[ნიკა მეტრეველი]
სტატისტიკური მონაცემებით, პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა უკანასკნელ წლებში სტაბილურად იზრდება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ივლისის ჩათვლით პირობით მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 36 635 შეადგინა, აქედან 36 020 სრულწლოვანია, ხოლო 615 - არასრულწლოვანი. აღრიცხულია მამრობითი სქესის 33 780 და მდედრობითის 2 855 პატიმარი.
2010 წელს პირობით მსჯავრს 31943 პირი იხდიდა. მათგან 31 405 სრულწლოვანი იყო, 538 – არასრულწლოვანი; 29 647 - მამრობითი სქესის, ხოლო 2 296 - მდედრობითის. 2009 წელს კი პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა 26 628-ს შეადგენდა. მათგან 26 112 სრულწლოვანი იყო, 516 - არასრულწლოვანი, 24 808 - მამრობითი სქესის, ხოლო 1 820 - მდედრობითის.
აღსანიშნავია, რომ 150 ათასი პრობაციონერიდან დაახლოებით 80 პროცენტი წვრილი, საშუალო ან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია. პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებს, რომ მართლმსაჯულება ფულადი შემოსავლების წყაროდ იქცა, სასამართლო აფორმებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც პროკურატურა იღებს.
ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ძალიან მოქმედებს, არის მაღალი პოლიტიკური რისკები, არაკონკურენტული გარემო, რაც ბიზნესს არ აძლევს ნორმალური განვითარების საშუალებას.
ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კარგად ასახავს სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები. თბილისში ლამის აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ბიზნესი აქვს და სამართალდამცავებთან არ ჰქონდეს საქმე. მის საქონელს ადებენ ყადაღას და აპატიმრებენ, საპროცესო შეთანხმებას აფორმებინებენ, მერე კი საპროცესო შეთანხმებით ფულს ძალავენ.
სასამართლოს საქმეთა წარმოების მონაცემებს თუ გადავხედავთ, მარტო 2009 წელს 14 ათასი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა იყო წვრილი, საშუალო ან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი.
„მართლმსაჯულება გადაიქცა ფულადი შემოსავლების წყაროდ, სასამართლო კი - პროკურატურის კანცელარიად, სასამართლო აფორმებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც პროკურატურა იღებს. ესაა ზეწოლის ბერკეტი და ხშირად ამ ტიპის ღონისძიება გამოყენებულია ისეთ შემთხვევაში, როდესაც სჭირდებათ თანხის ამოღება. ფორმდება საპროცესო შეთანხმება და ამას საბიუჯეტო შემოსავლების გასაზრდელად იყენებენ.
პოლიტიკური რისკები ბიზნესში ძალიან მაღალია. შესაბამისად, ბიზნესმენები არიან გარკვეული ბერკეტით მიბმული პოლიტიკურ პროცესზე - ეს იქნება ხელისუფლებასთან ინტეგრაციისა, თუ პრობაციონერების სახით. ბუნებრივია, ეს საინვესტიციო კლიმატზე ძალიან მოქმედებს, არის მაღალი პოლიტიკური რისკები, არაკონკურენტული გარემო, რაც ბიზნესს არ აძლევს ნორმალური განვითარების საშუალებას. პრობაციონერები ამ საკითხის შიშველი გამოვლინებაა“, - ამბობენ ანალიტიკოსები.
ამ პრობლემაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ გამოხმაურებებსაც გთავაზობთ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე:
„ვინც ღამის 12 საათამდე პრობაციის სააგენტოში მისვლა და ხელმოწერა ვერ შეძლო, 100–ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს“.
„ჰო, რატომაც არა, თან ისე უპრობლემოდ ხდება ეს ყველაფერი; კმაყოფილია ყველა - პრობაციონერიც, სახელმწიფოც, საზოგადოებაც... პრობაციონერისა და მისი ახლობლების კმაყოფილების მიზეზი - ციხიდან თავისუფლებაა, ხელისუფლების კმაყოფილების მიზეზი - ბიუჯეტის შევსება. საპროცესო გარიგებები რომ არა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბიუჯეტის ცვლილების მიზეზი შემოსავლების ზრდის ნაცვლად, შემოსავლების კლება ყოფილიყო. საზოგადოება კი კმაყოფილია იმით, რომ ... დაიგო გზები, განათდა ქუჩები, შეიღება ფასადები, ჩქეფენ შადრევნები.... ან კი რა ჩამოთვლის საზოგადოების კმაყოფილების საბაბ-მიზეზებს“.
„რატომ გგონიათ, რომ არ მომწონს, აღშფრთოვანებული ვარ პირდაპირ!“
„უკაცრავად... მომავალი წლიდან აქეთ სახელმწიფო გადაუხდის თანხას“.
„ისე, გასული საუკუნის 30-იანი წლები რომ ყოფილიყო, მიშა 3-ჯერ მეტ ხალხს დაიჭერდა და მუქთად ამუშავებდა შავი და კასპიის ზღვის შემაერთებელ არხზე!
ხალხის ტანჯვა მალე ყველას დაავიწყდებოდა, აი ეს არხი კი ჩვენ თვალს ყოველდღე გაახარდებდა. ტვირთბრუნვა მერე გენახათ“.
„აი, ეს უკვე იდეაა - აი, ისეთი წინასაარჩევნოდაც რომ გამოდგება - დასაქმების პროგრამად“.
„იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკით, 30 000-ზე მეტი პატიმარი და 300 000-ზე მეტი პრობაციონერი ჰყავს, არა პროტესტის ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობას უნდა ცდილობდეს, არამედ საკუთარ თავში მოძებნოს პრობლემა და პასუხი კითხვაზე, რატომ ჰყავს ამდენი პატიმარი“.