საგადასახადო ინსპექტორები მაღაზიებში უკვე ბავშვებს და ორსულებს

საგადასახადო ინსპექტორები მაღაზიებში უკვე ბავშვებს და ორსულებს "აგზავნიან"

[რეზონანსი  ელზა წიკლაური]


თბილისის ანალოგიურად საგადასახადო ინსპექტორები რეგიონებშიც გააქტიურდნენ. მათი მოქმედების სქემა კი ყველგან იდენტურია - ისინი ჯერ გამყიდველს აბნევენ, შემდეგ კი ქვითარის არამორტყმის გამო 500 ლარიან ჯარიმას უწერენ. ამასთან, ხშირია "იარაღად" ორსული ქალებისა და ბავშვების გამოყენებაც. როგორც "ბიზნეს რეზონანსთან" საუბარში მცირე მეწარმეები და ჩვენივე რეგიონალური კოლეგები აცხადებენ, ასეთ მახეში უკვე ათეულობით მეწარმე გაება.

მცირე მეწარმეების დატერორება კი აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც შემოსავლების სამსახურმა კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი დანერგა. თვითდაფინანსებაზე მყოფი გადამხდელები განსაკუთრებით ბოლო დღეებში გააქტიურდნენ, ყოველ შემთხვევაში, როგორც "ბიზნეს რეზონანსთან" საუბრისას რამდენიმე მეწარმე აცხადებს, ისინი თბილისს და მთლიანად საქართველოს უკვე კალიებივით მოედვნენ. მეწარმეების თქმით, გადამხდელები გამყიდველებს ჯერ აბნევენ, შემდეგ კი ერთი ასანთის კოლოფის ან თუნდათ 200 გრამ შაქარზე ქვითრის გაუცემლობის გამო 500-ლარიან ჯარიმას უწერენ.

"არც ერთი მათგანი მაღაზიის გამყიდველს გაფრთხილებას არ აძლევს, ისინი მხოლოდ ჯარიმების გამოწერით არიან დაკავებულნი. არადა, ადრე ყოფილა შემთხვევა, როცა საგადასახადოს თანამშრომლები ქვითრის "ამოურტყმელობის" გამო თავიდან გვაფრთხილებდნენ, ფაქტის გამეორების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, გვაჯარიმებდნენ", - აცხადებენ მცირე მეწარმეები და მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედება მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს კი არ შეუწყობს, პირიქით, შეუშლის კიდეც.

დედაქალაქშიც და რეგიონებშიც საგადასახადო ინსპექტორების გააქტიურებას, უფრო ზუსტად კი, მათ ქმედებებს კრიტიკულად აფასებენ თავად მცირე მეწარმეები. ამბობენ, რომ "იარაღად" ბავშვების და ორსული ქალების გამოყენება არ უნდა ხდებოდეს და ამაზე შესაბამისმა სამსახურებმა მკვეთრი რეაგირება უნდა მოახდინონ.


"2 დღის წინ საგადასახადო ინსპექტორებმა ჩემს მაღაზიაში 5 წლის ბავშვი შემოაგზავნეს, 5 ლარი გამოატანეს და უთხრეს, რომ ერთი კოლოფი "კენტი" ეყიდა და დარჩენილი ხურდით ნაყინი. ბავშვს ყველაფერი მივეცი, ჩეკი ამოვურტყი და როცა გარეთ გავიდა, ინსპექტორი შემოვიდა და სიგარეტი უკან დააბრუნა. 

იმას, რომ გამყიდველმა სალარო აპარატზე ქვითარი უნდა ამოარტყას, არავინ დავობს, თუმცა ბავშვის "იარაღად" გამოყენება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ამით პირველ რიგში ამ ბავშვის უფლებების დარღვევა ხდება. არ შეიძლება 5 წლის ბავშვი მაღაზიაში შეაგზავნო სიგარეტის საყიდლად და თან უთხრა, რაც დაგრჩება ხურდა იმით ის იყიდე, თავად რაც გსურსო. ასეთი ფაქტები კი თბილისში საკმაოდ ხშირად ხდება", - გვითხრა თბილისში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა. 

თუმცა საგადასახადო ინსპექტორების მიერ ბავშვების მაღაზიებში შეგზავნას ადგილი მხოლოდ თბილისში არ აქვს. ასეთივე სქემით მოქმედებენ გადამხდელები რეგიონებში. ბავშვებს "იარაღად" იყენებენ სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში. მეტიც, როგორც ადგილობრივი მეწარმეები და ჟურნალისტები ამბობენ, საგადასახადოს თანამშრომლები მაღაზიების დასაჯარიმებლად ორსულ ქალებსაც იყენებენ. 

"კახეთში ბოლო ორი თვეა მკვეთრად შეინიშნება საგადასახადო ინსპექტორების გააქტიურება. მაგალითად, პურსაცხობში, სადაც მხოლოდ 2 ადამიანი მუშაობს, ერთი თონეში პურს აკრავდა, ხოლო მეორე ცომს ზელდა, შევიდა ახალგაზრდა კაცი, ერთი პური აიღო, მაგიდაზე დადო 60 თეთრი და გავიდა. 2 წუთში შევიდნენ საგადასახადო ინსპექტორები და პურსაცხობის მეპატრონესთან შეხვედრა მოითხოვეს. მივიდა მეპატრონე და დააჯარიმეს 500 ლარით, სალარო აპარატს არ იყენებო.

მაღაზიებიც დააჯარიმეს ამავე მიზეზით. ერთი მეთოდი აქვთ აპრობირებული. შევა პატარა ბავშვი ან ორსული ქალი, იყიდის კევს, ან სხვა ტკბილეულს, წინასწარ აძლევს ფულს და სანამ გამყიდველი ჩეკს ამოარტყამს, უკვე საგადასახადო ინსპექტორები ადგებიან თავზე და აჯარიმებენ. ასეთი წესი აქვთ შემუშავებული კახელ საგადასახადო ინსპექტორებს", - უთხრეს "ბიზნეს რეზონანსს" "კახეთის საინფორმაციო ცენტრში.

თუმცა კახეთში არც ერთ დაჯარიმებულ მეწარმეს ოქმი სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, რადგან იმედი არ აქვთ. ამბობენ, რომ რეგიონში არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ მეწარმემ საგადასახადოს დავა სასამართლოში მოუგოს.

საგადასახადო ინსპექტორები ბავშვებს მაღაზიებში სამეგრელოშიც აგზავნიან. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, უკანასკნელი ასეთი შემთხვევა ფოთში მოხდა, როცა საგადასახადოს თანამშრომელმა 6 წლის ბავშვს ნაყინის საყიდლად 50 თეთრი მისცა და შემდეგ გამყიდველი 500 ლარით დააჯარიმა. ამასთან, ჯარიმების გამო სამეგრელოში რამდენიმე მაღაზიაა დალუქული, რაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცხადია, რომ რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო აფერხებს.

ბოლო პერიოდში საგადასახადოს თანამშრომლები გააქტიურდნენ იმერეთშიც. ქუთაისში მათი დარტყმის ქვეშ არა მარტო სურსათის მაღაზიები, არამედ აფთიაქებიც აღმოჩნდნენ. 

"რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ორსული ქალბატონი შევიდა და იქ მომსახურე პერსონალს უთხრა, რომ შეუძლოდ არის. ფარმაცევტმა ცხადია, რომ ამ ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა, ვალერიანის დამამშვიდებელი წვეთები დაალევინა. ვიდრე ფარმაცევტი სხვა საქმეს აკეთებდა, ორსულმა ქალმა სალაროსთან ხურდები დაყარა და აფთიაქიდან გავარდა. ქალის გარეთ გასვლას აფთიაქში საგადასახადოს თანამშრომლების შესვლა მოჰყვა და იმის გამო, რომ ფარმაცევტმა მაგიდაზე დაყრილი ხურდები შემოსავლად არ გაატარა, 500 ლარით დააჯარიმეს. 

არადა, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ორსულმა ქალმა ისე მოულოდნელად დაყარა ხურდა მაგიდაზე, რომ ფარმაცევტმა ჩეკის ამორტყმა ვეღარ მოასწრო. ასეთ პროვოკაციებს კი საგადასახადო ინსპექტორების მხრიდან ადგილი ხშირად აქვს. ქუთაისში ისინი არც ბავშვების გამოყენებას ერიდებიან", - აღნიშნავენ "ბიზნეს რეზონანსთან" საუბარში ადგილობრივი ჟურნალისტები.

თუ კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში საგადასახადოს თანამშრომლები მაღაზიებში ორსულებს და ბავშვებს აგზავნიან, შიდა ქართლში თავად შედიან და გამყიდველებს აბნევენ. 

"გორში საგადასახადოს თანამშრომლები მაღაზიებში თვითონ შედიან, აბნევენ გამყიდველებს. ასეთი რეიდის მსხვერპლი ერთი მაღაზია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2-ჯერ გახდა. თანაც, ინსპექტორები მუდმივ როტაციას გადიან, თბილისიდან ჩამოდიან, გორში რამდენიმე დღით რჩებიან, აქ საქმეს გააკეთებენ და შემდეგ აქედან სხვა ქალაქში მიდიან. გორელებს კი თბილისში უშვებენ და იქიდან ალბათ, კიდევ სხვა ქალაქში. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მაღაზიის მფლობელს ეჭვი აქვს, რომ თუ იქ უცხო პირი შევიდა, ის მიგზავნილია და პროდუქტის ყიდვისას ჯერ ჩეკს ურტყამს და მერე ფულს იღებს. ხალხი იმდენად შეშინებულია, რომ სხვანაირად ვეღარც იქცევიან, ჩეკს და ხურდას უცხო მყიდველს ერთად უკვე აღარ უბრუნებენ", - ამბობს გორელი ჟურნალისტი. 

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურმა კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი დაახლოებით 4 თვის წინათ დანერგა. მათ ხელფასს შემოსავლების სამსახური არ უხდის. ინიციატივა თავიდანვე ინსპექტორების თვითდაფინანსებას გულისხმობდა, შესაბამისად, დღემდე მათი ანაზღაურება დარღვევების აღმოჩენის ადეკვატურია. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავლების სამსახურმა კერძო ინსპექტორების შემოღების იდეა, მეწარმეთა კონტროლში საზოგადოების ჩართვის ინიციატივით შეფუთა. ამ იდეის ერთ-ერთ მიზნად დასაქმების ზრდის ხელშეწყობაც კი მიიჩნეოდა.

კერძო საგადასახადო ინსპექტორებს მეწარმის შემოწმება და შემდეგი დარღვევების გამოვლენა ევალებათ: მათ მოვალეობაში შედის რეაგირება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა, სალარო ქვითრის გამოუწერლობა, სალარო აპარატის გამოყენების დროს, განგებ, მცირე რაოდენობის თანხის მითითება.

"კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მეწარმის გაკონტროლებას და, მეორე მხრივ, დასაქმების პრობლემის მოგვარებას. საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამაში 20 ადამიანი ჩაერთვება, საბოლოო ჯამში კი 200-დან 300 ადამიანამდე დასაქმდება", - აცხადებდა მაშინ შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე.

შესაბამისად, შეიცვალა საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ოფიცრების ფუნქციები, კონტროლის ნაწილში მათ საგადასახადო ინსპექტორები ჩაენაცვლნენ.

ბიზნესმენები და მცირე მეწარმეები საგადასახადოს ამ ინიციატივას თავიდანვე აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, იმის მაგიერ, რომ შემოსავლების სამსახურმა ბიზნესმენებთან პარტნიორული ურთიერთობა აწარმოოს, ჩასაფრების პოლიტიკის ლეგიტიმაციას ახდენს.