ირაკლი ალასანია: „აფხაზი ხალხისგან იმ პირის გამოვლენას ველი, ვინც ჩემთან აფხაზების სახელით ისაუბრებს“

ირაკლი ალასანია: „აფხაზი ხალხისგან იმ პირის გამოვლენას ველი, ვინც ჩემთან აფხაზების სახელით ისაუბრებს“

[პირველი]

ინტერვიუ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან.

ბატონო ირაკლი, ბოლო პერიოდში რეგიონებში აქტიურ შეხვედრებს მართავთ. რეალურად რა მდგომარეობა გხვდებათ იქ და როგორია რეგიონებში მოსახლეობის განწყობა? რა პრობლემებზე საუბრობენ სოფლისა და ზოგადად რაიონების მაცხოვრებლები?

- მათ მე თქვენამდე და ფართო საზოგადოებამდე სიმართლის მოტანა მთხოვეს. რეალურად რეგიონებში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დიდი ხანია, რაც საქართველოში ასეთი სიღატაკე არ მიგრძვნია. სიღატაკეა სამეგრელოს, გურიის თუ შიდა ქართლის ისეთ სოფლებში, რომლებიც ტრადიციულად, წელში გამართულები იყვნენ. ყოველ სამ ადამიანში ორი უმუშევარია. ტოტალური უმუშევრობაა ის, რაც საზოგადოებას ძალიან აღელვებს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ისინი თავს უპატრონოდ გრძნობენ. რეალურად რეგიონები და საერთოდ ქვეყანა უპატრონოდაა დატოვებული. არის ორი საქართველო: ერთი - მიხეილ სააკაშვილისა და მისი ვიწრო გარემოცვის, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს და დანარჩენი საქართველო, რომელიც სიღარიბეშია ჩაფლული. გაუსაძლისი მდგომარეობაა ჯანდაცვისა და განათლების კუთხით. ე.წ. ოპტიმიზაციის ფარგლებში სოფლებში სკოლები იხურება, რაც კიდევ ერთი ბიძგია იმისკენ, რომ ისინი მოსახლეობისაგან დაიცალოს. ამასთან, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის კლების თვალსაზრისით ყველაზე უარეს 47 ქვეყანას შორის ყველაზე უარეს ადგილზე ვიმყოფებით. ვნახე ახალგაზრდობისაგან დაცლილი სოფლები. უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო დღეს ახალგაზრდობა ლუკმა-პურს მონური შრომის ფასად თურქეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში შოულობს. სოფლის მეურნეობა განადგურებულია. სააკაშვილის პირდაპირი ვალდებულება იყო, ამმხრივ არსებული მდგომარეობა გამოესწორებინა, თუმცა იმის გამო, რომ არ იქმნება პროდუქცია, გლეხს მიწის დამუშავების შესაძლებლობა არ აქვს, ტოტალური უმუშევრობა მივიღეთ, რაც სიღატაკის პირდაპირი საფუძველია. ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ რთულად წარმომიდგენია, ჩვენმა სოფელმა მომავალი ზამთარი ნორმალურად გადაიტანოს. პრაქტიკულად მათ შეშის შეგროვების უფლებაც არ აქვთ. ტყიდან შეშის გამოტანის ნებართვას იანვრამდე არ იძლევიან და თუკი ვინმე მანამდე ამას გააკეთებს, დაისჯება, დაჯარიმდება და პრობაციონერად იქცევა. ასე, რომ, სოფლად მოსახლეობაში არსებული განწყობა ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, იმედგაცრუება ზოგადად პოლიტიკის, სახელმწიფოსა და პირადად სააკაშვილის მიმართ და ძალიან დიდი სურვილი იმისა, რომ საქართველოს რეალურად პატრონი გაუჩნდეს.

მე მოსახლეობას ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების სოფლის მეურნეობის სტრატეგია, ჩვენი ხედვები და მოსაზრებები გავაცანი იმის შესახებ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი თითოეულ გლეხს მიწის დამუშავების საქმეში, რა პირობები შევქმნათ მათი პროდუქციის გასაყიდად და რა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ადგილობრივი ბაზარი უცხოეთიდან შემოსული პროდუქციისგან დავიცვათ. აქ პირველ რიგში, საჭიროა ბაზარზე არსებული იმ მონოპოლიური ვითარების მოსპობა, რომლის გამოც ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია კონკურენციას ვეღარ უწევს.

ამასთან, თითქმის ყველა სოფელში ვისაუბრეთ ტრადიციული რუსული ბაზრის დაბრუნებაზე. მოდი, ნუ გავექცევით რეალობას: ჩვენი სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, თუ პროდუქციას ტრადიციულ ბაზარზე და მათ შორის რუსულზე არ გავიტანთ, ამას კი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სჭირდება. ტოტალური უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობისა სწორედ ასეთ გადაწყვეტილებებს უჭერს მხარს.

თქვენს მიერ ასახული მდგომარეობის ფონზე გაუგებარია, რატომ ხვდება ამა თუ იმ რეგიონში ჩასულ სააკაშვილს მოსახლეობა ლამის ოვაციებში გადასული ემოციებით?! ან რისადმი აღტაცებას გამოხატავენ ეს ადამიანები ამ აპლოდისმენტებით? ამის ამსახველ კადრებს ბოლო დროს თქვენც ნახავდით სხვადასხვა ნაციონალურ ტელეარხზე...

- ეს მხარდამჭერების ძალიან ვიწრო წრეა. ის ვიწრო წრე, რომელიც სააკაშვილის ირგვლივ ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობს, იღებს გადაწყვეტილებებს, რომ მილიონობით ლარი ძვირადღირებული კონცერტების მოწყობაში, ძვირადღირებული შადრევნებისა და ხიდების მშენებლობაში დაიხარჯოს. ეს არის წრე, რომელიც მოწყვეტილია საქართველოს, რომლისთვისაც ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები არAარსებობს. მათთვის მხოლოდ პირადი ინტერესები არსებობს. ეს არის წრე, რომელმაც პოლიტიკაში „ქურდები“ ჩაანაცვლა. „ქურდული“ მენტალიტეტისა და „ქურდული ინსტიტუტის“ მოსპობა ყველას გაგვიხარდა, მაგრამ მათი ადგილი სწორედ ამ წრემ დაიკავა. მათ აქვთ მონოპოლია ბიზნესში, მონოპოლია ეკონომიკაში, მონოპოლია მედიაში და ასე შემდეგ.

ხომ არ მიუთითებს ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგიონებში გახშირებული ვიზიტები და მოსახლეობასთან შეხვედრები როგორც რიგი ოპოზიციური პარტიების, ასევე თავად მმართველი გუნდის მხრიდან იმაზე, რომ 2012 წლის არჩევნებს დაგეგმილზე ადრე უნდა ველოდოთ? პირადად თქვენ თუ ელით საპარლამენტო არჩევნების საგაზაფხულოდ ჩატარებას, რაზეც კულუარულოდ უკვე საუბრობენ?

- ჩვენი შეხვედრები მოსახლეობასთან არჩევნების მოლოდინით მოტივირებული არ არის. ეს შეხვედრები მოტივირებულია მხოლოდ იმით, რომ ამ ადამიანების სატკივარი საკუთარ სატკივარად ვაქციოთ. თუ ამ ხალხს უშუალოდ არ შეეხე და თუნდაც ერთი დღე მათი ცხოვრებით არ იცხოვრე, მათ პრობლემას ვერასდროს გაიგებ და შემდგომში შენც სააკაშვილივით და მისი მინისტრებივით დაგემართებაL- რეალობას მოსწყდები და შენი ერის სატკივარი საერთოდ აღარ გტკივა.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, არ ველი, რომ ის ვადაზე ადრე ჩატარდება და ამის წინაპირობებს ვერც ვხედავ. ზოგადად კი, გამორიცხული არაფერია და სააკაშვილისგან არავის არაფერი გაუკვირდება. ვითარება, რომელიც დღეს პოლიტიკურ სპექტრშია, არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს არ მაძლევს. პირადად ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისათვის“, საშემოდგომოდ ჩატარდება არჩევნები თუ საგაზაფხულოდ, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ეს არჩევნები რევოლიციური იყოს. ეს უნდა იყოს არჩევნები, რომელზეც ამომრჩველთა 80% მაინც გამოვა და თავის სიტყვას იტყვის. სხვა შემთხვევაში ეს არჩევნებიც ისევე ჩაივლის და სხვადასხვა მანიპულაციების, მედიაკონტროლისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ვითარებას კონტროლქვეშ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი აიყვანს, რაც ქვეყნისათვის დამღუპველი იქნება.

სადღეისოდ ნაციონალურ მოძრაობას არაფერი ეტყობა, რომ საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით იმაზე მეტის შეცვლას აპირებდეს, რაზეც ოპოზიციის ნაწილთან უკვე შეთანხმდა. თუ არა რაღაც კონკრეტული გარემოება, რაც მას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით თქვენს მიერ შეთავაზებული წინადადებების გაზიარებას აიძულებს, ამ ეტაპზე ფაქტია, რომ ხელისუფლება უკვე დეკლარირებული გადაწყვეტილების კორექტირებას არ აპირებს. ასეთ შემთხვევაში იღებთ თუ არა თქვენც თამაშის იმ წესებს, რომელზეც ნაციონალები ოპოზიციის ერთ ჯგუფთან შეთანხმდნენ და შესაბამისად, მიდიხართ თუ არა 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?

- თამაშის წესებს ჩვენ შევქმნით, თუ მოვინდომებთ. თამაშის წესებს ქართული საზოგადოება, მოსახლეობა შექმნის.

კონკრეტულად როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?

- პირდაპირ გეტყვით – რევოლუციური არჩევნებით. თუ ის მცირე დათმობა, რომელსაც ოპოზიციის მწირი ნაწილი დათანხმდა და დაყაბულდა, ძალაში დარჩა, ერთადერთი გზა ცვლილებებისა რევოლუციური არჩევნებია, ანუ ხალხის ტალღა, რომელიც არჩევნებზე მივა და საკუთარ ნებას უშიშრად დააფიქსირებს. თამაშის ნებისმიერი წესები ხალხის თამაშის წესებით შეიცვლება, როგორც კი საარჩევნო დღეს ყუთებთან ამომრჩეველთა 80% მივა და ხმას მისცემს. ამისთვის მზადებას დავიწყებთ, როგორც კი პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება. ეს იქნება ერთადერთი გზა, რომლის ირგვლივ პარტნიორი პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი გავერთიანდებით.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მაქსიმალურად მობილიზებისა და არჩევნებზე ამომრჩეველთა 80%-ის მისაყვანად საჭიროა ისიც, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ გაყალბებზე საუბარი შეწყვიტოთ, რათა ამით არჩევნების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმის ზრდას აღარ შეუწყოთ ხელი...

- თუკი არჩევნებზე მასშტაბულად, ყველა მივალთ, არჩევნები ვერ გაყალბდება. ამომრჩეველთა ის 48%-49%, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდა, საკმაოდ არასაკმარისი იყო და ეს სწორედ ელექტორატში არსებული ნიჰილიზმის შედეგია. რეგიონებში სიარულის დროსაც ვგრძნობ, რომ ხალხს იმედი სჭირდება. მათ სჭირდებათ იმედი იმისა, რომ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სააკაშვილს კისერს მოუგრეხს, ჭკუას ასწავლის და მის ხელისუფლებას დაამარცხებს. ასეთი ძალა ხალხის წიაღიდან ამოსული, ეროვნული პოლიტიკური ძალა უნდა იყოს. ასეთი ძალის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვანი პოლიტიკის პირობებში, რასაც ჩვენ ჩვენი პარტნიორების მიმართ ვიჩენთ. ამიტომაც გვაქვს საუბარი შესაძლო ბლოკზე – არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოებაში ავტორიტეტის მატარებელი ხალხის ერთობით.

.. ოპოზიციური ექვსიანი საარჩევნო სუბიექტად დღეს არსებული შემადგენლობითა და კონფიგურაციით ჩამოყალიბდება, თუ სხვა, ახალ კონფიგურაციებს უნდა ველოდით? რა ცვლილებები შეიძლება, მოხდეს არჩევნებამდე დარჩენილ დროში?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით. ყველანაირი კონფიგურაცია შეიძლება, დალაგდეს. დღეს ეს არის პარტნიორობა, კოალიცია თავისუფალი არჩევანისთვის, რომელიც ჯერ საარჩევნო ბლოკი არ არის. ბლოკის კონფიგურაციები გამოიკვეთება, როცა საარჩევნო რეჟიმზე გადასვლას გადავწყვეტთ. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

და მაინც, რა სახის ცვლილებები შეიძლება, მოხდეს კოალიციის არსებულ შემადგენლობაში? შესაძლოა, ვინც დღეს ამ გაერთიანებაშია, საარჩევნო ბლოკში ვეღარ ვიხილოთ?

- რა თქმა უნდა და შეიძლება, ვინც დღეს არ არის, ის გაჩნდეს. ეს პოლიტიკაა. პოლიტიკაში ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მტრებს. „თავისუფალ დემოკრატებს“ პარტნიორობა ყველა ძალასთან შეგვიძლია, ვინც გაიზიარებს მთავარ ღირებულებასა და მიზანს - შემდგომი არჩევნები ცვლილებების არჩევნები იყოს.

თუკი ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, ძალიან მკაფიოდ შეინიშნება, რომ უფრო დიდია შიდა კონკურენცია, ვიდრე კონკურენცია სახელისუფლებო ძალასთან. ელემენტარულად, როგორც კი, მაგალითად, თქვენ რომელიმე რეგიონში ამომრჩეველთან შესახვედრად ჩახვალთ, მეორე დღესვე ენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები სხვა რეგიონში ჩნდებიან. ის თუ ჩადის ვაშინგტონში, თქვენ მიდიხართ ბრიუსელში, ან პირიქით. თითქოს ერთმანეთს უფრო მეტ მეტოქეობას უწევთ, ვიდრე თავად ნაციონალებს

- ჩემთვის არცერთი ოპოზიციური პარტია მეტოქე და ოპონენტი არ არის. ჩემი მთავარი მოწინააღმდეგე სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო თუკი რეგიონში ჩემი ჩასვლით ვინმეს სტიმულს ვუჩენ, რომ ისიც ჩავიდეს და პოლიტიკური მუშაობა გასწიოს, პირიქით, მიხარია – რა არის ამაში ცუდი?! ოპოზიციის პრობლემა სწორედ ისაა, რომ ხალხთან არ არის კონტაქტში.

და მაინც, ხომ არ სჯობს ოპოზიციაში უფრო მეტი კონსოლიდაციის არსებობა?

- ექვსი ოპოზიციური პარტია უკვე ერთად ვართ და ჩვენს შორის კონსოლიდაცია არსებობს. დანარჩენმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არჩია. კი ბატონო, ეს მათი არჩევანია. მათ აირჩიეს გახდნენ არასრული და ჩემთვის მიუღებელი შედეგის მქონე მოლაპარაკების ნაწილი. მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და მე ეს მივიღე, როგორც ფაქტი. ჩემთვის მათი ქმედება განმსაზღვრელი არ არის. ჩემთვის განმსაზღვრელია "ნაციონალური მოძრაობა", მისი ნაბიჯები და შეცდომები. ჩემი მთავარი ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებაა.

ახალ კონსტიტუციაში ჩადებული იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის, პარლამეტისა და მთავრობის ინსტიტუციებს შეეხება, ქვეყნის სათავეში კოალიციური მთავრობის მოსვლას პროგნოზირებენ. სხვათა შორის, სწორედ კოალიციური მთავრობის კონტექსტსა და კონტურებში გაჟღერდა თქვენი სახელიც. რამდენად შესაძლებელია, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად .. კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში გიხილოთ და თუ ემზადებით ამისთვის?

- ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმცირესობაში გადავიყვანოთ. ესაა ჩვენი ამოცანა. პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადადგა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. მე ამ პარტიაში მტრებს არ ვხედავ, ვხედავ მხოლოდ ოპონენტებს, რომლებიც არ არიან ღირსნი, ქვეყნის მართვის სადავეები ჰქონდეთ ხელში. დღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ სახელმწიფო სამსახურში ბევრი პროფესიონალი მუშაობს, ვინც, ვფიქრობ, სახელმწიფო სამსახურში უნდა დარჩეს. რაც შეეხება მათთან ერთ მთავრობაში ყოფნას, მე ეს მთავრობა სწორედ იმიტომ დავტოვე, რომ არ ვეთანხმებოდი სააკაშვილს, მის პოლიტიკას, ვთვლიდი, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავდათ და რა თქმა უნდა, მათ მთავრობაში დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ.

არსებობს რეალური მოლოდინი იმისა, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნებასა და ამ თუ იმ ფორმით ხელისუფლებაში დარჩენას შეეცდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ცნობილია. მაინტერესებს, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე რამდენად ამახვილებთ ამ თემაზე ყურადღებას და როგორია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიცია?

- სააკაშვილი არის წარსული – ეს არის მათი პოზიცია. აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის, მაკკეინის, ლიბერმანის, ნებისმიერის, ვინც გინდათ, პოზიციაა, რომ სააკაშვილი საქართველოს წარსულია, რომელმაც თავისი პლუსებით თუ მინუსებით ამოცანა უკვე შეასრულა. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას იტყვის მაკკეინი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას იტყვის ჩემი ამომრჩეველი, ქართველი ხალხი. ამ კუთხით დასავლეთის გავლენის აღქმა უტრირებული და გადაჭარბებულია. მიხეილ სააკაშვილი გუშინდელი დღეა, მაგრამ ის, თუ ვინ იქნება ხვალინდელი დღე, ქართულ მოსახლეობაზეა დამოუკიდებული. ასეთია იმ ადამიანების პოზიცია, ვისაც მე ველაპარაკები.

სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან თავად ქვეყნისადმი მიდგომა, ქვეყნის მხარდაჭერა და მათი პოლიტიკა რამდენად შეიცვლება? თუ შესაძლოა, არაფერი შეიცვალოს და რეალურად მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად ნეიტრალური აღმოჩნდეს?

- დაივიწყებენ საქართველოს. ჩათვლიან, რომ ეს არის ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც პუტინის გამეორებაა და ისიც - უნიჭო და არასრული. თუ სააკაშვილმა ხელისუფლებაში დარჩენა გადაწყვიტა, საქართველოსთან ურთიერთობები გაცივდება, მაგრამ იგი ამას ვერ შესძლებს. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველსა და გარანტიას?

- ამის გარანტიას ის შეხვედრები მაძლევს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზოგადოებასთან მქონდა. საზოგადოება ხელისუფლებაში სააკაშვილს ვეღარ აიტანს. მოსახლეობას ერთი სული აქვს, როდის ამოწურავს ის დარჩენილ ვადას, ხოლო ის, თუ ვინ იქნება შემდეგი, უკვე მათი არჩევანია.

მაგრამ არჩევნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა და მათმას შედეგებმა არა ოპოზიციის, არამედ ნაციონალური მოძრაობის უპირატესობა დაადასტურა...

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები აბსოლუტურად ლოგიკური იყო. ამომრჩეველთა იმ 49%-დან, რომელიც არჩევნებზე მივიდა, 30%-35%-მა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა და ჩვენ ისედაც ვიცით, რომ საერთო ადმინისტრაციული რესურსი სწორედ მაგხელაა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით საკუთარი ამომრჩევლის 100%-ის მიყვანა შეძლო. ეს ჩვენ ვერ ვივარგეთ, რომ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი მიგვეყვანა, რომელიც ნიჰილიზმის გამო სახლში რჩება. ეს არის და ეს.

აფხაზეთში დაგეგმილ .. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც მინდა, გკითხოთ. პირველ რიგში, მაინტერესებს, რას იტყვით თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის იმ განცხადებაზე, რომლის თანახნად, აფხაზეთის ომის დროს, 1992-1993 წლებში .. პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი ელექსანდრე ანქვაბი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- მე ამ მოვლენების თანამონაწილე ვარ და გეტყვით, რომ ანქვაბი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქართულ მხარესთან მოლაპარაკების რაციონალურად წარმართვა. მისთვის ადამიანური ღირებულებები ძალიან ახლობელია და ძალიან ბევრი გაჭირვებული ქართველი გამოუყვანია მდგომარეობიდან, რაც სწორედ ადამიანური ფასეულობებიდან გამომდინარე გაუკეთებია. ანქვაბი თვლიდა, რომ ომმა ადამიანს ადამიანური სახე არ უნდა დააკარგვინოს. კიტოვანის განცხადებაზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გეტყვით იმას, რომ ანქვაბი არის ადამიანი, ვისთანაც ჩვენ საერთო ენას მოვძებნით. მასაც სურს, ქართველებსა და აფხაზებს შორის რეალურად დაიწყოს შერიგების პროცესი. ამასთან, ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ არც უნდა ჩავერიოთ და არ უნდა განვჭვრიტოთ, ვინ იქნება აფხაზეთის საზოგადოების მიერ არჩეული ლიდერი. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ჩვენ მასთან საერთო ენა უნდა მოვძებნოთ და ვილაპარაკოთ.

როგორ შეაფასებდით იგივე ანქვაბის განცხადებას საქართველოსთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ? მართალია, მან ამავე განცხადებაში გააჟღერა პირობა კეთილმეზობლობის შესახებ, თუმცა საინტერესოა, რომ მას მოლაპარაკება სურს განურჩევლად იმისა, წავა თუ არა საქართველოს ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილი.

- ეს საარჩევნო რიტორიკაა, რომელიც ანქვაბის საარჩევნო კამპანიის ნაწილია. ამაზე დიდი გათვლები არ უნდა გავაკეთოთ. ჯერ არჩევნების დასრულებას დაველოდოთ, გამოავლინოს აფხაზურმა მხარემ საკუთარი ლიდერი. მე არ ვიტყვი "დე-ფაქტო ხელმძღვანელს". ჩვენ ის აფხაზების მიერ არჩეულ წარმომადგენლად უნდა ვაღიაროთ და მასთან ვისაუბროთ.

თუ ელით რაიმე რეალურ ცვლილებებს 26 აგვისტოს .. საპრეზიდენტო არჩევნებისგან?

- მე ისეთი ლიდერის წარმოჩენას ველი, ვისაც საკუთარი ხალხისგან ლეგიტიმურობა ექნება, რომ შემდომში მასთან ვილაპარაკო. მე ამას ველი და სხვას არაფერს. თვისობრივად დე-ფაქტო ვითარების შეცვლას ნამდვილად არ ველოდები, მაგრამ მჭირდება, ვიცოდე, თუ ვის უნდა დაველაპარაკო, ვინ იქნება ჩემთან აფხაზების სახელით მოლაპარაკე.