[ბანკები და ფინანსები]
"საქსტატის" ინფორმაციით, სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2009 წელს 512,6 ლარი შეადგინა, არასახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა – 608,5 ლარი. უფრო ახალი ინფორმაცია, რომელიც ამ მაჩვენებელს ქვეყანაში არსებული საქმიანობების მიხედვით მოუყრიდა თავს, ორგანიზაციის საიტზე არ მოიპოვება.
ამ წელს, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებიდან, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო (2258,9 ლარი) და სამთომოპოვებითი (2438,1 ლარი) სფეროს წარმომადგნლებს ჰქონიათ. ყველაზე დაბალი – თევზჭერითა და მეთევზეობით დაკავებულებს (129,2 ლარი). ფაქტობრივად, იგივე მეორდება არასახელმწიფო სექტორშიც: ყველაზე მაღალი ხელფასი აქაც საფინანსო სექტორში ჰქონიათ (1302,5 ლარი), ყველაზე დაბალი – თევზჭერასა და მეთევზეობაში (262,1 ლარი). საშუალო ხელფასი ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულთა ნაწილი არსებულ მაჩვენებელზე მეტს იღებს, ნაწილი კი – ნაკლებს, მაგალითად, თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში, სადაც 2009 წელს საშუალო ხელფასი, სულ რაღაც, 129,2 ლარს შეადგენდა.
მაინც, როგორ ნაწილდება ხელფასები საშუალო ნომინალური მაჩვენებლის მიღმა? ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანიც, ამ კონტექსტში, სახელმწიფო სექტორში არსებული მდგომარეობაა. მიზეზი რამდენიმეა. პირველი – კერძო სექტორისთვის იგი, როგორც წესი, ორიენტირია. მეორე – როცა თავად გასცემს ხელფასს, ხელისუფლებას აქვს სრულყოფილი შესაძლებლობა, დაიცვას სოციალური სამართლიანობა, რაც სახელმწიფოს მართვის საფუძველთა საფუძველია. იმ კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, `ღირსეული შრომა საჯარო სექტორში~, ფარგლებში ჩაატარა, შეიძლება თამამდ ითქვას, რომ სოციალური სამართლიანობა ამ ხელისუფლებისთვის ფრიად შორეული და ღრმად თეორიული დეფინიციაა.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფო მმართველობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა, 2011 წლის 1 კვარტალში 929 ლარი შეადგინა, ხსენებული კვლევის მიხედვით კი, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების 50%-ს საარსებო მინიმუმზე დაბალი ანაზღაურება აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც `საქსტატი~ აქვეყნებს, საარსებო მინიმუმმა ივნისში 158,6 ლარი შეადგინა. კვლევაში მოყვანილი ციფრების მიხედვით, საჯარო სექტორში მუშაობენ ადამიანები, ვისი ყოველთვიური ხელფასიც 170 ლარს შეადგენს. ასეთები არიან, მაგალითად, ტერიტორიული რწმუნებულების სამსახურების თანამშრომლები გორის რაიონში, შტატის მიხედვით – 46 ადამიანი. მას, შემდეგ, რაც 170 ლარს საშემოსავლო გადასახადი გამოაკლდება, ამ ადამიანების ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლები, 136 ლარი ხდება. თუმცა, საარსებო მინიმუმს `ჩამორჩენილები~ მხოლოდ ასე დაბალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არ არიან. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პრობლემა შედარებით მაღალანაზრაურებად მუშაკებსაც ექმნებათ, მათ, ვისი ხელფასიც 170-დან 300-400 ლარამდე მერყეობს. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული და, სამწუხაროდ, მზარდი ინფლაციაა.
ივნისში ინფლაციამ 13% შეადგინა, ივლისში – 10%, უფრო ადრე მისი მაჩვენებელი 16%-მდე ავიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სექტემბერში, როდესაც ბოსტნეულზე ფასი მოიმატებს, შესაძლოა, ინფლაცია ისევ გაიზარდოს... ეს ნიშნავს, რომ, გარდა საშემოსავლო გადასახადის 20%-ისა, დასაქმებულს ხელფასიდან ყოველ თვე, მინიმუმ, 10% ინფლაციას `მიაქვს~. შედეგად, ვიღებთ, თანხას, რომელიც საარსებო მინიმუმზე დაბალია.
როგორც კვლევამ აჩვენა, საჯარო მოსამსახურეთა სახელფასო ფონდი, ორად იყოფა, მისი 50% მაღალანაზღაურებად მოხელეებს ხმარდება, დარჩენილი 50% - მოხელეთა დაბალანაზღაურებად ნაწილს. მოყვანილი ეს ციფრები აჩვენებს, რომ დაბალანაზღაურებადი მოხელეების წილი საჯარო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობაში მაღალანაზღაურებად მოხელეებზე საგრძნობლად მეტია.