია და მოითხოვს, რომ ქართველ დევნილებს სახლებში დაბრუნების უფლება მისცენ.

როგორი დაძაბულიც არ უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობა, ბევრი აფხაზი ამბობს, რომ მისი მხარდაჭერის მადლიერები არიან, რადგან პირველად, მრავალი წლის განმავლობაში მათ უსაფრთხოების გარდა სხვა საკითხებზე ფიქრის შესაძლებლობაც მიეცათ.

„რუსეთის არმიით ჩვენ რა თქმა უნდა უფრო დაცულები ვართ“ – ამბობს 40 წლის ეკონომისტი ირმა ლოგუა – „პრობლემები, რომელიც სამი წლის წინ გვქონდა, მოგვარებული არ არის, მაგრამ ადრე მთელი ყურადღება საზღვრისკენ იყო მიმართული, ახლა კი შეგვიძლია შიდა რეკონსტრუქციაზეც ვიფიქროთ“.

ამ კვირაში, ანქვაბის შტაბის წინასაარჩევნო ღონისძიების მიმდინარეობისას, ორსაათიანი კითხვა პასუხის დროს, უსაფრთხოებაზე არავის შეკითხვა არ დაუსვამს. ყველაზე მეტად ადამიანებს დასაქმების და პენსიის საკითხები აინტერესებდათ და კიდევ ერთი, როგორც სჩანს ფართოდ გავრცელებული მაწანწალა ძროხებთან დაკავშირებული პრობლემა.

foreignpress