რუსეთის იმპერია?

რუსეთის იმპერია?

[The New-York Times  დიმიტრი ტრენინი]

მოსკოვი – ზუსტად 20 წლის წინ, მეოცე საუკუნის უკანასკნელმა უდიდესმა იმპერიამ – საბჭოთა კავშირმა – 1991 წლის აგვისტოში ცუდად დაგეგმილი პუტჩის შემდეგ დაშლა დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ის მთლიანად გაქრა ბრიტანული და ფრანგული იმპერიების ხანგრძლივ და სისხლიან ნგრევასთან შედარებით, საბჭოთა კავშირის კოლაფსმა შედარებით მშვიადად ჩაიარა. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ” (დსთ), რომელსაც ბევრი შეცდომით სსრკ-ს ახალ სახელწოდებად აღიქვამდა, სხვები კი „რუსეთის იმპერიის ახალ ვარიანატს“ უწოდებდნენ, ხელი შეუწყო იმას, რომ კაცობრიობის ისტორიაში სსრკ-ს დაშლა იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან და ნაკლებად ძალადობრივ გაქრობად იქცა.

ეს კი შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დიდად არ ცდილობდა და დღესაც არ ცდილობს „ახლო საზღვარგარეთის“ შენარჩუნებას. მას სხვებისთვის გასაყოფი ცოტა რესურსი და დაქვემდებარების არანაირი სურვილი არა აქვს.

რეგიონალური საკავშირო ინსტიტუტები, რომლებიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაჩნდა, მაგალითად საბაჟო კავშირი ბელორუსს, ყაზახეთს და რუსეთს შორის, ან კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაცია (C.S.T.O), რომელშიც ასევე შედიან სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი პრაგმატული შეთანხმებებია, რომლის შედარებაც ევროკავშირთან ან ნატო-სთან, ან ადრე არსებულ ვარშავის პაქტთან არ შეიძლება.

საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ, ბევრს საუბრობდნენ მედვედევის ფორმულირებაზე რუსეთის „პრივილეგირებულ ინტერესთა ზონების“ შესახებ, მაგრამ დღეს მისი გამოყენება მხოლოდ ორ რეგიონთან – აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან მიმართებაში შეიძლება. კავკასიის ომიდან სამი წლის შემდეგ,“კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის“ (C.S.T.O) არც ერთ წევრს რუსეთისთვის არ მიუბაძავს და აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის სახელმწიფოებრიობა არ უღიარებია. სამყაროს ამ ნაწილში სუვერენიტეტი, ყველაფრის გარდა, მოსკოვისგან დამოუკიდებლობასაც ნიშნავს.

რაც შეეხება დაახლოებით 25 მილიონ ეთნიკურ რუსს, რომლებიც რუსეთის მიღმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დარჩნენ, მოსკოვს მათ დასაცავად სამოქალაქო კონფლიქტებში, მაგალითად ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. რუსეთმა მხარი არ დაუჭირა არც ირედენტებს იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც რუსები უმრავლესობას შეადგენენ, როგორც მაგალითად, ყირიმში. კრემლი არაგულწრფელი განცხადებებით შემოიფარგლა ეთნიკური რუსებისთვის მოქალაქეობის მუდმივ მოთხოვნასთან დაკავშირებით ესტონეთსა და ლატვიაში, თურქმენეთში კი ესეც არ გააკეთა.

სინამდვილეში, რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო იქითკენ, რომ ამ ქვეყნებისთვის მისი იმპერიული ტრაექტორიიდან რაც შეიძლება შორს ებიძგა მეტი დამოუკიდებლობისკენ. ტრადიციული განცხადებების მიუხედავად, რომ დსთ წამყვანი პრიორიტეტია, მოსკოვი ხაზგასმით უარს ამბობდა „უკეთესი კავშირის“ დაფინანსებაზე. 2000-იანების შუა წლებში „გაზპრომმა“ მკვეთრად გაუზარდა ფასები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების კლიენტებს, გაუტოლა რა ის ევროპულ დონეს, ხოლო რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საბჭოთა პასპორტის მფლობელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე შეზღუდვებს აწესებდა. ყოფილმა საბჭოთა კავშირმა არსებობა ერთი ხელის მოქნევით შეწყვიტა, „ახლო საზღვარგარეთი“ უბრალოდ „საზღვარგარეთად“ იქცა.

თავისი ყოფილი იმპერიის მიმართ რუსეთის გამორჩეულად დაბალი ინტერესის პარალელურად, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ყოფილ იმპერიულ ცენტრს ემიჯნებოდნენ. ზოგიერთმა განვითარების ევროპული კურსის შესახებ განაცხადა. სხვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მუსულმანური წარმომავლობა და მეზობლებზე ფოკუსირდნენ. რამდენიმე იზოლაციის გზას დაადგა.

რუსეთი ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდა. 1993 წელს „რუბლის ზონის“ შეწყვეტის დღიდან, ეკონომიკური კავშირები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან სუსტდებოდა. დსთ-ში რუსეთის საგარეო ვაჭრობის წილი მხოლოდ 15%-ია.

სტუდენტებისთვის, რომლებიც სსრკ-ს ისტორიას სწავლობენ, გაურკვეველია რა უნდა უწოდონ ამ პოსტ-საბჭოთა სივრცეს. 20 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ სამი სხვადასხვა რეგიონი ჩამოყალიბდა.

პირველი – ახალი აღმოსავლეთ-ევროპაა: უკრაინა, ბელორუსია და მოლდავეთი. კიევმა და კიშინიოვმა განვითარების ევროპული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს და მთავრობების ცვლაც გადაიტანეს. რაც შეეხება ბელორუსს, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანა მკვეთრად შეცვალა, ეფექტურად შექმნა რა ბელორუსის დამოუკიდებლობის ფუნდამენტი, ის რასაც წინამორბედი ნაციონალისტები თავიანთი რუსოფობიით ვერ განახორციელებდნენ. როდესაც ბელორუსები საბოლოოდ შესძლებენ თავიანთი სიტყვის თქმას, ისინი როგორც სჩანს ევროპას აირჩევენ.

შემდეგი რეგიონი – სამხრეთ-კავკასიაა. ზოგიერთები ამ რეგიონს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპად განიხილავენ. თბილისს აშკარად ეს განწყობა აქვს. საქართველოს გზა ევროპისკენ რთული იქნება, მაგრამ აზერბაიჯანის და სომხეთის მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველია, ისევე როგორც ახალი აღმოსავლეთ-ევროპა, სამხრეთ-კავკასია გარკვეული პერიოდი თავისთვის იარსებებს, მოქცეული ევროკავშირს, თურქეთს, ირანს და რუსეთს შორის.

მესამე – ახალი ჯგუფი ცენტრალურია. იქ ტერმინი „ევრაზია“ ალბათ მხოლოდ ყაზახეთს ეხება მისი კულტურულად და რელიგიურად მრავალფეროვანი ეთნიკური მოსახლეობის გამო. დანარჩენი შუა აზიაა, როგორც მას ერთ დროს საბჭოთა გეოგრაფები უწოდებდნენ: ისლამის აღორძინებამ და ახლო-აღმოსავლეთის და ჩინეთის სიახლოვემ შეცვალა იმ სამყაროს ნაწილი, რომელიც ერთ დროს რუსულ და საბჭოთა „უკანა ეზოში” შედიოდა.

ბოლოს და ბოლოს არსებობს თავად რუსეთი. კულტურულად ევროპული ქვეყანა, პოლიტიკურად ევროპას არ ეკუთვნის. ის აზიის ზღვარზეა, მაგრამ ბევრი აზიატისთვის ეს უმნიშვნელოა. საეჭვოა რუსეთმა ევროპაში ინტეგრირება შესძლოს და არ შეუძლია ან არ სურს დსთ-ში სხვების ინტეგრირება.

პარადოქსულია, მაგრამ შეიძლება ეს უკეთესიცაა. თუკი რუსული საზოგადოება შესძლებს საკუთარ თავში ძალების და სურვილის გამონახვას, რომ გამოვიდეს დღევანდელი დაქსაქსული მდგომარეობიდან და დაიწყებს პოსტ-იმპერიული სახელმწიფო-ერის შენებას, რუსეთი შესძლებს რუკაზე ევროპულ-წყნაროკეანულ ერად დამკვიდრებას და საკუთარ ძალებს აქედან ათვლის.

მზარდი კავშირებით ერთის მხრივ ევროკავშირს და ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას და კორეას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ასევე რუსეთს და მის მეზობლებს შორის ჩნდება ახალი ევრაზია, რომელშიც ერთი დომინანტი სახელმწიფო აღარ არის და რომელიც პირველად შეესაბამება თავის გეოგრაფიულ სახელწოდებას.

დიმიტრი ტრენინი – ”კარნეგის ცენტრის” მოსკოვის ოფისის დირექტორი; წიგნის „პოსტ-იმპერია: ევრაზიული ისტორია“ ავტორი.

foreignpress