[ "თავისუფლების" მასალების მიხედვით]
ქსენოფობიური განცხადებების გამო პოპულარული ფიგურის, რობერტ სტურუას გათავისუფლება ქმნის პრეცენდენტს, რომელიც სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს“, - წერს პოლიტოლოგი გია ნოდია.
ნოდია მიიჩნევს, რომ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი განცხადებების შემდეგ საჯარო მოხელე, რომელიც ხელფასს გადასახადის გადამხდელებისგან იღებს, თანამდებობაზე დიდხანს ვერ დარჩება, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ნამდვილ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბდა.
„ნაადრევი იქნება დასკვნა, რომ საქართველო იქცა ევროპულ ქვეყნად, რომლის ლიდერებიც ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. უცნაურია, რომ მინისტრს საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად თვენახევარი დასჭირდა. ამ სიტუაციაში გარკვევას დიდი დრო არ სჭირდებოდა - სტურუას განცხადებების არსი ისედაც ნათელი იყო“, - აღნიშნავს ნოდია.
მისი აზრით, ხელისუფლებას საკუთარი პოზიციის შესამუშავებლად დიდი დრო იმიტომ დასჭირდა, რომ სტურუა მის ოპონენტად მიიჩნეოდა, ხოლო ქსენოფობიური განცხადებები საზოგადოებაში შესაძლოა, მისი გათავისუფლების მხოლოდ საბაბად აღქმულიყო.
„სტურუას გათავისუფლება „კულტურის მოღვაწეთა“ უმრავლესობამ გააპროტესტა. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საკუთარ კოლეგას... პრობლემის ფესვები საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელსაც საბჭოთა კავშირში „კულტურულ და სამეცნიერო ინტელიგენციას“, რთულ ურთიერთობაშია. სააკაშვილის ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ინტელიგენციამ ერის მორალური ლიდერის სტატუსი დაკარგა“, - წერს ნოდია.
მას მიაჩნია, რომ მართალია, სტურუა სახელმწიფოს ფულით დგამდა იმდენ სპექტაკლს, რამდენიც სურდა და ამავდროულად აკეთებდა ირონიულ განცხადებებს, თუმცა რუსთაველის თეატრი ერის სულიერების ცენტრის ფუნქციას უკვე აღარ ასრულებს.
„სტურუას დამცველები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ მის სპექტაკლებში ქსენოფობიური ნიშნები არ არის, თუმცა სოციალური და პოლიტიკური კუთხით ფაქტი ფაქტად რჩება, სტურუა საბჭოთა ინტელიგენციის კიდევ ერთ წარმომადგენლად წარმოჩნდა... ქსენოფობიური განცხადებების გამო პოპულარული ფიგურის, რობერტ სტურუას გათავისუფლება ქმნის პრეცენდენტს, რომელიც სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს“, - აღნიშნავს ნოდია.