საქართველოს საგარეო ვალი ერთ წელიწადში 20,7 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალი ერთ წელიწადში 20,7 პროცენტით გაიზარდა

[ბანკები და ფინანსები]

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 4 182 276 000 აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,7%-ით მეტია. საგარეო ვალის მოცულობა 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში 3 464 795 000 აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მაისში - 4 176 172 000 აშშ დოლარს. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის 30 ივნისისთვის საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 610,349 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი 564,75 მლნ აშშ დოლარია.

2011 წლის ბოლომდე ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად 85 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს, რაც საგრძნობლად გაზრდის სახელმწიფო ვალს.
საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში მრავლად მოიპოვება ქვეყნის ვალის ზრდის შედეგად მიღებული მწარე მაგალითები.

2009 წლის მეოთხე კვარტალში აღინიშნა შიდა ვალის მნიშვნელოვანი ზრდა და 2010 წლის ბოლომდე გაგრძელდა, რათა დაფინანსებულიყო ბიუჯეტის დეფიციტი, ამავე პერიოდში ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად ტარდებოდა ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა რამაც გამოიწვია სამომხმარებლო ხარჯებისა და მოთხოვნის მკვეთრი ზრდა.
მოთხოვნის ზრდას ფირმებმა უპასუხეს წარმოების ზრდით და ქვეყანაში მშპ 2009-2010 წლებში 17986.0-დან 20791.3 ლარამდე გაიზარდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 1601.9 ათასიდან 1656.1 ათასამდე. მოსალოდნელი იყო რომ ასეთი გარემო ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი საგანგაშოდ მაღალ ნიშნულზე 23,6%-ზე იყო და მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია, რაც შემაფერხებელი ფაქტორი გახდა ინვესტორებისთვის.

ინვესტიციები და დანაზოგები შემცირდა, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაიზარდა (ლარი გამყარდა) რამაც გამოიწვია ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის შემცირება მსოფლიო ბაზარზე. ამ ფაქტმა მყისიერი და შესამჩნევი ასახვა ჰპოვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინდიკატორზე, წმინდა ექსპორტზე. რადგან უცხოური საქონელი და მომსახურება შედარებით იაფი იყო ვიდრე ქართული ამან იაფი იმპორტის ზრდა გამოიწვია და ხელოვნურად არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩენილი ქართული წარმოება მნიშვნელოვნად დააზარალა.

საკმაოდ მაღალ პროცენტად აღებული ვალით ბიუჯეტის დაფინანსებამ 2009 წლის ბოლოს არსებული 3%-იანი ინფლაცია 2010 წლის ბოლოს 12%-მდე გაზარდა. ამ პირობებში ბიუჯეტის დეფიციტიც ყოველ მომდევნო წელს განუხრელად იზრდება. მთავრობა კი იმის ნაცვლად, რომ ადრე დაშვებულ შეცდომებზე ისწავლოს და ახლა სახელმწიფო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით გამოასწოროს ისევ განაგრძობს სახელმწიფო ვალის აღებას.
მიმდინარე დეფიციტის ვალებით დაფინანსების მძიმე ტვირთი კი მომავალ თაობებს დააწვება, ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დაგროვებული კაპიტალის სიდიდე მცირე იქნება, სახელმწიფო ხარჯები კი დიდი