[მანანა ნოზაძე]
რუსთაველს თატრის მსახიობი ბესო ზანგური მიიჩნევს, რომ თავლაფდასხმულია ისეთი საქართველო, სადაც არნოლდ სტეფანიანი თეატრიდან აგდებს რობერტ სტურუას.
რობერტ სტურუასთან მიმართებით თეატრის ხელმძღვანელ ზაალ ჩიქობავას პირად საუბარში რა პოზიცია უჭირავს?
– მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დათხოვნის შესახებ განცხადება მიუტანა ბატონ რობერტ სტურუას, ზაალ ჩიქობავას არც დაურეკავს. ზაალ ჩიქობავა რჩება თავის პოსტზე, ვერც გავამტყუნებ, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც თანამდებობაზე როცა თანხმდებიან, უკვე იციან, რომ უნდა დაემორჩილონ ხელისუფლებას, რომელიც მართავს. ანუ მის უკან უკვე ოჯახი დგას, დგას მრავალი ადამიანი, რომელთაც ვერ გასწირავს, თუნდაც თეატრის გამო.
ზაალ ჩიქობავასგან ერთი მხარდამჭერი ზარიც არ განხორციელებულა?
– მის ერთ ზარს წინ ედგა ის პოლიციური სახელმწიფო, რომელიც გახლავთ საქართველო, რომელიც აბსოლუტურად კონტროლირებადია პოლიციის მხრიდან. ყველაფერი ისმინება, იკითხება, მოკლედ, 37 წელია. ხუთ კაცში ერთი ან ორი მოღალატე, გამცემია. ქვეყანაში, სადაც 44 ათასი პატიმარია, სადაც ოჯახი არ არსებობს, რომ ერთი პატიმარი არ ჰყავდეს, რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი? ბოლო თავისუფალი ადგილი გახლდათ რუსთაველის თეატრი, რასაც საბოლოოდ მიაყენეს შეურაცხყოფა. მეტი თავისუფლება, მითხარით, სადაა? მედიაში თავისუფლება არ გაქვთ, თეატრში თავისუფლება არ არის, ეკლესიაში თავისუფლება არ არის. სად არის თავისუფლება? ციხეში?
რობერტ სტურუას გარდა, სხვა სამხატვრო ხელმძღვანელს არ ვცნობთ. თუ მოიყვანენ თავად პრეზიდენტს და დასვამენ სამხატვრო ხელმძღვანელად, მაშინ მე, როგორც მსახიობი, წავალ აქედან და დავჯდები პარლამენტში. იქ უფრო დიდი დარბაზებია და მაშინ იქ დავდგამთ ჩვენს სპექტაკლებს. ეს არის პრეზიდენტის პირდაპირი ანგარიშსწორება სტურუაზე.
ნიკა რურუას არ გავამტყუნებ. რა თქმა უნდა, ის კულტურის მინისტრია, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რურუას ამის გამო ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდებოდა. თუმცა ადამიანი, რომელიც მართავს, რომელსაც ჰქვია პრეზიდენტი, აბსოლუტურად არაკონტროლირებადია, მისგან რას მოველით, არ ვიცით. ყოველგვარი იუმორის გარეშე ვამბობ, შესაძლოა, მოვიდეს და დაგვიჯდეს სამხატვრო ხელმძღვანელად. არის ამის გამკეთებელი. სტურუას რომ ათავისუფლებდა, შესაძლოა, თავად უნდოდა ეს პოსტი.
სად წავა ბატონი რობერტი, ან დათანხმდება კი შემოთავაზებებს?
– ჩემი აზრით, ბატონი რობერტი დარჩება რუსთაველის თეატრში და იქ გააგრძელებს სპექტაკლების დადგმას. ძალიან ბევრი მიწვევა აქვს არგენტინაში, საბერძნეთში, რუსეთში. ნაციონალები აცხადებენ მაინცდამაინც – რუსეთი, რუსეთიო. რუსეთი რა არის, „ზარაზაა“? თუ ჰგონიათ, რუსეთში თეატრალური კულტურა არ არსებობს? ეს რუსოფობია არ არის? რობერტ სტურუა ყოველთვის იქნება ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მას სტატუსი არ სჭირდება.
დასის პროტესტი რა სახით და სადამდე გაგრძელდება?
– გავაგრძელებთ ამ პროტესტს, სანამ ხელისუფლება სტურუაზე არ იტყვის „ჰო“-ს. ჩვენ ვამბობთ ყველაფერზე „არა“, სანამ ხელისუფლება არ იტყვის „ჰო“. არ ვიცით, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები, ეს მიტინგი ხომ არაა, თეატრია.
ახალ სეზონს არ გახსნით?
– თუ ბატონი რობერტის სპექტაკლებით გაიხსნება სეზონი, რა თქმა უნდა, გავხსნით. ხოლო, თუ ისინი აკრძალავენ რეპერტუარს, აკრძალავენ სტურუას ამ თეატრში, ჩვენ ვიტყვით „არას“.
უკვე საუბრობენ რუსთაველის თეატრის რეპერტუარის გადახალისებაზე. თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლი „ნადირობის სეზონი“ მართლა აკრძალეს?
– არის ასეთი ვერსიაც, თუმცა ჯერ ველოდებით მმართველს და მის გადაწყვეტილებას, რადგან სტურუაზე ბევრი რამ აღარაა დამოკიდებული, ის უკვე თანამდებობის გარეშეა. დარჩება თუ არა მისი სპექტაკლები, ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს მმართველმა, სამხატვრო საბჭომ.
პირადად თქვენ რობერტ სტურუასთან უშუალო კონტაქტი დღემდე გაქვთ. სტურუა გულგატეხილია?
– არა, არანაირად გულგატეხილი არაა. ამჟამად იგი თბილისში იმყოფება, მეტიც, აქ არის, თეატრში. ჩემი აზრით, რუსთველის თეატრის რეჟისორისთვის ეს ერთ-ერთი გენიალური დასასრულია, რადგან ამ თეატრში ოდითგანვე ან ხვრეტდნენ, ან აგდებდნენ სიმართლის გამო და რობერტ სტურუა აღმოჩნდა ერთ-ერთი ის ბუმბერაზი, სანდრო ახმეტელის პირდაპირი, თვალშისაცემი გამგრძელებელი.
ცალსახაა, რობერტ სტურუას ქართული თეატრი არ ეთმობა, ამიტომაც არ სურს
ლონდონის ან რუსეთის თეატრებში გადასვლა?
– დიახ, მისი სათქმელი არის რუსთველის თეატრი. რუსეთში ის შეიძლება
წავიდეს სამი თვით. შესაძლოა, წავიდეს არგენტინაში, ასევე, სამი თვით, მაგრამ
მთავარი მისი სათქმელი, მთავარი არსი, მისი კერა რუსთაველის თეატრია. სიტყვა
„რუსთაველის თეატრი“ რომ ითქმება, არავინ ამახვილებს ყურადღებას, რომ ნახე, რა
ლამაზი ჩუქურთმა აქვს ამ თეატრს, არამედ რუსთაველის თეატრის პირდაპირი ასოციაცია რობერტ
სტურუაა.
სტურუას დაცვის გამო რამდენიმე თვის წინ თქვენ პრობლემები შეგექმნათ, ახლაც თუ უცდიათ დაშინება?
– არანაირი პრობლემა ამჟამად არ შემქმნია. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც ხიჭვივით შეგერჭობა. ეს მათი საქმეა. მთავარია, ჩვენ ღირსეული პასუხები გავცეთ და მათ უნიჭო საქციელს უნიჭოდ არ ვუპასუხოთ. არამედ უნდა ვუპასუხოთ კანონის ფარგლებში, თანაც ისე, რომ ჩირქი არ მოვცხოთ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ვიცავთ.
მომხდარის შესახებ თავად რობერტ სტურუა რას ამბობს?
– არაფერს არ ამბობს. აცხადებს, რომ ასე უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ამ სიტყვებში ბევრი რამ იგულისხმება, შეიძლება ვიგულისხმოთ თუნდაც ის, რომ მისი ამდენი ხნის ღვაწლი და ამაგი არ უნდა ჩავარდეს წყალში. როდესაც რამე უბედურება დამემართება, მე ვერ ვურეკავ ჩემს მეგობრებს დახმარების სათხოვნელად, ანუ, ისინი თვითონ მოქმედებენ და თავად მიცავენ მე. ასევეა ახლა რობერტ სტურუაც. ამდენი ხნის ღვაწლი, ამაგი არ უნდა დავუკარგოთ.
ის მსახიობები, რომლებიც მას მხარს არ უჭერენ, რით ხელმძღვანელობენ? ზოგიერთები მას სიმკაცრესაც უწუნებდნენ.
– სამი მსახიობი, რომელმაც სტურუას მხარდამჭერ განცხადებას ხელი არ მოაწერა, ამხელა თეატრისთვის არაფერია. მათ ვერ დავასახელებ. ბოლომდე დავიცავთ რობერტ სტურუას, თუნდაც ამას თეატრიდან ჩვენი წასვლა დასჭირდეს.
რობერტ სტურუას ბოლოდროინდელ გამოსვლებში ქსენოფობიური გამონათქვამები შეინიშნებოდა?
– გამაგებინეთ, სომეხი რომ არ მიყვარდეს, ეს კანონში წერია, რომ ამის გამო უნდა დავისაჯო? ჯერ ერთი, მას არ გაუკეთებია ქსენოფობიური გამონათქვამი, იქ არაფერია ასეთი. განა ყველა ეროვნება უნდა მიყვარდეს მსოფლიოში? ამიტომ არნოლდ სტეფანიანი უნდა დამსდევდეს, თუკი არ მიყვარს აფრიკელი, ზიმბაბველი? და არნომ უნდა მიკონტროლოს, სტეფანიანმა, ჩემს ქვეყანაში მე რას ვიტყვი? ვინ არის არნოლდ სტეფანიანი, საერთოდ? ნომერ პირველი რუსოფობი და რუსებთან შეკრული ადამიანი ლაპარაკობს სტურუას ქსენოფობიაზე? ესაა უდიდესი სირცხვილი და თავლაფდასხმულია საქართველო, რომ არნოლდ სტეფანიანი თეატრიდან გიგდებს რობერტ სტურუას. ეს ყოველგვარ ზღვარს მოკლებულია.
ქსენოფობიური გამონათქვამები მხოლოდ საბაბია?
– საბაბი მხოლოდ ერთადერთია და ის სააკაშვილთან უნდა ვეძიოთ.