[მერაბ ბრეგაძე]
აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე 170 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე თითო სარჩევნო უბანი მოსკოვში და ჩერქეზეთშია ამოქმედებული. სიაში 143 735 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და „არჩევნები“ ჩატარებულად ჩაითვლება თუ თავის პოზიციას „ამომრჩევლის“ ნახევარზე მეტი დააფიქსირებს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საკუთარ არჩევანი სამ „კანდიდატს“ შორის - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალების შემსრულებს ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შორის მოუწევს.
„საპრეზიდენტო არჩევნები“ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სოხუმის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას მტკიცებით, ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს 30 ქვეყნიდან ჩამოსული დამკვირვებლები უწევენ:
„მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, არჩევნებზე ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდა. როგორც იცით საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეეცადა მათი ჩამოსვლა არ დაეშვა, თუმცა უმეტესობა მაინც აქ არის“.
სეპარატისტების მტკიცებით, „არჩევნებზე“ დამკვირვებლებად ექსპერტები ევროპიდან, სამხრეთ ამერიკიდან, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებიდან არიან ჩამოსულნი. აფხაზური რეჟიმის ლიდერის არჩევას ლატვიიდან და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის „თანაბარი შესაძლებლობა ყველას“ წარმომადგენლები აკვირდებიან.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა საშტატო რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სამხრეთის სამხედრო ოკრუგის მეთაურის პრეს-სპიკერზე იგორ გორბულზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამხედრო ბაზის ძირითადში შემადგენლობა საშტატო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარებს ჩვეულებრივი საბრძოლო მომზადებები. რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას დამატებით უსაფრთხოების ზომები მიღებული არ არის“, - აღნიშნავს პრეს სპიკერი და აქვე დასძენს, რომ ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები "აფხაზეთის შიდა საქმეა".
კენჭისყრისწინა ბოლო ხმაურიანი განცხადებები გააკეთა ერთ–ერთმა მთავარმა კანდიდატმა სერგეი შამბამ. მოქმედი პრემიერი დღევანდელ „არჩევნებზე“ რუსეთის მხარდაჭერას არ ელის:
„მე რუსეთის მხარდაჭერის იმედი არ მაქვს და ამას პრინციპში, მნიშვნელობაც არ აქვს, რადგან პრეზიდენტს აფხაზი ხალხი ირჩევს“. მისივე თქმით, „იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბებას არ ჰქონდეს ადგილი, იგი ხაჯიმბას შტაბთან ერთად ერთობლივ მოქმედებას გეგმავს, რომელსაც მსგავსი ეჭვი ასევე აქვს“:
„ჩვენ ხალხის მოტყუების უფლებას არავის მივცემთ. აფხაზეთის ხელისუფლებაში ტყუილის გზით მოსვლა ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული იქნება. 24 წელია, ამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად ვიბრძვით. ჩემი მისამართით ბევრი მუქარა ყოფილა, მაგრამ არასოდეს მიმიცია ვინმესთვის უფლება და მომავალშიც გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, რომ საზოგადოება მოტყუებული და გაყოფილი არ იყოს“.
ამასთან, სერგეი შამბა იმედოვნებს, რომ „საქართველოსთან დიალოგის ჩიხში შესვლა მხოლოდ დროებითია“:
„საქართველოსთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს. სხვა ფორმატი ამჟამად არ გვაქვს. პრობლემა იმაშია, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც დიალოგისთვის შესაძლებლობას ზღუდავს. ამ კანონში აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი რაიმე სახის მოლაპარაკებების დაწყების პირობად არის დაფიქსირებული, ჩვენ კი თავს ოკუპირებულ ტერიტორიად არ ვთვლით“.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, „გამოდის, რომ საქართველოსთან სრული ჩიხია“, შამბამ განაცხადა: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დროებითი ჩიხია, რადგან ოდესმე ყველა შემთხვევაში მოვა სიტუაციის პრაგმატული, რეალისტური ხედვა და მაშინ დიალოგი შესაძლებელი იქნება“:
„ჩვენ მეზობლებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ვანიჭებთ უპორატესობას და საბოლოოდ გვსურს, მეგობრული ურთიერთობების დავამყაროთ“.
ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესებს თბილისში აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაა. მისი თქმით, რეალურ სიტუაციას დღეს აფხაზეთში აკონტროლებს რუსეთი და ყველა რეალური გადაწყვეტილება მიიღება რუსეთის მხრიდან:
„რუსეთი არის მხარე, რომელიც ყველანაირად აკონტროლებს უსაფრთხოების ვითარებას, ყველა ეკონომიკურ აქტივობას და გარკვეულ ჩარჩოებში – პოლიტიკურ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და მზად ვართ, დავიწყოთ ეს დიალოგი ნებისმიერ მომენტში, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გადამწყვეტი მოთამაშე აფხაზეთში არის რუსეთი, რომლის საოკუპაციო ჯარიც იქ დგას. ამიტომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არაფერს ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაა“.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბს თანაბარი შანსები - 50/50-ზე აქვთ:
„ვფიქრობ, შამბას და ანქვაბის შანსები 50/50-ზეა. ანქვაბს მხარს უჭერს ამომრჩეველთა ის ელექტორატი, რომელსაც კრიმინალის მოთოკვა და კორუფციის მოსპობა სურს, შამბას მხარდამჭერთა უმეტესობას კი ის ამომრჩევლები წარმოადგენენ, რომელთაც მეტი დემოკრატია და თანასწორობა უნდათ. რომელი გადაწონის, ძნელი სათქმელია, თუმცა ალბათ, მაინც ანქვაბი გახდება აფხაზეთის ახალი ლიდერი“.
რაც შეეხება ე.წ. პრეზიდენტობის მესამე კანდიდატ რაულ ხაჯინბას, კონფლიქტოლოგის აზრით, მას შეუძლია ორივე კონკურენტს ხმები წაართვას და მეორე ტური გარდაუვალი გახადოს:
„პირველივე ტურში გამარჯვებული გამოვლინდება იმ შემთხვევაში, თუკი ხაჯინბა 10 %-ზე ნაკლებს აიღებს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მას მხარს უჭერს ძველი გვარდია და არძინბას გუნდი, შესაძლოა, როგორც შამბას, ისე ანქვაბს ხმები წაართვას და მეორე ტური გარდაუვალი გახადოს“.
კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს უჭირს იმის პროგნოზირება, ვინ შეიძლება გახდეს სეპარატისტული აფხაზეთის ახალი ლიდერი, თუმცა ვარაუდობს, რომ სასწორი ანქვაბისკენ გადაიხრება:
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც დანამდვილებით ვერ ვიტყვი ვის შეიძლება ჰქონდეს მეტი შანსი, მაგრამ კონკურენტების ზოგიერთი ნაბიჯი მაფიქრებინებს, რომ სასწორი მაინც ანქვაბისკენ გადაიხრება“.
ექსპერტს აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ანქვაბის მიერ გაკეთებული ის განცხადებების აძლევს, რომელიც, მისი აზრით, „ძალიან საინტერესო პასაჟებს შეიცავდა იმასთან დაკავშირებით, რომ ლტოლვილების დაბრუნების პროცესზე უნდა ვიფიქროთ“:
„ისიც საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, კანონს შეცვლის და მისცემს რუსეთის მოქალაქეებს უფლებას - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწები შეისყიდონ. ეს არის მთავარი უკანდახევა აფხაზური პოლიტიკის - თუ ეს ანქვაბმა შეასრულა, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიაციას საფუძველი ჩაეყრება ძალიან მალე. ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი სტრატეგიული, რაც აქვთ აფხაზებს, ანუ ზღვისპირეთი, სადაც ცხოვრობენ აფხაზები ძირითადად, რუსების ხელში გადავა. მათგან დიდი ფულის ფასად რუსები დაიწყებენ ამ ტერიტორიების შესყიდვას. ამ დიდი ფულით აფხაზები წავლენ რუსეთში და იქ დაიწყებენ ცხოვრებას“.
მისივე აზრით, ძალიან საინტერესოა სამივე კანდიდატის მეორე ნომრები.
„შამბასა და ანქვაბის მიერ მეორე ნომრების კანდიდატების დასახელების შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ ორივემ გარკვეული გზავნილი გამოუგზავნა ქართველებს. შამბას მეორე ნომერი - აჭარელი აფხაზია, შამილ აძინმა. იქ არის კიდევ ნიუანსები, რომლებზედაც არ მინდა ვისაუბრო და არაჯანსაღი სიტუაცია შევქმნა ანქვაბის კანდიდატის შემთხვევაშიც.
ხაჯიმბამ კი მეორე ნომრად არძინბას ცოლი დაასახელა. სწორედ არძინბას ცოლი იყო, რომ გაარტყა 2004 წლის არჩევნებზე ხაჯიმბას და დღეს მეორე ნომრად ჰყავს. აფხაზეთში უამრავი ადამიანი დასცინის მას ამის გამო, რომ ქალი, რომელმაც სილა გაგარტყა, გვერდში რატომ უნდა დაიყენო - სულ ერთია, ვინც არ უნდა ყოფილიყო მართალიო... ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ შამბა ორჯერ არის დამარცხებული საპრეზიდენტო არჩევნებში და მყარი წაგებულის იმიჯი აქვს“, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის დე ფაქტო ახალი ლიდერი, ის მოსკოვის პოზიციის ალიკვალი იქნება:
„ე.წ. პრეზიდენტობის ორივე სავარაუდო კანდიდატი: ანქვაბიცა და სერგეი შამბაც ქვეყნის შიგნით ურთიერთობის აგების თვალსაზრისით უფრო კონსერვატორები არიან, ვიდრე ბაღაფში იყო. თუმცა, თავის დროზე, ბაღაფზეც არასწორი წარმოდგენა იყო შექმნილი, რომ ის უფრო ხისტი იქნებოდა მოსკოვთან ურთიერთობაში, ვიდრე არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ხაჯინბა და სწორედ ამის გამო მისცა ბაღაფშს უპირატესობა აფხაზმა ხალხმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის უკვე გარდაცვლილი დე ფაქტო ლიდერი რუსეთთან ბევრ რამეში დამთმობი იყო და მეტიც, ამის გამო მას ხაჯინბაც კი აკრიტიკებდა.
საბოლოოდ, ხაჯინბა უფრო კრიტიკული გამოდგა რუსეთის პოლიტიკის მიმართ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა გახდეს დე ფაქტო ლიდერი, ის მოსკოვის პოზიციის ალიკვალი იქნება, მათ შორის შამბაც და ანქვაბიც. ეს ორი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს აფხაზი ხალხის მოწოდების სიმაღლეზე, თუკი, მაგალითისთვის, რუსეთი კვლავ მოახდენს ზეწოლას შეცვალოს ის კანონი, რომელიც აფხაზეთს საკუთარი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვას უკრძალავს“.
ამასთან, ხუციშვილის აზრით, ახალ ლიდერად სერგეი შამბას ან ალექსანდრე ანქვაბის არჩევის შემთხვევაში სოხუმის საქართველოსთან დამოკიდებულება მხოლოდ გამკაცრდება:
„მგონია, რომ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებითა და ახალი ლიდერის არჩევით ვითარება მხოლოდ აფხაზეთში შეიცვლება, თუმცა რა მიმართულებით, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. ახალი ლიდერის არჩევა საქართველოსთან აფხაზეთის დამოკიდებულებაზე, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს, ყოველშემთხვევაში დადებითი კუთხით.
პირიქით, თუ ე.წ. პრეზიდენტი ანქვაბი ან შამბა გახდა, მგონია, რომ საქართველოსთან აფხაზეთის დამოკიდებულება გამკაცრდება. ამასთან, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს ოფიციალური თბილისის პოზიციაც, რომელიც აფხაზეთს, როგორც მხარეს არ აღიარებს და მას მხოლოდ რუსეთის მარიონეტად მიიჩნევს“.